სომხეთის კულტურული ცხოვრება სასიამოვნოდ მრავალფეროვანია. მთელი წლის განმავლობაში ერევნის ქუჩებში ხშირად შეხვდებით დაგეგმილი პრემიერების, კონცერტების, სხვადასხვა ფესტივალების, გამოფენების და ა.შ. ბრწყინვალე აფიშებს. ყველაზე პრეტენზიულ მაყურებელსაც კი შეუძლია, ღონისძიება საკუთარი გემოვნებით აირჩიოს.

ამ მხრივ გამონაკლისი არც თეატრია. იგი მაყურებელს მრავალფეროვან რეპერტუარს სთავაზობს, რომელიც არა მხოლოდ კარგად ცნობილი კლასიკური, არამედ თანამედროვე ორიგინალური სპექტაკლებისგან შედგება.

Dalma News-ის კორესპონდენტი სომხეთის დამსახურებულ არტისტს (2017), პოპულარულ კომიკოსს, სცენარისტსა და პროდიუსერს მკრტიჩ (მკო) არზუმანიანს ესტუმრა და თეატრალურ სიახლეებზე, მსახიობის პროფესიასა და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

– თქვენის აზრით, დღეს სომეხ მაყურებელს ყველაზე მეტად რა სჭირდება?

– ადამიანები, როგორც წესი, თეატრში იმიტომ დადიან, რომ დადებითი ემოციები მიიღონ, დაისვენონ, დაივიწყონ პრობლემები. ეს ყოველთვის ასე იყო. ამიტომ კომედიებზე, ოპერეტებსა და მსუბუქი ჟანრის ნაწარმოებებზე დიდი მოთხოვნა იყო და რჩება. თანამედროვე სამყაროში, სადაც რბილად რომ ვთქვათ, სტრესისა და დაძაბულობის უამრავი მიზეზი არსებობს, ადამიანებს პოზიტივის დამატებითი წყარო სჭირდებათ, რომლის გარეშეც შეუძლებელია. თეატრი, როგორც ცოცხალი სუბსტანცია, მიმდინარე პროცესების მიმართ გულგრილი ვერ რჩება და მაყურებლის მოთხოვნილებებისადმი მგრძნობიარეა. ამ მხრივ არც სომხეთია გამონაკლისი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თეატრში მხოლოდ მხიარული განწყობისთვის უნდა წახვიდე. ხუმრობები, რომლებიც სიცილ-ხარხარს იწვევს, თეატრის სცენას არ შეეფერება.

თეატრისა და მსახიობის ამოცანა გაცილებით რთულია. დაშვებულია ხუმრობა, გართობა, მაგრამ ყოველთვის უნდა იყოს რაღაც სხვა, რაც მაყურებელს შეცვლის. ეს არის ის, რაც მსახიობმა უნდა გააკეთოს. სცენაზე გამოსვლისას ვცდილობ დავიცვა ეს პრინციპი – დავიცვა ეს წონასწორობა, მაყურებელს რაღაც მნიშვნელოვანი მივაწოდო, თუნდაც იუმორისტული ფორმით.

– როგორც ადამიანი, რომელიც სცენაზე სპექტაკლის დადგმის აბსოლუტურად ყველა პროცესში უშუალოდ მონაწილეობს, რას ხედავთ სომხეთში თეატრის მთავარ პრობლემად?

– თეატრი ძალიან რთული საქმეა და არა მარტო ჩვენთვის. ეს არასოდეს ყოფილა ადვილი არსად, მათ შორის ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში. სახელმწიფო ამ საკითხს სათანადო ყურადღებას არ აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე თეატრის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ეს აუცილებელი პირობაა, მათ შორის, მისი კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლადაც. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თეატრი უნდა განვითარდეს და ამის გარკვეული პოტენციალი და საჭირო რესურსები გვაქვს, მაგრამ ასევე გვჭირდება შესაბამისი ფინანსური ბაზაც.

თუ გვსურს, ჩვენს სცენაზე თანამედროვე სპექტაკლები ვიხილოთ, საჭიროა გარკვეული ძალისხმევა, მაღალი ხარისხის პროფესიული მუშაობა და, რა თქმა უნდა, გარკვეული მატერიალური ინვესტიციები.

მკრტიჩ (მკო) არზუმანიანი

– თქვენმა ზოგიერთმა კოლეგამ, მღელვარე პოლიტიკური მოვლენების გავლენით, პროფესიის შეცვლა და პოლიტიკაში შესვლა გადაწყვიტა. ოდესმე გიფიქრიათ ამ პერსპექტივაზე?

– ნამდვილად არა! პოლიტიკოსი არ ვარ. არც ვიცი და არც ვაპირებ ამ საქმის კეთებას.

ჩემს პროფესიაში კომფორტულად ვარ, პოლიტიკაში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ზოგადად, ვფიქრობ, რომ პოლიტიკა მზაკვრული რამ არის, დღეს შეიძლება განგადიდონ, ხვალ კი, იმავე ხალხს შესძულდე. შეუძლებელია ყველასათვის კარგი იყო, მით უმეტეს, როცა მუდმივად ცდილობ გარემოებებს მოერგო. ხოლო ისინი, ვინც ამ უნარით არიან დაჯილდოებულნი ბიზნესმენები, ან შოუმენები არიან და არა შემოქმედებითი პიროვნებები. ასეთი მოქნილი ბუნებების ადამიანებს შეუძლიათ პერიოდულად დატოვონ სცენა და კვლავ დაუბრუნდნენ მას. მათთვის საქმიანობის ტიპის შეცვლა რთული არ არის.

– თქვენ გაღიარეს, როგორც კომედიური ჟანრის მსახიობი, თან ისე, რომ სპეციალური განათლება არ გქონდათ. რამ განაპირობა კონსტანტინე რაიკინის თეატრალურ სკოლაში ჩარიცხვის მოულოდნელი გადაწყვეტილება?

– ბევრ ჩემს კოლეგას და მეგობარს გაუკვირდა ჩემი გადაწყვეტილება. მართალია, ყველაზე უფროსი სტუდენტი ვარ, რომელსაც კარგი სამუშაო გამოცდილება მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სწორად მოვიქეცი. დამატებითი ცოდნა და განათლება, რაც არ უნდა პათოსურად ჟღერდეს, არასოდეს უდროო და ზედმეტი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემს საქმეში მუდმივად ვვითარდებოდე და ახალს ვსწავლობდე. პროფესიული ხარვეზების ამოვსების აუცილებლობას ყოველთვის ვგრძნობდი და ახლა, ძველი ოცნების ასრულების ხელსაყრელი დრო დადგა.

მიმაჩნია, რომ თუ ყველა მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ საქმეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში გვეყოლება განსხვავებული სპეციალისტები, განსხვავებული თეატრი, განსხვავებული მაყურებელი და საბოლოოდ სხვა ქვეყანა გვექნება.

– ახლა რაზე მუშაობთ? რომელ სპექტაკლებში გიხილავთ მაყურებელი უახლოეს მომავალს?

– ამჟამად ვთამაშობ რამდენიმე სპექტაკლში, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ჟანრებითა და სცენარით. სპექტაკლში “ჩრდილოეთის გამზირის ტყვე”, რომელიც დაფუძნებულია ნილ საიმონის ცნობილი სპექტაკლის “მეორე ავენიუს პატიმარი” მიხედვით, მთავარ გმირს ვასახიერებ. საუბარია დიდ ქალაქში ცხოვრების სირთულეებზე და მუდმივ სტრესზე, რომელსაც საშუალო დონეზე მცხოვრები ადამიანი განიცდის. იგი ცდილობს მეგაპოლისში რენტაბელური ცხოვრების დონის შესაფერისად იცხოვროს. მაგრამ რაც მთავარია, ეს არის ისტორია ნამდვილ ფასეულობებზე: ოჯახზე, ურთიერთგაგებაზე, მხარდაჭერასა და რა თქმა უნდა, სიყვარულზე. შემთხვევითი არ არის, რომ სპექტაკლი სხვადასხვა თაობის მაყურებელს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გარდა ამისა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ნამუშევრებს შორის მინდა აღვნიშნო პოლონელი დრამატურგის რიჩარდ კალინოსკის დრამაში „მთვარის ურჩხული“ არამის როლი. 1915 წლის ტრაგიკულ მოვლენებს გადარჩენილი მთავარი გმირის ისტორია, რომელიც ცდილობს დაკარგული ოჯახის აღდგენას, გულგრილს არცერთ მაყურებელს არ ტოვებს. ეს არის ზოგადსაკაცობრიო ისტორია, რომელიც ეროვნებისა და ასაკის მიუხედავად, ყველასათვის გასაგებია. როდესაც ნაწარმოები პირველად წავიკითხე, გავოგნდი, როგორ შეძლო ავტორმა, რომელიც წარმოშობით სომეხი არ არის, ასე ზუსტად გადმოეცა გენოციდის ჯოჯოხეთს გამოვლილი ადამიანის ტრაგედია.

დარწმუნებული ვარ, მუდმივად უნდა ვისაუბროთ, გავიხსენოთ, გადმოვცეთ ჩვენი ისტორია, შემოქმედებით, მათ შორის ლიტერატურით, თეატრით, ამ საკითხში ბევრად უფრო ხელშესახები შედეგების მიღწევა შეგვიძლია.

ჩვენი ხალხის პრობლემა ისაა, რომ განცდილი უბედურებიდან დასკვნებს არ ვაკეთებთ, თორემ ახლა სულ სხვა ქვეყანაში, სხვა რეალობაში ვიცხოვრებდით. მჯერა, რომ თუ რაიმე ცვლილების მიღწევა გვსურს, პირველ რიგში, ჩვენ თვითონ უნდა შევიცვალოთ.

კიდევ ერთი ნამუშევარი, რომელზეც მინდა ვისაუბრო, არის მონოსპექტაკლი „გრავიტაცია“. მასზე რეჟისორ არა ბალიანთან ერთად ვმუშაობდი და გამოვიყენეთ სხვადასხვა ჟანრის ნაზავი და ტექნიკური გადაწყვეტილებები, რაც მონოსპექტაკლისთვის დამახასიათებელი არ არის. პრემიერა შარშან შედგა და რეცენზიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ წარმატებული იყო.

– და ბოლოს, როგორც პროფესიონალი მსახიობი რა როლებზე ოცნებობთ?

– არ არსებობს ერთი, კონკრეტული როლი. ვოცნებობ, სხვადასხვა პერსონაჟის როლის შესრულებას. ალბათ, დრამატული გმირებიდან გამოვყოფ მაკბეტს, ფრანკენშტაინს, კომედიიდან – მოლიერისა და შექსპირის პიესების ნებისმიერ პერსონაჟს. დაუსრულებლად შემიძლია ჩამოვთვალო.

ფოტოზე მკრტიჩ არზუმანიანი