19 წლის გოგონა – ელენე ეფრემიძე კლუბური ნარკოტიკის მორიგი მსხვერპლია. გოგონა, რომელიც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, ჩართული იყო სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობაში და მოდელის პროფესიას ეუფლებოდა, ერთ საღამოს, „კლუბური ნარკოტიკით“ გარდაიცავალა. ოფიციალური დიაგნოზი – გულის უკმარისობა.

გარდაცვლილს წესი დეკანოზმა შალვა კეკელიამ აუგო, რომელიც ამბობს, რომ გოგონა ღამის კლუბ “ბასიანში” გარდაიცვალა, სადაც მიიღო ე.წ. კლუბური ნარკოტიკი. სასულიერო პირი ამ კლუბს უწოდებს „საშინელ, ჯოჯოხეთურ ადგილს, სადაც ახალგაზრდებს ნარკოტიკებით კლავენ“.

შალვა კეკელია თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარია. ის 9 თებერვალს “ბასიანთან” მრევლთან ერთად მივიდა და პარაკლისი გადაიხადა. შეკრებილებს თან ჰქონდათ ხატები. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შალვა კეკელია

თავის ქადაგებაში მამა შალვა კეკელიამ გააკრიტიკა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა და ამ საკითხზე დისკუსიის გახსნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისივე თქმით, ქვეყნის ნარკოპოლიტიკა ძალიან გამარტივებულია. 5 წლის წინ, ბათუმში გააპროტესტეს მთავრობის ასეთი პოლიტიკა, მაგრამ არაფერი შეიცვალა, სულ უფრო მეტი ახალგაზრდა იღუპება ნარკოტიკებითა და აზარტული თამაშების გამო.

როგორც მამა შალვამ ქადაგებაში აღნიშნა, კლუბი “ბასიანი” პრობლემის ჯაჭვის ერთი რგოლი. ამ პრობლემაზე არავინ საუბრობს, განსაკუთრებით კი, პოლიტიკოსები, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან. სასულიერო პირის აზრით, სხვა შემთხვევაში, 19 წლის გოგონას დაღუპვის ფაქტს ოპოზიცია აუცილებლად გამოიყენებდა ხელისუფლების წინააღმდეგ.

მისივე თქმით, საქართველოში 90-იან წლებში არ იყო გავრცელებული იმდენი სახეობის ნარკოტიკი, რაც დღეს გვაქვს სახეზე.

“როცა საქმე ნარკოტიკებს ეხება, ოპოზიციური პარტიები ჩუმად არიან. ეს ეჭვს აჩენს, რომ პოლიტიკოსებს ნარკობიზნესში წილი აქვთ. ამ პრობლემაზე არც ტელევიზიები იღებენ ხმას. ამ კლუბებს დიდი დაფინანსება აქვთ, ნარკოტიკებში დიდი ფულია. ასეთივე პრობლემაა აზარტული თამაშები. უამრავ ახალგაზრდას ენგრევა ცხოვრება და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ. აზარტულ თამაშებზე არავინ საუბრობს, იმიტომ, რომ ტელევიზიები ამ ბიზნესის რეკლამირებით ფინანსდებიან”, – განაცხადა დეკანოზმა.

როგორც მამა შალვა კეკელია ამბობს, ის პირადად იცნობს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც “ბასიანის” ხშირი კლიენტები არიან, ან იყვნენ. ასევე ფლობს ინფორმაციას, ამ კლუბში გავრცელებული ნარკოტიკით დაზარალებულებზე.

“მრევლში მყავს ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც ამ კლუბში დადიოდნენ და დღეს აღარ დადიან. მეც ვიცით და ყველამ ვიცით რაც ხდება ასეთ კლუბებში. ბევრი ადამიანი განადგურდა ფსიქოლოგიურად. გუშინწინ, ჩემთან მოვიდა გოგონა, რომლის ძმაც რუსთავის საგიჟეთში წევს. „კლუბური ნარკოტიკი“ მიიღო და ახლა ფსიქიკური აშლილობა აქვს. ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევაა. მე ამას ყოველდღე ვეხები”, – განუცხადა “ბასიანთან” მყოფ ჟურნალისტებს მამაომ.

ღამის კლუბებში არსებულ მდგომარეობასა და კლუბური ნარკოტიკების მომაკვდინებელ გავლენაზე ისაუბრა დიჯეი, გიგა პაპასკირმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში. დაახლოებით 15 წელია, იგი დიჯეია და სხვადასხვა კლუბებში უკრავს. ბიო-ნარკოტიკი მეგობრების რჩევით გასინჯა და, როგორც თავად ჰყვება, ერთი წლის განმავლობაში მდგომარეობიდან ვერ გამოდიოდა. დაეწყო ფსიქიკური პრობლემები, მძიმე შედეგებთან გამკლავება მოუხდა.

“დაახლოებით 10 წლის წინ მოვხვდი საზოგადოებაში, სადაც ე.წ. ბიო-ნარკოტიკი გამასინჯეს. ძალიან ცუდად გავხდი, მთელი ერთი წლის განმავლობაში გაუსაძლის მდგომარეობაში ვიყავი, დამეწყო დეპრესია, შიშები. ერთხელ გავსინჯე, მანამდე არასდროს არაფერი მქონდა გასინჯული. ისე მოხდა, რომ ცოტა ნასვამიც ვიყავი და სამეგობრომ, – ბევრად მეტად გაგეხსნება გონება, ბევრად კარგია ამ მდგომარეობაში მუსიკის დაკვრაო – და მეც გავსინჯე”, – ამბობს გიგა პაპასკირი.

მისივე თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირადად უყურებს რაც ხდება კლუბებში და კლუბებს გარეთ. თუ რა მდგომარეობაში არიან ახალგაზრდები. პარასკევი, შაბათი და კვირა კვირის ის დღეებია, როდესაც ღამის კლუბებიდან საავადმყოფოებში განსაკუთრებით ბევრი ახალგაზრდა შეჰყავთ.

“ძალიან ბევრი მეგობარი დამეღუპა ამის გამო. ახალგაზრდობა უნდა მიხვდეს, რომ არ მიიღონ ნარკოტიკი“, – ამბობს გიგა პაპასკირი.

შოკისმომგვრელი იყო კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი მფლობელის – ნაჯა ორაშვილის სიტყვები, როდესაც მან ტელეეთერით განაცხადა, რომ პრობლემას წარმოადგენს არა კლუბებში ნარკოტიკის მოხმარება, არამედ იაფიანი ნარკოტიკი. მისივე თქმით, “ბასიანი” არის პოლიტიკური შინაარსის მქონე კლუბი, რომელსაც შეუძლია ისეთი ცვლილების მოტანა ქვეყანაში, როგორიც არის სექსუალურ უმცირესობათა უფლებები და ნარკოპოლიტიკის ცვლილება. ორაშვილის თქმით, “ბასიანი”ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ყველა იმ ცვლილებისა, რაც ქვეყანაში ამ მიმართულებით განხორციელებულა.

„ისეთი ნარკოპოლიტიკა გვაქვს, რომ ძალიან რთულია ადამიანებს უთხრა, ბიო ნარკოტიკი არ მოიხმაროს. ადამიანებს არ აქვთ სხვა გამოსავალი და მოიხმარენ იაფიანს. ჩვეულებრივი საკლუბო ნარკოტიკული საშუალებები 150 და 200 დოლარი ღირს, რასაც ადამიანები, რა თქმა უნდა, ვერ ყიდულობენ. არის იაფი, კუსტარული ნარკოტიკი, რომლებიც ახალ-ახალი ნივთიერებების შემცველია და ადამიანებმა არ იციან მათი მოხმარება. ძალიან არაჰუმანური უნდა ვიყო, რომ ადამიანს ვუთხრა, არ მოიხმარო ბიო ნარკოტიკი, იმიტომ, რომ კლავს“, – განაცხადა “ბასიანის” ერთ-ერთმა მფლობელმა.

რამაზ საყვარელიძე

ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე Dalma News-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პრობლემისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას. ცუდის რომანტიზება, დანაშაულის მიმართ ტოლერანტობა, სამწუხაროდ, ქართულ კულტურაში ჩაჯდა. ამაზე პოლიტიკურმა ფაქტორებმაც იქონია გავლენა. საუკუნეების განმავლობაში მორღვეული იყო ქართული სახელმწიფოებრიობა, შესაბამისად, საზოგადოებრივი ღირებულებებიც მოირღვა.

“თავის დროზე, ქართველებში მიუღებელი იყო დათრობა. საზოგადოება, ამის გამო, ადამიანს არცხვენდა, ანუ საზოგადოება აქტიური იყო. თანდათან ეს მოთხოვნები მოირღვა. დღეს, მაღალი წრის ადამიანებს აქვთ ნარკოტიკის მოხმარების ტენდენცია, ეს კი, საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ ნაკლად არ აღიქმება. საზოგადოება არის ამ ბრძოლის საკმაოდ ქმედითი ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გააგდებინონ ხელიდან ნარკოტიკი, მაგრამ ამისთვის საზოგადოებრივი აზრის მობილიზება და ბრძოლაა საჭირო. დღეს დინებაზეა მიშვებული ყველაფერი”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე თქმით, მართალია, ნარკომანიას აქვს ფსიქოლოგიური მიზეზები, მაგრამ დღეს გვაქვს ასეთი სურათი – არ არსებობს სოციალური კლასიფიკაცია, ან მხოლოდ მდიდრები, ან მარტო ღარიბები. კლასიფიკაცია არ ხდება არც პროფესიებისა და თანამდებობების მიხედვით. ნარკომანია გავრცელებულია მაღალი თანამდებობის მქონე პირებშიც, თანაც მძიმე სახით. სასწავლო დაწესებულებაშიც, იქ, სადაც სიგარეტის მოწევაც კი აკრძალულია, ნარკოტიკი პერსონალში ვრცელდება. ერთი სიტყვით, პრობლემას უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

როგორც რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, ნარკობარიგებმა უფრო ადრე აუღეს ალღო, იმას, რომ საქართველო კარგი სატრანზიტო ქვეყანაა, ვიდრე წესიერმა ბიზნესმენებმა. ამას ხელი შეუწყო რეგიონში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა ვითარებამაც.

“ბოლო დროს, ძალიან მძიმე ნარკოტიკებიც შემოდის, ასე ვთქვათ, ჭუჭყიანი ნარკოტიკები, რომლებიც საშინელ შედეგებს იძლევა. მაინც მიმაჩნია, რომ მიზეზების დადგენის გარეშე, ამ პრობლემას არ მოევლება. რა აქვს საერთო ახალგაზრდას, რომელიც ნარკოტიკს მოიხმარს და ასაკოვან ადამიანს, რომელიც თითქოს ყველაფრით მოწესრიგებულია და საზოგადოებაში მიღებულია, მაგრამ ნარკომომხმარებელია? საპოვნელია, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი და უფრო ღრმა. ეს თუ არ მოიძებნა, მეეჭვება, რომ გამოსავალი მოინახოს”, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

დღეს საქართველოში სახეზე გვაქვს კლუბური ნარკოტიკების პოპულარიზაცია. ნარკოტიკი გართობის აუცილებელ ატრიბუტად, გართობის სინონიმადაც კი იქცა. ისმის კითხვა, როგორ უნდა შევუშალოთ ხელი მახინჯ პროპაგანდას? იქნებ პრობლემა მაინც იმაშია, რომ ჩვენი ახალგაზრდები სულიერ საზრდოს არიან მოკლებულნი? რამაზ საყვარელიძის მოსაზრებით, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ პრობლემა არა მხოლოდ ახალგაზრდებში, არამედ მშობლებშია.

ფსიქოლოგის აზრით, ეკლესიის როლი ამ პრობლემის მოგვარებაში უდიდესია. ბევრს უშველა ეკლესიამ, იმით, რომ ეკლესიურ ცხოვრებაში წაიყვანეს ნარკომანი, მოსწყდა ურბანულ გარემოს, გაივსო იმ ღირებულებებით, რითაც ეკლესია ადამიანს ავსებს, ამან შემოატრიალა და უარი ათქმევინა ნარკომანიაზე, რაც მთავარია ნარკომანები ენდობიან ეკლესიას.

“ადვილი არ არის ნარკოტიკზე უარის თქმა, მარტო ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო არა, აქ ბიოლოგიური ფაქტორიც არის. რასაც ვერ ახერხებს საზოგადოება – ღირებულებების შეტანას ადამიანში, რომელიც ნარკოტიკის საპირწონე იქნება, რაც ვერ მოახერხა მშობელმა, გააკეთა ეკლესიამ”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე თქმით, ნარკოტიკი დღეს, ადამიანთა შორის ურთიერთობის ფორმად იქცა, „ბასიანის“ და მსგავსი ტიპის კლუბებში ახალგაზრდები ურთიერთობისთვის იკრიბებიან, ამ ურთიერთობის ნორმად კი, იქ ნარკოტიკის მოხმარებაა მიღებული.

შორენა პაპაშვილი