საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე 250-ლარიანი გადასახადი, მთავრობის დადგენილებით, პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება ფქვილის ქერისა და ქატოს იმპორტის შემთხვევაში საბაჟო გადასახადზეც გავრცელდება, რომლის ვადაც 1 მარტს იწურებოდა. დადგენილება, რომელსაც ხელს უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 2023 წლის 12 ივნისიდან ამოქმედდა და ძალაში 2024 წლის მარტამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა მისი კიდევ 6 თვით გახანგრძლივება გადაწყდა.

საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის დაწესება შარშან, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ და ადგილობრივმა ფერმერებმა პროტესტი გამოხატეს. საქმე იმაშია, რომ შარშან საქართველოში ფერმერებს ხორბლის კარგი მოსავალი ჰქონდათ, იმპორტირებული ფქვილის გამო კი, კონკურენციის არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ. მათი აზრით, მიზეზი რუსეთში ხორბლის ექსპორტისას არსებული ე.წ. საბაჟო გადასახადია, რომელიც ფქვილის შემთხვევაში ნულოვანია.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2023 წლის ზაფხულში მიიღო გადაწყვეტილება და რუსული ფქვილის იმპორტზე 200-ლარიანი გადასახადი დააწესა, რასაც რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი თანაბარ კონკურენტულ პირობებში უნდა ჩაეყენებინა. საიმპორტო გადასახადი ფქვილზე 2023 წლის ივნისიდან ამოქმედდა და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან კი, ეს გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა. ფქვილთან ერთად საიმპორტო გადასახადი მოქმედებს ქერსა და ქატოზეც, ფასი ერთ ტონაზე 100 ლარს შეადგენს.

როგორც Dalma News-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, მთავრობის მიერ მიღებული ზომების წყალობით შარშან, ადგილობრივი ფერმერების მიერ მოყვანილი 50 000 ტონა სასურსათო ხორბლის გადამუშავება შეძლეს, გარდა ამისა, აღდგა ადგილობრივი წისქვილების მუშაობაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ფქვილის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხორბალზე საიმპორტო გადასახადი დაწესდა, რამაც ქვეყანაში ფქვილის იმპორტის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვია, ხოლო ხორბლის ნაწილში ეს მონაცემები ძალიან შემცირდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას თქმით, სანამ ბაზარი არ დასტაბილურება აღნიშნული გადაწყვეტილების გახანგრძლივება მოუწევთ.

ოთარ შამუგია

„მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ გვქონდეს ხორბლის სათანადო მარაგები, მეორე მხრივ ფერმერებს ხელი შევუწყოთ. რაც შეეხება ფასების განსაზღვრას, საუბარი იყო, თითქოს ფასი დაბალი იყო და მერე გავზარდეთ. ჩვენ არც ვზრდით და არც ვამცირებთ ფასებს, ეს ბუნებრივია, მანიპულაციაა“, – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.

მისივე თქმით, 2022 წელს რეკორდულად გაიზარდა ფქვილის იმპორტი, რადგან რუსეთში ამ დასახელების საქონელზე ნულოვანი საექსპორტო გადასახადი მოქმედებდა, რამაც ხორბლის იმპორტისადმი ინტერესი შეამცირა, ფქვილისადმი კი გაზარდა. შედეგად საქართველოში ხორბლის ადგილობრივი გადამუშავება, ფაქტობრივად გაჩერდა, ფერმერებს კი მოყვანილი მოსავალი ჩაუბარებელი რჩებოდათ.

ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გაგრძელებას დადებითად აფასებს საქართველოს მარცვლეულისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა. მისი აზრით, დადგენილება იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ ხორბალზე მცურავი ბაჟი იარსებებს, რომელსაც ფქვილის მოსაკრებელი აბალანსებს. როგორც სილაგავა აღნიშნავს, ბაჟის შემოღების წყალობით ქვეყანაში ფერმერები, ფქვილის ქარხნები და პურის მწარმოებლები გამართულად მუშაობენ. გადასახადის გახანგრძლივების შემდეგ კი, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე მდგომარეობა სტაბილური იქნება, პურის ფასი სტაბილურია და საფრთხე არ ემუქრება.

ლევან სილაგავა

“ჩვენი დარგი სტრატეგიული დარგია, რომელიც ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მარაგებზე, ფქვილის წარმოებასა და საბოლოო პროდუქტზე – პურის წარმოებაზეა მიბმული. რეალურად, ესაა დარგი, რომელიც სამი დარგის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს: მემარცვლეობის, ჩვენი ფერმერების, რომლებსაც ხორბალი მოჰყავთ, წისქვილკომბინატების, რომელთაც ფქვილის წარმოება ევალებათ, პურის მწარმოებლების. დღეს ეს 3 დარგი გამართულად მუშაობს. სამივე დარგის მუშაობის წინაპირობაა ის, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დადგენილება შემოვიდა. ახლა ეს დადგენილება გაგრძელებულია”, – განუცხადა Dalma News-ს სილაგავამ.

მისივე თქმით, 2022 წელს საქართველოში წისქვილკომბინატები რთულ მდგომარეობაში აღნიჩნდნენ. მაშინ, ხორბლის გაძვირებების გამო, ხორბლისა და ფქვილის იმპორტს შორის დიდი დისბალანსი შეიქმნა. 2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში 7 ათასი ტონა ფქვილი შემოვიდა და მხოლოდ 6 ათასი ტონა ხორბალი. ამან სერიოზულად გადაალაგა ბაზარი და ხორბლის შემოტანამ აზრი დაკარგა. წისქვილკომბინატებმა დაიწყეს გაჩერება და ხორბლის ნაცვლად ფქვილის იმპორტზე გადაერთნენ. ფაქტობრივად 5 000 სამუშაო ადგილი იკარგებოდა.

“2023 წლის ივნისში იქამდე მივედით, რომ რუსეთიდან ექსპორტირებული ფქვილის ყოველი მეხუთე პარტია საქართველოში შემოდიოდა, რაც ძალიან სერიოზული პრობლემა იყო. ეს რომ გაგრძელებულიყო, შესაძლოა, წისქვილკომბინატებს ვეღარ ემუშავათ. ვეღარც ფერმერები ჩააბარებდნენ ხორბალს. დღეს ბაზარზე სტაბილურობაა. ამ დადგენილების გახანგრძლივება სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებს”, – აცხადებს სილაგავა.

ადგილობრივი ფერმერები ახლა მშვიდად არიან, ივნისის მოსავლის მისაღებად წისქვილკომბინატები მზად არიან.

ლევან სილაგავას ინფორმაციით,1 ტომარა ფქვილი დღეისთვის დაახლოებით 48- 50 ლარი ღირს, მაშინ, როცა შარშან 65 ლარის ფარგლებში იყო, რაც ფასის ძალიან სერიოზული ვარდნაა.

საქართველო წელიწადში დაახლოებით 800 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს. ხორბლის ფქვილის 78% რუსეთზე მოდის.

“რუსეთმა შარშან მთლიანად 800 000 ტონა ფქვილი გაყიდა, წელს 1 400 000-ის ორიენტირი აქვს. სწორედ ამის საპირწონედაც შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ ეს დადგენილება სერიოზულად იმუშავებს. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ მსოფლიოში რაოდენობრივად საკმაოდ დიდი მოსავალს ველოდებით. რეგიონულად, მათ შორის, რუსეთშიც მაღალი მოსავალია, უკრაინაში, ასე თუ ისე, ნორმალურია, ევროკავშირის ქვეყნებშიც, ასევე ნორმალური მოსავალია. ამ მხრივ გამოწვევებს არ ველოდებით”, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ საქართველოში ხორბლის წარმოებას მრავალსაუკონოვანი ისტორია აქვს. ის საქართველოს უძველესი კულტურაა, რომელსაც ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ხორბალი საქართველოში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ითესებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ხორბლის უძველესი ნიმუშები ძვ.წ. V-IV საუკუნით თარიღდება. მსოფლიო მასშტაბით, დღეისთვის, ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობაა აღწერილი, საიდანაც 14 სახეობა საქართველოშია აღმოჩენილი, მათ შორის 5 სახეობა (მახა, კოლხური ასლი, ჩელტა ზანდური, ჰექსაპლოიდური ზანდური, დიკა) ენდემურია. ხორბლის ქართული ენდემური სახეობების და ჯიშების დაცვასა და აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2018 წელს, „ქართული ხორბლის კულტურას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

გარდა ამისა, დაწყებულია ქართული ხორბლის კულტურის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების ნუსხაში შეტანის სამუშაო პროცესები.

შორენა პაპაშვილი