პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სერიოზული გეგმა შეიმუშავა, მაგრამ მათი პოლიტიკური პარტია ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას არ დაუშვებს.

როგორც ალექსი პეტრიაშვილმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკა ძალიან მწარე და ცუდია.

“დარწმუნებულები ვართ, რომ ხელისუფლებას ძალიან სერიოზული გეგმა აქვს შემუშავებული, რათა მიუხედავად იმისა, მოსწონს ვინმეს ესა თუ ის არხი, თუ არა, იქიდან წამოსული კრიტიკული პოზიცია ჩაახშონ და არც ოპოზიციასა და არც საზოგადოებას ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ”, – მიაჩნია პეტრიაშვილს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ქონება დაყადაღებულია.  გადაწყვეტილება მოსამართლემ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო, რომელიც ტელეკომპანიის წილის დაბრუნებას ითხოვს. გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის სარჩელი წარმოებაში მიიღო. თუ როდის ჩატარდება მოსამზადებელი სხდომა, ამ დროისთვის უცნობია.