საფეხბურთო კლუბ „პიუნიკის“ მფლობელმა არტურ სოგომონიანმა “ნოეს კიდობნის” რედაქციას სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტზზე მოახლოებული არჩევნების გარშემო არსებული ვნებების შესახებ უამბო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო NovostiNK წერს.

— ბატონო არტურ, ცოტა ხნის წინ დიდი პრეს-კონფერენცია გამართეთ, რომელზეც ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ოთხწლიანი ადმინისტრაციის შედეგები შეაჯამეთ. მართლა ასე ცუდადაა ყველაფერი? არსებობს ვითარების შეცვლის შანსი?

— პრეს-კონფერენციაზე მხოლოდ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ვებგვერდებიდან აღებული ოფიციალური მონაცემები, ასევე წინა დღით გადაღებული ფოტოები გამოვიყენეთ, რომლებიც ჩემს გამოსვლაში წარმოვადგინე. ფაქტობრივად, მდგომარეობა კიდევ უფრო კატასტროფულია! ვფიქრობ, სომხეთის საფეხბურთო საზოგადოების ყველა წარმომადგენელი ხედავს ეროვნული ფეხბურთის მიმდინარე კოლაფსს, მაგრამ ამ პრობლემების წამოჭრაზე და მასზე ღიას სასაუბროდ ყველა არ არის მზად.

რა თქმა უნდა, ვითარების უკეთესობისკენ შეცვლის შანსები არსებობს. ამისათვის საჭიროა, მინიმუმ, სწორი შეფასება და დიაგნოზის დასმა. უნდა მოვითხოვოთ იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლებიც რესპუბლიკაში ფეხბურთის განვითარებაზე არიან პასუხისმგებლები. შემდეგ კი, ფედერაციის პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც 23 დეკემბერს ჩატარდება.

— რატომ არ დაასახელა თქვენმა კლუბმა თავისი კანდიდატი?

— საკუთარი კანდიდატურა ორი მიზეზით არ წარვადგინეთ: პირველი, დარწმუნებულნი ვართ, რომ სომხურ ფეხბურთში გადაწყვეტილების მიღების დღევანდელი პრინციპები ცივილიზებული საზოგადოების ნორმებს არ შეესაბამება და ეს იქნება არა არჩევნები, არამედ ადმინისტრაციული რესურსების დახმარებით პირადი ბრძოლა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობისთვის! მეორეც, ამოცანა, რომელიც მიზნად დავისახეთ, უფრო მეტად გლობალურია, ვიდრე საკუთარი კანდიდატის პოპულარიზაცია. გვსურს უზრუნველვყოთ, რომ კლუბებმა ხმა მისცენ რესპუბლიკაში ფეხბურთის განვითარების გასაგებ იდეოლოგიებსა და პროგრამებს და არა საეჭვო, უპასუხისმგებლო პირებს. ნიშანდობლივია, რომ ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი, არმენ მელიბეკიანი, რომელმაც თავისი კანდიდატურა წამოაყენა, არც კი თვლის საჭიროდ უპასუხოს კითხვებს შეუსრულებელი დაპირებების შესახებ და მომდევნო ვადით არჩევის შემთხვევაში წარმოადგინოს სომხეთში ფეხბურთის განვითარების საკუთარი პროგრამა! როგორც ჩანს, მას ხელისუფლებისგან ხმების და ადმინისტრაციული მხარდაჭერის მიღების იმედი აქვს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბატონმა მელიქბეკიანმა არც ერთი დაპირება არ შეასრულა.

— როგორც მივხვდით, წინა არჩევნები 2019 წელსაც ასე ჩატარდა?

Აბსოლუტურად მართალს ბრძანებთ! არანაირი განვითარების პროგრამა არ იყო წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ორი თვით ადრე გამოცხადდა უნდობლობა ბ-ნი მელიქბეკიანს, როგორც FFA-ს გენერალურმა დირექტორმა, მან თავისი კანდიდატურა წამოაყენა და ხმების საჭირო რაოდენობა მხოლოდ ადმინისტრაციული რედურსის მხარდაჭერით მიიღო.

— მაგრამ ეს როგორ მოხდა; მახსოვს, რომ სხვა კანდიდატებიც იყვნენ, მგონი თქვენც წარადგიბეთ კანდიდატი?

— დიახ, თავდაპირველად ოთხი პრეტენდენტი იყო. ჩვენი წარმომადგენელი, არსენ აგაჯანიანი, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ფორმალური ნიშნით მოხსნეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, ბ-ნი მელიქბეკიანისგან განსხვავებით, რომელიც აუცილებელ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, თუმცა ძლიერი ადმინისტრაციული მხარდაჭერა ჰქონდა. კიდევ ერთმა პრეტენდენტმა, ხორენ ოგანისიანმა, ბოლო მომენტში მოხსნა კანდიდატურა და ბ-ნ მელიქბეკიანს ფედერაციის მომავალ ხელმძღვანელობაში თანამდებობის მიღების სანაცვლოდ შეუერთდა. ერთადერთმა დარჩენილმა ალტერნატიულმა კანდიდატმა, ტოვმას გრიგორიანმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა, რადგან უკვე თავად შეხვედრაზე მისი კანდიდატურის მხარდამჭერი რვა ორგანიზაცია ყალბად გამოცხადდა და ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვათ.

საბოლოოდ, არჩევნებში, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არმენ მელიქბეკიანი აირჩიეს, რომელსაც სომხეთში ფეხბურთის განვითარების თანმიმდევრული პროგრამა არასოდეს წარმოუდგენია.

— ეს ნამდვილად არ შეესაბამება სამართლიანი არჩევნების პრინციპებს. ფიქრობთ, ვითარება 23 დეკემბერსაც განმეორდება?

—სამწუხაროდ! თუ გადავხედავთ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების მონაწილეთა სიას, ვნახავთ მელიქბეკიანის მმართველობის დროს დარეგისტრირებულ უამრავ უცნობ სახელს, რომელსაც ყალბიც შეიძლება ვუწოდოთ. ვიცით, რომ ამ ორგანიზაციების უკან არმენ მელიქბეკიანი და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი არმენ ნიკოგოსიანი დგანან, რომელთა დაფინანსება ძირითადად ფედერაციის საერთო ფონდებიდან ხდება, რომლის რესურსებს მოქმედი პრეზიდენტი აკონტროლებს. ყველასთვის გასაგებია, როგორ მიიღებენ ხმას.

— გამოცხადდა, რომ მელიქბეკიანის კანდიდატურა საფეხბურთო კლუბმა ANI-მ წარადგინა, რომელსაც სომხეთის პირველობაში არც მოზარდთა და არც ბავშვთა გუნდი ჰყავს. გარდა ამისა, მისი მფლობელი ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი თანამშრომელი ხორენ ოგანისიანია. რამდენად კანონიერია ეს?

— იურისტი არ ვარ, მაგრამ მოვისმინე პატივცემული ადამიანების მოსაზრებები, რომ მელიქბეკიანის კანდიდატურა ამჯერად რეგლამენტის მნიშვნელოვანი დარღვევით იყო წარდგენილი.

რაც შეეხება, ყოფილი ცნობილი ფეხბურთელის, ხორენ ოგანესიანის ფედერაციაში მუშაობას, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. დიდი ალბათობით არ არის, რადგან ფედერაციამ ააშენა და მას ხელმძღვანელობაში გადასცა ხორენ ოგანისიანის სახელობის აკადემია.

— ახლა გასაგებია, რატომ წარადგინა ANI-მ მელიქბეკიანი ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე. პრესა წერდა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ 600 მილიონ დრამზე მეტი (ერთნახევარ მილიონ დოლარზე მეტი) გამოყო ხორენ ოგანისიანის აკადემიის მოედნის ასაშენებლად. როგორ ფიქრობთ, როგორც ფეხბურთის ფედერაციის წევრი, ეფექტურია ეს ინვესტიციები?

— ვებგვერდზე განთავსებული ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ანგარიშები მიუთითებს, რომ 2021 და 2022 წლებში ხორენ ოგანისიანის აკადემიის მშენებლობაზე 585 მილიონი დოლარი დაიხარჯა. სავარაუდოდ 2023 წელსაც არის ხარჯები.

მიმაჩნია, გაცილებით ეფექტური იქნება, თუ ეს თანხები სომხეთის რეგიონებში რამდენიმე აკადემიის მშენებლობაში ჩაიდება და ბავშვებს ხარისხიანი ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა მიეცემათ. რაც შეეხება ღირებულებას, მიმაჩნია, რომ დანახარჯები არ შეესაბამება ობიექტის რეალურ ღირებულებას და დიდი ალბათობით გადაჭარბებულია.

— ჩიხური ვითარებაა. მართლა შეუძლებელია ამ მოჯადოებული წრის გარღვევა?

— ჩიხი კი არა, უფრო აბსურდია, რომელმაც სომხური ფეხბურთის დეგრადაცია გამოიწვია. მჯერა, რომ ვითარება შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამისათვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევანის პროცესს და არჩევანი გაკეთდეს არა ცალკეული კლუბის ინტერესების, არამედ მთელი სომხური ფეხბურთის მომავლის სასარგებლოდ. ვიცი, რომ ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა დიდი ხანია აქტიურად ვაჭრობს ხმებით.

იმედი მაქვს, სომხურ ფეხბურთში ვითარების უკეთესობისაკენ შეცვლით ბევრი ადამიანია დაინტერესებული. ამისთვის აუცილებელია საზოგადოების დიდი ნაწილის, ქვეყნის ხელმძღვანელობისა და პატივცემული ჟურნალისტების ყურადღების ამ პრობლემაზე გამახვილება. დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს შევძლებთ! ჩემს პრეს-კონფერენციაზე მივმართე ყველას, ვინც სომხეთში ფეხბურთის განვითარების მიმართ გულგრილი არ არის, განზე არ დადგეს.

— რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ შემოგიერთდეთ! როგორც ვიცი, საფეხბურთო კლუბის “ურარტუს” მფლობელმა ჯივან ჩელოიანცმაც ისაუბრა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მელიქბეკიანის ხელახალი არჩევის წინააღმდეგ და საკუთარი კანდიდატი არაზ ოზბილისი წარადგინა.

— დღეს სომხეთში ბავშვთა და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებაში ძირითად ინვესტიციებს ორი კლუბი ახორციელებს: ურარტუ და პიუნიკი. ჩვენს აკადემიებს ერთად 3000-ზე მეტი ახალგაზრდა სპორტსმენი ჰყავს და ლიდერები არიან ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. ჩემი აზრით, ძალიან საგულისხმოა, რომ ორივე კლუბი ბატონ მელიქბეკიანის ხელახლა არჩევას ეწინააღმდეგებოდა.

არ ვმალავთ, რომ მომავალ არჩევნებზე არაზ ოზბილისის კანდიდატურასაც დავუჭერთ მხარს. წავიკითხე მისი პროგრამა, ვიცნობ პირადად და დარწმუნებული ვარ, არაზ ოზბილისი ფედერაციის კარგი და პასუხისმგებლიანი პრეზიდენტი იქნება.

— თქვენს პრეს-კონფერენციაზე თქვით, რომ ფედერაციის მიერ გამართული ჩემპიონატებიდან ყველა გუნდს ამოიღებთ, მართალია?

— მე ვთქვი, რომ ასეთი მტკივნეული გადაწყვეტილების მიღებას მაიძულებდნენ. არ მითქვამს, რომ ვინმეს მოვაშორებდი, მაგრამ თუ მელიქბეკიანი ხელახლა აირჩევა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტად, ფეხბურთის ფედერაციის მიერ 2023-2024 წლების სეზონში გამართულ ტურნირებში 36-ვე გუნდის მონაწილეობის მისაღებად, განაცხადს აღარ შევიტან. ეს მნიშვნელოვანი განმარტებაა.

შემდეგ დეტალურად ავხსენი ჩემი პოზიცია და ნამდვილად მჯერა, რომ იდეოლოგია, რომლითაც იმართება ეს არჩევნები, არ შეესაბამება პროფესიულ, სამართლიან სპორტულ პრინციპებს და ვერ უზრუნველყოფს სომხეთის ახალგაზრდა ფეხბურთელების მაღალხარისხიან განვითარებას.

ჩემთვის ეს რთული და მართლაც ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილებაა. სომხურ ფეხბურთში ექვსი წლის წინ მოვედი კონკრეტული მიზნებით, ჩავდე ჩემი სული და დიდი რესურსი და მივიღე დიდი მხარდაჭერა გულშემატკივრებისა და მშობლებისგან, რომლებიც გვენდობიან შვილების აღზრდაში. უკვე დავიწყეთ პირველი წარმატებული ნაბიჯების გადადგმა სომხეთში ევროპული სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის საფეხბურთო კლუბის შესაქმნელად.

მაგრამ ერთი წლის წინ ჩვენი კლუბის აგრესიული დევნა დაიწყო. თავიდან ეს მხოლოდ მე და ჩვენს მთავარ მწვრთნელს გვეხებოდა, შემდეგ ჩვენს გულშემატკივრებს და აკადემიის სტუდენტებს, მთავარი გუნდის ფეხბურთელებსაც კი შეეხოთ. წლევანდელ სეზონში ყველა სფერო ჩამოერთვათ ვარჯიშისთვის და ოფიციალური თამაშებისთვის. რომ არა შირაქის საფეხბურთო კლუბის მხარდაჭერა, რომელმაც მათ სტადიონზე შეგვიშვეს, სეზონის დასაწყისში იძულებული გავხდებოდით სომხეთის ჩემპიონატი გამოგვეტოვებინა. ჩვენ ვითმენთ ამ უსამართლო დამოკიდებულებას მხოლოდ იმ იმედით, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ბატონი მელიქბეკიანი მაინც ჩამოშორდება სომხურ ფეხბურთს და იმედი მაქვს, სამუდამოდ!

— რა არის რესპუბლიკაში ფეხბურთის განვითარებასა და სომხეთის საფეხბურთო ჩემპიონატის გამართვაზე პასუხისმგებელი ფედერაციის ხელმძღვანელების ეს არაადეკვატური საქციელის მიზეზი?

— მიჭირს განსჯა. მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან სუსტია ხელმძღვანელობა, რომელიც ვერ ახერხებს ადეკვატურად აღიქვას კრიტიკა და თავი დიდი ვინმე ჰგონია!

ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ფედერაციის ხელმძღვანელები ემსახურებიან ფეხბურთს და არ იძლევიან რეკომენდაციებს, როგორ და სად დააბანდონ ინვესტიციები, ვის მისცენ ხმა არჩევნებში და რაზე შეიძლება, თუ არ შეიძლება საუბარი პრესასთან. საერთაშორისო ორგანიზაციების FIFA-სა და UEFA-ს მიერ გამოყოფილი თანხები ნაწილდება მათ შორის, ვინც რეალურად მონაწილეობს ფეხბურთის პოპულარიზაციის პროცესში და ემსახურება ამ სპორტის განვითარებას ქვეყანაში.

ჩემდა სამწუხაროდ, სომხეთში ყველაფერი თავდაყირაა. ყველაზე შეურაცხმყოფელი და მტკივნეული ის არის, რომ შედეგად ათასობით ბიჭი იტანჯება და მოკლებულია სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე დავკარგეთ ნიჭიერი ფეხბურთელების რამდენიმე თაობა სომხეთში.

— ანუ, მთელი ეს არანორმალური ბრძოლა ადგილისთვის მხოლოდ ფულის გულისთვისაა?

— სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია წელიწადში 17 მილიონზე მეტს იღებს და ხარჯავს, ანუ ოთხი წლის განმავლობაში 70 მილიონ დოლარზე მეტს. სამწუხაროდ, ეს თანხები არ იხარჯება გამჭვირვალედ და ძალიან არაეფექტურად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არც ერთი ახალი სერიოზული დაწესებულება არ აშენებულა, გარდა ხორენ ოგანესიანის აკადემიისა.

— დაველოდოთ 23 დეკემბერის არჩევნებს. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი ნამდვილად გაიმარჯვებს!

— მეც ოპტიმიზმით ვუყურებ მომავალს და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სომხეთში ფეხბურთის კოლაფსი არ მოხდეს და ჩვენს ახალგაზრდა თაობას არ ჩამოერთვას შესაძლებლობა, განვითარდეს ამ მიმართულებით და გაიზარდოს ჯანსაღი და ძლიერი სპორტსმენები.

— გამარჯვებას გისურვებთ თქვენც და საფეხბურთო კლუბს – “პიუნიკს”. რას უსურვებთ თქვენს გულშემატკივრებს მომავალ წელს?

— პირველ რიგში, მშვიდობას და ჰარმონიას ოჯახებში. გამოწვევების წინაშე გაერთიანება და გამბედაობა ახალი დანაკარგების თავიდან აცილების ერთადერთი გზაა. ვიმედოვნებ, მომავალი 2024 წელი ბედნიერი იქნება სომხეთისთვის და რუსეთისთვის.