ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტთა 5%-ში მოხვდა, ანუ სარეიტინგო სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში 830-ე ადგილზე ავიდა. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტში ორი წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, სარეიტინგო სააგენტოს ბაზაში დაახლოებით 24 000-მდე უნივერსიტეტია თავმოყრილი. მარტში გამოქვეყნებული რეიტინგების თანახმად, თსუ 2006-ე ადგილზე იყო და ლიდერობდა მთლიანად კავკასიის უნივერსიტეტთა შორის. გარკვეული სტრუქტურული რეფორმების გატარების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგმა ამ ბაზაში აიწია.

ვლადიმერ პაპავამ მისი რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტში განხორციელებულ სიახლეებზე, ინოვაციებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ თსუ კვლავ რჩება საქართველოში უნივერსიტეტებს შორის ლიდერთა შორის. ამას აფასებენ აბიტურიენტებიცა და მათი მშობლებიც. რაც იმაში გამოიხატება, რომ ეროვნულ გამოცდებში უნივერსიტეტების შემოხაზვის დროს 39 000 აბიტურიენტიდან 10 000-მა პირველი ადგილი თსუ-ს მიანიჭა.

წელს უნივერსიტეტმა 3 600-მდე სტუდენტი მიიღო, მათგან 80%-ს სახელმწიფო გრანტი აქვს. ვლადიმერ პაპავას ინფორმაციით, უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების კომპეტენციის ზღვარი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა უნივერსიტეტებში და მაღალი ქულის მქონე სტუდენტები ირიცხებიან.

ანგარიშის დროს პაპავამ ასევე ისაუბრა სხვა საერთაშორისო რეიტინგებზეც, რომელიც უნივერსიტეტების სამეცნიერო საქმიანობას აფასებს. ამ რეიტინგის მიხედვითაც უნივერსიტეტი მსოფლიოს 1000 საუკეთესო უნივერსიტეტში ხვდება და 985-ე ადგილზეა.