სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის მე-2 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური 2.5% -იანი ზრდაა, რამაც მიმდინარე ფასებში 7,772 მლრდ. ლარი შეადგინა.

საქსტატის თანახმად, 2014 წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,5 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი 5,9%-ით გაიზარდა. მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა – 16,3%-ით და ვაჭრობა 16,1% . შემდგომ პოზიციაზეა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა, სახელმწიფო მმართველობა, მშენებლობა და სხვა.

საქსტატის ინფორმაციით, ზრდა შეინიშნება მშენებლობის (14,5%), სამთომოპოვებითი მრეწველობის (12,7%), სასტუმროებისა და რესტორნების დარგში.

როგორც Dalma News-ს საქსტატში განუცხადეს, 2015 წლის II კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა განპირობებულია სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ახალი გაზსადენის მშენებლობით. დამამუშავებელი მრეწველობის სფეროში დამატებული ღირებულების შემცირება ძირითადად განპირობებულია უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების შემცირებით.დაზუსტებული მონაცემები 2015 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდება.