საქართველო 6 თვის განმავლობაში რუსეთიდან ბენზინს ვეღარ მიიღებს, თუმცა ეს არ ეხება ქვეყნის კონფლიქტურ რეგიონებს – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, მათთან ერთად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს (ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა), მონღოლეთსა და უზბეკეთს. აღსანიშნავია, რომ იმპორტირებული ბენზინისა და დიზელის 60%-ზე მეტი საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან შემოდის.

როგორც საინფორმაციო სააგენტო TASS-ი რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, აკრძალვა ძალაში მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შევა. იმავდროულად, ნოვაკის წარმომადგენლის განმარტებით, შიდა ბაზარზე წარმოების მოცულობებისა და დიზელის საწვავის მოხმარების თანაფარდობა შესაძლებელს ხდის ბირჟაზე ვაჭრობის დროს გაყიდვების მინიმალური მოცულობის გაზრდას წარმოების მოცულობის 16%-მდე ამჟამინდელი 12,5%-ის ნაცვლად. გამოცემის ინფორმაციით, 21 თებერვლით დათარიღებულ წერილში ნოვაკმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ზომების მიღება ნავთობპროდუქტების შიდა ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის, ამას ამტკიცებს საწვავის ბაზარზე ფასების მონიტორინგის მონაცემებით. AI-92 და AI-95 ბენზინისა და საზაფხულო დიზელის საწვავის გაცვლითი ფასები 2024 წლის დასაწყისიდან 8–23%-ით გაიზარდა, ხოლო საბითუმო სეგმენტში ბენზინის ფასების ზრდის ტემპი უფრო დაბალი იყო – 1,6–6%, დიზელი კი გაიაფდა.

2023 წლის 12 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა საქართველოში 614,3 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 594,6 ათასი ტონა. ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 736,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 60,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 180,6 ათასი ტონა – 14,9%; ბულგარეთი – 107,2 ათასი ტონა – 8,9%; აზერბაიჯანი – 84,2 ათასი ტონა – 7%; თურქმენეთი – 29,3 ათასი ტონა – 2,4%; ბელარუსი – 24,9 ათასი ტონა – 2,0%; საბერძნეთი – 23,5 ათასი ტონა – 1,9%; თურქეთი – 17 ათასი ტონა – 1,4%; არაბთა გაერთიანებული საამიროები – 2,2 ათასი ტონა – 0,2%; ვირჯინიის კ-ბი – 2,2 ათასი ტონა – 0,2%; შვეიცარია – 1,3 ათასი ტონა – 0,1% და სხვ.

ნიკა შენგელია

ეკონომიკის სფეროში ექსპერტის ნიკა შენგელიას ინფორმაციით, მედიაგამოცემა „როსბიზნესკონსალტინგი“ ჯერ კიდევ იანვარში იტყობინებოდა, რომ მარტიდან, 6 თვით დაიწყებოდა აკრძალვა რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე. ამაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, ერთ-ერთი მიზეზი კი არის ის, რომ უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა 2-მა ქარხანამ – ტუაფსეს ქარხანამ, რომელშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარებს და ნიჟნი ნოვგოროდის ქარხანამ დროებით შეაჩერეს მუშაობა.

იყო თუ არა შესაძლებელი, საქართველოს თავიდან აერიდებინა რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა?

ნიკა შენგელიას აზრით, ასეთი შესაძლებლობა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში იარსებებდა ნავთობპროდუქტების სახელმწიფო სააგენტო ან დეპარტამენტი, რომელსაც რუსეთის ფედერაციის რომელი სახელმწიფო სტრუქტურასთან გაფორმებული ექნებოდა ხელშეკრულება. შენგელიას აზრით, საჭიროა საქართველოში არსებობდეს ნავთობპროდუქტების სახელმწიფო სააგენტო, რომლებიც შეისწავლის და გააკონტროლებს საქართველოში ფასწარმოქმნის ლაბირინთებს, ასევე, შეისწავლის რუსულ კომპანიებს. .

„სიმართლეს არ შეესაბამება ის განცხადებები, თითქოს, ეს წინასწარ არ იყო ცნობილი საქართველოში ბიზნესოპერატორებისთვის. რუსეთის მიდგომას რაც შეეხება, ის ყველას აწვდის ბენზინს, ვისთანაც სახელმწიფო დონის ხელშეკრულება აქვს. ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ საქართველოში საჭიროა შეიქმნას ნავთობპროდუქტების სახელმწიფო სააგენტო ან დეპარტამენტი, რომლებიც შეისწავლიან და გააკონტროლებენ საქართველოში ფასწარმოქმნის ლაბირინთებს, თუ რატომ არის მაღალი ფასები ბენზინსა და დიზელზე. ასევე, შეისწავლიდა რუსულ კომპანიებს, იმიტომ, რომ ნავთობმწარმოებელ ბევრ კომპანიას რუსეთში სახელმწიფოს მხრიდან აქვს გარკვეული საგადასახადო შეღავათები”, – აცხადებს ნიკა შენგელია.

მისი თქმით,არა მარტო ცხინვალსა და სოხუმს აწვდის რუსეთი ბენზინს, ასევე, აწვდის ბელორუსიას, ყაზახეთს, სომხეთს, ანუ იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც მასთან გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება.

Dalma News-ის კითხვაზე, – გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთი და ბელარუსი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებია, გასაკვირი არ იქნება, რომ ამ თვალსაზრისით ისინი საქართველოზე პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ? – ნიკა შენგელიამ განმარტა, რომ ორივე ამ ქვეყანას ორგანიზაციის გარეთ აქვთ გაფორმებული რუსეთთან სახელმწიფო ხელშეკრულებები.

ისმის, მეორე კითხვა, – რატომ არ აფორმებს საქართველო მსგავს ხელშეკრულებას მოსკოვთან, მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებების გამო?

„არ გვაქვს ჩვენ შესაბამისი სტრუქტურა, ან არ აინტერესებთ და ეს თემა უგულებელყოფილია მთავრობისგან. შეეძლო ეკონომიკის სამინისტროს გაეფორმებინა შესაბამისი ხელშეკრულება“, – აცხადებს ნიკა შენგელია.

ექსპერტის აზრით, ამ 6 თვის განმავლობაში, სანამ რუსეთიდან ბენზინის ექსპორტის არ აღდგება, საქართველოში უნდა ველოდოთ ფასების ზრდას, რომელიც ისედაც კატასტროფულად მაღალია, საქართველოს მოსახლეობა კი, ისევ აზერბაიჯანული კომპანია „სოკარის“ ხელში დარჩება.

„კარგად ვიცით, „სოკარი“ როგორ დომინირებულ მდგომარეობაშია საქართველოში. ეს კომპანია არის საქართველოში ნავთობიმპორტიორების გაერთიანების ერთ-ერთი მეთაურთაგანი, რომელიც დირიჟორობს ფასებს. საზღვარზე არანაირი დეფიციტი არ შეიქმნება. წარმოიდგინეთ, ზღვით შემოდის ბენზინი, რაც 1 ტონა 70 აშშ დოლარით უფრო ძვირია, ვიდრე რკინიგზით შემოტანილი“, – ამბობს ნიკა შენგელია.

მისივე თქმით, საქართველოში ბენზინის მოხმარება შემცირებულია და 4-ჯერ არის გაზრდილი საავტომობილო გაზის მოხმარება. აქ კი ვხედავთ ხელოვნურ შეფერხებებს საზღვრებზე, გამოდავებები მძღოლების მიმართ, რომ გადაზიდვის წესებია დარღვეულია და სხვა.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოებს, აქ საჭიროა დიზელის საწვავი, თუმცა შენგელიას თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს არც შარშან და, არც შარშანწინ ყური არ შეუბერტყავს, რომ შედარებით დაბალი ხარისხის დიზელის საწვავი შემოვიდეს ქვეყანაში იაფად. გაფორმდეს ხელშეკრულება, თუნდაც იმავე „სოკართან“ და ხელი შეუწყონ სოფლის მეურნეობის განვითარებას ამ კუთხით, რათა იაფიანი დიზელი მიეწოდოს სოფლებს.

ცნობისათვის, რუსეთმა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა 2023 წლის სექტმებრებშიც დააწესა, მაშინ ეს ნავთობის ექსპორტის შიდა ბაზარზე დეფიციტის დაფარვის საჭიროებით ახსნეს. აკრძალვა არ შეხებია პოსტსაბჭოთა სივრცის მხოლოდ 4-ქვეყანას: ბელორუსიას, ყაზახეთს, სომხეთსა და ყირგიზეთს, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები არიან.

შ. ქარჩავა