ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი “ორერა”, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნისაა. ტრიუმფალური წარმატებით აქვს მოვლილი პლანეტის ხუთივე კონტინენტი და მსოფლიოს 90-მდე ქვეყანა. გამოშვებული აქვს 300 მლნ დისკი. საბჭოთა ეპოქაში დიდ სცენაზე პირველად “ორერამ” შეასრულა The Beatles-ის სიმღერები. ალბათ, ამიტომ უწოდეს მას “აღმოსავლეთის ბითლები”.

შარშან ანსამბლს დაარსებიდან 55 წელი შეუსრულდა, მაგრამ საიუბილეო კონცერტის გამართვა დღემდე ვერ მოხერხდა. თანხების მოძიებას კარდაკარ სიარულით აპირებენ და იმედოვნებენ.

როგორც Dalma News-ს ანსამბლის პროდიუსერმა და წამყვანმა, ლადო ხელაშვილმა განუცხადა, კონცერტის დაფინანსებაზე კულტურის სამინისტროსგან უარი მიიღეს, თბილისის მერიამ კი, 10 000 ლარი გამოყო, რაც დარბაზის არენდისთვისდაც არ კმარა. აპირებენ დახმარება რიგით მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს სთხოვონ. არ კარგავენ იმედს, რომ “ორერა” საიუბილეო კონცერტს ნოემბერში მაინც გამართავს.

“ანსამბლმა, რომელმაც 90-მდე ქვეყანაში გაუთქვა სახელი ქართულ ხელოვნებას, გაწვდილი ხელით უნდა იაროს? ვთხოვთ ქართულ საზოგადოებას დაგვიდგნენ გვერდით, რათა ჩავატაროთ ეს საიუბილეო საღამო. ამით ნაწილობრივ მაინც დავაფასებთ “ორერას” დამსახურებას ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პატივს მივაგებთ ანსამბლის გარდაცვლილ წევრებს, მომავალ თაობას კი, მივცემთ კეთილ მაგალითს და ვაზიარებთ ნამდვილ ხელოვნებას”, – აცხადებს ლადო ხელაშვილი.

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის არენდა 15 000 ლარი ჯდება, ამას ემატება სცენის განათება და გახმოვანება, რაც საერთო ჯამში 27 000 ლარამდე აღწევს. ბიზნესმენებისთვის ჯერ არ მიუმართავთ, თუმცა, მათი მხარდაჭერის იმედი აქვთ. ლადო ხელაშვილის აზრით, დღეს, სახელისუფლებო თანამდებობებზე მყოფ ადამიანებს, ნაკლებად აინტერესებთ ქართული ხელოვნების განვითარება, მოსახლეობას კი ფინანსური საშუალება არ აქვს, რომ ძვირადღირებული ბილეთები შეიძინონ. იაფი ბილეთებით კი კონცერტის ხარჯსაც ვერ დაფარავენ.

oreratitul

“ორერა” ჩვენი ნაციონალური ღირსებაა. მსმენელი, ვისაც “ორერა” ახსოვს, 50 წელს ზემოთ ასაკისანი არიან. ახალგაზრდობისთვის კი, უცხოელი მომღერლები ჩამოჰყავთ, ქართული სიმღერა აღარ უნდათ”, – აცხადებს იგი.

“ორერას” ვარსკვლავი თბილისის გარდა, მოსკოვშიც გახსნეს. მას მეოცე საუკუნის ფენომენალური ანსამბლი უწოდეს. მოსკოვში “ორერას” ვასკვლავის გახსნა ანსამბლის 45 წლის იუბილეს დაემთხვა. ამ დღეს საკონცერტო დარბაზ “რასიაში” გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, რომელიც “ორერამ” გახსნა და მანვე დახურა.

ანსაბლის ხელმძღვანელი და სოლისტი გენო ნადირაშვილი წუხს, რომ ქართულ ესტრადაზე დაიკარგა ქართული მელოდია და ის სარესტორნო სიმღერებმა ჩაანაცვლა.

“კარგია სარესტორნო სიმღერა, მაგრამ ხალხის ამ გემოვნებით აღზრდა არ შეიძლება. ეს დეგრადაციაა, მელოდია აღარ მესმის. არაჩვეულებრივი ახალგაზრდა მომღერლები გვყავს, რომლებსაც წინ აქვთ მთელი ცხოვრება და გადავიდნენ ჯაგი-ჯუგებზე. ჩვენც გვქონდა ჯაგი-ჯუგები, მაგრამ გემოვნებიანი და მელოდიური”, – ამბობს იგი.

როგორც Dalma News-ს გენო ნადირაშვილმა განუცხადა, თავის დროზე, „ორერას“ ქვეყნის ბიუჯეტში წელიწადში 2 -3,5 მლნ აშშ დოლარი შეჰქონდა. ამ შემოსავალით ინახავდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიას, კაპელას, კულტურის სამინისტროსაც კი. ბოლო ხანებში სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრსაც აფინანსებდა. „ორერას“ სხვადასხვა ქვეყნებში რამდენჯერმე იწვევდნენ გასტროლებზე.

orera2წარმატების საიდუმლო…

საბჭოთა კავშირში პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი “ორერა”, ბევრი ცნობილი ქართველი მომღერლის შემოქმედებით ბიოგრაფიაში ჩაიწერა, მათ შორის არიან ნანი ბრეგვაძე და ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე, რომლებმაც “ორერას” გამო, ანსამბლები “რერო” და “დიელო” დატოვეს.

ანსამბლის სახელწოდება ერთ-ერთი ქართული სიმღერიდან არის აღებული. ანსამბლი ოფიციალურად 1961 წელს, უცხო ენათა ინსტიტუტში შექმნა. მის წევრებს სიმღერების რამდენიმე ენაზე შესრულება შეეძლოთ და მსმენელს, უხვად ანებივრებდნენ სხვადასხვა უცხოური ჰიტით. რომელ ქვეყანაშიც ჩავიდოდნენ გასრტოლებზე, ცდილობდნენ იმ ხალხის მშობლიურ ენაზე ერთი სიმღერა მაინც შეესრულებინათ, ამგვარად, ანსამბლის რეპერტუარში თავი მოიყარა რუსულმა, ესპანურმა, ფრანგულმა, ინგლისურმა, გერმანულმა თუ არაბულმა სიმღერებმა.

მსმენელის პატივისცემის ასეთმა პრინციპმა ანსამბლი მთელს მსოფლიოში ამოგზაურა. გასული საუკუნის 60-70 წლებში “ორერას” მსოფლიო ტურნე, რეჟისორმა ზაალ კაკაბაძემ მხატვრულ- დოკუმენტურ ფილმში – “ორერა სრული სვლით” აღწერა.

orera_gal5

“მთელი მსოფლიო გემით შემოვიარეთ. რომელი ქალაქის პორტშიც შევდიოდით კონცერტებს ვმართავდით. ყველგან დიდი სითბოთი გვხვდებოდნენ. ისმენდნენ ჩვენს სიმღერებს და მოსწონდათ. ქართულ პოლიფონიას ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა ეფექტი აქვს, ალბათ, ამანაც განაპირობა “ორერას” წარმატება”, – განაცხადა გენო ნადირაშვილმა.

“ორერა” თავდაპირველად ვოკალური კვარტეტი იყო: – რობერტ ბარძიმაშვილის, თეიმურაზ დავითაიას, ზურაბ იაშვილისა და თამაზ ფანჩვიძეს შემადგენლობით. შემდგომ წლებში “ორერას” ახალი წევრებიც შეემატნენ: ვირტუოზი პიანისტი, ჯაზმენი ვაგიფ მუსტაფა-ზადე, მომღერლები თეიმურაზ მეღვინეთუხუცესი და გენო ნადირაშვილი, მოგვიანებით ნანი ბრეგვაძე და ბუბა კიკაბიძე. ამგვარად კოლექტივი სსრკ-ს მასშტაბით პირველ ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლად ჩამოყალიბდა.

10273407_860187710662856_6445253323662427186_n“ორერაში” ასევე მოღვაწეობდნენ ვალერი ლომსაძე, დათო აბულაძე, სოსო ჟვანია და ვახტანგ კუცია. ანსამბლის ერთ-ერთი ღირსება ისიც იყო, რომ მისი წევრები შესანიშნავად უკრავდნენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე.

ახალი სისხლი…

“ორერამ” რამდენიმე თაობა გამოიცვალა, მაგრამ ამის მიუხედავად უცვლელი დარჩა ანსამბლის მთავარი პრინციპი – გემოვნებიანი მუსიკა და მომღერლის სათანადო ვოკალური მონაცემები. ანსამბლის ზოგიერთი წევრი დღეს ცოცხალი აღარ არის, ისინი უდროოდ დააკლდნენ ქართულ ესტრადას. დღეს ანსამბლს სამი ახალი წევრი ჰყავს: დავით მაღლაკელიძე, გიორგი წიკლაური და ზურაბ მირზიაშვილი. ისინი აბსამბლის ხელმძღვანელმა გენო ნადირაშვილმა და “ორერას” მუსიკალურმა ხელმძღვანელმა გია ძიძიგურმა თავად შეარჩიეს.

„ძველებიდან მე და თეიმურაზ დავითაია დავრჩით. ავიყვანეთ ახალგაზრდა მომღერლები, რომლებიც ჩვენს ტრადიციებზე არიან გაზრდილები. თითქმის ზეპირად იცოდნენ “ორერას” სიმღერები. უკვე 8-10 წელიწადია ჩვენთან არიან”, – ამბობს გენო ნადირაშვილი.

დაახლოებით 2 წლის წინათ, ანსამბლმა დასავლეთ საქართველოში საგასტროლო ტური მოაწყო, სულ 25 კონცერტი გამართეს. მათ სიმღერებს მონატრებული დარბაზი ფეხზე ამდგარი ისმენდა და მათთან ერთად მღეროდა.

“კონცერტის ბილეთის გაყიდვა ჭირს. მოსახლეობას ძალიან უჭირს. მონატრებულია ხალხი, ტირის დარბაზი, მაყურებელი ფეხზე დგას და ისე გვისმენს. უნდა ნახოთ კონცერტის შემდეგ რა ხდება, ამოდიან სცენაზე, მიდის ხვევნა-კოცნა. კარგი იქნება ხელისუფლებამ 1-2 მილიონი ლარი გამოყოს იმისთვის, რომ ქართულმა ჯგუფებმა შემოიარონ საქართველო და აჩვენონ ხალხს თავიანთი შემოქმედება”, – აცხადებს გენო ნადირაშვილი.

მისი აზრით, ძალიან ძნელია საქართველოში მომღერალმა საკუთარი შემოქმედებით და კონცერტებით იცხოვროს. აქ არ არსებობს შოუ ბიზნესი და თუ არსებობს, მხოლოდ უცხოელი შემსრულებელებისთვის, რომელთა ჩამოსაყვანად დიდი თანხები იხარჯება, მაგრამ დარბაზებს მაინც ვერ ავსებენ.

“ორერას” დღემდე იწვევენ უცხოეთში სამუშაოდ, მაგრამ კარიერული წინსვლისთვის სამშობლოდან წასვლას არ გეგმავენ. მიაჩნიათ, რომ “ორერა” ქართული ანსამბლია და დიდი სირცხვილი იქნებოდა სხვა ქვეყანაში გაეგრძელებინათ მოღვაწეობა. არც რესტორნებში, კორპორატიულ საღამოებზე გამოსვლას თანხმდებიან. მათთვის სიმღერა არ არის პურის ფულის შოვნის საშუალება, ეს მათი სულიერებაა. ოქტომბერში ისრაელში გეგმავენ გასტროლებს, თუმცა, მანამდე ქართველი მსმენელის წინაშე სურთ წარსდგნენ მონატრებული ქართული, თუ უცხოური ჰიტებითა და ახალი ხმებით.

პ.ს. სტატიის გამოქვეყნებამდე შეგვატყობინეს, რომ “ორერას” ხელმძღვანელობამ შეძლო საჭირო თანხის შეგროვება. რამდენიმე დღის წინ კი, ანსამბლის საიუბილეო კონცერტი გაიმართა. არადა, საიუბილეო თარიღი, 55 წელი, ლეგენდარულ ანსამბლს ჯერ კიდევ შარშან, 2016 წელს შეუსრულდა, მაგრამ უსახსრობის გამო, მხოლოდ ერთი წლის დაგვიანებით მოხერხდა ამ თარიღის აღნიშვნა.

ავტორი: შორენა პაპაშვილი