საქართველოს დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხის განათების ტრადიციულ საზეიმო ღონისძიებას წლეულს ევროკომისიის პოლიტიკური გადაწყვეტილება დაერთო. 14 დეკემბრის ღამით საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკომისიის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი – საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.

რუსთაველის გამზირზე თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება 15 დეკემბრისთვის იყო დაანონსებული. როგორც მოსალოდნელი იყო, წინასაახალწლო ღონისძიება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება თემატურად გაერთიანდა.

თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ 2018 წლიდან წინასაახალწლო სლოგანის ტრადიცია დანერგა. ყოველ წელს, იგი თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს სხვადასხვა თემას სთავაზობს მთელი წლის სლოგანის სახით. ასე მაგალითად: 2018 წელს თბილისი იყო“სიცოცხლით სავსე ქალაქი“; 2019 წელს – „სიყვარულით სავსე ქალაქი“; 2020 წელს – „ისტორიით სავსე ქალაქი“; 2021 წელს – „სოლიდარობით სავსე ქალაქი“; 2022 წლის სლოგანში ცვლილება შევიდა და მოწოდების სახე მიიღო – „გვიყვარდეს ერთმანეთი“; 2023 წელს თბილისი მშვიდობის ქალაქად გამოცხადდა და ასე მივიდა თბილისი ევროპამდე. 2024 წლის ლოზუნგია „თბილისი – ევროპული ქალაქი“.

ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე წარმოდგენილი დეკორაციის ცენტრში ევროკავშირის დროშის მსგავსად, წრიულად განთავსებულ 11 ვარსკვლავს თეატრალიზებული წარმოდგენით მეთორმეტე ვარსკვლავი დაამატეს. მანამდე კი, ეს მეთორმეტე ვარსკვლავი მაყურებელს წამყვანებმა შობის ვარსკვლავად გააცნეს, რასაც ბავშვების მონაწილეობით თეატრალიზებული წარმოდგენა მიეძღვნა. ანგელოზის კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები ცეკვავდნენ საშობაო სიმღერაზე – “იესო დაბადებულა ალილო” და ამ სიმღერის ფონზე ნაძვის ხეზე წრიულად განლაგებულ 11 ვარსკვლავს შორის მეთორმეტე ვარსკვლავიც დაკიდეს.

„სხვადასხვა დროს, არაერთი მტრის შემოსევას გაუძლო ჩვენმა ქვეყანამ. ბევრს უნდოდა რომ შობის ვარსკვლავი ჩაექროთ ჩვენს გულში, მაგრამ ვერავინ შეძლო, რადგან დიდი თუ პატარა თავდაუზოგავად იცავდა ამ სიწმინდეს. ვარსკვლავიდან, რომელიც დიდმა მეფემ დააბრძანა ბორცვზე, დაიწყო ყველაფერი. ბორცვის გარშემო მოედანი გაკეთდა და ეს მოედანი ქალაქელების შეკრების ადგილად იქცა. საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ევროპაში დაიწყო. პირველი მორთული ნაძვის ხე 1605 წელს საფრანგეთში გამოჩნდა. ეს იდეა სწრაფად აიტაცეს გერმანელებმა, შემდეგ კი მთელმა ევროპამ. და აი, დადგა ნანატრი დრო, ჩვენი სამშობლო ოდითგან არის და იქნება ევროპის ნაწილი, გილოცავთ“, – განაცხადეს წამყვანებმა.

ნაძვის ხე ტრადიციულად თბილისის მერმა კახი კალაძემ აანთო, მანამდე კი, სიტყვით მიმართა რუსთველის გამზირზე საახალწლო ღონისძიებაზე მისულ მაყურებელს. მიესალმა ქვეყნის რეგიონებიდან ჩამოსულ თბილისის სტუმრებს, ასევე სტუმრებს უცხოეთიდან და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფ ემიგრანტებს.

“ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან შინ, უკვე ევროპაში”, – განაცხადა კალაძემ ემიგრანტების მისამართით.

ნაძვის ხის ანთებამდე კალაძემ სცენაზე მიიწვია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რის შემდეგაც, საახალწლო ნაძვის ხის ღონისძიება პოლიტიკურმა განცხადებებმა ჩაანაცვლა.

კახა კალაძემ ისაუბრა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საქართველოს მიერ გაწეულ შრომაზე. რის შემდეგაც სიტყვა თანაპარტიელებს გადასცა. საახალწლო მილოცვები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით იწყებოდა და მთავრდებოდა. ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს (მთავრობასთან დაპირისპირებული) ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი (“ქართული ოცნება” პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს).

ამის შემდეგ აინთო მთავარი ნაძვის ხე, საახალწლო ილუმინაციებით განათდა რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი.

საახალწლო ზეიმის პოლიტიკური ჟღერადობა მიუღებელი აღმოჩნდა მოქალაქეთა ერთი ნაწილისთვის.

„ხალხი ნაძვის ხის ანთების სანახავად მივიდა და ევროკავშირის დროშა დაუხატეს ნაძვის ხეზე. სახალხო ზეიმი პოლიტიკურად აქციეს“, – აცხადებდნენ ისინი.

მეორე ნაწილის აზრით კი, „ქართული ოცნების“ მთავრობის სწორმა სტრატეგიულმა ნაბიჯებმა გამარჯვება მოუტანა ქართველ ხალხს და ეს საზეიმოდ აღნიშვნას იმსახურებს.

„წინ კიდევ უამრავი გამარჯვებაა, ერთად გამარჯვებისკენ“;
„მადლობა ჩვენს მერს – კახი კალაძეს ასეთი სილამაზისთვის. მართლაც, ზღაპრული ქალაქი გვაქვს, თავი ზღაპარში მგონია, ისეთი სილამაზეა“, – აცხადებდნენ მოქალაქეები.

თბილისის მერიამ 2024 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან 6,5 მლნ ლარი დახარჯა. დამატებით 720 ათასი ლარი ახალი ნაძვის ხის დადგმას დასჭირდა. შესყიდვები კვლავ ტენდერის გარეშე განხორციელდა. დედაქალაქის მერია ყოველწლიურად დაახლოებით ერთსა და იმავე მიზეზს უთითებს იმის ასახსნელად, თუ რატომ სჭირდება მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვა. მათი განმარტებით, პრობლემა დროის დეფიციტშია.

“ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს. ამასთან, ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად, იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც თავის მხრივ, დროში შეზღუდვას იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა”, – აცხადებენ მერიაში.

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით იმართება. 16 დეკემბერს ტრადიციული „საახალწლო სოფელიც“ გაიხსნა პრეზიდენტის სასახლის წინ, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე (გიორგი ათონელის ქუჩა, იტალიის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა, ფხოვის ქუჩა, ხაზინის ქუჩა). “მშრალ ხიდზე” და “დედაენის ბაღში” კი, “საახალწლო ქალაქი” მოეწყო და საშობაო ბაზარი იმართება.

აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსებულია სხვადასხვა მოცულობითი ინსტალაცია, თემატური მორთულობები, ფოტო ზონა, დეკორირებული ჯიხურები, თოვლის პაპას სახლი, პავილიონი “საახალწლო ქალაქი”.

ასევე არის, კულტურული, სპორტული, საბავშვო, მოსასვენებელი სივრცეები/პავილიონები. საახალწლო ბარი, დეკორირებული ნაძვის ხეები. საახალწლო ილუმინაციებით მორთულია აღნიშნულ ლოკაციებთან არსებული ხიდები, ქუჩები და ფასადები. ტრადიციულად ღია ცის ქვეშ მოეწყო საციგურაო ყინულის მოედანი.

შორენა პაპაშვილი