თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებზე საზოგადოებისა და ბიზნესის მზარდი დამოკიდებულების, ელექტრონული სერვისების ფართომასშტაბიანი დანერგვისა და ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის კვალდაკვალ, რადიკალურად იზრდება ტექნოლოგიებიდან მომდინარე რისკები, საფრთხეები და ინციდენტები. დღესდღეობით, პრაქტიკულად, აღარ არსებობს სოციალურ-ეკონომიკურ-საზოგადოებრივი საქმიანობის არცერთი დარგი, საჯარო თუ კერძო სექტორი, რომელიც არ არის მოწყვლადი კიბერსაფრთხეების მიმართ.

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების პარალელურად, განვითარებული სამყაროსთვის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. კიბერომი, საინფორმაციო ომი, კიბერჯაშუშობა, სახელმწიფო აქტორების მიერ მართული კიბერშეტევები, კიბერდანაშაული (მათ შორის, კრიტიკული ინფრასტრუქტურების წინააღმდეგ მიმართული შეტევები) სახელმწიფოების თანამედროვე გამოწვევებია.

ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც საკმაოდ გაიზარდა ინტერნეტით დაფარვის მასშტაბები. შესაბამისად კიბერშეტევის ობიექტი შესაძლოა გახდეს, როგორც რომელიმე კერძო ორგანიზაცია, ისე სახელმწიფო და ცალკე აღებული ადამიანიც.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კიბერუსაფრთხოება გაძლიერებას საჭიროებს. საქართველოს მთავრობამ უკვე მესამედ შეიმუშავა კიბერუსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია და ამგვარად განაგრძობს უწყვეტ ციკლს, რაც გამოიხატება ქვეყნის ურყევი პოზიციით, დაიცვას და გააძლიეროს კიბერსივრცე, როგორც ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი.

კიბერუსაფრთხოების 2021 – 2024 წლების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  საფუძველზე მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები გახდა საჭირო. სტრატეგიის შემუშავების პროცესში საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა პარტნიორი სახელმწიფოების რჩევები და რეკომენდაციები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება. დოკუმენტი ითვალისწინებს ოქსფორდის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების გლობალური ცენტრის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს.

რიგით მესამე სტრატეგია წარმოადგენს სახელმწიფოს 3-წლიან გეგმას, თუ როგორ გახდეს საქართველო კიბერსივრცეში ძლიერი, დაცული და უსაფრთხო ქვეყანა, მაშინ, როდესაც საზოგადოების ყველა სამიზნე ჯგუფს კიბერსაფრთხეებთან გამკლავების მინიმალური ცოდნა და გამოცდილება აქვთ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფარგლებში, ფუნქციონირებს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო. ამასთან, კიბერდანაშაულთან ბრძოლაში, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ჩართულია საქართველოს პროკურატურა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს და პასუხისმგებელია მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კონტროლს უწევს კიბერსივრცეში ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესს.

ადამიანური ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკია ციფრულ სამყაროში. როგორც საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, ყველაზე მეტი კიბერინციდენტი მსოფლიოში სწორედ ადამიანური რესურსის გამოყენებით ხორციელდება, მათ მიერ რისკებისა და საფრთხეების არასათანადო შეფასების, ცოდნისა და ცნობიერების სიმწირის ან განზრახ მიმართული არასანქცირებული ქმედებების შედეგად. როგორც კვლევებმა აჩვენა, დღესდღეობით ადამიანური შეცდომებით გამოწვეული კიბერინციდენტები გაცილებით აღემატება კიბერშეტევათა რიცხვს.

საქართველო განიცდის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტთა, როგორც რაოდენობრივ სიმწირეს, ისე კვალიფიკაციის ნაკლებობას. ქვეყნის შრომით ბაზარზე კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების მიმართ მოთხოვნა მაღალია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, თუმცა, ამ მოთხოვნას არსებული საკადრო რესურსი სრულად ვერ აკმაყოფილებს.

ნიკა ჩიტაძე

საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორ ნიკა ჩიტაძის რედაქტორობით და ქართველ და უცხოელ მკვლევრებთან თანაავტორობით აშშ-ის საგამომცემლო სახლმა – IGI Global-მა გამოსცა ერთობლივი წიგნი “მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგიები”. წიგნში, რომლის ელექტრონული ვერსია უკვე განთავსებულია “ამაზონზე” და გავრცელდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, შესულია ქართველი მკვლევრების: სალომე მიქიაშვილს, ირაკლი კერვალიშვილს, მარიამ ნებიერიძეს, თამარ ქარაზანიშვილს, ლიზი ფარცვანიას, თამარ ბიწაძეს, ილონა ჩუხუასა და მარი მალვენიშვილის კვლევები კიბერუსაფრთხოებაზე. წიგნში საუბარია კიბერუსაფრთხოების ისტორიაზე, დიდი მოთამაშეების – ჩინეთის, აშშ-ს, ევროკავშირის, რუსეთის პოლიტიკაზე კიბერუსაფრთხოების სფეროში.

Dalma News-თან საუბრისას ნიკა ჩიტაძე კიბერსაფრთხეებს შორის კიდევ ერთ საფრთხეს – კოგნიტიურ ომს გამოყოფს. მისი თქმით, ეს ბრძოლის ფსიქოლოგიური მეთოდია, რომელსაც მტრულად განწყობილი ქვეყანა იყენებს სხვა სახელმწიფოს მიმართ. მაგალითად, საინფორმაციო სივრცის გამოყენებით შეეცდება ქვეყნის მოსახლეობაზე მოახდინოს ზემოქმედება.

“კოგნიტიური ომის დროს, ხდება ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკაზე. მაგალითისთვის ავიღოთ რუსეთი და დასავლეთი, რომ რუსეთი არის მართლმადიდებელი სახელმწიფო, საქართველოს კეთილის მსურველი, ხოლო დასავლეთი გარყვნილი. კოგნიტიური ომი არის ერთ-ერთი სერიოზული და მთავარი საფრთხე“, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

იმისათვის, რომ ქვეყანა კიბერუსაფრთხოების სფეროში ძლიერი და დაცული იყოს, ნიკა ჩიტაძის აზრით, მნიშვნელოვანია განათლების ქონა, მოსახლეობის ინფორმირებულობა, სპეციალისტების მომზადება.

მისივე თქმით, საქართველოში კიბერუსაფრთხოების სალექციო კურსი იკითხება, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამ სფეროში სულ თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის სპეციალისტი გვყავს, მათ შორის არიან ლადო სვანაძე და ნატა გოდერძიშვილი. საჭიროა მომზადდეს სასწავლო პროგრამა უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით.

“დღეს საქართველოსთვის გამოწვევაა კოგნიტიური, ანუ საინფორმაციო ომი და საერთო ჯამში ჰიბრიდული ომი, როდესაც გარეშე და შიდა მტრები ჩანერგილ აგენტებს იყენებენ ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. განათლებული ადამიანი ადვილად ვერ მოტყუვდება და მასზე გავლენას ვერ მოახდენენ, ვიდრე იმ ადამიანზე, რომელიც ნაკლებად გათვითცნობიერებულია ასეთ საკითხებში”, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

მისივე თქმით, თანამედროვე ეპოქას ეწოდება “საინფორმაციო ეპოქა” და ბუნებრივია ისეთი თემები, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტი და კოგნიტიური ომი, ძალიან აქტუალური თემებია. პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებამ, გარკვეულ წილად, საინფორმაციო სივრცეში გადაინაცვლა და ანტიდემოკრატიული ძალები ცდილობენ საზოგადოებაზე მოახდინონ ნეგატიური ზეგავლენა.

მისივე თქმით, თანამედროვეობის გამოწვევაა ომი უხილავ საფრთხესთან, უხილავი მტრის წინააღმდეგ. საერთო ჯამში ეს არის ჰიბრიდული ომის შემადგენელი, რაც ნიშნავს მტრულად განწყობილი ძალის მიერ პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი, კულტურული და ბერკეტების გამოყენებას, როგორც ხისტი, ასევე რბილი ძალის სახით საზოგადოების წინააღმდეგ. თუ კი, 50 წლის წინ, ეფექტიანი საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციის ჩასატარებლად საჭირო იყო ადგილზე თანამოაზრეებისა და გავლენის აგენტების გადასროლა ან გადაბირება, დღეს, სოციალური მედიისა და საინფორმაციო გარემოს ლიბერალიზაციის ფონზე, შესაძლებელია მცირე ჯგუფმა, საკუთარი ოფისიდან გაუსვლელად, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მოსახლეობის ქცევასა და განწყობებზე.

ასევე ხშირია თაღლითობის ფაქტები კიბერსივრცეში, როდესაც ადამიანი თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდება.

ნიკა ჩიტაძის აზრით, გამოსავალია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაშია, მეორე მხარეა პირადი მონაცემების დაცვა სახელმწიფოს მიერ. დემოკრატიის მთავარი პრინციპია სახელმწიფოში პირადი მონაცემების დაცულობა.

დღესდღეობით მილიარდობით ადამიანი ინტერნეტისა და სოციალური მედიის მეშვეობითაა დაკავშირებული, რაც თითოეულს საშუალებას აძლევს შეუზღუდავად მიიღოს ინფორმაცია. გარემო, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი სიმართლე გაავრცელოს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შესაძლოა კარგი ლუკმა აღმოჩნდეს  იმ სახელმწიფოებისა და ჯგუფებისათვის, რომლებიც მზად არიან ინფორმაცია საკუთარი პოლიტიკური და სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენონ.

„ფეიკ ნიუსები“ და დეზინფორმაცია თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. როცა ვიცით, რომ არსებობს მიზანმიმართული ცრუ ინფორმაციის გავრცელების საშუალება, ადამიანს ისღა რჩება ჩართოს კრიტიკული აზროვნება და გამოიჩინოს სიფრთხილე, სანამ სწორ ინფორმაციას არ მოიპოვებს. თუმცა, ეს არც თუ მარტივი პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, თუ სოციალური მედია და ტელევიზია ვიწრო ჯგუფების ინტერესების პროპაგანდაზე არიან გადასულები.

ადამიანისთვის წარმოადგენს თუ არა საშიშროებას ხელოვნური ინტელექტი?

პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ძალიან მარტივად შეიძლება იქცეს საფრთხედ, თუ ის ბოროტების ხელში აღმოჩნდება.

შორენა პაპაშვილი