ძველ წელთან გამომშვიდობებისას იმ წლის შედეგებს ყოველთვის ვაჯამებთ: რას მივაღწიეთ, რა ვისწავლეთ და ვის, ან რას დავემშვიდობეთ ამ პერიოდის განმავლობაში. როგორი იყო 2919 წელი სომხეთისთვის? Dalma News-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ხუთ მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გასულ, 365-დღიან პერიოდში გადაიტანა, თუმცა, ცხადია, ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც სომხეთმა თავისი ისტორიის ფურცლებზე ჩაიწერა. 

სომხეთმა IT მსოფლიო კონგრესზე საუკეთესოები შეკრიბა

ერთ-ერთი ბრწყინვალე, როგორც სომხეთის, ისე საერთაშორისო მასშტაბის მოვლენა იყო ერევანში ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესის WCIT-2019-ის ჩატარება, რომელიც IT სფეროში ყველაზე დიდი მსოფლიო მოვლენა და წამყვანი კომპანიების ტოპმენეჯერების, უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების ხელმძღვანელობის, ასევე მსოფლიო სახელმწიფოების ყველაზე მაღალი წარმომადგენლობების თავშეყრის ადგილია. სომხეთ ამ მოვლენისთვის, რამდენიმე წელს ემზადებოდა. ღონისძიება სასიამოვნოდ გასაოცარი იყო თავისი ორგანიზაციული პოტენციალით, მიწვეული სპიკერებით და კრეატიული ნიუანსებით. 6 ოქტომბერს, კონგრესის გახსნას თან სდევდა გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდა 15 ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი ორკესტრი სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორის, სერგეი სმბატიანის ხელმძღვანელობით. მათ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კომპოზიცია შეასრულეს.

კონგრესის ფარგლებში სომხეთში ცნობილი ადამიანები ჩავიდნენ: მულტინაციონალური კომპანია «Infosys»-ის თანადამაარსებელი ნაგავარ რამარაო ნარაიან მურტი, რეალითი-შოუს ვარსკვლავი კიმ კარდიშიანი, ჯგუფ «System of a down»-ის ლიდერი სერჟ ტანკიანი, სომხური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი, «GIPHY»-ის დამფუძნებელი ალექს ჩუნგი, ფონდ ФИФА-ს გენერალური დირექტორი იური ჯორკაეფი, კომპანია «Pixar»-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი კეტრინ სარაფიანი, კომპანია «Ericsson»-ის ტექნიკური დირექტორი ევროპასა და ლათინურ ამერიკაში ხავიერ გარსია გომესი, «Defense & Aerospace Report»-ის რედაქტორი ვაგო მურადიანი და ბევრი სხვა. უდავოდ, ასეთი მასშტაბური ღონისძიების სომხეთში ჩატარება კონკრეტულად ამ ქვეყნის IT-სფეროში აღიარებას ნიშნავს, თუმცა ეს ასევე მსოფლიოსთვის თავის გაცნობის შესანიშნავი შესაძლებლობაა. სტუმრები, როგორც ღონისძიების დროს, ასევე ერევნის ფონზე აქტიურად იღებდნენ ფოტოებს და სოციალური ქსელით ავრცელებდნენ, რაც ყველაზე საუკეთესო რეკლამაა.

ევროპა უფრო ახლოს და უფრო ხელმისაწვდომია!

2019 წელი წარმატებული აღმოჩნდა ავიაციის სფეროში. ის, რაზეც დიდხანს ვოცნებობდით, რეალობად იქცა. სომხეთის ბაზარზე ერთდროულად ორი ავიაკომპანია გავიდა და 2020 წლისთვის შესაძლებელი იქნება ძალიან იაფად ევროპის ცენტრში ფრენა! ოქტომბრის დასაწყისში ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ირლანდიური «Ryanair» სომხეთის ბაზარზე შევიდა და იანვრიდან ავიაკომპანია ერევნიდან რომის და მილანის, ხოლო ზაფხულიდან ბერლინის მიმართულებით რეისებს დაიწყებდა. გარდა ამისა, ზაფხულიდან უნდა დაწყებულიყო ფრენები მეორე, გიუმრის აეროპორტიდან მიუნჰენში (ბავარია). ავიაკომპანია ცნობილია იმით, რომ მის საიტზე შესაძლებელია ბილეთების რეკორდულად დაბალ ფასად – 4,99 ევროდ შეძენა, თუმცა სხვადასხვა მიმართულებით ბილეთების რეალური ფასი 35 ევროს შეადგენს. ცხადია, კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე ბილეთის ფასი მგზავრის ტვირთის და თვითმფრინავში ადგილის მიხედვით, ცვალებადია. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლებელია ბილეთის ორივე მიმართულებით, 100 ევროზე ნაკლებად შეძენა და იტალიის ქალაქის საკვირაო კაფეში სიამოვნების მიღებაც, რაც ადრე 400-500 ევრო ჯდებოდა.

დეკემბერმა ისევ გაგვახარა – უნგრეთის სახელმწიფო ავიაკომპანია «Wizz Air»-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020 წლის 3 აპრილიდან ერევნიდან ვენასა და ვილნიუსში პირდაპირი რეისები დაიწყება, რომელიც კვირაში ორჯერ დაინიშნება და ბილეთის ფასი 24,99 ევროდან იქნება. კარგია ისიც, რომ «Wizz Air» არ აპირებს, მხოლოდ ამ ორი მიმართულებით შემოიფარგლოს და გეგმავს სხვა რეისების დამატებას, რის შესახებაც განცხადება თავის დროზე გაკეთდება. სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომპანია პირობას დებს, რომ აღნიშნულ სფეროში 2020 წლიდან სასიამოვნო სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.

სომხეთი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი – მხოლოდ წინ!

წლის პოლიტიკური შედეგების შეჯამებისას განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის თავმჯდომარეობა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლოზ პაშინიანის თქმით, “გასული ხუთი წლის განმავლობაში, კავშირი შედგა, როგორც წარმატებული ინტეგრაციული ასოციაცია და პირველი წლების სირთულეების მიუხედავად, იგი ამჟამად აჩვენებს ზრდის დამაჯერებელ ტემპებს სავაჭრო ურთიერთობებში, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების სტრუქტურის დივერსიფიკაციაში”. მისი თავმჯდომარეობის ერთი წლის განმავლობაში, სომხეთმა მესამე ქვეყნებთან და ასოციაციებთან კავშირის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეძლო. კერძოდ, ირანთან და ჩინეთთან შესაბამისი შეთანხმებების განხორციელება, ასევე სინგაპურთან, სერბეთთან, ეგვიპტესთან, ისრაელთან და ინდოეთთან მოლაპარაკებების დასრულება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციის პროცესისთვის დამატებით სტიმულად შეიძლება ჩაითვალოს. ამას აღნიშნავს არა მხოლოდ სომხური მხარის, არამედ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ლიდერი ქვეყნების წარმომადგენლობაც.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მესამე ქვეყნებთან ურთიერთობებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში პრობლემა არ ყოფილა. პირიქით, ყველა შეთანხმების მიღწევა ორგანიზაციის ფარგლებში მოხდა.

“თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც პროდუქტიულ მუშაობას მაქსიმალური ძალისხმევა მოახმარა. მე არა მხოლოდ გილოცავთ, არამედ მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ”, – განაცხადა პუტინმა პაშინიანთან შეხვედრაზე.

ხმაურიანი გათავისუფლებები

2019 წელი სხვა მოვლენებთან ერთად ხმაურიანი გათავისუფლებებითაც იყო დასამახსოვრებელი. თანამდებობა დატოვა სომხეთის პოლიციის ხელმძღვანელმა ვალერი ოსიპიანმა, რომელიც არა მხოლოდ წინა ხელისუფლებების წარმომადგენელი, არამედ 2018 წლის “ხავერდოვანი რევოლუციის” ერთ-ერთი სიმბოლო იყო. მისმა თანამდებობიდან გათავისუფლებამ ყოველგვარი სკანდალების და თანმდევი შედეგების გარეშე ჩაიარა. რასაც ვერ ვიტყვით ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, არტურ ვენეციანის თანამდებობიდან განთავისუფლებაზე, რასაც თან ახლდა რესპუბლიკის ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული დამამცირებელი და დამაინტრიგებელი განცხადებები. ამასთან ვენეციანი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტსაც დაემშვიდობა, რაც მოსალოდნელი იყო. პოსტი დატოვა ასევე, საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე ვაზგენ მანუკიანმაც, რომელიც ამ თანამდებობაზე 2009 წლის მაისიდან იყო. სკანდალის გარეშე, არც ამ მოვლენას ჩაუვლია: მანუკიანმა განაცხადა, რომ იმ პირობებში, როდესაც სომხეთში პიკს აღწევს სიძულვილის და უნდობლობის დონე, მისი მოღვაწეობის გაგრძელების აზრს ვერ ხედავს. ამასთან, ეს გადადგომა არა მხოლოდ საბჭოს ხელმძღვანელის ცვლილება, არამედ, ფაქტობრივად, ხელისუფლების მიერ ამ ინსტიტუტის რეფორმირების მცდელობაა, რაც დასტურდება ცნობილი სოროსელი მოღვაწეების დანიშვნებით.

წლის სირცხვილი

სამწუხაროდ, 2019 წელი, ფეხბურთის გულშემატკივრებს ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო პერიოდად დაამახსოვრდებათ. აქამდე სომხეთის ნაკრები შედარებით უფრო წარმატებით ასპარეზობდა, წელს კი იტალიის ნაკრებთან სამარცხვინოდ დამარცხდა. ცხადია, არავის სჯეროდა, რომ სომხეთის ნაკრები იტალიის ნაკრებს საკუთარ მოედანზე დაამარცხებდა, თუმცა ისიც წარმოუდგენელი იყო, რომ შეხვედრა 9:1 დასრულდებოდა. ეს მართლაც სირცხვილის ტოლფასია. თუმცა მეორე უკიდურესობაში გადავარდნაც არ შეიძლება. Dalma News-ის რედაქცია არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ 18 ნოემბერს სომხური ფეხბურთი დაიკრძალა. დიახ, სომხეთის ნაკრები J ჯგუფის შესარჩევ ეტაპზე ბოლოდან მეორე ადგილზე გავიდა და 2020 წლის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ნაწილთან ახლოსაც კი ვერ მოხვდა, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა მომავალი წლისთვის სასიამოვნო სიურპრიზებს შემოგვთავაზებს.

ლინა მაკარიანი