სამოქალაქო პროტესტის ფონზე ერთი წლის წინ პარლამენტიდან გაწვეული კანონპროექტი მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ შეცვლილი სახელწოდებით უკან დააბრუნა. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ ურთიერთბრალდებები ისმის, ოპოზიციის ერთი ნაწილი აღნიშნულ კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებს და პარლამენტში მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ მათთვის საინტერესო არ არის, თუ რაში იხარჯება საქართველოში უცხოური ფინანსები.

აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ გაერთიანება „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ „უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტს“ მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა და რადიკალურ წინააღმდეგობაშიც კი გადაიზარდა – იყო პოლიციის მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლის, პარლამენტის შენობის შუშების ჩამსხვრევისა და ავტომობილების დაწვის ფაქტები.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კანონის დასავლურ ანალოგებზე აკეთებენ აქცენტს და ოპოზიციას მოუწოდებენ კანონპროექტის საგნობრივ განხილვაში ჩაერთონ, რათა საზოგადოებამ სწორად განსაჯოს პრობლემის არსი.

მათი თქმით, ქვეყანაში შემოსული უცხოური ფული ძირითადად ხმარდება ქვეყანაში არეულობისა და რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდების დატრენინგებას, ასევე ლგბტ-პროპაგანდას. იმართება სემინარები იმაზე, თუ როგორ დაუჭირონ მხარი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გავრცელებას საქართველოში.

აკციები თბილისში. 2023 წლის მარტი

ძველ და ახალ კანონპროექტს შორის ერთადერთი განსხვავება მის სახელწოდებაშია. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ სხვა ტერმინით შეიცვალა და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ ეწოდა. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია. საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ერთადერთი მოთხოვნაა – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნება, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე, თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს.

„საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებული სიცხადით დაგვიდასტურა, რომ მდიდარი „ენჯეოები“ 2020-21 წლებში არა მხოლოდ რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში იდგნენ, არამედ მთავარი ინიციატორის ფუნქციაც კი იტვირთეს. ისინი რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში მეორედ 2022 წლის ივნისში მოექცნენ, როდესაც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების საბაბით, მთავრობის გადადგომა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს, სადაც საკვანძო თანამდებობები თავად უნდა დაეკავებინათ“, – აღნიშნულია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მმართველი პარტია ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან ერთად ადანაშაულებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ საბჭოური სტილის კამპანიის წარმოებასა და მოსამართლეების სტიგმატიზებაში. საუბარია იმ საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლომ ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებები გაიზიარა.

ირაკლი კობახიძე

“მე პირადად, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით, ამიტომ დეტალურად არ ვისაუბრებ ამ საკითხზე, ზოგადად ვიტყვი, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებაში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს, ვერავინ ასაბუთებს, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი. გუშინ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ/ მან განაცხადა, რომ შინაარსში არ უნდა შევიდეთო, შინაარსი არის ხელისუფლების ველი, ანუ უშინაარსობა ჩვენი ოპონენტების ველი, ამაზე უკეთეს აღიარებას, ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ ვინატრებდით. ნამდვილად ასეა, შინაარსში ყველაფერი გამართულია, კანონპროექტი თავიდან ბოლომდე გამართულია, ერთადერთი, რასაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, წლიური დეკლარირებაა იმ ფინანსებისა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს აქვთ. გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა რუსულია, გაუმჭვირვალობა – ევროპული. შარშან, მოახერხეს და საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა, ამას დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, არასამთავრობო ორგანიზაციები სოციალურ მედიაში ცენზურას ახორციელებენ.

„ეს ადამიანები თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ხელისუფლებასთან პირდაპირ აფილირებული, თავად აწარმოებდნენ ცენზურას მედიასაშუალებებში, დღეს, ამის საშუალება აღარ აქვთ, თუმცა, სადაც შეუძლიათ, იქ აწარმოებენ ცენზურას, ეს არის სოციალური მედია, რაც ამ დღეების განმავლობაში გაირკვა, საინტერესო ის არის, რომ ჩვენს ოპონენტებს შორის, ამ ცენზურას ძალიან დიდი პოზიტიური აჟიოტაჟი მოჰყვა, ეს აჩვენებს ხელწერას და ღირებულებებს. გაუმჭვირვალობა და ცენზურა ამ ადამიანებისთვის ევროპაა, ასე წარმოგვიჩენენ და საპირისპირო განცხადებები, რაც არის, თქვენ ძალიან კარგად იცით. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია როგორც გაუმჭვირვალობა, ასევე ცენზურა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დემოკრატიაში სწორედ გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ღირებულებები, რომლებიც განმსაზღვრელი უნდა იყოს, ამიტომ მაქსიმალურად დავიცვათ, როგორც ერთ, ისე მეორე პრინციპს, ორივე ღირებულებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ამ დროის განმავლობაში ხელისუფლებამ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია „დროას“, “ფრანკლინის კლუბის”, “კანვასის” ტრენინგების, აგრეთვე უცხოური ფონდებიდან სხვა გაერთიანებებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, რომლებიც საქართველოში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას უწყობენ ხელს. ხელისუფლებას პრეტენზიები აქვს „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ (EED) მიმართაც, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო მიზნების დაფინანსებაში ადანაშაულებენ.

Келли Дегнан

კანონპროექტი, რომელიც „რუსულ კანონად“ საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა მონათლა, აშშ-ს კრიტიკას ვერც ამჯერად გადაურჩა. საელჩო ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით გამო. მეთიუ მილერის აზრით, ეს კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ამით საქართველო რისკავს ჩამოშორდეს ევროპულ გზას.

“ეს კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობას საქართველოს მოქალაქეებისთვის საყოველთაო სიკეთე მოაქვს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა. საქართველო რისკავს ჩამოშორდეს ევროპულ გზას. ჩვენ ეს შეშფოთება ნათლად ავუხსენით საქართველოს მთავრობას”, – აღნიშნულია მილერის განცხადებაში.

შეშფოთებულნი არიან ევროკავშირშიც. მათი რჩევაა, რომ გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ გამოიყენებოდეს. ევროკავშირი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოიწოდებს განახორციელონ რეფორმები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ და საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მიზანს შეესაბამება.

რატომ გახდა საჭირო, ერთი წლის შემდეგ, კანონპროექტის შემობრუნება?

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს დონორ ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ამბობს, რომ იცის, თუ რა მანდატით მოქმედებენ დონორები, რა შეზღუდვებს ემორჩილებიან. კონკრეტულად იმ ორგანიზაციებში, სადაც მოუწია მუშაობა, მკაცრად იყო აკრძალული არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, არამედ პოლიტიკური პარტიის წევრი და ოფიციალური პირიც კი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ორგანიზაციის რომელიმე პროექტიდან ხელფასის მიმღები. ახლა კი ვხედავთ, რომ შემოვლითი მეთოდებით ფინანსდებიან პარტიები მათივე ფრთის ქვეშ მოქმედი არასამთავრობოებისა და მედია ორგანიზაციების მეშვეობით.

ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებას დაუგროვდა გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაფინანსება, რომელიც ინტენსიურად შემოდის არასამთავრობოებისთვის (წინასაარჩევნო პერიოდში ამ დაფინანსების გაზრდა იგეგმება), შესაძლოა, ქვეყანაში ვითარების ასარევად გამოიყენოს რადიკალურმა ოპოზიციამ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები მათთვის არასასურველი შედეგით დასრულდება.

ზაალ ანჯაფარიძე

როგორც Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ განუცხადა, დონორი ორგანიზაციების უმეტესობის უკან დგანან კონკრეტული ქვეყნების მთავრობები, გარდა “სოროსის ფონდისა” და რამდენიმე კერძო ორგანიზაციისა. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ფინანსები, როგორც წესი, კეთილშობილური მიზნებით არის შეფუთული, თუმცა, ბოლო წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს თანხები არაკეთილშობილურ მიზნებს ხმარდება.

მისივე თქმით, არიან ორგანიზაციები, რომლებსაც ღიად აქვთ გაწერილი თავიანთი ხარჯები და არაფერს მალავენ. გამჭვირვალობა ერთი მხრივ სჭირდება ხელისუფლებას, მეორე მხრივ ეს არის ის, რაც აშინებს გრანტის მიმღებ ზოგიერთ “ენჯეოსა” და მათ დონორებს.

“თუ არასამთავრობო ორგანიზაცია არაფერს აკეთებს სახელმწიფოს საწინააღმდეგოს, რატომ უნდა გამოიწვიოს ამ კანონმა არასამთავრობოების სტიგმატიზაცია? მახსენდება ცნობილი ფაქტი, როდესაც სუს-მა გამოაქვეყნა კადრები, თუ როგორ უტარებდა ცნობილი ორგანიზაცია “კანვასი” ახალგაზრდებს ტრენინგს, როგორ უნდა ჩამოიშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები წერტილოვანი დარტყმებით. კიდევ სხვა ფაქტი, როგორ ასწავლიდნენ ერთ-ერთ ტრენინგზე ახალგაზრდებს მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას. რაც ჩვენ გავიგეთ არის ზღვაში წვეთი იმ ინფორმაციასთან შედარებით, რასაც ფლობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისი აზრით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არასამთავრობოებს მეტი სივრცე მიეცათ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენისთვის და მეტი საშუალება იმისთვის, რომ აქტიურად ჩაერიონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც არ ჰქონდათ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პირობებში.

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს პარლამენტში ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის ინიციირებას, 3 აპრილს პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საპროტესტო აქცია დააანონსა, თუმცა მოგვიანებით, თავიანთ შეკრებას სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად თავშეყრა დაარქვეს. საპროტესტო კამპანია რეალურიდან ვირტუალურ გარემოში გადაიტანეს და სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის პროპაგანდისტული მასალის გავრცელება დაიწყეს.

შორენა პაპაშვილი