ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენციით დაიწყო საქართველოსთვის 2024 წელი.  პირველივე თვეს საქართველოდან მსოფლიოს 36 ქვეყანაში 6.5 მლნ ლიტრი ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22%-იანი ზრდაა.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 18.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ზრდა 15%-ია.  ექსპორტირებულია 2.4 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები – ზრდა 24%, ღირებულებით 13 მლნ აშშ დოლარი -ზრდა 2%.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ზრდის ტენდენცია 2023 წელსაც შენარჩუნდა. მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 259 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. კოვიდპანდემიის პერიოდში ღვინის ფასის კლების შემდეგ, 2023 წელს საექსპორტო ფასის ზრდა პირველად დაფიქსირდა. თუ 2022 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.48 აშშ დოლარი იყო, 2023 წელს ფასი 2.89 აშშ დოლარი გახდა.

ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV-ის მონაცემებით, ღვინის გლობალური მოხმარება კლებულობს. ბოლო წლების განმავლობაში (2017-2022) ღვინის მოხმარება შემცირებულია, საშუალოდ, 6% პროცენტით. პრემიუმ ღვინის სეგმენტი (ფასი 10 აშშ დოლარი ან მეტი ბოთლზე) გაიზარდა, ხოლო დაბალფასიანი ღვინის (ფასი 10 აშშ დოლარზე ნაკლები ბოთლზე) მოხმარება საგრძნობლად შემცირდა.

ექსპორტიდან შემოსავლების ზრდა აღსანიშნავია სტრატეგიულ ბაზრებზე: კორეის რესპუბლიკა – 60%, გერმანია – 43%, აშშ – 6%, პოლონეთი – 3%, იაპონია- 1%.

ღვინის ექსპორტზე გავლენა ასევე იქონია მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენამ: უკრაინაში მიმდინარე ომმა და მასთან დაკავშირებულმა სხვადასხვა სახის კრიზისმა, მათ შორის, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ.

გამოცემა “კომერსანტ.ჯი”-ს ინფორმაციით, ქართული ღვინის ექსპორტში კვლავ რუსეთი ლიდერობს. 2023 წელს ქვეყნიდან 89,509 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა, აქედან 62,282 (69%) ტონა რუსეთის ფედერაციაში გავიდა.

ეკონომიკის სფეროში ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ღვინოზე მოქმედებს სამი ძირითადი ფაქტორი: ცნობადობა, ფასი და ხარისხი. რუსულ ბაზარზე ქართულ ღვინოს კარგად იცნობენ. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ქართული ღვინო ერთ-ერთი დომინანტი იყო. თუმცა, ასევე წარმოდგენილი იყო მოლდოვური ღვინო, რომელიც საქართველოზე მეტ ღვინოს აწარმოებს. საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული ქართული ღვინის ცნობადობა პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალიან მაღალია. თანამედროვე ქართული ღვინო ხარისხით მაშინდელზე უკეთესიც არის და მრავალფეროვანი ასორტიმენტითაც არის წარმოდგენილი.

გიორგი ცუცქირიძის აზრით, ფასს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ქართული ღვინო, ასე თუ ისე, საშუალო და დაბალფასიან პროდუქტში გადის. მართალია, ქართული ღვინის ხარისხი დღეს გაცილებით მაღალია, მაგრამ ევროპულ ბაზარზე კონკურენციისათვის ეს საკმარისი არ არის. კონკურენციის გარდა ევროკავშირის სივრცეში მოქმედებს კვოტები, შესაბამისად, ქართველი მეღვინეები სასურველი რაოდენობის ღვინოს იქ ვერ გაიტანენ.

გიორგი ცუცქირიძე

“ევროპული ბაზარი გაჯერებულია ღვინით. ღვინოს ძალიან ბევრი ქვეყანა აწარმოებს: პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი. ევროპაში მაღალია კონკურენცია, კვოტებიც არის დაწესებული, რამდენიც გინდა იმდენს ვერ შეიტან. დაბალფასიანი ღვინო იქ არ არის პრიორიტეტული. რუსულ ბაზარზე კი ფასი ჯერჯერობით მუშაობს. ევროპულ ბაზარზე ყველაზე დიდი პერსპექტივა ქვევრის ღვინოს აქვს. ქვევრის ღვინით შეგვიძლია გარკვეული ნიშა დავიკავოთ. სხვაგვარად, ევროპულ ღვინოს კონკურენციაში ვერ მოვუგებთ. ევროპელი მომხმარებელი უყურებს ფასს, გემოსა და და თავისთავად, ცნობადობასაც”, – განუცხადა Dalma News-ს გიორგი ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, გაცილებით პოპულარული შეიძლება გახდეს ქართული ღვინო აზიის ბაზარზე, სხვა თუ არაფერი, იქ საექსპორტო კვოტები მაღალია. ქართული ღვინით შემოსავლის გაზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებაც, შეგვეძლება გავზარდოთ ღვინის ექსპორტი და მივიღოთ დიდი შემოსავალი.

“არის მცდელობა, ჩვენი ღვინის ჩინეთის ბაზარზე შეტანისა, რაც ერთ-ერთი გლობალური ბაზარია ჩვენი ღვინისთვის. საკმაოდ კარგი რეკლამაც უკეთდება, სხვათა შორის. ქართული ღვინის კომპანიები სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობენ, მათ შორის, ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ კონკურენცია დიდია”, – აცხადებს ექსპერტი.

რაც შეეხება სამხრეთ ამერიკას, გიორგი ცუცქირიძის თქმით, ამერიკის ბევრი ქვეყანა არის ღვინის დიდი მწარმოებელი. აქვთ იაფფასიანი ღვინოც. მაგალითად, ქართული ღვინო კალიფორნიულ ღვინოზე გაცილებით ძვირია. ევროპული ტექნოლოგიით ჩამოსხმულ ქართულ ღვინოს კი პოზიციონირება იქაც გაუჭირდება.

“გვახსოვს, წლების წინ, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოს ემბარგო დაუწესა, მნიშვნელოვნად შეიზღუდა ჩვენი ღვინო რუსულ ბაზარზე, ძალიან ბევრი ღვინის კომპანიის პროდუქცია აკრძალეს კიდეც. იმ პერიოდში ძალიან საინტერესო იყო, სხვა ბაზრებზე როგორ გადანაწილდებოდა ქართული ღვინო. მაშინ ღვინის კომპანიები იძულებულნი გახდნენ მოეძებნათ ალტერნატიული ბაზრები”, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

ღვინის პოპულარიზაციას ასევე, ხელს უწყობს ქართული რესტორნების არსებობა უცხოეთში. დიდი მნიშვნელობა აქვს დიასპორასაც. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთში საქართველოს ყველაზე დიდი დიასპორა ჰყავს, გასაკვირი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ქართული ღვინოს მეტი მომხმარებელი რუსეთში ჰყავდეს.

დავით ცეცხლაძე

როგორც Dalma News-ს რუსეთში საქართველოს დიასპორის ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ განუცხადა, მოსკოვსა და რუსეთის დიდ ქალაქებში ქართულ რესტორნებს თითქმის ფეხის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით.

“ხუმრობითაც ვამბობთ ხოლმე, რომ თბილისში არ არის იმდენი ქართული რესტორანი, რამდენიც მოსკოვშია. 2023 წელს რუსეთში რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინო გაიყიდა, გაყიდვებში პირველ ადგილზე გავიდა. ამას კონკურენტების მხრიდან მოჰყვა გარკვეული მცდელობები, რომ ქართული ღვინისთვის ჩირქი მოეცხოთ. ქართულმა დიასპორამ თავის პარტნიორებთან ერთად, ძალიან დიდი როლი შეასრულა, რომ ქართული ღვინოს შემოტანა დარჩენილიყო იმ პირობებით, რა პირობებითაც აქამდე სარგებლობდა რუსულ ბაზარზე”, – აცხადებს დავით ცუცქირიძე.

მისივე თქმით, ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ის კონკურენციას უწევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილ ღვინოსაც და ადგილობრივ მეწარმეებსაც უკარგავს მოსვენებას. რუსეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციას ხელს უწყობს ტურიზმიც.

ღვინის პოპულარიზაციას განაპირობებს ხარისხი და მწარმოებლის მიმართ ნდობა. როგორც Dalma News-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, რომ ქართული ღვინის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, შესაბამისად, ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლი რეგულარულად ხორციელდება.

სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წელს, სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, 59 კომპანიაში განხორციელდა. აღებულ 286 ნიმუშში, დარღვევა მხოლოდ 49-ში აღმოჩნდა.

ინსპექტირება 66 კომპანიაში განხორციელდა; აღებული 1332 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 51-ში. ამასთან ერთად, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების: SGS-სა და Bureau Veritas-ის მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ინსპექტირება 74 კომპანიის პროდუქციაზე განხორციელდა. აღებული 601 ნიმუშიდან დარღვევა 27-ში აღმოჩნდა. ინსპექტირების პროცესი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.

საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 289 დეგუსტაცია ჩატარდა. 13091 ნიმუშიდან 12 584 ნიმუში დადებითად, 507 კი უარყოფითად შეფასდა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, 2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება – ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ.

შორენა ქარჩავა