2021 წელს, ეროვნული დროშის დღე საქართველოში უკვე მეცხრედ აღინიშნა. თეთრ ქსოვილზე გამოსახული ხუთჯვრიანი დროშის ისტორია თითქმის 7 საუკუნეს ითვლის. იგი, როგორც საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო 2004 წელს დამტკიცდა, ხოლო 14 იანვარი ეროვნული დროშის დღედ გამოცხადდა.

წინა წლებისგან განსხვავებით, წლეულს ქვეყნის ხელისუფლებამ, კორონავირუსის მეორე ტალღის გამო, ოფიციალური ღონისძიებების ჩატარებაზე უარი თქვა. თუმცა, სახელმწიფო დროშის აღმართვის ტრადიცია არ დარღვეულა და 12:00 საათიდან თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე მდებარე ისტორიული შენობის, სადაც ამჟამად დედაქალაქის საკრებულო მდებარეობს, აივნებზე, სახელმწიფო დროშები გამოფინეს.

გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სახელმწიფო დროშის თანხლებით საავტომობილო მსვლელობები მოეწყო.

”მოსახლეობას ყოველთვის მოვუწოდებთ, რომ დროშები საკუთარ შენობებზე და მათი სახლის აივნებზე გადმოკიდონ. თითოეული ვალდებულია დროშას ღირსებით და პატივისცემით მოექცეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, მამუკა ღონღაძემ.

ტრადიციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას ეროვნული დროშის დღე ორბელიანის სასახლიდან მიულოცა, სადაც ქვეყნის ეროვნული დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.

“გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!
მინდა ეს დღე მივულოცო ახალგაზრდებს, ბავშვებს, ყველას, ვინც უკვე 30 წელია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის ქვეშ ცხოვრობს; ვისაც არ ახსოვს ის დრო, როცა ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნის დროშა ფრიალებდა – ეს უდიდესი ბედნიერებაა! საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოა!

ეს დღე მინდა მივულოცო ჩვენს ჯარს! ჯარს, რომელიც სწორედ ამ დროშის ქვეშ იცავს ჩვენს ტერიტორიას, ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომელიც საზღვარგარეთ, საერთაშორისო მისიებში ამაყად ატარებს ამ სიწმინდეს!

ეს დღე მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ემიგრაციას და საელჩოებს. მინდა ეს დღე მოგილოცოთ თქვენ, პოლიციელებო, მაშველებო, მეხანძრეებო, ექიმებო, მედპერსონალო! მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ პროფესიონალს, რომელიც დღეს იცავს ჩვენს საზოგადოებას, ეს მართლაც უდიდესი ღვაწლია ამ ქვეყნისთვის და ეს დროშა ამის სიმბოლოცაა!

მინდა ყველას მოგიწოდოთ ამ დროშის პატივისცემისკენ, რამეთუ, დროშის პატივისცემა ჩვენი თავის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურისა და ტრადიციების პატივისცემაა. ამ ერთ სიმბოლოში თავმოყრილია ჩვენი წარსული და ძალა ჩვენი მომავლისა! ამიტომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

მინდა მოგილოცოთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის დღე და მოგილოცოთ ასევე, ძველით ახალი წელი“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

დროშის მოკლე ისტორია

საქართველოს დროშა თეთრ ფონზე გამოსახული ხუთი წითელი ჯვრის კომპოზიციას წარმოადგენს, რომელიც იესოს და 4 სახარებას სიმბოლოა. დროშასთან ერთად საქართველოს მთავარი ოფიციალური სიმბოლოა: გერბი და ჰიმნი.

საქართველოს პარლამენტმა კანონი “საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ” 2004 წლის 14 იანვარს, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაამტკიცა. იმავე დღეს, ხუთჯვრიანი დროშა პარლამენტის შენობის თავზე აღიმართა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის სიმბოლო – შინდისფერი დროშა, მარცხენა ნახევარზე ჰორიზონტალური შავი და თეთრ ხაზებით, შეცვალა.

როგორც Новости-Грузия იტყობინება, მეთორმეტე საუკუნიდან მოყოლებული სხვადასხვა წყაროს მიხედვით, საქართველოს დროშა თეთრი და წითელი ფერებით იყო გამოსახული. მცხეთაში, სვეტიცხოვლის (დაახლოებით XII ს.) საკათედრო ტაძრის ფრესკაზე გამოსახულია გემი წითელი დროშებითა და ოქროსფერი ჯვრებით.

სვეტიცხოვლის ტაძრის ფრესკები. ფოტო : alia.ge

ქართული დროშა – თეთრ ტილოზე დატანილი წითელი ჯვრები, XIV საუკუნის იტალიურ და ესპანურ რუკებზეც გვხვდება.

ძმები პიციგანების რუკის ფრაგმენტი, XIV საუკუნე. რუკაზე ტფილისი ხუთჯვრიანი დროშით არის გამოსახული. ფოტო: wikipedia.org

2003 წელს ბოლნისის ჯვრებიანი თეთრ – წითელი დროშა, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური ოპოზიციის – პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ დროშად იქცა. ამ პარტიის ლიდერი ყოფილი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელიც შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გახდა.

2003 წლის 23 ნოემბრის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, საქართველოს იუსტიციის ახალმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა, ქვეყნის ახალი ხელისუფლების სახელით, პარლამენტს ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფოს მთავარ სიმბოლოდ დამტკიცება შესთავაზა.

საქართველოს დროშის სახელმწიფო დღის თემასთან დაკავშირებით, იხილეთ Dalma News-ის სხვა პუბლიკაციები.

  1. დროშა, როგორც ღირსების სიმბოლო – ზღვარი პომპეზურობასა და სულიერებას შორის | Dalma News
  2. საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა | Dalma News