საქართველო, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და დაწესებულებებში მოწევის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების დასკვნით სტადიაზეა. ქვეყნის პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რის შემდეგაც ის ძალაში შევა. 5 კანონში შესულ ცვლილებებს ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნდა მოაწეროს.

თამბაქოთი გამოწვეული დაავადებების, სიკვდილიანობისა და სოციალურ-ეკონომიური ზარალის შემცირების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც, ასევე გულისხმობს ელექტრონული სიგარეტის რეგულირებას, რაც სპეციალისტების შეფასებით, ნამდვილ სიგარეტზე არანაკლებ მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან აიკრძალება ელექტრო სიგარეტის საცალო გაყიდვა ინტერნეტით და ფოსტით.

231360336

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას სრულ მხარდაჭერას უცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რესპირაციული ასოციაცია” და კანონპროექტს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესს უწოდებენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით საქართველოში ყოველწლიურად 11,000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3,000 პასიური მოწევის მსხვერპლია. თამბაქოს მომხმარებელია ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 33%, თამბაქოს ეწევა მამაკაცების 57% და ქალების 7%. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ თამბაქოს მოხმარება მატულობს ახალგაზრდებში: რეგულარული მწეველია 16 წლის ასაკის მოზარდების 18% და 13-15 წლის ასაკის მოზარდების 7%.

მათივე ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარებით ზიანი ადგება არა მარტო მწეველის, არამედ საფრთხე ექმნება არამწეველის ჯანმრთელობასაც: გარემოში დარჩენილი მეორადი კვამლი 5,000-ზე მეტ ქიმიურ და მათ შორის 98 ტოქსიკურ და კიბოს გამომწვევ ნივთიერებას შეიცავს, რაც არამწეველებში ზრდის ინსულტის, დიაბეტის, ბრონქიტის, პნევმონიის, ასთმის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, პანკრეასის კიბოს და სხვა დაავადებების განვითარების რისკს.

მესამე სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაძლიერება დაიცავს საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, თამბაქოს მავნე და დამღუპველი ზემოქმედებისგან, ასევე შემცირდება თამბაქოზე დამოკიდებულება.

indexექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მწეველთა რიგებს განეკუთვნება, თუმცა კანონის ამოქმედების შემთხვევაში აპირებს დაემორჩილოს მას. იგი მიესალმება სახელმწიფოს მხრიდან არამწეველთა უფლებებსა და ზოგადად მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს პროცესი უნდა დაეწყოთ არა აკრძალვის მექანიზმის ამოქმედებით, არამედ მოსახლეობისთვის ალტერნატივის შეთავაზებით, როგორიც არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს იზრუნოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სპორტული ბაზების შექმნაზე, სადაც ახალგაზრდა ამ მიმართულებით განვითარდება და აღარა ექნება სიგარეტის მოწევის სურვილი.

რამაზ საყვარელიძის თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანები, არც თუ ისე დიდხანს ცხოვრობენ, ყოველთვის მაღალია სიგარეტის, ან სხვა მოსაწევი ბალახების მოხმარების მაჩვენებელი.

 

“როდესაც გვინდა სიგარეტი განიდევნოს ჩვენი ცხოვრებიდან, რაც ძალიან კარგი ტენდენციაა, უნდა ვეცადოთ, რომ მარტო აკრძალვა არ იყოს ამის მექანიზმი. იმ ქვეყნებში, რომლებსაც გვსურს სიგარეტის აკრძალვით მივბაძოთ, აქცენტი კეთდება ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაზე, ფიზიკური აქტივობის წახალისებაზე”, – აცხადებს ექსპერტი.

მისი აზრით, მოწევის წინააღმდეგ კანონის გამკაცრება ეს სწრაფმოქმედი და არაეფექტიანი მეთოდია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი, რამდენიმე ათეული წელიწადი სჭირდება, თუმცა სწორედ ასეთი მუშაობის შემდეგ ჩაითვლება სიგარეტის მოწევა სირცხვილად.

“საზოგადოება, რომელიც იმ შეგნებით აღიზრდება, რომ მოწევა სირცხვილია, ადვილად მიიღებს მოწევის აკრძალვასაც. როდესაც აკრძალვით იწყება პროცესი, მაშინ ამას მოჰყვება საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან პროტესტი. ამან შესაძლოა უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც, რადგან სიგარეტზე უარის თქმა იწვევს სტრესს და ზრდის ნერვული სისტემის აგზნებადობას. უცხოურ კლინიკებში პაციენტს, თუ ის მწეველია, ოპერაციის დასრულებისთანავე აძლევენ სიგარეტის მოწევის უფლებას”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

Dalma News-ის კითხვაზე, რამდენად პოპულარულია საქართველოში სიგარეტის მოწევა და მისი აკრძალვის შედეგად მოსალოდნელია თუ არა მწეველთა რიგების ზრდა, ქართველმა ექსპერტმა განაცხადა, რომ საქართველოში დღეს, სიგარეტის მოწევა გაცილებით პოპულარულია ქალებს შორის, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. კანონის ამოქმედების შემთხვევაში კი, სავარაუდოდ იკლებს მწეველთა რიცხვიც და დღის განმავლობაში სიგარეტის მოწევის ინტენსივობაც, რაც, რამაზ საყვარელიძის აზრით, მისასალმებელია, მაგრამ შეიძლება მივიღოთ საწინააღმდეგო სურათიც, როდესაც სამუშაო დღის განმავლობაში მწეველმა თამბაქო გაცილებით მცირე რაოდენობით მოსწიოს, მაგრამ დღის ბოლოს, სახლში მისვლისას სიგარეტი ხელიდან აღარ გააგდოს. ხოლო სამუშაო საათებში, სკოლის მოსწავლეების მსგავსად ჩუმ-ჩუმად, დაწესებულების ტუალეტებში დაიწყონ მოწევა.

მეორე მხრივ, საინტერესოა, რამდენად წარმატებული იქნება აღნიშნული კანონის მიღება ქვეყნის ბიუჯეტისთვის, რომელიც ყველა დროს, წარმატებით ივსებოდა თამბაქოს ბიზნესიდან შემოსული გადასახადებით. გამოდგება თუ არა ამის საპირწონედ კანონის დარღვევისთვის დაწესებული საკმაოდ სოლიდური ჯარიმები, ამას დროს გვიჩვენებს. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად შენობაში თამბაქოს მოხმარებისთვის, იურიდიული პირი თავდაპირველად, 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 2 ათასი, ხოლო სისტემატური მოხმარებისას 5 ათასი ლარით დაჯარიმდება. რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში ისჯება არა მწეველი, არამედ შენობის ადმინისტრატორი.

რამაზ საყვარელიძემ Dalma News-ს საკუთარი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებითაც უზიარებს. მისი აზრით, საჯარიმო სანქციები ვერ გადაწონის იმ შემოსავალს, რასაც ქვეყნის ბიუჯეტისთვის იძლევა თამბაქოს ბიზნესი, მაგრამ თუ სახელმწიფო მთელი რიგი პირობების გათვალისწინებით, მათ შორის, დასავლეთელი პარტნიორების მოთხოვნით გადადგამს ამ ნაბიჯს, ის ნეგატიური ეკონომიკური შედეგისთვისაც მზად უნდა იყოს.

 

“მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეკონომიკური ვარდნის გამო, ამა თუ იმ სახელმწიფომ, მოგვიანებით უარი თქვა მსგავს აკრძალვაზე და დაუბრუნდა ლეგალურ, თავისუფალ რეჟიმს. პრობლემა აკრძალვით არ წყდება, პრობლემა უნდა გადაწყდეს იმით, რომ ადამიანს გაუქრო სურვილი, ეს არის უფრო ეფექტიანი”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

აღნიშნული კანონპროექტების ინიციატორი, პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძეა, ბოლო დღეებში იგი მეტად ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩეოდა. კერძოდ, გამოთქვა იდეა, რომ სიგარეტის მოწევის კადრების ჩვენება ფილმებშიც აიკრძალოს, ცნობილმა პირებმა კი, ამ მხრივ საზოგადოებას კარგი მაგალითი მისცენ.

wsi-imageoptim-a37966b“თურქებმა გააკეთეს ასე, სიგარეტის ადგილზე ტუჩთან არის ყვავილი. ეს შეიძლება ცოტა კომიკური იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, არ აღძრავს დადებით დამოკიდებულებას სიგარეტის მწეველთა მიმართ სწორედ ირონიული დამოკიდებულების გამო“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

დეპუტატის განცხადებით, 2030 წლისთვის საქართველო უნდა მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტს,- მწეველების არაუმეტეს 5%. ამასთან შედარებით კი საქართველოში არსებული სურათი საგანგაშოა და 34,8%-ს ანუ მოსახლეობის მეოთხედზე მეტს შეადგენს. გუგული მაღრაძე იმედოვნებს, რომ ასეთი ტიპის კანონის მიღება ქვეყანას დაეხმარება ევროპისგან მიიღოს, დიდი ფინანსური ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭერა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ მოწევის რეგულაციასთან დაკავშირებით ევროპაში სამოდელო ქვეყნად საქართველო აირჩიოს.

კანონის ამოქმედების პარალელურად, ინიციატივის ავტორები ქვეყნის ხელისუფლებას სხვადასხვა სახის ღონისძიებების გატარებას სთავაზობენ. მათ შორის, თამბაქოს მავნებლობის საკითხებზე სკოლებში ჩატარდეს ტრენინგები; ფილმები, რომლებშიც სიგარეტის მოწევის ეპიზოდები იქნება, ავიდეს 18 წლამდე ფილმების ფორმატში და გავიდეს ისეთ დროს, როცა მოზარდები არ უყურებენ ტელევიზორს და სხვა. თუმცა, ვინ იზრუნებს მწეველების უფლებებზე და მათთვის კომფორტის შესაქმნელად დაწესებულებებში გამოიყოფა თუ არა გარკვეული სივრცე, ამის შესახებ კანონპროექტში არაფერია ნათქვამი. თავად მის ავტორს კი მიაჩნია, რომ მოსაწევი ოთახების გამოყოფით მწეველებს უხანგრძლივებენ პერიოდს და განწყობას, რომ შეუძლიათ მოწევა.

შორენა პაპაშვილი