პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში, მმართველი პოლიტიკური ძალისგან გამიჯვნას მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი უკვე მეორედ ცდილობს. მან ერთხელ უკვე სცადა პოლიტიკიდან წასვლა, როცა 2012 წელს, საქართველოში, არარევოლუციური გზით შეიცვალა ხელისუფლება და პარტია “ენმ” ხელისუფლებიდან გაუშვეს. ივანიშვილის პოლიტიკაში მეორედ დაბრუნება “ქართულ ოცნებაში” გარკვეულ პოლიტიკურ გადალაგებებს უკავშირდება. ახლები ძველებთან კონტრასტში აღმოჩდნენ, საჭირო იყო სიტუაცია ავტორიტეტულ ფიგურას დაელაგებინა.

2018 წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნდებას, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობა შეეწირა. არადა, საზოგადოებას სწორედ კვირიკაშვილმა ამცნო, მილიარდელის პოლიტიკაში დაბრუნების საჭიროება და პირადად მან სთხოვა ბიძინა ივანიშვილს სათავეში ჩადგომოდა პარტია “ქართული ოცნებას”. 2 წლის თავზე ივანიშვილი კვლავ პოლიტიკიდან წასვლაზე საუბრობს, მაგრამ უკვე საბოლოოდ. ამბობს, რომ პარტიაში სიტუაცია დაალაგა და სრული უფლება აქვს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ამისთვის ასაკიც შესაფერი აქვს – 65 წლის გახდება.

პოლიტიკიდან წასვლას ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი წერილი მიუძღვნა, სადაც ამბობს, რომ საკუთარ მისიას შესრულებულად მიიჩნევს და კიდევ ერთხელ, ანუ უკვე მესამედ დაბრუნებას გამორიცხავს. მისი თქმით, 2018 წელს, მმართველი გუნდის გამოუცდელობის გამო დაბრუნდა პოლიტიკაში.

რაც კი შეიძლებოდა მისგან მიეღო “ქართულ ოცნებას”, მიიღეს. ამის შემდეგ, კიდევ თუ დადგება ივანიშვილის პარტიაში დაბრუნების საჭიროება, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ბიძინამ, რაღაც ვერ გააკეთა ისე, როგორც საჭირო იყო. ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო კარგავს უკან დაბრუნება აზრს.

ბიძინა ივანიშვილი

“თუ რაღაც კარგად ვერ გავაკეთე, მაშინ, რისთვის უნდა დავბრუნდე?”, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

იგი მისიას შესრულებულად მიიჩნევს და სურს, საბოლოოდ დატოვოს პოლიტიკა, სრულად ჩამოცილდეს ქვეყნის მართვის სადავეებს. ის არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, არამედ საკუთრივ პარტიასაც ტოვებს, 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება და გზას უთმობს ახალგაზრდებს.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას “ქართული ოცნების” ლიდერები გამოწვევად აფასებენ.

“ახლა ჩვენ გვმართებს საქართველო საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ, განვამტკიცოთ დემოკრატია, დავძლიოთ სიღარიბე“, – განაცხადა პარტიის გენმდივანმა, კახა კალაძემ.

პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ირაკლი კობახიძემ უკვე დაიკავა.

გიგი უგულავა

ივანიშვილის წასვლას, თუ ვინმე გაეტირა, პირველ რიგში ოპოზიცია. აქამდე ისინი იმით იყვნენ დაკავებულები, რომ თავს აწონებდნენ ოლიგარქს, – მე ამირჩიე, ჩემში დააბანდე ფულიო… ალბათ, ამიტომ შეაფასეს მისი წასვლა გაქცევად. გიგი უგულავამ (“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი) ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლოც კი უწოდა.

“უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანას 8 წელიწადი მართავ მილიარდერი, და შენი მმართველობის შემდეგ გასამმაგებული ვალი რჩება ქვეყანას გადასახდელად”, – ამბობს გიგი უგულავა.

ვლადიმერ ბოჟაძე

ივანიშვილის პოლიტიკურ მიღწევებზე საუბრისას ექსპერტები ხუმრობით მის უდიდეს მონაპოვრად იმას ასახელებენ, რომ დღეს, დემოკრატიაზე ნაციონალები საუბრობენ, ასევე, იმას, რომ განხორციელდა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგადაც ქვეყანამ მრავალპარტიული პარლამენტი მიიღო.

“გავიხსენოთ, როგორი სახელმწიფო გვქონდა 2011 წლამდე: ავტორიტარული მმართველობა, სუსტი, დანაწევრებული ოპოზიციითა და სამოქალაქო საზოგადოებით, სრულად კონტროლირებადი მედიით, დაშინებული ბიზნესითა და მოქალაქეებით, როდესაც ადამიანებს პირდაპირ ქუჩებში ხოცავდნენ. სწორედ ამ ფონზე ახერხებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ხელისუფლების შეცვლას. დღემდე ამერიკელი კონგრესმენები საუბრობენ იმაზე, როგორ ურჩიეს სააკაშვილს, მიეღო ხელისუფლებიდან წასვლის გადაწყვეტილება”, – ამბობს ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე.

პაატა ზაქარეიშვილი

“ქართული ოცნების” ხელისუფლების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი Dalma News-სთან საუბარში ბიძინა ივანიშვილის წერილის განხილვისას ამბობს, რომ ეს წერილი დაწერილია არა ქართული საზოგადოებისთვის, არამედ პარტია “ქართული ოცნების” აქტივისთვის, რათა მათ “ცოტა თავი გაატოკონ და ივანიშვილზე არ იყვნენ ჩამოკიდებულნი”.

“ეს წერილი არის სერიოზული პარტიული დოკუმენტი. ამ წერილით მან ერთგვარად თავი მოუქონა “ქართული ოცნების” აქტივს. მთელი წერილის სულისკვეთება არის ის, რომ ოპოზიცია, ჟურნალისტები, არასამთავრობოები, ექსპერტები, ყველანი ცუდები არიან და მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის კარგი. სააკაშვილი დიდი ხანია წელშია გადატეხილი. “ნაციონალურ მოძრაობას” დღემდე “ქართული ოცნება” ასულდგმულებდა”, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ მიდის ივანიშვილი ახლა, როცა ძალაუფლება მის ხელშია; როცა საკანონმდებლო ხელისუფლებაში უმრავლესობა „ქართული ოცნებისაა“, ოპოზიცია კი ქუჩაშია; როცა ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის გამო, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და ბოლოს, 2021 საქართველოში საარჩევნო წელია, წინ თვითმმართველობის არჩევნებია, პარალელურად ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

“როცა ის პირველად წავიდა, მაშინ, მეც ვიყავი მის გარემოცვაში და მეც ვთხოვდი არ წასულიყო. ის თავისი გადასახედიდან მიიჩნევს, რომ ეს სწორია. როცა კარგად იგრძნობს თავს, ის მიდის, როცა თვლის, რომ პარტიას უჭირს, ბრუნდება. ის წიქარასავით არის (ქართული ხალხური ზღაპრის – “წიქარას” მთავარი პერსონაჟი), როცა “ოცნებას” გაუჭირდება, მაშინ გამოჩნდება”, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, ივანიშვილს არ უნდა პოლიტიკოსობა, მას, როგორც ბიზნესმენს სჭირდება განცდა, რომ ის და მისი ქონება დაცულია.

“თავის წერილში იგი 2-ჯერ ახსენებს უშიშროებას, – როგორც მე დაგიცავით და სააკაშვილის ხალხი ჩემს სამსახურში ჩაგწერეთ, კეთილი ინებეთ და თქვენც დამიცავითო. მას სჭირდება უსაფრთხოება. დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ჩაფლავებულია, სულ მცირე 4 წლის განმავლობაში წელში ვერ გაიმართებიან. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, სურს შეამოწმოს “ქართული ოცნების“ შესაძლებლობები, მართლა უდღეურია ეს პარტია მის გარეშე, თუ შეუძლია იფუნქციონიროს”, – განუცხადა Dalma News-ს პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილს ქვეყანა რომ ადარდებდეს, “ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს არ დატოვებდა, ადამიანს, რომელსაც პარტიაშიც კი არ აქვს ავტორიტეტი.

“მან დიდხანს ატარა ექსპერიმენტები ალასანიებზე, უსუფაშვილებზე … და გამოიყვანა კობახიძის ჩითილი. ივანიშვილი დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს პატივს სცემს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს გადაწყვეტილება ივანიშვილის გადაწყვეტილებას უნდა შეესაბამებოდეს. კვირიკაშვილმა დაიჯერა, რომ ის იყო პრემიერ-მინისტრი, ისევე, როგორც მე დავიჯერე, რომ ვიყავი მინისტრი. ჩვენ ვიყავით ნახევარმინისტრები, მეორე ნახევარი იყო უშიშროება, ისინი რთავდნენ ივანიშვილს ჩრდილოვან მმართველად”, – ამბობს პოლიტოლოგი.

გია ხუხაშვილი

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეპოქალურ მოვლენას უწოდებს მისი ყოფილი მრჩეველი, ექსპერტი გია ხუხაშვილი. მისივე თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილი ფლობდა ქვეყანაში აბსოლუტურ ძალაუფლებას, აკონტროლებდა, როგორც ძალოვან სისტემას, ასევე ფინანსურ ნაკადებს, ყველა პრინციპულ და სისტემურ გადაწყვეტილებას ის იღებდა, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ ეს წასვლაც დროებითია და მას ისევ მოუწევს უკან დაბრუნება.

“პოლიტიკიდან და ხელისუფლებიდან წასვლა არის მძიმე და რთული პროცესი, მით უმეტეს, მის შემთხვევაში, როცა ძალაუფლების ყველა ძაფი მასთან არის კონცენტრირებული. ამ ყველაფრის გადაბარება ისეთ სისტემებზე, რომელთა ეფექტიანობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ხანგრძლივი პროცესი იქნება. ეს არის სიტუაცია, როცა მიდის, მაგრამ რეალურად არსად”, – ამბობს გია ხუხაშვილი.

ამირან სალუქვაძე

ანალიტოკოს ამირან სალუქვაძის შეფასებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის უჩვეულოა პოლიტიკოსების პოლიტიკიდან საკუთარი ნებით წასვლა მაშინ, როცა სრულ ძალაუფლებას ფლობენ. შესაბამისად, “ქ/ოცნების” ოპონენტები არ დაიჯერებენ და იქნება სპეკულაციები. ხოლო, ვინც დაიჯერებს, ისინიც ისპეკულირებენ.

“ფაქტია, რომ ამ ადამიანმა ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის, როგორც მატერიალურად, ასევე პოლიტიკისთვის. იმ მუხტის პირობებში, რომელიც მოსახლეობაში წინა ხელისუფლების წინააღმდეგ იყო დაგროვილი, ახლოს ვიყავით სამოქალაქო დაპირისპირებასთან. პროცესები კი ისე განვითარდა, როგორც ამ წლებში ვიხილეთ. პლუსია ეს თუ მინუსი, თავად შეაფასეთ. დიდი ხანია მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს განახლებისკენ, პოლიტიკას განარიდონ ხალხისთვის მიუღებელი პირები, რის გამოც, 8 წელია აგებენ არჩევნებს”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

ბიძინა ივანიშვილმა ქონების 95% საქველმოქმედო “ქართუ ფონდს” გადასცა. მას არაერთხელ უთქვამს, რომ საზოგადოების ჭარბი ნდობა უხერხულობას უქმნის და, არც პოლიტიკოსობა ხიბლავს. რომ მოუწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც, რამდენიმე ადამიანი 9 წლის განმავლობაში მეთოდურად აშენებდა და ამყარებდა. ივანიშვილის აზრით, დღეს ეს ბოროტება მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა, სამწუხაროდ, მისი მავნე ზემოქმედება, ჯერ კიდევ იგრძნობა. ოლიგარქი იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხი აღარ დაუშვებს დიქტატურის დაბრუნებას.

გიორგი ცუცქირიძე

ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი დიდი ქველმოქმედი და მეცენატია, მაგრამ მისი გადაწყვეტილება, რომ ქონების არანაკლებ 95%-ს ქველმოქმედებას და საზოგადო საქმეს მოახმარს, არის არა მხოლოდ მასშტაბური, არამედ უპრეცედენტოც.

მისი თქმით, მსოფლიო პრაქტიკა ნამდვილად არ იცნობს ასეთ მასშტაბებს.

“ჩემთვისაც კი, რომელსაც ჰქონდა უშუალო შეხება საბანკო სექტორთან, სიურპრიზი გამოდგა, მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ “ქართუ ბანკიდან“ დივიდენდი არასოდეს აუღია, ხოლო ბანკმა, ამ წლების განმავლობაში, საკუთარი მოგებიდან 55 მილიონი დოლარი ასევე ქველმოქმედებაზე მიმართა”, – ამბობს გიორგი ცუცქირიძე.

მისივე შეფასებით, “ქართუ ბანკს” არასოდეს უცდია აგრესიული მარკეტინგული მოქმედებები ბაზარზე, არასოდეს ჰქონია მიზნად ბაზრის მონოპოლისტობა, განსხვავებით სხვა საბანკო ჯგუფებისგან, იგივე ახლა პოლიტიკაში გადაბარგებული ხაზარაძისგან, რომლის სტრატეგიაც სწორედ საპირისპირო იყო.

შორენა პაპაშვილი