გაზაფხულის პირველ დღეებში სომხეთს ფიგურული სრიალის ერთდროულად ორი ვარსკვლავი ესტუმრა: ცნობილი კანადელი მოციგურავე ელაიჯა ბალდიე და ლეგენდარული ირინა როდნინა. შეიძლება ითქვას, რომ მათი სტუმრობა უბრალოდ ლამაზი ჟესტი კი არა, იმ საპასუხისმგებლო საქმის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც სომხეთში სპორტის ზამთრის სახეობების, ძირითადად კი ფიგურული სრიალის პოპულარიზაცია ქვია. ცოტა ხნის წინათ, ჩვენს მკითხველს ირინა როდნინას სახელობის საციგურაო დარბაზის გახსნის შესახებ ვუამბეთ. მაშინ როდნინამ განაცხადა, რომ ხშირად ესტუმრებოდა მისი სახელობის საციგურაო მოედანს საქმიანი ვიზიტებით და ასეც არის. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ათგზის ჩემპიონი, ევროპის თერთმეტი გზისა და საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ირინა როდნინა ერევანში სადისკუსიო კლუბ “გრიბოედოვის” მიწვევით ჩავიდა. ხანმოკლე, მაგრამ ნაყოფიერი ვიზიტის ფარგლებში ირინა როდნინამ მომავალი პროექტები და არსებული პრობლემები განიხილა, დაესწრო ყინულის მოედანზე ბავშვების ვარჯიშს და შეხვდა ჟურნალისტებს.

“უკვე იცით, რომ შარშან ჩემი სახელობის სპორტული დაწესებულება გაიხსნა, ამიტომ ყოველ ჯერზე აქ ჩამოსვლას, ყინულის დარბაზის ხელმძღვანელობას შევუთანხმებ”, – განუცხადა ჟურანლისტებს და დასძინა, რომ მასტერ-კლასების ჩატარების საკითხი ჯერ არ განიხილება. “სომხეთში იშვიათად, რამდენიმე საათით ჩამოვდივარ. კურირება და საქმისთვის გაძღოლა მთხოვეს, ასევე უნდა ჩავატარო სემინარები მწვრთნელებისთვის. სპორტული კლუბების შექმნის კარგი გამოცდილება გვაქვს. იქ ნებისმიერი მსურველი, ბავშვი, მოზარდი, თუ უფროსი ასაკის ადამიანი შეძლებს მისვლას და სპორტული უნარების შეძენას.

ერევანში ჩამოსვლამდე ელენა ჩაიკოვსკაიას ვესაუბრე. იგი საბჭოთა პერიოდში სომეხ სპორტსმენებთან მუშაობდა. მას ძალიან სურს ერევანში ჩამოსვლა და აქ მუშაობა, რადგანაც ერთი მასტერ-კლასით საქმე ვერ გაკეთდება. შემიძლია დამწყებ სპორტსმენში ნიჭი და პერსპექტივა დავინახო, დანარჩენი მშობლებზე, მწვრთნელებსა და ვითარებაზეა დამოკიდებული”, – ამბობს როდნინა. მისივე თქმით, ჩვენს დროში სპორტი ძალზედ რთული და მძიმე საქმეა. პიროვნების ჩამოყალიბება რთულია, ზოგჯერ კი სერიოზული შედეგის მიღწევას 10 წელი სჭირდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, როდნინას აზრით, სომხეთში არიან ნიჭიერი სპორტსმენები, საჭიროა მათი განვითარება და დახმარება. ამისთვის კი საჭირო პირობებია შექმნილი.

27“სამი წლის წინათ სომეხმა მწვრთნელებმა რუსეთში მუშაობის დაწყებაში დახმარება მთხოვეს, რადგან იმ ხანებში სომხეთში არანაირი პირობა არ არსებობდა. მე ეს საკითხი სოხმეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრაზე წამოვჭერი. ვუთხარი, რომ ძალზედ უჩვეულო ვითარება იქმნება, რადგანაც რუსეთში ბევრი სპორტული დაწესებულება იხსნება და კვალიფიციური კადრებია საჭირო, სომხეთში – პირიქით. ამ პატარა ქვეყანას საკმარისად ჰყავს სპეციალისტები ფიგურულ სრიალში, მაგრამ მათთვის მუშაობის პირობები არ არსებობს. ამ საუბრის შემდეგ გაკეთდა მსოფლიო სტანდარტების ყინულის დარბაზი, სადაც რეგულარული მუშაობა, ვარჯიში და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება შეიძლება. ახლა, უკვე საჭიროა მოთმინება, კვალიფიკაციის ამაღლება და მუშაობა. ნებისმიერი სამუშაო იძლევა შედეგს”,- განაცხადა როდნინამ საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრ Sputnik-ში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

7ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს საერთაშორისო მოედნებზე სომეხი ფიგურისტების გამოსვლები. ამგვარად, სომხურმა საცეკვაო წყვილმა კვალიფიკაცია გაიარა და მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ევროპის ჩემპიონატზე, სომხეთის სახელით მოასპარეზე სლავიკ აირაპეტიანმა, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო რაოდენობის ქულები ვერ დააგროვა და მალევე გამოეთიშა შეჯიბრს, მაინც ღირსეულად გამოვიდა. ევროპის პირველობაში გოგონებს შორის ანასტასია გალუსტიანი მონაწილეობდა, რომლის გამოსვლაც, ბევრი სპეციალისტის აზრით, არასწორად შეფასდა.

როგორც როდნინა ამბობს, ფიგურულ სრიალში მსაჯების სამუშაოს განხილვა მიუღებელია. “ეს ძალზედ რთული სამუშაოა და სერიოზულ შეჯიბრებებზე მსაჯობისთვის აუცილებელია კარგი მომზადება და ძალიან ბევრი სემინარის გავლა. თუ სომხურ მხარეს მსგავსი სურვილი გაუჩნდება, რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაცია ამას გაითვალისწინებს. ამჟამად მე მოსკოვის ოლქის ფიგურული სრიალის ფედერაციასაც წარმოვადგენ და შემიძლია ამ მიმართულებით დაგეხმაროთ. ამისთვის საჭიროა აპარატურა, რაც ჩვენთვის უკვე ხელმისაწვდომია და მზად ვართ ამაში დაგეხმაროთ”.

მაღალი კვალიფიკაციის მქონე მსაჯების მომზადებაზე ასევე ისაუბრა სომხეთის დედაქალქის კიდევ ერთმა სტუმარმა, ევგენი პლუშენკოსა და ანგელინა სოტნიკოვას აგენტმა, სომხეთის ფიგურული სრიალის ფედერაციის წევრმა, შოუ “ყინულის მეფეების” პროდიუსერმა არი ზაქარიანმა. მისი თქმით, სომხეთის ფიგურული სრიალის ფედერაციას დღესდღეისობით არ ჰყავს პროფესიონალი მსაჯი. “წელს ამ საკითხის მოგვარების იმედი მაქვს და მსოფლიო პირველობაზე ჩვენი შედეგებიც გაუმჯობესდება”.

ირინა როდნინა ასევე არის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, პარტია “ერთიანი რუსეთის” მხრიდან, დსთ-სა და თანამემამულეებთან ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის წევრი. “ერთი რამის თქმა შემიძლია, ბედნიერი ადამიანი ვარ და საინტერესო ცხოვრება მაქვს. სპორტში გადაწყვტილებების მიღება და მიზნის მიღწევა მასწავლეს. გულწრფელად რომ ვთქვა, სპორტში ადვილია: იკატავე ყინულზე, დადექი კვარცხლბეკზე და ყველამ დაგინახა. ცხოვრებაში კი ყველაფერი ასე ინტენსიური არ არის. მაგრამ ჩემთვის ის არის საინტერესო, რასაც ვაკეთებ.

ჩვენ ახალგაზრდა ქვეყანა ვართ და სპორტის სფეროში ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა არ გვაქვს. ეს არ ეხება სპორტის მაღალ მიღწევებს. ვგულისხმობ ზოგადად სპორტს, როგორც პიროვნების განვითარების ერთ-ერთ საშუალებას. ლოზუნგებს არ ვიგონებთ, ვცდილობთ ბავშვები სპორტით დავაინტერესოთ.

ამჟამად ვმუშაობ სასკოლო პროგრამაზე, რათა თითოეულმა სკოლამ შეძლოს ბავშვებს საჭირო პირობები შესთავაზოს. ამ ეტაპზე საკანონმდებლო ცვლილებებზე ვმუშაობთ. 2014 წლიდან ვკურირებ სოფლის სკოლების სპორტული დარბაზების რეკონსტრუქციის პროგრამას. 2014 წელს ამ პროგრამისთვის მილიარდ 800 მილიონი რუბლი მივიღეთ. შარშან – მილიარდ 600 მილიონი რუბლი. წელს, საბიუჯეტო პრობლემების მიუხედავად, საჭირო სახსრები მაინც გამოგვიყვეს”.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე როდნინამ ისაუბრა დსთ-ს ქვეყნების სასკოლო სპორტის საფესტივალო პროგრამასა და “თანამემამულე ბავშვთა თამაშების” ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე. წელს ამ თამაშებზე ბავშვები მსოფლიოს 45 ქვეყნიდან მიიღებენ მონაწილეობას. როდნინას თქმით, საუბარი არ არის მაღალი შედეგების მიღწევაზე, ღონისძიების მთავარი მიზანია, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ბავშვების გაერთიანება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არი ზაქარიანის მიწვევით ერევანს ცნობილი კანადელი ფიგურისტი ელაიჯა ბალდიეც ესტუმრა.

“ბალდიე კანადის ნაკრების წევრი და უჩვეულო სპორტსმენია. იგი ყინულზე აკრობატულ ნახტომებს ასრულებს”, – თქვა არი ზაქარიანმა და იქვე მადლიერება გამოხატა ირინა როდნიდას მიმართ, სომხეთის ფიგურული სრიალის სკოლისთვის გაწეული სამსახურისა და დახმარებისთვის, რათა მსოფლიოს სტანდარტების შესაფერისი სპორტული დარბაზი ჰქონოდათ.

ბალდიე 1990 წელს მოსკოვში დაიბადა. დედა რუსი ჰყავს, მამა – აფრიკელი. მოგვიანებით ოჯახი ჯერ გერმანიაში, შემდგე კი კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. “სწორედ დედაჩემის წყალობით, არა მხოლოდ რუსულად ვსაუბრობ, არამედ 7 წლიდან დავდივარ ფიგურულ სრიალზე. თავიდან არ მომწონდა ყინულზე სრიალი და ხანდახან ციგურებს ვმალავდი, რათა არ მევარჯიშა. მაგრამ დედაჩემმა თავი არ დამანება და ვარჯიშს მაიძულებდა”.

ბალდიემ საუკეთესო შეფასება მისცა ერევნის ფიგურული სრიალის სკოლის ყინულის მოედანს. “ძალიან კარგია, რომ სომხეთში ასეთი ყინულის დარბაზია და ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ ფიგურული სრიალი. მათ დიდი პერსპექტივები აქვთ. დღეს შევიტყე, რომ ბავშვები სულ რაღაც ორი თვეა ციგურებზე დგანან, სრიალებენ და ადგილზე ტრიალებს ასრულებენ. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მასტერ-კლასის დროს, მე მათ ერთ ფეხზე ტრიალი, სხვადასხვა ნახტომი და აქსელი ვაჩვენე”.

პატარა ფიგურისტები კი დიდი ინტერესითა და აღფრთოვანებით უყურებდნენ ელაიჯის ტრიუკებს და ყინულის მოედნიდან მისი გაშვება აღარ უნდოდათ.

მოამზადა არმინე აგარონიანმა

Lina Levine-ის ფოტორეპორტაჟი