რელიგიურ ნიადაგზე ინციდენტები ადიგენში პერიოდულად იჩენს თავს. ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმ თემს შორის დაპირისპირება ბოლო ინციდენტამდე 8 წლის წინ მოხდა, მაშინ პროტესტი სოფელში მუსლიმური სასაფლაოს გაფართოებას შეეხებოდა. მიმდინარე წლის 8 მარტს დაპირისპირება, რომელშიც პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო, დაბა ადიგენში კვლავ რელიგიურ ნიადაგზე მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მეჩეთად გადაკეთება იგეგმებოდა.

სახლი იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძეს ეკუთვნის, სადაც ადგილობრივების ინფორმაციით, რელიგიური სკოლა ფუნქციონირებს და მუსლიმი მოსახლეობა პარასკევობით ლოცულობს. მორიგი ლოცვის დროს, 8 მარტს, მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი – დაახლოებით 200-მდე ადამიანი, მიქელაძის სახლთან მივიდა. მათ სალოცავად შეკრებილ მუსლიმებს შენობის დატოვება მოსთხოვეს.

მას შემდეგ, რაც ინციდენტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჩაერივნენ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაბა ადიგენში მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში პარასკევის ლოცვა აღარ გაიმართება, შეწყდება საპროტესტო აქციებიც. რელიგიური საქმიანობისთვის მათ ახალ ფართს ხელისუფლება სოფელ იჯარეთში გამოუყოფს.

მომხდარის შესახებ მედიასთან ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა ნიკოლოზ გეწაძემ ისაუბრა. იგი აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ მართლმადიდებელთა პროტესტში. მამა ნიკოლოზის განმარტებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში მეჩეთი რამდენიმე სოფელში არსებობს და მუსლიმთა კიდევ ერთი სამლოცველოს გახსნა ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობისთვის მიუღებელია.

არქიმანდრიტის აზრით, აუცილებელია სახელმწიფომ შეიმუშაოს შესაბამისი კანონი, რათა საკულტო ნაგებობად ხელოვნურად არ გამოცხადდეს ის ადგილი, რომელიც საცხოვრებელი სახლი და კერძო საკუთრებაა.

მისივე თქმით, ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლი მოსახლეობა მშვიდობიანად თანაცხოვრობს და ყოფით ნიადაგზე მათ შორის დაპირისპირება არ არსებობს. პრობლემა ის არის, რომ საქმის კურსში არ ჩააყენეს ადგილობრივები, ისე გეგმავდნენ  ადიგენში მეჩეთის მოწყობას. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია მოქალაქეების გაღიზიანებაც.

როგორც ზარზმის მონასტრის წინამძღვარი ნიკოლოზ გეწაძე აცხადებს, იმამი მერაბ (იუსუფ) მიქელაძე თვითნებურად მოქმედებს, არ ემორჩილება არც ადგილობრივ მუსლიმებს და არც მთავარ სამმართველოს.

ნიკოლოზ გეწაძემ

„ეს ადამიანი მოვიდა, მოაწყო ასეთი პროვოკაცია, ააბუნტა ხალხი, არ ემორჩილება არც ადგილობრივ მუსლიმებს და არც მთავარ სამმართველოს. ისმის კითხვა, ვინ არიან ეს ადამიანები? საიდან მოვიდნენ? მის სახლში, მის ოჯახთან ერთად რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ ყოველ პარასკევს ტრადიციას ამკვიდრებს და ამას აძლევს სახელწოდებას, რომ მეჩეთში ვიკრიბებითო, – ეს უკვე ადგილის მონიშვნაა. ამის უფლება არ აქვს. ამას არავინ აპატიებს? ხალხი უკიდურესად აღელვებულია”, – განუცხადა ჟურნალისტებს ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა ნიკოლოზ გეწაძემ.

მისივე თქმით, როდესაც ადგილზე ქალაქის მერი მივიდა, ხალხმა მისი მოწოდება გულისხმიერად მიიღო და დაემორჩილენ, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯები უმოკლეს დროში თუ არ გადაიდგმება, უმართავი პროცესები დაიწყება.

ადიგენში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, მათთვის მიუღებელია ნებისმიერი მიზანმიმართული დესტრუქცია, რელიგიისა და რწმენის კერძო ინტერესებისათვის გამოყენება.

“მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და იმოქმედონ საქართველოს ინტერესების და კანონმდებლობის შესაბამისად.იმავდროულად, მოვუწოდებთ მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას და საკუთარ მრევლში იმუშაონ, რათა მომხდარი ფაქტის გარშემო არსებული დაძაბულობა მრევლში არ გადავიდეს“, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა კომიტეტის განცხადებაში.

ბათუმი, აჯარია

ადიგენის ინციდენტს ბათუმის მუსლიმი მოსახლეობა გამოეხმაურა. ისინი ქალაქის ძველ მეჩეთთან შეიკრიბნენ და მიტინგი გამართეს, პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებას ერთი თვის ვადა მისცეს.

მათი თქმით, კონსტიტუციის დაცვა, რომელიც რელიგიის თავისუფლებასა და თანასწორობას უზრუნველყოფს, ხელისუფლების გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს.

“ერთი თვის შემდეგ, როცა მარხვა დასრულდება, აუცილებლად მოხვალთ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვაზე, ამას მუდმივად აკეთებთ. მოხვალთ და თვალებში ჩახედავთ ამ ადამიანებს, ეტყვით, რომ ტოლერანტული სახელმწიფო გვაქვს, რომელიც აღიარებს ყველა ადამიანის რელიგიას და გამოხატვის თავისუფლებას. თუმცა თქვენ თუ ამ ერთ თვეში ამ საკითხს ვერ მოაგვარებთ, ინდივიდუალურად მე, როგორც მუსლიმ მოქალაქეს, მგონია, რომ თქვენ ამ მეჩეთში არ შეგესვლებათ“, – აცხადებენ აქციის მონაწილე ქართველი მუსლიმები.

ბათუმის ახალი მეჩეთის იმამმა თამაზ მგელაძემ აქციაზე შეკრებულებს მოუწოდა პროვოკაციას არ აჰყვნენ. მისი თქმით, საუკუნეების განმავლობაში მუსლიმებისა და ქრისტიანების წინაპრები ერთად იბრძოდნენ თავისუფლებისთვის. დღეს კი, ვიღაც შუღლის ჩამოგდებას ცდილობს.

“მე, როგორც სასულიერო პირი, ლიდერი, ყოველ ჩემს გადადგმულ ნაბიჯს, ყოველ სიტყვას ვაკონტროლებ, რომ არ დავაზიანო ჩემი რელიგია, ხალხი. მე ვერ დავინახე ეს მეორე მხარეს, მაგრამ არ ვაფასებ ქრისტიანებს ერთეული ადამიანებით. ვფიქრობ, რომ ეს ხალხი ცდილობს პროვოკაციის ჩამოგდებას”, – განაცხადა თამაზ მგელაძემ აქციაზე.

8 მარტის ინციდენტის შემდეგ, ადიგენის მერი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი მუსლიმებს დახურულ კარს მიღმა 12 მარტს შეხვდნენ. რაზე შეთანხმდნენ მხარეები საბოლოოდ, უცნობია, რადგან არც სამცხე-ჯავახეთის მუფთი და არც მერაბ მიქელაძე მედიასთან ამ თემაზე აღარ საუბრობენ. ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე აცხადებს, რომ თუ რამე სათქმელი ექნება „ბრიფინგს გამართავს“.

ტარიელ ნაკაიძე

დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდა მუსლიმი თემის წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე. მისი ინფორმაციით, მხარეებს შორის კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა. მერიამ ერთკვირიანი ტაიმ-აუტი აიღო. ამ დროში უნდა მოაგვარონ მეჩეთისთვის მიწის გამოყოფის საკითხი.

მერაბ მიქელაძე მოითხოვს რომ, მიწა, რომელსაც სახელმწიფო მეჩეთისთვის გამოყოფს, ან პირადად მას გადაეცეს საკუთრებაში, ან მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას.

“მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმი ვარ და მაწუხებს ასეთი პრობლემები, როგორც პოლიტიკოსი მივიჩნევ, რომ ეს არის ძალიან არასწორი ნაბიჯი, როცა ერთი მხარე დანაშაულს ჩადის, მის მიმართ არანაირი პასუხისგება არ არსებობს, მაგრამ მეორე მხარეს სთხოვ, რომ გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. თუ არ დავსჯით დამნაშავეებს, ხვალ კიდევ სხვაგან გაჩნდება პრობლემა”, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” დაბა ადიგენში “ქართველი მუსლიმების დევნის ფაქტზე” გამოძიების სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვს. ორგანიზაციის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის ინტერესებს იცავენ.

როგორც Dalma News-ს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, დაბა ადიგენში 8 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მხარეებთან მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ამ დღეებში შეხვდა როგორც ადიგენში მცხოვრები მუსლიმი თემის წარმომადგენლებს, ასევე მართლმადიდებელ სასულიერო პირებსა და მრევლს.

შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“აუდიენციის დროს, მხარეებმა მიმდინარე საჭიროებები განიხილეს და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ორივე მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ წავიდნენ დათმობაზე. თემას ერთი კვირის თავზე კვლავ დაუბრუნდებიან და საზოგადოებას კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ მივაწვდით ინფორმაციას”, – აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში.

განვითარებული მოვლენების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პრობლემა სულაც არ მდგომარეობს ვინმეს რელიგიური უფლებების ხელყოფაში. მთელს ამ ისტორიაში სახეზეა რელიგიური გრძნობებით შეფუთული ვიღაცის კერძო ინტერესი. გამოძიება სწორედაც რომ არის ჩასატარებელი. რატომ უნდა იქცეს ვინმეს სახლი სამლოცველო დაწესებულებად, მაშინ, როდესაც მეჩეთში ლოცვას საქართველოში არასდროს არავისთვის აუკრძალავთ. მაშინ, როდესაც ქართველი ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობაც წინა პლანზე სახელმწიფოებრივ ინტერესებს აყენებს, ვინ ცდილობს მათი რელიგიური გრძნობებით თამაშს და ამაზე ხელის მოთბობას?! იმედია, ამ კითხვაზე პასუხს მალე მივიღებთ.

შორენა პაპაშვილი