აზერბაიჯანში დიდი წარმატებით ჩატარდა  საბავშვო წიგნების მეორე ფესტივალი, რომელშიც ცნობილი აზერბაიჯანელი ავტორები მონაწილეობდნენ. პროექტი განახორციელა საზ.გაერთიანებამ  “აზერბაიჯანული საგამომცემლო ასოციაცია”, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროებისა და აზერბაიჯანის ოჯახის, ქალთა და ბავშვთა სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერით.

ღონისძიების მთავარი მიზანი, კითხვისადმი დაინტერესების გაზრდის გარდა, აზერბაიჯანული ლიტერატურის პოპულარიზაცია და ადგილობრივ გამომცემლობებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა იყო. ფესტივალი მოიცავდა: წიგნების ფასდაკლებით გაყიდვას, მასტერკლასებს,  ცნობილი ადამიანების მონაწილეობით „ზღაპრების საათებს“, ავტოგრაფიულ  სესიებს და  გასართობ წარმოდგენებს.

როგორია დღეს აზერბაიჯანული საბავშვო ლიტერატურა? რაზე წერენ საბავშვო მწერლები აზერბაიჯანში? ამ და სხვა საკითხებზე  ფესტივალის მონაწილეებმა Dalma News-ის კორესპოდენტთან ისაუბრეს.

საჭიროა ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნა

გამომცემლობა “ევერესტის” მთავარმა რედაქტორმა, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის “მემკვიდრეობა” ხელმძღვანელმა, ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა საბავშვო მწერალმა აზერბაიჯანში, პროფესორმა სოლმაზ ამანოვმა განაცხადა, რომ ამ ღონისძიებაში მეორედ მონაწილეობს და რომ ყოველ ჯერზე ცდილობს ახალი ზღაპრებითა და ისტორიებით ახალგაზრდა მკითხველის გაოცებას.

მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი ნამუშევრები “ილმის თავგადასავალი”, “ქალაქ შუშას ჯადოსნური გასაღებები”, “მამაცი დათვის ბელი და მისი მეგობრები”, “ნარმისი და ტაჯშირი”. მწერალი თავისი ნაწარმოებებით ცდილობს ბავშვებს აზერბაიჯანისა და უცხო ქვეყნების ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა გააცნოს.

„მსოფლიოში ძალიან ცოტაა საბავშვო მწერალი. ბავშვები ძირითადად კითხულობენ ისეთ აზერბაიჯანულ ზღაპრებს, როგორიცაა “Tyk-tyk-Khanum” და “Jirtdan”. დიდი სურვილი მაქვს, აზერბაიჯანულმა საბავშვო ლიტერატურამ კიდევ ერთი აყვავება შეძლოს. ჩვენ არ გვყავს ბევრი თანამედროვე მწერალი, რომელიც ბავშვებისთვის დაწერს. ავტორებიდან შემიძლია დავასახელო ზაჰიდ ხალილი, სევინჯ ნურუ გიზი.

საბავშვო ავტორმა უნდა იცოდეს ბავშვის ფსიქოლოგია. ბავშვებს ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ კითხვის სიყვარული. მათ უფრო  მეტი ზღაპარი უნდა  წაიკითხონ. ბავშვები ახლა ცოტას კითხულობენ, რადგან ინტერნეტში ძირითადად სხვადასხვა მულტფილმებს უყურებენ. ამიტომ შევქმენი არაჩვეულებრივი აპლიკაცია „ილმის თავგადასავლები“, რომლის მეშვეობითაც ბავშვი ასო-ბგერებს სწავლობს. თითოეულ ასო-ბგერას  თავისი მნიშვნელობა აქვს, ეხმარება ზღაპრულ მეგობრებს დაბრკოლებების გადალახვაში, ახალგაზრდა მკითხველი ეცნობა თავისი ქვეყნის ისტორიას, ტრადიციებს, ეცნობა უამრავ საინტერესო ინფორმაციას“, – ამბობს სალმაზ ამანოვა.

მისივე თქმით, საბავშვო მწერალი სულით ბავშვი უნდა იყოს და ჯადოსნობის  სჯეროდეს. სოლმაზ ამანოვას მიაჩნია, რომ უნდა დაიწეროს ნაწარმოებები, რომლებიც აძლიერებს ბავშვების ზნეობას და ასწავლის მათ სიკეთესა და წესიერებას.

მეტი ილუსტრაცია, ნაკლები ტექსტი

აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი ბაჰრამ ბაგირზადე საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორია. მან სხვადასხვა თემატიკის 114-ზე მეტი წიგნი გამოსცა.

„მახარებს ის, რომ აზერბაიჯანში 20-მდე გამომცემლობა არსებობს, რომლებიც მხოლოდ საბავშვო წიგნებზე მუშაობენ. ამ ყველაფერთან ერთად, ფესტივალზე წარმოდგენილი ლიტერატურის თითქმის 80% აზერბაიჯანულ ენაზე იყო. ჩვენი სახელმწიფო ყველა პირობას უქმნის მწერლებს , რათა დაბეჭდოს წიგნი  და წარუდგინოს ფართო აუდიტორიას“, – განაცხადა ბაჰრამ ბაგირზადემ.

ამჟამად მწერალი კიდევ 150 საბავშვო წიგნზე  მუშაობს, რომელიც სხვადასხვა პროფესიას მიეძღვნება. მისი აზრით, აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ იციან მომავალში რითი დაკავდნენ.

„ბევრისთვის მნიშვნელოვანია სადმე მოეწყოს. ეს არასწორია, ამიტომ ჩემს წიგნებში ბავშვებს სხვადასხვა სპეციალობის შესახებ მოვუყვები, რათა მათ იცოდნენ რომელი პროფესია უნდა აირჩიონ. ნაწარმოებები სამ ენაზე – აზერბაიჯანულად, რუსულად და ინგლისურად გამოქვეყნდება“, – განაცხადა ბაგირზადემ.

მისივე აზრით, ნებისმიერმა საბავშვო მწერალმა ჯერ ბავშვის ფსიქოლოგია  უნდა შეისწავლოს და  შემდეგ  დაიწყოს  წიგნის წერა. იგი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა მკითხველს უფრო ნათელი, ფერადი ილუსტრაციები იზიდავს, ვიდრე დიდი ტექსტები.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ახალგაზრდა თაობა ინტერნეტის დამოკიდებულებისა და სოციალური ქსელებისადმი გადაჭარბებული მიჯაჭვულობისგან. ვფიქრობ, საბავშვო წიგნის ფესტივალები აზერბაიჯანში ხშირად უნდა იმართებოდეს, რათა მკითხველმა უკეთ გაიცნოს ავტორები და მათი შემოქმედება. ეს  საბავშვო მწერლებს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს “, – განაცხადა ბაჰრამ ბაგირზადემ.

კამილა სეიდოვა