თებერვლის ბოლოს, კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა (NIIRK) მეზობელი ქვეყნების საკომუნიკაციო რეჟიმების კეთილგანწყობის რეიტინგი წარმოადგინა. კვლევის თანახმად, ყოფილი სსრკ-ს უმეტეს ქვეყნებში, რუსეთთან კომუნიკაციის პირობები და შესაძლებლობები ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანად შეიცვალა. ცვლილებები შეეხო სომხეთის ინდიკატორებსაც. მან, როგორც რუსეთის სტრატეგიულმა მოკავშირემ, მხოლოდ მეათე ადგილი დაიკავა და 5 ქულით დაიწია.

2023 წლის თებერვლის რეიტინგი ასე გამოიყურებოდა: მეგობარი ქვეყნების ლიდერი ბელორუსია იყო, მეორე ადგილზე ყირგიზეთი, მესამეზე – უზბეკეთი, მეოთხეზე- ყაზახეთი, მეხუთეზე კი სომხეთი. მოგვიანებით ავტორებმა აღნიშნეს, რომ სომხეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი ცვალებადი საკომუნიკაციო რეჟიმების ერთ ჯგუფშია იდენტიფიცირებული, რომელშიც მეგობრული კომუნიკაციების განვითარების პირობები სავარაუდოდ, 2023 წელს შეიცვლება. ასეც მოხდა.

რატომ მოხდა ასე და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის განხეთქილება მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე დარჩეს და ურთიერთობები მომავალი წლისათვის კიდევ უფრო არ გაუარესდეს? სწორედ ეს საკითხები განიხილეს რუსმა და სომეხმა ექსპერტებმა ონლაინ მრგვალი მაგიდის დროს, თემაზე “მოკავშირული ქვეყნების რუსეთისადმი კეთილგანწყობის რეიტინგი  – 2023. სომხეთის საკომუნიკაციო რეჟიმი“.

სომხეთი უმეგობრობის გზას ადგას

NIIRK-ის დირექტორის მოადგილის ვალენტინა კომლევას თქმით, ვითარება რთულია; სომხეთი ერთგვარი ანალიტიკური შემთხვევა გახდა ექსპერტების უმეტესობისთვის, რომლებიც ცდილობენ გაიგონ, როგორ იცვლება საზოგადოების მსოფლმხედველობა სწრაფად და რა ტექნოლოგიების დახმარებით შეიძლება ეს მოხდეს.

„სომხური საზოგადოება არსებულ ვითარებაში, განსაკუთრებით 2023 წლის მეორე ნახევრიდან, მასობრივ საინფორმაციო შეტევებს განიცდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთიდან. შარშან სომხეთი ნათელი მაგალითი გახდა იმისა, თუ როგორ შეუძლია მმართველ ელიტას თავისი რესურსების გამოყენებით კომუნიკაციის რეჟიმი, დომინანტური საჯარო პოზიციის საწინააღმდეგოდ შეცვალოს. საუბარია, ალტერნატიული ინფორმაციის დაბლოკვაზე, ქვეყანაში რუსეთიდან საზოგადოებრივი აზრის შესვლის შეზღუდვაზე, ანტირუსული რიტორიკის გაძლიერებასა და რუსეთის დადანაშაულებაზე თავად სომხეთის ხელისუფლების შეცდომებსა და არასწორ გათვლებში“, – განაცხადა კომლევამ.

მისივე თქმით, ტექნოლოგიები, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და უკრაინაში გამოიყენებოდა, ახლა სომხეთშიც გამოიყენება. მაგრამ რომელ გზას დაადგება საბოლოოდ სომხეთი? „ანტირუსულ“ – საქართველოს გზას, თუ ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და უკრაინის?

„ხანდახან, კოლეგა ექსპერტებთან ერთად   სომხეთს საქართველოს ვადარებთ და ვფიქრობთ, წლების განმავლობაში,  დასავლეთის ამხელა ძალისხმევის მიუხედავად, ქართული საზოგადოება  რუსეთს რატომ არ დაშორდა და  არ გაჰყვა ბალტიისპირეთის ქვეყნების გზას. პირიქით, ფიქრობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვაზე.  არის საშიშროება, რომ სომხეთი გაჰყვება არა საქართველოს, არამედ ბალტიისპირეთის გზას“, – დასძინა მან.

რაც შეეხება მეგობრულ რეიტინგს, რომელშიც სომხეთი მეათე ადგილზე აღმოჩნდა, კომლევას აზრით, ეს “სერიოზული დასკვნების გამოტანის” საბაბია.

„სამწუხაროდ, სომხეთი მერყევი რეჟიმების უმეგობრობის გზას ადგას, რაც განსაკუთრებით პოლიტიკურ დონეზე გადაიზარდა. ანუ ვხედავთ, რომ სომხური საზოგადოება ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ უჭერს მხარს და სახეზეა სერიოზული განხეთქილება ელიტასა და საზოგადოებას შორის.  დარწმუნებულნი ვართ, რომ 2024 წელს სომხეთში მოღვაწე დასავლელი ექსპერტები გააცნობიერებენ საზოგადოების უმრავლესობის ამ განხეთქილებას და უთანხმოებას და დაინახავენ, თუ როგორ აქტიურდება მთელი რიგი ტექნოლოგიები, რომლებიც საბოლოოდ მიმართული იქნება რუსეთის მიმართ მსოფლმხედველობისა და საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლაზე. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ სომხეთი ამ გზას დაადგება“, – განაცხადა მან.

კომლევას პროგნოზებით, 2024 წელს რუსეთთან კომუნიკაციის რეჟიმი წინააღმდეგობრივი დარჩება და ტურბულენტობის ზონაში აღმოჩნდება, რადგან ერთმანეთთან ურთიერთობის პრინციპები და ღირებულებები გადაიხედება, მაგრამ:

„სომეხმა ხალხმა თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს“, – დასძინა ვალენტინა კომლევამ.

რუსეთთან ურთიერთობების გაუარესების თავიდან აცილება

ევრაზიის ექსპერტთა კლუბის კოორდინატორმა, პოლიტოლოგმა არამ საფარიანმა შემდეგი მოსაზრება გამოთქვა:

„არსებობს ამ ურთიერთობების შემდგომი გაუარესების საშიშროება, რაც სომხეთს რუსეთის მეგობრული ქვეყნების სიიდან ამოვარდნით ემუქრება”.

საფარიანი დარწმუნებულია, რომ საჭიროა ურთიერთობების მთელი კომპლექსის გადატვირთვა და ორმხრივად მისაღები პუნქტების მოძებნა, რაც გამოიწვევს 2025 წლისთვის მეგობარი ქვეყნების რეიტინგში რუსეთის ადგილის გაზრდას.

მისივე თქმით, სომხეთისთვის მტკივნეული და საბედისწერო შეცდომა იქნება სხვა ვექტორებთან ურთიერთობების გაუმჯობესების სახელით ურთიერთობების გაუარესება, რომლებსაც ეფექტურობაც კი არ დაუმტკიცებიათ. უფრო მეტიც, აუცილებელია ყოველმხრივ ავიცილოთ თავიდან ისეთი სცენარი, რომლის მიხედვითაც სომხური საზოგადოება ჯგუფებად – პროდასავლურ, პრორუსულ, პროევროპულ და ა.შ. დაიყოფა, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და დაასუსტებენ სომხეთს:

”ამის დაშვება შეუძლებელია”, – განაცხადა საფარიანმა და დასძინა, რომ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად სომხეთმა და რუსეთმა ორი ქვეყნის ექსპერტთა საზოგადოების პოტენციალი უნდა გამოიყენონ.  განიხილონ და ერთმანეთის წინადადებები მოისმინონ, რათა არსებული ვითარებიდან გამოსავალი ერთობლივად იპოვონ.

რუსეთის სომხეთიდან განდევნის მიზანმიმართული პოლიტიკა

დღეს მიზანმიმართული პოლიტიკა წარმოებს, რათა რუსეთი სომხეთიდან და მთლიანად რეგიონიდან განიდევნოს.  ეს უნდა შეწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთისთვის რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის შედეგები დამღუპველი იქნება. ამის შესახებ ჰუმანიტარული განვითარების საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ არმან გუკასიანმა განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების კონტექსტში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე, რაც მიუთითებს კრიზისის მიზანმიმართულად გაღრმავებაზე.

“ვხედავთ რუს მესაზღვრეებთან დაკავშირებულ ვითარებას, რომლებსაც “ზვარტნოცის” აეროპორტიდან აძევებენ, ვაკვირდებით სომხეთში რუსული ტელეარხების ირგვლივ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების მოლაპარაკებებს, 30 მარტიდან სომხური ბანკები შეწყვეტენ “ Mir”-ის ბარათების მომსახურებას, ხელისუფლების ანტირუსული რიტორიკა. მაგრამ ამავდროულად, გულუბრყვილობა იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ რუსეთის მიმართ სომხეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პოლიტიკა არის რუსეთის ქმედებების შედეგი, როგორც ამას ხშირად წარმოადგენენ საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა მან.

გუკასიანის თქმით, დიახ, სომხეთს ბევრი კითხვა აქვს რუსეთის მიმართ, ისევე, როგორც რუსეთს – თავისი სტრატეგიული მოკავშირის მიმართ, მაგრამ უდავოდ ეს საკითხები სხვაგვარად, სრულიად სხვა ფორმატებში – დიპლომატიური არხებით და სხვა ინსტრუმენტებით შეიძლება გადაწყდეს.  ის, რაც დღეს ხდება, მიზნად ისახავს არა რუსეთთან საკითხების გარკვევას და მათ მოგვარებას, არამედ ურთიერთობების გაფუჭებას და განადგურებას.

“შემდეგში კიდევ უფრო გაუარესდება”, – განაცხადა გუკასიანმა.

თუმცა, პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ არასწორია სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების განხილვა ისე, როგორც ამას 5-10 წლის წინ აკეთებდნენ, რადგან მსოფლიოში გეოპოლიტიკური ცვლილებები მოხდა და ასევე რუსეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები შეიცვალა.  უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ საკუთსრი ინტერესები რუსეთსაც აქვს და ამიტომ სომხურ-რუსული შინაარსის მქონე უდთიერთობების ემოციური აღქმა მხოლოდ აუარესებს სომხეთის პოზიციას რეგიონსა და მსოფლიოში.

გუკასიანის თქმით, უნდა გავიგოთ და გამოვიდეთ იქიდან, რომ რუსეთი სომხეთისთვის პრიორიტეტულია, რადგან მისთვის უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია.

„დასავლეთი ღიად ამბობს, რომ ის არ უზრუნველყოფს სომხეთის უსაფრთხოებას, დასავლელი ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ სომხეთმა არ უნდა დატოვოს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზავია და ეს ბევრს ამბობს, უბრალოდ უნდა შეგვეძლოს და გვსურდეს დასკვნების გამოტანა“, – დასძინა გუკასიანმა.

რისი გაკეთებაა საჭირო?

საუკუნოვანი კითხვა. საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტს, გრიგორ ბალასანიანს მიაჩნია, რომ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ყველამაქტიურად უნდა იმუშაოს – როგორც სომხეთში, ასევე რუსეთში.

„არსებობს გარკვეული გარე ცენტრები, რომლებიც განსაკუთრებით გულმოდგინედ მუშაობენ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ქვეყნებში და გავლენას ახდენენ რუსეთთან ქვეყნის ურთიერთობებზე.  ამ მიზნით, ეს ცენტრები ძალიან აქტიურად იყენებენ შიდა საკითხებს და გამონაკლისი არც სომხეთია. ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ეს ცენტრები იყენებენ, არის მცდელობა დაარწმუნოს სომხური საზოგადოება, რომ რუსეთს არ შეუძლია ან არ სურს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამიტომ, ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ყველამ აქტიურად უნდა იმუშაოს – სომხეთშიც და რუსეთშიც“, – დასძინა ბალასანიანმა.

ლინა მაკარიან