ახალი დროება ახლებურ მოთხოვნებს აჩენს. სიძველის კვალი ხან ქრება და იშლება, ხანაც ახლებური ძალით იფეთქებს ხოლმე. საქართველოს დედაქალაქი თბილისი ერთი დიდი წიგნია ძველი ისტორიებითა და ლეგენდებით, ულამაზესი შენობებითა და კოლორიტით. ეს ისტორიები ხან ცოცხლდება, ხანაც ცივილიზაცია მათ კვალს დაუნდობლად ანადგურებს.

საქართველო ოდითგანვე განთქმული იყო სამკურნალო მცენარეებით. მარტო კოლხი მედეას შესახებ ლეგენდა რად ღირს. თუმცა, სააფთიაქო ბიზნესი თბილისში XIX საუკუნიდან იწყება. ამ საქმიანობით ძირითადად გერმანელები იყვნენ დაკავებულები: ევგენი ზემელი, ფერდინანდ ოტენი, ფლორა შენბერგი, ფრიც გლეზერი, ენგელბრეჰტ შენგარდი და სხვები.

1912 წლისთვის თბილისში 23 აფთიაქი და 30 სააფთიაქო მაღაზია ფუნქციონირებდა. ცნობილი ფაქტია, რომ ზემელი ფულს უხდიდა ტრამვაის ვატმანებს, რათა გაჩერებისას ხმამაღლა დაეძახათ: “ზემელის აფთიაქი!”. XX საუკუნის 70-იან წლებში, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ზემელის აფთიაქი დაანგრიეს, თუმცა საბჭოთა ნგრევას გადაურჩა „ოტენის აფთიაქი“.

ფერდინანდ ოტენმა, დღევანდელი ლეონიძის ქუჩაზე დიდი აფთიაქი 1902 წელს გახსნა. მართალია დროსთან ერთად ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ოტენის სახლის პირველ სართულზე სააფთიაქო ბიზნესი განაგრძობდა არსებობას. დღეს კი, ოტენის აფთიაქის ადგილას კაფე-ბარის გახსნას აპირებენ.

ოტენის აფთიაქი უკანასკნელი ისტორიული აფთიაქი იყო მას შემდეგ, რაც თავისუფლების მოედანზე, დედაქალაქის ძველი მერიის შენობის პირველ სართულზე, თბილისელებისთვის ასეთივე ცნობილი აფთიაქი გააუქმეს. იქ ახლა, ძვირადღირებული მაღაზიებია გახსნილი. ერთი სიტყვით, ის, რაც საბჭოთა პერიოდს გადაურჩა, თანამედროვეობამ შთანთქა.

შენობაში, სადაც “ოტენის აფთიაქმა” საუკუნეზე მეტ ხანს იარსება, ღამისა და დღის ბარები უკვე მრავლად არის. ახლა იქ, კაფე “ბატონიც” დაიდებს ბინას, რომლის გახსნა იანვარში იგეგმება. აქ, სასწაულებრივად შენარჩუნებული უნიკალური ინტერიერი საბოლოოდ კერძო პირის საკუთრება გახდა, მაგრამ არა ოტენის შთამომავლების, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი გზით სცადეს ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და დიდი ბაბუის მიერ აშენებული სახლის უკან დაბრუნება.

ახალი მფლობელები გვპირდებიან, რომ შეძლებისდაგვარად შეინარჩუნებენ ყველაფერს, თავისი ელეგანტური, მოჩუქურთმებული მუხის კარადებითურთ, რომლებიც მედიკამენტების შესანახად იყო დამზადებული, მაგრამ ეს აღარ იქნება ძველი აფთიაქი.

როგორც გავარკვიეთ, აფთიაქი ძმები ჯაფარიძეების საკუთრებაა. 2021 წლამდე, ამ ფართში, ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის აფთიაქი ფუნქციონირებდა, მაგრამ პროფილი შეიცვალა და ახლა აქ, კვების ობიექტი განთავსდება.

რემონტის დროს, ნალესის ქვეშ კედლისა და ჭერის მხატვრობა აღმოაჩინეს. მესაკუთრის მიმართვიანობის საფუძველზე, მათ აღდგენაზე კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა იზრუნა.

“დავით და რეზო ჯაფარიძეები აფთიაქარები არიან. ერთ-ერთი ძმა, დავით ჯაფარიძე ამ აფთიაქის დირექტორი იყო. შემდგომ ჯანდაცვის სამინისტროში დაიწყო მუშაობა, თუმცა აფთიაქი ფუნქციონირებას განაგრძობდა. ახლა, როგორც აცხადებენ, აფთიაქი აღარ არის შემოსავლიანი და რესტორნის გახსნა გადაწყვიტეს”, – განუცხადა Dalma News-ს ლეონიძის N8-ის მცხოვრებმა, გაზეთ “განმათავისუფლებლის” მთავარმა რედაქტორმა, ლეილა ცომაიამ.

ოტენის ძველი აფთიაქის მიმდებარედ რესტორნები ბევრია, ამ მხრივ კონკურენცია ახალი რესტორნისთვისაც მაღალი იქნება. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რესტორნის მოწილეა მოსკოვში მოღვაწე ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი და გათვლა, სწორედ, რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებზეა.

„თბილისის ცენტრალურ ნაწილში რა რესტორნები და მაღაზიებიც არის, ყველას ხელისუფლების მაღალჩინოსნები ხსნიან. უბრალო ხალხს ასეთ ბიზნესზე ხელი არ მიგვიწვდება, თუ არ იქნება სახელმწიფო დაცვის სამსახურის, უშიშროებისა და შსს-ს მაღალჩინოსნების ინტერესი“, – ამბობს ლეილა ცომაია.

მან მესაკუთრეებს, აფთიაქის ცენტრალურ ნაწილში კულტურული დატვირთვის მქონე ფართის გაკეთება ურჩია, მაგალითად, სადისკუსიო დარბაზის. ლეილა ცომაიას თქმით, შესანიშნავი სივრცე მოეწყობოდა უცხოელი სტუმრების მისაღებად, კონფერენციების გასამართად. ხოლო მეორე ნაწილში მოწყობილი რესტორანი, ერთობლიობაში შესანიშნავ სივრცეს შექმნიდა.

„რემონტის დასრულებამდე არ ამხელდნენ, რესტორნის გახსნას რომ აპირებდნენ. ძალიან დიდ წინააღმდეგობას ვუწევდი. რემონტის დროს გამოჩნდა ჭერის მხატვრობა და ვთხოვე დაკიდებული ჭერი მოეხსნათ და ჭერის მხატვრობა აღედგინათ. ქალაქის ისტორია ყოველ ნაბიჯზე ასე თუ წავშალეთ, მომავალ თაობებს რას ვუტოვებთ? როგორც იქცა, საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება და ჭერის მხატვრობა შეინარჩუნეს. შენობაც გამაგრდა, ამისთვის მადლობელი ვარ ჯაფარიძეების, მაგრამ შენობის პროფილის შეცვლას არ ვეთანხმები“, – ამბობს ლეილა ცომაია.

ნალესის ქვეშ უნიკალური მხატვრობა ძველი თბილისის ძალიან ბევრ შენობაშია აღმოჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნე, მაღალი ტექნოლოგიების საუკუნეა, გასულ საუკუნეში შექმნილი საღებავების კვალი დრომ ვერ წაშალა.

“დიდი ბედნიერებაა, რომ ასეთი ნახატები საერთოდ არ გაანადგურეს და მხოლოდ ნალესის ქვეშ მოაქციეს”, – ამბობს ლეილა ცომაია.

შენობაში კედლისა და ჭერის მხატვრობის გარდა შენარჩუნებულია ძველი ავეჯი. წამლებისთვის განკუთვნილი კარადები, თაროები და ანტიკვარული მაგიდები. რაც, შესაძლოა, რესტორნის ინტერიერს მოარგონ.

მარია ოტენი

ფარმაცევტ ფერდინანდ ოტენის შვილთაშვილი მარია ოტენი თბილისში ცხოვრობს. მისი ბაბუა ოტენების დიდი ოჯახიდან ერთადერთი იყო, რომელიც საბჭოთა რეპრესიებს მცირეწლოვნების გამო გადაურჩა. მარიას ბავშვურ მოგონებებში, ფრაგმენტულად ახსოვს, ადამიანისთვის სიკეთის მომტანი, კედლებზე დახატული მცენარეები ახალი საღებავის თუ ნალესის ქვეშ როგორ იმალებოდნენ.

“1920-30-იან წლებში ბაბუას აფთიაქი ჩამოართვეს, მოგვიანებით კი სახლი. ჯერ კაპიტალური რემონტი გააკეთებინეს, იმ პირობით, რომ თუ სახლი იქნებოდა შესაბამის მდგომარეობაში, არ ჩამოართმევდნენ. მას და მის ცოლს მოსამსახურის ოთახში მიუჩინეს ბინა, აქვე დაასრულა სიცოცხლეც“, – იხსენებს მარია ოტენი.

ფერდინანდ ოტენი ინსულტით გარდაიცვალა. ისე, რომ ვერ მოესწრო მისი შვილების მძიმე წლებს, ზოგი გადაასახლეს, ზოგი დახვრიტეს.

ფერდინანდ ოტენი და მისი ოჯაი

ეთნიკური გერმანელი ფერდინად კარლოვიჩ ოტენი 1850 წელს ესტონეთში დაიბადა. მსახურობდა ჯარში სამხედრო მედიკოსად და მონაწილეობდა 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში. ომიდან დაბრუნებული თბილისში შეჩერდა და სამუდამოდ აქ დარჩა. აღმოაჩინა, რომ საქართველოში ფარმაცევტული ბიზნესის განსავითარებლად შესანიშნავი გარემო-პირობები არსებობდა.

თბილისში, სოლოლაკში, ამჟამინდელ ლეონიძის ქუჩაზე, ოტენმა მიწის ნაკვეთი იყიდა და სამსართულიანი სახლი აიშენა. დიდი სახლის მესამე და მეორე სართულის ნაწილში მთლიანად ოჯახი ცხოვრობდა. სახლის ნაწილი გაქირავებული ჰქონდათ, ხოლო სახლის მთელი პირველი სართული აფთიაქს ეთმობოდა. აქ იყო, სავაჭრო დარბაზი, რეცეპტის მისაღები განყოფილება. ლაბორატორიები. ყველა წამალი ადგილზე მზადდებოდა ან ექიმის რეცეპტის მიხედვით, ან თავად ოტენი ამზადებდა პაციენტის საჭიროების მიხედვით. მას საამისო განათლება ჰქონდა. აფთიაქში მზა სახით მხოლოდ სააფთიაქო ნივთები ან ხელსაწყოები იყიდებოდა.

აფთიაქს ჰქონდა 2-დონიანი სარდაფი, სადაც იყო საწყობი და ხელოვნური ყინულის კონტეინერები. სახლს ჰქონდა დიდი, კეთილმოწყობილი სხვენი, სადაც სამკურნალო მცენარეები მოჰყავდათ.

თბილისელმა აქტივისტებმა დიდხანს იბრძოლეს ძველი ქალაქის ამ კოლორიტის შესანარჩუნებლად, მაგრამ ამაოდ. შარშან, ან საკითხზე, სოციალურ ქსელში თბილისის მერ კახა კალაძესაც მიმართეს და მუნიციპალური აფთიაქ-მუზეუმის გაკეთება მოითხოვეს.

“ფარმაციის მაგისტრის, ფერდინანდ ოტენის აფთიაქში წამლის გარდა, უშურველ დახმარებასაც იღებდნენ ქალაქელები. ეხმარებოდა ყველას, განურჩევლად წოდებისა და სარწმუნოებისა, ამიტომაც, დააფასეს ტფილისელებმა. შეიყვარეს და ტფილისის საპატიო მოქალაქის უმაღლესი წოდება ერთხმად, მთელი გულით მიანიჭეს. მერე, საქართველოს ბედი, მის ბედში გადაიხლართა. მისმა ოჯახმა, საკუთარ თავზე გამოცადა რა გრძნობაა, სიცივეში რომ დაგაყენებენ და ცხვრებივით დაგითვლიან, ან გულაგების სიბნელესა და უიმედობაში ყოფნა რას ნიშნავს, როცა, სიკვდილი, ხშირად ღვთის წყალობასავით გევლინება. მისი სახელი კი, დღემდე დარჩა. დრომ საჩუქარივით შემოგვინახა მისეული აფთიაქიც”, – წერდნენ მოქალაქეები.

ისინი კალაძეს მოუწოდებდნენ, მსოფლიოს იმ ქალაქების გამოცდილების გაზიარებას, სადაც არსებობს მუნიციპალური აფთიაქი-მუზეუმები, – „რით არის თბილისი, ფანასკერტელ-ციციშვილისა და მედეას ქვეყანა, სხვაზე ნაკლები? ზემელი, ჰაინე, ოტენი… განა ეს სახელები თბილისის სააფთიაქო ისტორიისთვის ცოტას ნიშნავს?!“

როგორც ვხედავთ, არაფერი იცვლება, ცივილიზაციის მთავარი ღირებულება ფულია და არა წარსულის ხსოვნა. ასე გაქრა რუსთაველის გამზირიდან “ლაღიძის წყლები”, ახლა უკვე – “ოტენის აფთიაქიც”.

შორენა პაპაშვილი