საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) ინფორმაციით, 2024 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 13.9%-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
ოფიციალური მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია. 2019 წელს უმუშევრობის დონე 17.6% იყო, 2020 და 2021 წლებში — შესაბამისად 18.5% და 20.6%, 2022 წელს — 17.3%, ხოლო 2023 წელს — 16.4%.
მუშახელის აქტივობის დონე, ანუ მოსახლეობის იმ ნაწილის წილი, რომელიც ეკონომიკურად აქტიურია და 15 წლის ან მეტია, 1.5%-ით გაიზარდა და 54.8% შეადგინა. ამავდროულად, დასაქმების დონე 2.6%-ით გაიზარდა და 47.1%-ს მიაღწია.
„საქსტატის“ მონაცემებით, უმუშევრობის კლების ტენდენცია შეინიშნება როგორც ურბანულ, ასევე სოფლის დასახლებებში. ქალაქებში უმუშევრობის დონე 3.2%-ით შემცირდა და 14.5%-ს შეადგენს, ხოლო სოფლად — 1.4%-ით, 13.2%-მდე. ქალაქებში დასაქმებულთა რაოდენობა 3.1%-ით გაიზარდა, სოფლად კი — 1.9%-ით.
2024 წელს დაქირავებით დასაქმებულთა წილი მთლიანი დასაქმებული მოსახლეობის სტრუქტურაში 68.5% იყო, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
ტრადიციულად, უმუშევრობის დონე მაღალია მამაკაცებში, თუმცა შემცირება ორივე სქესში დაფიქსირდა — ქალებში 2.8%-ით, ხოლო მამაკაცებში — 2.2%-ით.
აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებელი აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზს, რომლის მიხედვითაც 2024 წლისთვის უმუშევრობის დონე საქართველოში 14.5% უნდა ყოფილიყო.
მიუხედავად პოზიტიური ტენდენციისა, საქართველო კვლავ იმ ქვეყნების სიაშია, სადაც უმუშევრობის დონე ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს სუდანსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შემდეგ. მეოთხე ადგილზეა სომხეთი — 13.5%-იანი უმუშევრობით.
IMF-ის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 14.5%-ზე შენარჩუნდება, თუმცა არსებული კლების ტენდენციის ფონზე, ეს მაჩვენებელი შესაძლოა გადახედილ იქნეს.