XXI საუკუნის ახალი ათწლეული ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომის მოლოდინით დაიწყო. აშშ და ირანი დაძაბულობის კრიტიკულ ზღვარზე არიან. 3 იანვარს, აშშ-ს საჰაერო თავდასხმის შედეგად ბაღდადში, ირანელი გენერალი, 62 წლის ყასემ სულეიმანი მოკლეს. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის მსოფლიოში “ნომერ პირველ ტერორისტად” გამოაცხადა, რომელიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთში, დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს და ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა. გენერლის მოკვლისთვის, ირანი აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა. კონფლიქტი, 27 დეკემბერს, ქალაქ კირკუტთან, ერაყულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმით დაიწყო, რასაც აშშ-ს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა. ვაშინგტონმა თავდასხმაში დაჯგუფება “ქატაიბ ჰეზბოლა” – შიიტელი მებრძოლები დაადანაშაულა, რომელთა მხარდამჭერად ირანი მიიჩნევა. 29 დეკემბერს, აშშ-მ “ქატაიბ ჰეზბოლას” პოზიციები ერაყსა და ირანში დაბომბა, 24 ადამიანი დაიღუპა. 31 დეკემბერს, დაჯგუფების მხარდამჭერებმა ბაღდადში ამერიკის საელჩოს ბლოკირება მოახდინეს.

გენერალი სულეიმანი ახლო აღმოსავლეთში ირანის სამხედრო პოლიტიკის არქიტექტორად მიიჩნეოდა. ის ირანში ყველაზე პოპულარული საჯარო პირი იყო. მის სიკვდილს ქუჩაში გამოსული ასობით ათასი ირანელი გლოვობდა. სამგლოვიარო სოლიდარობის აქცია თბილისშიც გაიმართა. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან ირანის მოქალაქეებმა ყასემ სულეიმანის ფოტოები და ყვავილები მიიტანეს. ქართველი ექსპერტები შიშობენ, რომ სულეიმანის მკვლელობას რეგიონში ვითარების დაძაბვა მოჰყვება. ზოგი მათგანი ამერიკა-ირანის ომის დაწყებას პროგნოზირებს და საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ აშშ-ს აქ, სამხედრო ბაზების განთავსება შესთავაზონ.

სამხედრო – პოლიტიკური რისკი და საქართველო

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ვერ ხედავს საშიშროებას, რომ ირან-ამერიკის სამხედრო კონფლიქტში საქართველო რაიმე ფორმით ჩაერთოს, ან აშშ-მ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება მოითხოვოს. ამდენად, საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, ამ ვითარებაში მოზომილი და გაწონასწორებული იყოს. აშკარად პროამერიკული განცხადებებისგან თავი შეიკავონ, ირანთან თბილი ურთიერთობები შეინარჩუნონ, ხოლო აშშ-ს მიმართ სოლიდარობა ირიბად გამოხატონ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დააფიქსიროს, რომ მისი მიზანია რეგიონში მშვიდობის დამყარება და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

ნიკა ჩიტაძე

მისივე მოსაზრებით, ვითარების გამწვავების შემთხვევაში აშშ სარაკეტო დარტყმებს ირანის წინააღმდეგ არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე სამხედრო საჰაერო ბაზებიდან განახორციელებს. თურქეთი აშშ-ს საკუთარ საჰაერო სივრცეს არ დაუთმობს, როგორც ეს 2003 წელს, ერაყში მიმდინარე საომარი ოპერაციების დროს მოხდა.

“არც ირანი გაუშვებს რაკეტას საქართველოს მიმართულებით. ის დაინტერესებულია საკუთარი ტვირთების საქართველოს გავლით – ბათუმისა და ფოთის ნავსადგურების მეშვეობით ტრანსპორტირებით. ირანულ კომპანიებს კი გარკვეული ინვესტიციები აქვთ დაბანდებული საქართველოში არსებულ კომპანიებში”, – განუცხადა Dalma News-ს ნიკა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სამხედრო პოტენციალი ბევრად აღემატება ირანისას (აშშ-მ 2020 წლისთვის, თავდაცვის ბიუჯეტი 733 მლრდ აშშ დოლარამდე გაზარდა), ის შესაძლოა ხანგრძლივ ომში ჩაბმული აღმოჩნდეს.

“სახმელეთო ოპერაციების შემთხვევაში, ამერიკას დიდი ხნით მოუწევს ირანის ტერიტორიაზე დარჩენა (ირანის ტერიტორია 1 648 000 კვ/კმ-ია, მოსახლეობა 48 მილიონს შეადგენს). იმედია ამერიკა გაითვალისწინებს ერაყისა და ავღანეთის მაგალითებს, სადაც 2 თვეში დაამხეს თალიბანისა და ჰუსეინის რეჟიმები, მაგრამ დიდი ხნით მოუწიათ დარჩენა. ირანი გაცილებით რთული შემთხვევაა. აშშ-ს არ სურს ფართომასშტაბიანი ომი. ამას ემატება ისიც, რომ ირანს შეუძლია ტერორისტული ორგანიზაციების ფაქტორის გამოყენება”, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

მისივე განმარტებით, ირანთან ომის სირთულეს, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: პირველი – ირანს შეუძლია 12 მლნ რეზერვისტის მობილიზება, მეორე – გააჩნია რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა, რომელიც რუსეთმა გადასცა და თავადაც აწარმოებს; მესამე – ჰაკერული შეტევის საფრთხე, ცნობილია, რომ პენტაგონის საიტებიც კი, არ არის სრულყოფილად დაცული და რამდენჯერმე გამხდარა ჰაკერული თავდასხმის ობიექტი და მეოთხე – ირანის მოკავშირეები არიან რუსეთი და ჩინეთი, პირველი მას შეიარაღებით დაეხმარება, მეორე კი ეკონომიკურად. შეიძლება ითქვას, რომ ირანი არ არის მარტო. ამას დაემატება ნავთობის გაძვირება. ამერიკა კი, დღემდე დამოკიდებული იმპორტულ ნავთობზე. მეხუთე – გაჩნდება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის კიდევ ერთი ტალღა.

გარდა ამისა, ნიკა ჩიტაძის თქმით, საომარი მოქმედებების წამოწყების შემთხვევაში, ამერიკა შეამცირებს შავი ზღვის რეგიონში აქტიურობას, საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერას. მისი ყურადღება კონცენტრირებული იქნება ირანზე, რუსეთს კი პოსტსაბჭოთა სივრცეში მანევრირების მეტი საშუალება მიეცემა. შესაძლოა საქართველოს მიმართ აშშ-ს მხარდაჭერაც აღარ იყოს ინტენსიური, რაც დღეის მდგომარეობით 150 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

ამირან სალუქვაძე

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ომის დაწყების განწყობა დღეს, არც აშშ-ს და არც ირანის ხელისუფლებების მხრიდან არ იგრძნობა. ცხადია, ირანი უპასუხოდ არ დატოვებდა სულეიმანის ლიკვიდაციას და მან მიიტანა საპასუხო იერიში ერაყში აშშ-ს ბაზებზე, ტრამპმა კი, ირანის მიმართ მწვავე ეკონომიკური სანქციები დააანონსა.

“ერთი შეხედვით, ასეთი გავლენიანი პირის ლიკვიდაცია აუცილებლად მოიტანდა ომს, მაგრამ საომარი მოქმედებების განწყობა არ იგრძნობა. ამერიკამ თავისი ამოცანა, სულეიმანის ლიკვიდაციით გადაჭრა. დანარჩენი ყველაფერი არის ლირიკა – ექსპერტებისა და პოლიტოლოგების მხრიდან შეფასების საგანი. ამერიკის გადაწყვეტილება იყო სწორი, დაბალანსებული, გაწონასწორებული. ძლიერ სახელმწიფოს აქვს იმის ფუფუნება, მსგავს გამოწვევებს არ უპასუხოს”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

მისივე თქმით, გაეროში ირანის წარმომადგენელმა გააკეთა ზომიერი განცხადება, რომ ირანს არ სურს ომი და მზად არის აშშ-სთან “ბირთვულ შეთანხმებაზე” მოლაპარაკებები გამართოს.

ირაკლი გოგავა

ამერიკული ბაზების საქართველოში შესაძლო განთავსებას, რაც შეეხება, ანალიტიკოსი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ ამისთვის მხოლოდ საქართველოს თანხმობა საკმარისი არ არის. ასეთი გადაწყვეტილება რუსეთთან აშშ-სა და ნატო-ს სხვა ქვეყნების შეთანხმებით მიიღება.

“რეალობა ასეთია. მხარეები თუ შეთანხმდებიან, რომ განთავსდეს, განთავსდება. მაგრამ რუსეთი ამის კატეგორიული წინააღმდეგია. მისი პოზიციის გაუთვალისწინებლად ამ საკითხის გადაწყვეტა დიდ კონფრონტაციას გამოიწვევს. რუსეთი პრევენციაზე იმუშავებს და შესაძლოა დამოუკიდებლობაც კი დავკარგოთ. ირანთან ფართომასშტაბიანი ომის შესაძლებლობა მინიმალურია, რადგან ირანის გარეშე სუნიტური სახელმწიფოები გაცილებით ძლიერად გამოიყურებიან”, – აცხადებს ირაკლი გოგავა.

ეკონომიკური კრიზისის საფრთხე

თანამედროვე სახელმწიფოები ეკონომიკურად ისე არიან ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი, რომ საეჭვოა, რომელიმე მათგანს ფართომასშტაბინ საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმის სურვილი ჰქონდეს. დღევანდელ მსოფლიოში სახელმწიფოების ძლიერებას უფრო ეკონომიკა განსაზღვრავს, ვიდრე სამხედრო ფაქტორი. ირან-ამერიკის ომი აუცილებლად მოახდენს გავლენას ირანის ენერგორესურსებზე, გაიზრდება ნავთობისა და გაზის ფასი. დაზარალდება ტურიზმის სფეროც.

ოთარ ანგურიძე

როგორც Dalma News-ს ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა, ოთარ ანგურიძემ განუმარტა, ირანსა და აშშ-ს შორის სამხედრო დაძაბულობა ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც. ირანი საქართველოს პირდაპირი მეზობელი არ არის, თუმცა ეკონომიკური პარტნიორია. ნავთობპროდუქტებზე მსოფლიო ფასების ზრდა გააძვირებს იმპორტს. ირანიდან საკვები პროდუქტების იმპორტიორებს ალტერნატიული გზების მოძებნა მოუწევთ, სანამ საქართველო არ გახდება იმ პროდუქციის მწარმოებელი, რაც საჭიროა შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

ტურიზმისა და ირანულ ინვესტიციებს რაც შეეხება, ოთარ ანგურიძის ინფორმაციით, საქართველოში ირანული ინვესტიციები მაინცა და მაინც არ არის იმ მოცულობის, რომ მათი შეჩერების გამო, ქვეყნის ეკონომიკა დაზარალდეს, თუმცა ტურიზმის ნაწილში, საკმაოდ სოლიდურად არიან ირანელები წარმოდგენილი. ირან-ამერიკის ომი საქართველოში მოახდენს ტურიზმის სექტორის შენელებას, მით უმეტეს, რომ ეს ქვეყანა საქართველოს ათეულშია წარმოდგენილი.

ქართულ ექსპორტს ირანის ბაზრის, სულ რაღაც 2 % უკავია. ირანი იმპორტზე ძალიან ნაკლებად არის დამოკიდებული.

“ნავთობზე ფასების ზრდა თუ დაიწყება, ​ყველა ნავთობმწარმოებელი ქვეყანა მიიღებს სარგებელს. როცა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს ნავთობზე ფასები ძალიან მკვეთრად გაიზარდა, ამან რუსეთს, აზერბაიჯანს და სხვა არაბულ სახელმწიფოებს დიდი მოგება მოუტანა. მაგრამ დაძაბულობა გრძელვადიან კონფლიქტში თუ გადაიზრდება, აქ უკვე პოლიტიკა ერთვება და ქვეყნები პოლიტიკურ გავლენას დაკარგავენ”, – აცხადებს ოთარ ანგურიძე.

მისივე თქმით, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, ირან-ამერიკის დაპირისპირების გამწვავება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან შემოდგომაზე აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია. წინასაარჩევნო პერიდოში, არც ერთი პრეზიდენტი არ დაიწყებს ომს. ტრამპი ეცდება მშვიდობის შენარჩუნებას არჩევნებამდე მაინც, რაც მისთვის უფრო დიდი დივიდენდის მომტანი იქნება.

ტრამპის ადმინისტრაცია კონცენტრირებულია ეკონომიკის განვითარებაზე. ირანს სანქციები აქვს დაწესებული, მას გარკვეულ წილად ორთქლი უნდა გამოეშვა. თავის საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ამერიკას სილა გააწნა.

ანალიტიკოსების ნაწილი, ამერიკა-ირანის ბოლო დღეების მოვლენებს პოლიტიკურ სპექტაკლს უწოდებს, სადაც ორივე მხარემ აჩვენა სამხედრო ძალა, კუნთები შეათამაშა, საბოლოო ჯამში კი, შეინარჩუნეს სახე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სულეიმანის ლიკვიდაცია, მისი გავლენისა და ავტორიტეტის გამო, ბევრ ქვეყანას აწყობდა. მათ შორის, როგორც რეგიონალურ ქვეყნებს და თავად ირანის ხელისუფლებაშიც, ბევრს.

გიორგი ქართველი