გამოჩენილი რუსი ბირთვული ფიზიკოსის, გ. ფლეროვის სახელობის ბირთვული კვლევების ერთობლივი ინსტიტუტის (JINR) ბირთვული რეაქციების ლაბორატორიის სამეცნიერო დირექტორის , რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის იური ოგანესიანის სახელი ისტორიაში არა მხოლოდ მეცნიერების სფეროში მიღწეულო დამსახურების, არამედ სამეცნიერო მეცენატობისთვისაც ჩაიწერება. შარშან, მან სუპერმძიმე ელემენტების სინთეზზე ფუნდამენტური მუშაობისთვის, სბერბანკის ჯილდო, 20 მილიონი რუბლი მიიღო. მიღებული ჯილდო პირადი მიზნების ნაცვლად, იმ საქმეს შესწირა, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა. მეცნიერმა მთელი თანხა JINR-ს გაუგზავნა. 2023 წლის აპრილში, 90 წლის იუბილეზე, საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდოს OGANESSON-ის (ბირთვული კვლევების ერთობლივ ინსტიტუტთან ერთად) დაწესების თაობაზე განაცხადა.

20 სექტემბერს ამ პრესტიჟული ჯილდოს პირველი ლაურეატების ვინაობაც გამოქვეყნდა. უმაღლესი ჯილდო მიენიჭათ: ანა მარია კრამისს (მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი), მიხაილ შვიდკოი (ხელოვნების ისტორიის დოქტორი, მოსკოვის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი), ვალერია პერშინა (ქიმიის პროფესორი დარმშტადტიდან, გერმანია), ვასილი სემინი (JINR-ის ბირთვული ლაბორატორიული რეაქციების ამაჩქარებლების სამეცნიერო და ტექნოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი).

„საპრიზო კომიტეტის დიდი დამსახურებაა ის ყურადღება და გულმოდგინება, რომლითაც ისინი კანდიდატებისა და ლაურეატების შერჩევას მიუდგნენ. გათვალისწინებული იყო სამეცნიერო და სოციალური დამსახურება და პოპულარიზაციული აქტივობები. უკეთესი არჩევანის გაკეთება წარმოუდგენელიცაა“, – განაცხადა თავად აკადემიკოსმა Nauka.rf-თან ინტერვიუში OGANESSON-ის პირველი საპრიზო კონკურსის შედეგებზე საუბრისას. მან ასევე აღნიშნა, რომ სბერბანკმა გამარჯვებულები მიიწვია მიმდინარე წელს დაგეგმილ Sber Science Prize-ის დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად.

თავის მხრივ, საპრიზო კომიტეტის თავმჯდომარემ, ფიზიკა-მათემატიკის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ალექსანდრე სერგეევმა განაცხადა, რომ ახლა „გამოჩენილი მეცნიერის, რუსეთის აკადემიის აკადემიკოსის, იური ცოლაკოვიჩ ოგანესიანის გონივრული გადაწყვეტილების წყალობით, მეცნიერებისთვის კარგი ტრადიცია იწყება“: „… აღიარებული მეცნიერების მიერ მსგავსი ჯილდოები და დაფინანსება, ხელს უწყობს მეცნიერების მნიშვნელობის ამაღლებას. პირველი ლაურეატები გახდნენ ცნობილი მკვლევარი. მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერი ვასილი სემინი,- JINR-ის ბირთვული რეაქციების ლაბორატორიის ამაჩქარებლების სამეცნიერო და ტექნოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა JINR-ში პირველადი ექსპერიმენტული ობიექტების შექმნაში, რაც ბირთვული ფიზიკის სფეროში მეცნიერული შედეგების გარღვაა. მისი მაგალითი გვიჩვენებს, თუ რა სიმაღლეების მიღწევა შეუძლიათ ახალგაზრდებს თავიანთ სამეცნიერო საქმიანობაში.

რუსული მედიის ცნობით, OGANESSON-ის პრემია ყოველწლიური ჯილდოა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში, თეორიულ და ექსპერიმენტულ კვლევებში მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის, ასევე განათლებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის სფეროში შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

”პრემია გადაეცემათ არა მხოლოდ სამეცნიერო მიღწევებისთვის, არამედ მეცნიერებაში მისიონერული საქმიანობისთვისაც. ადამიანები, რომლებსაც უყვართ მეცნიერება, ხელს უწყობენ მის პოპულარიზაციას საზოგადოებაში, არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელს მსოფლიოში”, – განმარტა Наука.рф-ისათვის მიცემულ ინტერვიუში JINR-ის დირექტორმა გრიგოლ ტრუბნიკოვმა. მისივე თქმით, აღნიშნული პრემიის მინიჭებას საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური წყვეტს.

რატომ ჰქვია პრემიას OGANESSON? – საქმე იმაშია, რომ გ. ფლეროვის სახელობის ბირთვული რეაქციების ლაბორატორიის სამეცნიერო დირექტორი, აკადემიკოსი იური ოგანესიანი ასევე, ექსპერიმენტული ბირთვული ფიზიკის დარგში მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტია. ის არის მენდელეევის პერიოდული სისტემის რამდენიმე მძიმე ელემენტის აღმოჩენის თანაავტორი: ესენია ელ. 104 – რუტერფორდიუმი, ელ. 105 – დუბნიუმი, ელ. 106 – ზღვის ბორგიუმი, ელ. 107 – ბორიუმი. გარდა ამისა, 2000-იან წლებში ოგანესიანის ხელმძღვანელობით, ბირთვული კვლევის ინსტიტუტში აღმოაჩინეს ახალი ქიმიური ელემენტები – 113-დან 118-მდე. ამავდროულად, 2016 წელს მის მიერ აღმოჩენილ 118-ე ქიმიურ ელემენტს მის პატივსაცემად „ოგანესონი“ (Og) დაარქვეს. ამგვარად, სამეცნიერო ჯილდოს ამ ქიმიური ელემენტის “სახელწოდება” დაერქვა.

ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა კომპეტენტური სტრუქტურების მიერ – ოგანესიანი არაერთხელ გახდა ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდოების ლაურეატი. 2021 წლის ნოემბერს, ოგანესიანი მენდელეევის სახელობის იუნესკო-რუსეთის საერთაშორისო პრიზის ერთ-ერთი პირველი ლაურეატი გახდა. მან ეს საპატიო ჯილდო ბოლონიის უნივერსიტეტის იტალიელ პროფესორ ვინჩენცო ბალზანთან ერთად მიიღო და ფაქტობრივად, რუსეთის წარმომადგენელი პირველი მეცნიერია, რომლის ნამუშევრები ამ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში შეფასდა.

„იუნესკოს ერთობლივ პრემიებს შორის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზია, რომლის ფონდიც 500 ათას აშშ დოლარს შეადგენს“, – განუცხადა «Научной России»- UNESCO-ს რუსეთის ფედერაციის კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა გრიგოლ ორჯონიკიძემ.

ვინ არის იური ოგანესიანი? – იგი დონის როსტოვში დაიბადა, მაგრამ ბავშვობა, მათ შორის სკოლის წლები, ერევანში გაატარა. შემდეგ სწავლობდა მოსკოვის საინჟინრო ფიზიკის ინსტიტუტი, მუშაობდა დუბნაში. დღეს ოგანესიანი მსოფლიოს რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორია. მათ შორის პარიზის და იაპონიის (კობეს) უნივერსიტეტებში, ასევე სერბეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის უცხოელი წევრი, ფრანკფურტის და იტალიის (მესინა) უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. იგი ასევე სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრია და ეს მისი ტიტულებისა და რეგალიების სრული სია არ არის. მაგალითად, 2019 წელს, მეცნიერების და, კერძოდ, ბირთვული ფიზიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, იური ოგანესიანი სომხეთის პრეზიდენტმა წმინდა მესროპ მაშტოცის ორდენით დააჯილდოვა.

იური ოგანესიანი ერთადერთი ცოცხალი მეცნიერია, რომლის პატივსაცემადაც ქიმიური ელემენტების პერიოდული ცხრილის ელემენტია დასახელებული! ღმერთმა მისცეს ჯანმრთელობა და მრავალი წლის სიცოცხლე, ხოლო და მის მიერ დაარსებულმა სამეცნიერო პრემიამ მსოფლიო ავტორიტეტი მოიპოვოს.

ირინა გრიგორიანი