საქართველოში სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა 14 იანვარს, ქვეყნის რეგიონებიდან, თბილისის დროით, დილის 8 საათზე ენგურის ხიდიდან დაიწყო. სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან მდებარე პოლიციის საგუშაგოსთან სახელმწიფო დროშა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აღმართეს. საქართველოს დროშის დღე ბათუმშიც აღინიშნა, სადაც საზღვაო აკადემიის და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გმირთა საფლავებთან შეიკრიბნენ და დროშა საქართველოს ჰიმნის თანხლებით აღმართეს.

ახალგაზრდების აზრით, სახელმწიფო სიმბოლიკა და ასეთი დღეების აღნიშვნა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

12552847_526936134141331_3711131714822127677_nსამიოდ საათის შემდეგ სახელმწიფო დროშა კახეთში, თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ლაგოდეხის გამგეობასთან აღმართეს. საზეიმო ღონისძიებას ლაგოდეხში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ანალოგიური ღონისძიება კახეთში ახმეტაშიც გაიმართა.

საქართველოს დროშის დღე 14 იანვარს ახალციხეშიც აღნიშნეს, ყაზბეგში და მარნეულში ახალგაზრდებმა დროშა იუსტიციის სახლებთან აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. სტუდენტებმა სახელმწიფო დროშები შინდისში, გმირთა მემორიალთან და ბოლნისში გამგეობის შენობასთანაც აღმართეს.

სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამზადდა სახელმწიფო დროშის ორიგინალი, რომელსაც საპატიო ყარაული სიმბოლურად პრეზიდენტის სასახლეზე აღმართავს, რის შემდეგაც პრეზიდენტის სასახლეში, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე შეინახება. საზეიმო თარიღთან დაკავშირებით დროშები 9 ადგილას აღიმართა.

რეგიონებიდან სტუდენტები ქვეყნის დედაქალაქში გაემგზავრნენ, სადაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო. მან სტუდენტებთან სახელმწიფო სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დროშას აღმართავენ მაშინ, როცა სულს თავისუფლება სწყურია, თუმცა იქვე დასძინა, რომ საქართველო თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანაა, რომელიც მზად არის დავიცვას თავისუფლება.

“ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დროშისთვის ეწამა და სისხლი დაღვარა, ვინც ჩვენი სამშობლოსთვის დაიღუპა. მარადიული ხსოვნა მათ სახელებს. დროშა ისტორიული გმირობის მატარებელია, ჩვენი დროშა მომავლისკენ არის მიმართული. როცა ამ მნიშვნელოვანი სიმბოლოს ირგვლივ ვერთიანდებით, ვფიქრობთ მომავალ გამარჯვებებსა და წარმატებებზე, რომელსაც მომავალში მოვიმკით,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

სახელმწიფო დროშის დღე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით აღინიშნება. საქართველოს ახალი, ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც პარლამენტმა “საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ” ორგანული კანონი დაამტკიცა.

საქართველოს დროშის დღის აღსანიშნავი ღონისძიება პირველად 2012 წელს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციისა და ამერიკის მეგობართა კლუბის ინიციატივით გაიმართა. თავდაპირველად აღნიშნული ხუთჯვრიანი დროშა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული დროშა იყო. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მანამდე არსებული სამფერი დროშა ხუთჯვრიანით შეცვალა. ეროვნულ სიმბოლოსთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში დღესაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

ძველი დროშის მომხრეები არგუმანტად პოეტ გოგლა ლეონიძის სიტყვებს იძველიებენ: “პატივცემულო გამიგონია და ასეც არის შემოწმებული, ჩვენ შინდისფერი დროშა გვქონია შავი არშიით შემოვლებული”.

ზოგისთვის ხუთჯვრიანი დროშა მასონურ ელემენტს შეიცავს. ამ თემაზე დისკუსია ქართულ ინტერნეტ-სივრცეში პერიოდულად იმართება ხოლმე. ვინმე ზაზა კუტიბაშვილი Facebook-ში წერს: “ქართული დროშა – მასონური ელემენტია ჯვაროსნებისგან აღებული სიმბოლიკით და ჯვაროსნები ვინც იყვნენ ესეც კარგად მოგვეხსენება – ჯვრის ნიშანს ამოფარებული მოძალადეები. ამ ქვეყნად უცვლელი არაფერია, მთავარია ჩვენს დროშაზე სიმბოლოები – ნამგალი და უროთი, ან ნამგალა მთვარით არ შეიცვალოს – ჯვარი გვწერია”.

ზოგისთვის ხუთჯვრიანი დროშა ქართული სიმბოლოა და მე-14 საუკუნის დროინდელ რუკებზე ნათლად ჩანს, საქართველოს რომელ კუთხეში გამოიყენებოდა ეს დროშა…

ასეა თუ ისე, როგორც Dalma News-ს პოლიტოლოგმა ჰენრი კუპრაშვილმა განუცხადა, სახელმწიფოს ატრიბუნებისადმი, დროშისა და ჰიმნის მიმართ მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობის გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს საკითხი მაღალ დონეზე დგას გაცილებით დიდ სახელმწიფოებში.

“ბოლოს საუკუნეებია, ქართველებმა, როგორც სხელმწიფო ერმა თავი ვერ გამოვიჩინეთ. მრავალი წელი საკუთარი სახელმწიფო არ გვქონია. თითქოს გადაჩვეულნი ვართ საკუთარი სახელმწიფოს… ნორმალური სახლმწიფოს აშენებას ვერფრით მოვაბით თავი. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს ამ ატრიბუტების, დროშისა და ჰიმნისადმი მოქალაქეთა პატრიოტიზმისა და სიამაყის გაძლერებას. ხომ იცით, როგორ დგას ეს საკითხი მაგალითად, აშშ–ში და სხვა ქვეყნებში…”, – განაცხადა ჰენრი კუპრაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა— საქართველოს ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰიმნთანერთად, შემოღებულა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვრიდან. იმ დღიდან საქართველოს სახელმწიფო დროშად დაკანონდა მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის ჯვარი.

ისტორიკოსების განმარტებით, საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება — ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ეს ზოგადქრისტიანული სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი, პირველად 1099 წელს ჯვაროსანგოდფრუა ბუიონელის გერბზე დაფიქსირდა, ვინაიდან ამ პიროვნებამ მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიიღო. ამ პერიოდიდან ეს ჰერალდიკური ნიშანი მაცხოვრის საფლავს და ამავე დროს ქრისტიანობის ცენტრს, იერუსალიმს განასახიერებს.

თეთრი ფერი ჰერალდიკურად უმანკოებას, უბიწობას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი — სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობას და სიყვარულს. ეს დროშა საქართველოს ტერიტორიის აღმნიშვნელად დაფიქსირდა ანჯელინო დულჩერის პორტულანზე (1339წ.) და ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანების პორტულანზე (1367წ).

ადრეული საქართველოს დროშები სხვადასხვაგვარი იყო. სომეხ ისტორიკოსთა ცნობით, თეთრ დროშაზე რაღაც ნიშანი იყო დატანილი, თუმცა უცნობია კონკრეტული გამოსახულება. არსებობს სხვა ცნობაც, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო დროშაზე წმიდა გიორგის გამოსახულება იყო აღბეჭდილი. ამ ცნობას იძლევა შუა საუკუნეების პოლონელი მოგზაური კოტოვიჩი, რომელსაც უნახავს იერუსალიმში სალოცავად მოსული ქართველები, ქართული სახელმწიფო დროშით. გადმოცემით, “გორგასლიანი და დავითიანი” დროშა მე-19 საუკუნემდე არსებობდა და იგი ქუთაისის სამეფო ზარდახანაში ინახებოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში კი ახალციხის ბრძოლის დროს იგი თურქებს გაუტაციათ.

დაუბრუნდება, თუ არა ქართული საზოგადოება დროშის საკითხის გარკვევას, დრო გვიჩვენებს. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დროს დაკანონებული ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის გარდა, “ვარდების რევოლუციასთანაც” ასოცირდება. იქნებ, ამიტომაც ღირდეს ამ დროშის შენარჩუნება, როგორც მტკიცებულებას იმისას, რომ სახელისუფლებო პარტიები უნდა შეიცვალონ, სახელმწიფოს კი მყარი საფუძველი ჰქონდეს.

შორენა ქარჩავა