პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელს შორის თბილისის ერთ-ერთ კაფეში შეხვედრა პოლიტიკური ორგანიზაცია “დროას” წევრებმა ფარულად გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს. სავარაუდოდ, მათი მიზანი, პოლიტიკური სკანდალის აგორება იყო. მოგვიანებით განმარტება თავად გია ვოლსკიმაც გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრა შედგა ხიდაშელის თხოვნით, რომელსაც აფხაზეთთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებების გაზიარება სურდა. კერძოდ, საუბარი შეეხო აფხაზეთთან კონფედერაციის შექმნას. როგორც ვოლსკიმ განმარტა, კონფედერაცია შესაძლებელია, თუმცა დღეს ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. გარდა ამისა, რუსეთი ჩართულია უკრაინასთან შეიარაღებულ კონფლიქტში, რის გამოც, ვოლსკის მოსაზრებით, რუსეთთან საერთაშორისო ფორმატით რაიმე მოლაპარაკებების გამართვა შეუძლებელია.  

არსებობს, თუ არა საქართველოსთვის რუსეთთან პოლიტიკური დიალოგისთვის ფანჯარა, ამ საკითხზე Dalma Newsევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორდიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრა.

ვოლსკისა და ხიდაშელის შეხვედრის მთავარი თემა მართლაც ყოფილა აფხაზეთი და ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივის განხილვა. თქვენ რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?

– მათ საუბარს არ ჰქონია ოფიციალური სახე. არაოფიციალურ ფორმატში კი, ნებისმიერ საკითხზე შეეძლოთ ესაუბრათ. აქ, საინტერესოა საუბრის სუბიექტები: ერთი არის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მეორე კი ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის დავით გარეჯის გარშემო დაწყებული გამოძიებისთვის კონკრეტული მასალის შეგროვებაში, ვგულისხმობ იმ რუკებს, რომლებიც დავით ხიდაშელმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოიტანა, მათ შორის, აშშ-დან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, რუსეთის ფედერაციიდან. მან ფასდაუდებელი ამაგი გასწია.

დავით ხიდაშელი და გია ვოლსკი

რაც შეეხება აფხაზეთის კონფედერაციის შექმნას, თქვენი აზრით, რაიმე წინაპირობა არსებობს საამისოდ?

– ეს თემა არახალია. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის წლებში, შინაგან საქმეთა მინისტრს კახა თარგამაძესა და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივან რუშაილოს შორის ურთიერთობის კონტექსტში მრავალი წინაპირობა იქმნებოდა იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით (გარკვეული კონფიგურაციით) გაკეთებულიყო დოკუმენტი. სასურველია, ფართო საზოგადოებას ეცნობოს ამ დოკუმენტის შინაარსის შესახებ, იმიტომ, რომ მასში ბევრი კომპონენტი იყო საქართველოს სუვერენიტეტისთვის სასარგებლო.

დღეს, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად მუსირებს შესაძლებლობა იმისა, რომ ადრე, თუ გვიან საქართველოს მოუწევს ტერიტორიული მთლიანობისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა. სხვათა შორის, წინაპირობების შექმნის თვალსაზრისით პირველი მერცხალი იყო, 1 წლის წინ, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩის განცხადება. მან თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ აპირებს ცხინვალისა და სოხუმის სუბსიდირებას და მათ მოუწევთ დამოუკიდებლად მოიძიონ ინვესტიციები საბიუჯეტო ვალდებულებებისთვისო. ბუნებრივია, ცხინვალის საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულება, როდესაც რუსეთი აღარ განახორციელებს აქ სუბსიდიებს, დაკავშირებული იქნება თბილისსა და ცხინვალს შორის ურთიერთობების დათბობასთან.

სხვათა შორის, 2 კვირის წინ მოხდა საინტერესო ამბავი, რომელიც ცხინვალის თვითაღიარებული ხელისუფლების პარლამენტს სკანდალად შემოუბრუნდა. ეს თემა, რატომღაც, ქართულმა მედიამ ფართოდ მსჯელობის საგნად არ აქცია. ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სამმა წევრმა – გარი მულდაროვმა, დავით სანაკოევმა და ჯამბოლათ მედოევმა გააკეთეს განცხადება, რომ მათ აქვთ კანონპროექტი, რომელიც უნდა წარუდგინონ ცხინვალის პარლამენტს და მიიღონ კანონი იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვარი დადგინდეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისა და მთელი რიგი კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ოსი დეპუტატების ამ ინიციატივას ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა. სამივე დეპუტატს ჩამოართვეს რუსეთის მოქალაქეობა. მათი ქმედება კი, სამართლებრივად დაკვალიფიცირდა, როგორც პროვოკაციის მცდელობა, რომელსაც უნდა დაეძაბა ვითარება საქართველოსა და რუსეთს შორის. მოქალაქეობის ჩამორთმევა, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც ძალიან იშვიათად ხდება. ეს არის ტოტალური უნდობლობის გამოცხადება იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომელთა ქმედებას, შესაძლოა, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გამწვავება მოჰყოლოდა. შედეგად, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდა ეს სამი დეპუტატი. ახლა თავის მართლება უწევთ მოსკოვის წინაშე. შეაქვთ საჩივრები და ჰუმანიტარული სამართლის ჭრილში ცდილობენ დაანახონ რუს სამართალდამცველებს, რომ არ შეიძლება მათი ასეთი სტატუსით დატოვება.

დიმიტრი ლორთქიფანიძე

ამ თემასთან დაკავშირებით ე.წ. დეპუტატებმა თქვეს, მოსკოვში “პროქართული ლობი“ მუშაობსო. შესაძლოა, ჩვენმა ოპოზიციამაც გამოიყენოს ეს თემა „ქართული ოცნების“ საგარეო ვექტორის ცვლილების მტკიცებულებად?

– ჩემი არხებით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გეტყვით, რომ ოსი დეპუტატების ამ პროვოკაციას საქართველოში მომხმარებელი ნამდვილად ჰყავს. ესენი არიან პირები, რომელიც ძალიან ხშირად სპეკულირებენ ქართულ-ოსური და ქართულ-რუსული ურთიერთობების კონტექსტში არსებულ მთელ რიგ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ცხინვალის რეგიონს. ესენი არიან – დავით ქაცარავა და ეგორ კუროპტევი, რომლებიც ძალიან ხშირად აკეთებენ განცხადებებს ამ საკითხებზე. არსებობს ვარაუდი, რომ ოსი ე.წ. დეპუტატებისა და ქაცარავა-კუროპტევის ტანდემს ჰქონდა გარკვეული საერთო ინტერესები. მიზანი იყო ის, რომ წინასაარჩევნოდ საქართველოში გამწვავებულიყო პოლიტიკური ვითარება. ქაცარავას არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ აშშ-ს საელჩოდან ფინანსდება. კუროპტევი რუსეთიდან არის გადმოსახლებული საქართველოში და მასთან ერთად არის ვინმე ნიკოლაი ლეფშიცი, რომელიც არის ნავალნის პოლიტიკური ორგანიზაციის მიმდევარი და რომელიც საქართველოში ძალიან აქტიურად პოზიციონირებს. ტელეგრამ-არხზე ჰყავს საკუთარი აუდიტორია – 100 000 გამომწერი.

– 2008 წელს ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობა რუსეთმა აღიარა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის პირობებში. მოქმედ პრეზიდენტს – პუტინს მსგავს დოკუმენტზე (ალბათ) არ აქვს ხელი მოწერილი, შესაძლებელია, თუ არა ესეც იქცეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობის ერთ-ერთ ფანჯარად?

– ძალიან საინტერესო ჟურნალისტური მიგნებაა. კი, შესაძლებელია რომ პუტინმა ოდესღაც, მართლაც გააუქმოს სხვა პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ვითარების ცვლილებასთან ერთად, ადვილი შესაძლებელია, ეს დოკუმენტი ძალადაკარგულადაც გამოცხადდეს.

რაც შეეხება აფხაზეთის საკითხს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ აფხაზეთი იქნება მონაკო, ხოლო სოხუმი – მონტე-კარლო. ეს არ არის შემთხვევით ნათქვამი სიტყვები. აფხაზეთის ეკონომიკა დღეს გასწორებულია მიწასთან. ენერგომომარაგების კუთხით აფხაზეთს შეექმნა ისეთი პრობლემა, რომელიც არ შეჰქმნია აქამდე. აქაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ რუსეთის მხრიდან სუბსიდიებმა მოიკლო. აფხაზეთის ეკონომიკა, რომელიც ისედაც ეფემერული იყო, საერთოდ ნულდება და მათ ექმნებათ სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისი. ეს კარგად ესმით აფხაზეთშიც და უკვე დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ უნდა შეინარჩუნონ გენოფონდი. აფხაზი ახალგაზრდების უდიდესი პრობლემაა ნარკომანია. მეორე საკითხია – თურქეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსია აფხაზეთში. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ გვერდის ავლით თურქეთი დღემდე აქტიურად ვაჭრობს აფხაზეთთან. ტყვარჩელში არსებული ქვანახშირის საბადოების, ხე -ტყის, ჯართის ერთადერთი მომხმარებელია თურქეთი. ამ ქვეყნის სახელისუფლებო-პოლიტიკურ ვერტიკალში ძალიან ბევრი მუჰაჯირი არის დღეს მოქცეული და რომელთა უშუალო ლობისტური საქმიანობის დახმარებით აფხაზი ახალგაზრდობა ძალიან ხშირად ჰყავთ სხვადასხვა “ვორკშოპებზე”, არა მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზე, არამედ ბალკანეთის ქვეყნებშიც. ბოსნია-ჰერცეგოვინაში ძალიან ხშირად იმართება მსგავსი კონფერენციები, რომლებსაც პოლიტიკური ელფერის გარდა რელიგიური ელფერიც დაჰკრავს.

დიმიტრი ლორთქიფანიძე

თურქული ლობის აფხაზეთში გააქტიურება ეს რუსეთისთვისაც საშიში პროცესია…

– რუსეთს, რომელსაც გააჩნია სრულიად ახალი ხედვა მისი სახელმწიფოს მომავალი განვითარების კუთხით, ბევრ რამეს, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში და სამეზობლო პოლიტიკის კუთხით სხვანაირად უყურებს. რუსულ-ქართული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ყოველწლიურად ვითარდება. მალევე მოსალოდნელია გარკვეული გარღვევა პოლიტიკურ ველზე და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამ გარღვევის ფაქტის წინაშე დავდგებით მე-11 მოწვევის პარლამენტის პირობებში. „ქართულმა ოცნებამ“, სხვა კონსერვატორულ ძალებთან ერთად, უნდა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გასაღები კვლავაც მოსკოვშია?

– ვოლსკისა და ხიდაშელის შეხვედრას რომ დავუბრუნდეთ, ეს ფაქტი აქტუალურია იმით, რომ შესაძლებლობები ფანჯრის გაღებისა უნდა არსებობდეს. გასაკვირი არაფერია იმაში, რომ უმაღლეს სახელისუფლებო ვერტიკალში არსებულ სუბიექტებსა და გავლენიან ბიზნესმენებს შორის სასარგებლო კონტაქტები არსებობდეს. ამ კონტაქტების გამოყენებით, საჭიროა, საქართველოსთვის ყველაზე სასარგებლო და რაციონალური პირობა შეიმუშაონ. მახსენდება სერგეი ლავროვის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ 2005 წელს პრეზიდენტ სააკაშვილთან გვქონდა მოლაპარაკება ერთობლივი კონტრტერორისტული ბაზების შექმნაზეო. სალომე ზურაბიშვილთანაც გვქონდა ამაზე საუბარიო, იყო გამოთქმული წინასწარი ოპტიმიზმიო, მაგრამ საქართველოს პარტნიორებმა აშშ-ში ჩათვალეს, რომ ეს არ იყო სადისკუსიო თემა და ჩვენც დავანებეთ თავიო.

ესაუბრა გიორგი ქართველი