ცნობილ ქართველ კომპოზიტორ გია ყანჩელს 10 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა. მაესტროს საიუბილეო თარიღს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი  მთელი წლის განმავლობაში კონცერტების სერიას მიუძღვნის.

პირველი კონცერტი 22 აგვისტოს “იანგ ეურო კლასიკ” ფესტივალის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში ბერლინის ისტორიულ დარბაზში “კონცერტჰაუზში” გაიმართება. გია ყანჩელის ნაწარმოებებთან ერთად არვო პიარტის მუსიკაც შესრულდება. სოლისტები დუდანა მაზმანიშვილი, ანდრეს მუსტონენი, გიორგი ცაგარელი არიან. დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი.

პროექტი გერმანიაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და “DAAD”-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

ბერლინის “კონცერტჰაუზში” გამოსვლის წინ, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი  რეპეტიციას 10 აგვისტოს, 12:00 საათზე გამართავს და გია ყანჩელის იმ ნაწარმოებებს გაივლის, რომლებიც 22 აგვისტოს უნდა შეასრულონ.
გია ყანჩელმა 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით.

დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. მოგვიანებით საქარველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონია “ინ მემორია მიქელანჯელომ” მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

მის კალამს ეკუთვნის რობერტ სტურუას ცნობილი სპექტაკლებისთვის: “კავკასიური ცარცის წრე”, “რიჩარდ III”, “ჰამლეტი”, “ქალი-გველისა” და “მეთორმეტე ღამესთვის” შექმნილი მუსიკა.

ამჟამად გია ყანჩელი ანტვერპენში ცხოვრობს, მაგრამ საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან თანამშრომლობა არ გაუწყვიტავს.