საცხენოსნო სპორტის განსავითარებლად მცხეთასთან ახლოს, შესაძლოა, საცხენოსნო ბაზა აშენდეს. იგეგმება ქართული ჯიშის ცხენების პოპულარიზაცია-გამრავლება და მათი პასპორტიზაცია. ქართული ცხენოსნობის ტრადიციების აღდგენის იდეა, საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ლაშა ჯაიანს ეკუთვნის, რომელიც მან პარლამენტარებს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გააცნო. ასევე, ისაუბრა საცხენოსნო სპორტში წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე და დღეს არსებულ პრობლემებზე.

როგორც ლაშა ჯანაშია აცხადებს, ცხენოსნობის ტრადიციები საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა, მეცხენეობა და საცხენოსნო სპორტი, დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში პრაქტიკულად აღარ არსებობს. სფეროს აღორძინებასა და განვითარებას შესაბამისი ფინანსური რესურსი სჭირდება, ფედერაცია კი ამ მხრივ სახელმწიფოსგან მიზერულ თანხებს იღებს.

მართალია სპორტის ეს სახეობა საკმაოდ მოცულობით ფინანსურ ინვესტიციას საჭიროებს, თუმცა მისი განვითარების შემთხვევაში, საცხენოსნო სპორტის და ტურიზმის სფეროდან მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი.

მიხეილ ყაველაშვილი

დეპუტატებმა ჯანაშიას იდეას მხარი დაუჭირეს, თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა დეტალურად გაიწეროს სპორტის ამ სფეროს განვითარების სტრატეგია და მისი მოსალოდნელი შედეგები, რათა შესაძლებელი გახდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაზრდილი თანხების გამოყოფის მოთხოვნა და კერძო ინვესტორების დაინტერესება.

საკითხს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე გამოეხმაურა და პარლამენტარებს, იპოდრომისთვის, საცხენოსნო სპორტული ბაზისთვის ტერიტორია დუშეთის რაიონში, ბაზალეთის ტბასთან ახლოს შესთავაზა, თუმცა, ფედერაციამ პირველ რიგში, ბაზის მშენებლობისთვის საჭირო მოთხოვნები უნდა წარმოადგინოს.

“თუ იქნება მზაობა და თანხმობა ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ შეგვიძლია შესაბამისი ადგილის გამონახვა, სადაც საცხენოსნო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას და მზად ვართ ჩავერთოთ ამ მნიშვნელოვანი წამოწყების განხორციელებაში”, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

საცხენოსნო ფერმის მშენებლობისთვის ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად, კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის შექმნის შესაძლებლობებზე იმსჯელა. საკითხი ჯერ იდეის დონეზეა, სხვადასხვა პირების მხრიდან თანამშრომლობის მზაობა გამოითქვა, თუმცა, რა და როგორ იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი, რეგიონული საიტი Dalma News-ი სპორტის ამ სახეობის ქართული პერსპექტივითა და ცხენოსნობის ეროვნული ფესვებით დაინტერესდა.

ისტორიული ექსკურსი

ცხენოსნობა, როგორც სპორტის ერთ-ერთი სახეობა, საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული. ის ძველად მიიჩნეოდა სამხედრო ხელოვნების დაუფლებისა და ფიზიკური წრთობის საშუალებად. ქართული ისტორიული წყაროების თანახმად თბილისში საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა ცხენოსნობის სხვადასხვა სახეობები – დოღი, მხედრული თამაშობანი, ცხენჯომარდობა. ცხენოსნობა აუცილებელი სანახაობითი ნაწილი იყო სახალხო-საეკლესიო დღეობებისა, სალაშქრო საზეიმო აღლუმებისა, ყოფითი რიტუალებისა.

XX საუკუნიდან ქართველი მხედრები ეუფლებოდნენ ევროპასა და რუსეთში გავრცელებული კლასიკური ცხენოსნობის დარგებს და წარმატებითაც ასპარეზობდნენ. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება ზრუნვა ცხენოსნობის მასობრიობისთვის, იხსნებოდა საცხენოსნო სკოლები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი თბილისი საქართველოს ცხენოსნობის ცენტრად იქცა. 1948 წლიდან საბურთალო-დელისის, ვაკის მიდამოებში იმართებოდა დიდი საცხენოსნო ასპარეზობანი რომლებიც მოიცავდა ეროვნულ და კლასიკურ სახეობებსაც. 1947 წელს თბილისის მილიციის ცხენოსანი ესკადრონის მხედრებმა, ცხენბურთში პირველი საჩვენებელი მატჩი გამართეს, რის შემდეგაც ქართული ეროვნული თამაშები დამკვიდრდა საქართველოს სპორტულ საცხენოსნო კალენდარში.

XX საუკუნის 40-იანი წლების თბილისელმა სპორტსმენებმა — რ. კორძაიამ, რ. მანჯავიძემ, დ. წვერავამ, შ. აფციაურმა და სხვებმა თავისი წვლილი შეიტანეს მთელი რესპუბლიკის მასშტაბით კალასიკური ცხენოსნობის სამივე სახეობის დანერგვასა და სხვადასხვა საკავშირო ასპარეზობებზე საქართველოს გუნდების გამოსვლებში.

როგორც საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ჯაიანმა გვითხრა, სურს აღადგინოს ცხენების ძველი ქართული ჯიშების მოშენების ტრადიცია, რაც საბჭოთა ეპოქაში კარგად იყო განვითარებული. კერძოდ, ზემო ალვანის მეურნეობაში ცხენების თუშური ჯიშების მოშენება, აღწერა და მათი პასპორტიზაცია ხორციელდებოდა. ეს საჯდომ-სასაპალნე ჯიშის ცხენია და აღმოსავლეთ საქართველოს მთაგორიანი ზონის ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში მასობრივი სელექციის გზითა გამოყვანილი. ტანად პატარა და მკვრივი აგებულებისაა.

ცხენების კიდევ ერთი ქართული სახეობაა მეგრული. უძველესი მეგრული ცხენი დასავლეთ საქართველოს დაბლობ ადგილებში, ძირითადად, შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე იყო მოშენებული. კოლხეთის ბუნებრივმა კლიმატურმა პირობებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ცხენის ჩამოყალიბებაში. ეს ჯიში, ძირითადად, საჯდომ-სასაპალნეა. ის, როგორც შესაბმელი ცხენი, ხშირად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოიყენება. ხასიათდება მთის პირობებში მაღალი ადაპტაციით. ზრდასრულად ითვლება 5-6 წლის ასაკში. 3 წლის ასაკიდან შესაძლებელია მისი გამოიყენება მსუბუქ სამუშაოებზე. ის ძლიერ ამტანი ცხენია; თანაბრად მუშაობს ჭაობებშიც და მთაშიც.

და ბოლოს, ჯავახური ჯიში. ცხენის ეს სახეობა საქართველოში რუსეთიდან გადმოსახლებულმა დუხაბორებმა შემოიყვანეს და ძირითადად ფორანში შესაბმელი ცხენია. მასზე მხედარი არ ჯდება, შესაბამისად მას, ცხენოსნობაში არ იყენებენ. ეს ცხენები გამოიყენებოდა მოგზაურობისათვის და გამწევ ძალად. 1938 წლიდან გეგმიურად დაიწყო ნაჯვარ ცხოველთა გაუმჯობესება, რისთვისაც გამოყენებული იყო ბრაბანსონის, პერშერონის, არდენის და სხვა ევროპული კულტურული ჯიშის ულაყები.

ლაშა ჯაიანი

“მოვამზადეთ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ზოგადად მეცხენეობისა და საცხენოსნო სპორტის, ასევე, საცხენოსნო ტურიზმის განვითარებას, ცხენების ეროვნული სახეობების აღდგენასა და განვითარებას. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ძალიან სასიხარულო ინიციატივა გამოიჩინა, ცხენსაშენის მოწყობა შემოგვთავაზა. არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას, მაგრამ თვითონაც ხვდება, რომ პატრიოტული საქმეა და დიდი მოგების და პოპულარიზაციის მოტანა შეუძლია რაიონისთვისაც. გარდა ამისა, ადგილობრივი ფერმერები დასაქმდებიან. მან, ასევე გამოხატა იპოდრომის აშენებისა და საცხენოსნო სპორტული კლუბის შექმნის სურვილი. იმედია სხვა გუბერნატორებიც მიბაძავენ”, – აცხადებს ლაშა ჯაიანი.

ცხენოსნობა როგორც სპორტი

საქართველოს ცხენოსნობის ფედერაცია 1991 წელს დაფუძნდა. 1992 წლის ოქტომბრიდან თანამედროვე ხუთჭიდისა და ბიათლონის საერთაშორისო ფედერაციის (UIPMB) წევრია. ფედერაციამ დღემდე 5 პრეზიდენტი გამოიცვალა. 8 წლის წინ ცხენოსნობის ეროვნული სახეობების ფედერაცია გამოეყო, თუმცა დღესდღეობით, კვლავ გაერთიანებაზე მიდის საუბარი. უფრო მეტიც, როგორც ლაშა ჯაიანი ამბობს, ფრენბურთის ლიგის ჩამოყალიბებას გეგმას, რაც ფეხბურთზე არანაკლებ პოპულარული იქნება, მით უფრო დასავლეთ საქართველოში.

“ერთიანი ძალებით უფრო მეტს მივაღწევთ. ცხენოსნობის ნაციონალური სახეობები არ არის ხელწამოსაკრავი, იმიტომ რომ ქართველების მიერ საცხენოსნო სპორტის სახეობების ფლობას, მსოფლიოს ბევრი ხალხი ვერ დაიკვეხნის. არ შეიძლება ეს სფერო მივიწყებული და განუვითარებელი იყოს”, – ამბობს ლაშა ჯაიანი.

სპორტის ეს სახეობა საქართველოში არც თუ დალხენილია. ფედერაციაში დაფინანსების სიმწირეს უჩივიან, არადა, დიდი ფიქრი და სჯა-ბაასი არ სჭირდება იმას, რომ ცხენოსნობა არ არის იაფი სპორტი და სოლიდური დაფინანსებაც სჭირდება. პრობლემების მიუხედავად ქართველი სპორტსმენები ცდილობენ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არც თუ ურიგოდ წარდგნენ. ქართველმა მხედრებმა 5-ჯერ მოახერხეს მსოფლიო თასის ფინალში გასვლა, რაც ძალიან დიდი წარმატებაა, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით 50 საუკეთესო მხედარს შორის ხვდები. მაგრამ, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ქართველმა მხედრებმა, დაფინანსების უქონლობის გამო ვერ შეძლეს ფინალზე წასვლა.

“სპორტის სამინისტრომ ერთხელაც არ დაგვაფინანსა და ვერც ერთხელ ვერ შევძელით ფინალურ შეჯიბრზე წასვლა. გადასახედია პრიორიტეტები. საქართველოს ბიუჯეტიდან სპორტის ის სახეობები უნდა ფინანსდებოდეს, რომელიც შედეგს იძლევა. წელიწადში საშუალოდ 70 ათასი ლარით გვაფინანსებს სპორტის სამინისტრო, ეს თანხა არაფერში გვყოფნის”, – აცხადებს ფედერაციის პრეზიდენტი.

ცხენების ის სახეობა, რომელიც კლასიკური სპორტისთვის გამოდგება, საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია. მათი უმეტესობა უკვე დაბერებულია ან კერძო მესაკუთრეებს ჰყავთ. მსოფლიო შეჯიბრებებზე ქართველი მხედრები ხშირად ნათხოვარი ან ნაქირავები ცხენებით გადიან.

“შეიძლება ითქვას, რომ ნათხოვარი ცხენებით გამოდიან ჩვენი სპორტსმენები. ამ სახეობის ცხენების ყველაზე დიდი მომშენებელია: გერმანია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი. ხოლო საქართველოს ბუნებრივი გარემო მათთვის ცოტა ზედმეტად მშრალია და ცხელია. ჩვენი სპორტსმენები კარგად არიან მომზადებულნი იმისთვის, რომ შეძლონ მათი გაწვრთნა და შეჯიბრზე გამოყვანა”, – აცხადებს ლაშა ჯაიანი.

ცხენოსნობის განვითარება მნიშვნელოვანია ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისითაც, განსაკუთრებით საქართველოს მაღალმთიან და მთა-გორიან რაიონებში. სანახაობის ნაწილში კი მნიშვნელოვანია ცხენოსნობის ქართული- ეროვნული ტრადიციების აღდგენა. დაინტერესება ძალიან დიდია. საქართველოს ჩემპიონატს ბევრი ადგილობრივი მცხოვრები ესწრება. შეჯიბრებები სამტრედიაში, სენაკში, ფოთში და ა.შ. ყველა შემთხვევაში ინტერესი არ იკლებს, მაგრამ არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. საჭიროა გულშემატკივრებისთვის უკეთესი გარემოს შექმნაზე, გაკეთდეს ტრიბუნები და შესაბამისად მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა. გულშემატკივართა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

ყველაფერი დაფინანსებთან არის დაკავშირებული. აქამდე სპორტის სამინისტრო ყურს არ იბერტყდა და უსამართლოდ ექცეოდა ფედერაციას. შესაბამისად ბევრი ეროვნული სახეობა, რომელიც ტურიზმის განვითარების კიდევ ერთი შესაძლებლობაა, დღეს გაქრობის პირას არის.

შორენა პაპაშვილი