მეშვიდე წელია საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება, თუმცა თავად ქართული დროშა, არსებობის 7 საუკუნეს ითვლის და მსოფლიოს სახელმწიფო დროშებს შორის ერთ-ერთი უძველესია. 14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღედ ქვეყანაში, 2004 წელს მიღებული ორგანული კანონის საფუძველზე გამოცხადდა და ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო გახდა.

ამ ყველაფერს დღესასწაულის სახე 2012 წლიდან მიეცა. საზეიმო ღონისძიება პირველად თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართა, რიგით გამვლელებს სამახსოვროდ პატარა დროშებს ურიგებდნენ. მას შემდეგ, სახელმწიფო დროშის დღე ოფიციალური თარიღია და ოფოციალურ დონეზე აღინიშნება. წლეულს უკვე გაჩნდა იდეა, რომ 14 იანვარი სახალხო დღესასწაულად იქცეს.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოსახლეობას მოუწოდეს, ამ დღეს, საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ავტომობილებიდან საქართველოს სახელმწიფო დროშა გადმოფინონ. მათი არგუმენტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო დროშა ეროვნული მოძრაობის, ხალხმრავალი გამოსვლების დროს გამოჩანდა და არასწორია მისი მარტო სახელმწიფო დაწესებულებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საპროტესტო აქციებთან გაიგივება. სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესად ეროვნული დღესასწაულია.

“დგება დრო, სახელმწიფო დროშამ საქართველოს მოქალაქის ცხოვრებაში დაიმკვიდროს ადგილი. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა”, – აცხადებენ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში.

ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მოწოდებები გადაჭარბებულ პომპეზურობად მიაჩნია ისტორიკოს ქეთევან პავლიაშვილს. მისი აზრით, ამ საქმეში სხვა ქვეყნების მიმბაძველობა არ გამოდგება. მსგავსი საზეიმო და ამაღლებული განწყობა საქართველოს მოსახლეობაში ბუნებრივად, პოლიტიკური მოწოდებების გარეშე უნდა ჩნდებოდეს. საამისო ვითარება და განწყობა კი, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში დღეს არ არის.

მისივე თქმით, მოქალაქემ თავისი საქმით და აზროვნებით უნდა დაასაბუთოს, რომ ქვეყნის მოჭირნახულეა. დროშას პატივს ქვეყნის სიყვარულის გამო სცემენ.

“​ქართველებს გვიყვარს გადაჭარბებული პომპეზურობა. ქართველები, რომლებიც ერთმანეთს არ ვუფრთხილდებით, არ ვზრუნავთ ქვეყნის აღმშენებლობაზე კი არა, სახელმწიფოებრიობის შექმნაზე. როცა ხელისუფლების წარმომადგენლები პირად ინტერესებზე ორიენტირებულნი, არიან, არ აინტერესებთ ირგვლივ რა ხდება ხალხის თავს, მოწოდება, რომ თურმე, საქართველოს დროშა აივანზე უნდა გადმოვფინოთ, თვალებში ნაცრის შეყრაა. სახელმწიფოებრიობის შექმნას არ სჭირდება დროშების ქნევა, ამას უნდა საქმის გაკეთება. თუ ვიღაცის აწყობილ ქვეყანაში დროშა იფინება, მე ამით რამე გამიკეთდა? საქმეზე ორინეტიორებული სანამ არ იქნება ქართველობა, გინდა აივანზე გადმოფინოს დროშა და გინდა სახურავზე აღმართოს, ერთი ფასი აქვს”, – აცხადებს ქეთევან პავლიაშვილი.

პრეზიდენტმა, რომელიც სულ სხვა დროშის ქვეშ გაიზარდა, საქართველოს სახელმწიფო დროშა წელს პირველად აღმართა. 5-ჯვრიანი დროშა წელს პირველად, პრეზიდენტის სასახლის ნაცვლად, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლის ეზოში აღმართეს. მიზეზი მარტივია. საქართველოს პრეზიდენტი პირველად გახდა ქართველ ემიგრანტთა შთამომავალი, რომელმაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ, აშენებულ ავლაბრის სასახლეს, მოკრძალებული შენობა არჩია. დედაქალაქის ცენტრში ყველაზე შემაღლებულ ადგილზე მდგარი სასახლის მთავარი მასპინძელი ქვეყნის პირველი პირი აღარ არის. შესაბამისად, სახელმწიფო დროშის ეტალონმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ინახებოდა, მისამართი შეიცვალა.

დროში აღმართვის საზეიმო ცერემონიალი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა და მათ სახელმწიფო დროშის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო დროშა ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული სიმბოლოა და მას ყველა მოქალაქემ პატივი უნდა სცეს. თუმცა, თავად სალომე ზურაბიშვილი, ემიგრაციაში, სულ სხვა დროში ქვეშ იზრდებოდა, რომელსაც არ ჰქონია სახელმწიფო დროშის დატვირთვა. ეს არის სამფეროვანი დროშა, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიას, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლოდ დარჩა.

“ეს არის ჩვენი ისტორიული დროშა, რომელიც ყოველთვის ასახავს სახელმწიფოს, ქვეყნის და ერის მთელს ისტორიას. ვიცით, რომ ქართველები არაერთი დროშის ქვეშ იბრძოდნენ და იცავდნენ თავიანთ სახელმწიფოს. პირადად მე, უცხოეთში სამფეროვანი დროშის ქვეშ გავიზარდე და ვოცნებობდით, რომ საქართველოს ხელახლა ექნებოდა სახელმწიფო დროშა. დღეს, ეს დროშა ჩვენი სახელმწიფო დროშაა და მას პატივი უნდა ვცეთ! დროშის პატივისცემა ჩვენი ქვეყნის, მისი კულტურის, მისი იდენტობის პატივისცემაა! სადაც უნდა იყოთ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ამ დროშის ქვეშ თქვენ საქართველოს ელჩები ხართ და უნდა მოიქცეთ ისე, როგორც შეეფერება ამ დროშას, როგორც შეეფერება ამ ქვეყანას”, – მიმართა პრეზიდენტმა ახალგაზრდებს.

როგორც Dalma News-სთან საუბრისას, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ქეთევან პავლიაშვილმა განმარტა, XV საუკუნეში, სამთავროებად დაშლილ საქართველოში ორი სამეფო იყო – აღმოსავლეთში იბერიის, დასავლეთში – იმერეთის. სწორედ იბერიის შინდისფერი დროშა აიღეს ქართველმა მენშევიკებმა დემოკრატიული საქართველოს სიმბოლოდ. ხოლო იმერეთის სამეფოს დროშა იყო თეთრი, წმინდა გიორგის გამოსახულებით.

შინდისფერი დროშა ბევრისთვის დღესაც, ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა. იგი 5-ჯვრიანი დროშით, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ შეიცვალა, თუმცა მანამდე, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დროშად განიხილებოდა. პარტიული კუთვნილების გამო, თეთრი დროში მიმართ, ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა დღესაც არსებობს.

როგორც ქეთევან პავლიაშვილი განმარტავს, ამ ორ დროშას შორის სხვაობა დიდია მისი შინაარსისა და ჰერალდიკური დატვირთვის გათვალისწინებით. მუქი შინდისფერს ჰქონდა სისხლის დატვირთვა, შავი იყო საქართველოს მიწა, თეთრი – სიყვარული და პატიოსნება.

“ჰერალდიკურ ნიშანში უნდა იჯდეს სახელმწიფოს იდეა და იდეოლოგია. ქართველი კაცი ეწირებოდა უფლის კვართს. პირდაპირ დაიწერა, რომ ის ქვეყანა, სადაც მივიდოდა კვართი, არასდროს დანაწევრდებოდა. ლეგიონერებმა ვერ დაანაწევრეს იესოს კვართი და მერე ყარეს კენჭი. ასე მოხვდა ის საქართველოში”, – აცხადებს ისტორიკოსი და დასძენს, რომ 5-ჯვრიანი დროშის შინაარსი და დატვირთვაც სწორედ ქრისტიანულ სარწმუნოებაშია.

მისივე თქმით, ისტორიულად ქართული სახელმწიფო დროშა იყო თეთრი. ხოლო ჯვარი ჰერალდიკაში, წარმოადგენს უფლის საფლავის და ქრისტიანობის აკვნის, იერუსალიმის სიმბოლოს. შესაძლოა, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ვიღაცისთვის დღევანდელი დროშა მიუღებელი იყოს, თუმცა მეცნიერული არგუმენტები სრულებით საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

“როგორც ისტორიკოს შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სწორედ ის დროშა, რომელიც ისტორიული წარსულიდან გამომდინარეც და თავისი შინაარსობრივი დატვირთვითაც ზუსტად მიესადაგება ქართულ სახელწმიფოებრიობას. უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ იქიდან, რომ დროშაზე გამოსახულია ბოლნურ – კაცხური ჯვარი. ეს ჯვარი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანების იდეის მატარებელია. დროშის ცენტრში გამოსახულია დიდი ჯვარი, რომელსაც აქვს მაცხოვრის დატვირთვა, ხოლო თითოეულ ოთხკუთხედში განთავსებული პატარა ჯვრები არის 4 მოციქულის (მათე, მარკოზი, იოანე და ლუკა) სიმბოლო, რომლებმაც გვახარეს წმინდა წერილი, სახარება”, – აცხადებს პროფესორი ქეთევან პავლიაშვილი.

მისივე თქმით, ჯვარი, როგორც სახელმწიფო საზღვრების აღმნიშვნელი ჰერალდიკული ნიშანი დროშაზე, მსოფლიოში პირველად XI საუკუნის მიწურულს გამოჩნდა. ბევრ დასავლურ წყაროებში გვხდება ჯვაროსანი გოლთრუა ბუიონელი, რომლის გერბზეც გამოისახა პირველად ჯვარი. მას ჰქონდა მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული. ჯვარი განასახიერებს მაცხოვრის საფლავს და იმავდროულად ქრისტიანობის ცენტრს, იერუსალიმს.

“განა საქართველოში, ქალაქ მცხეთაში მაცხოვრის პერანგი არ ინახება? ეს ქართველმა შესანიშნავად იცოდა. მაცხოვარს რომ საფლავი არ აქვს ვიცით, მან ნიშნად დაგვიტოვა თავისი კვართი და ისიც მცხეთაშია. მეორე – ნიშანი ქრისტიანობის ცენტრის იერუსალიმის. განა აღორძინების პერიოდში ქართველმა, ძალიან დიდმა მოღვაწეებმა გარკვევით არ თქვეს, რომ საქართველო – ეს არის ახალი იერუსალიმი? ამდენად 5-ჯვრიანი დროშა ამ ორივე ნიშანს აბსოლუტურად აკმაყოფილებს”, – ამბობს ისტორიკოსი.

რაც შეეხება თეთრს ფერს, საქართველოს სამეფო, ანუ სეფე დროშა ისტორიულად იყო თეთრი, ანუ ვერცხლისფერი. თეოლოგიური თვალსაზრისით თეთრი უბიწობას, უმანკოებას, სიბრძნეს ნიშნავს, ხოლო მასზე გამოსახული წითელი ჯვარი – სიმამაცეს, სამართლიანობას, სიყვარულს.

“დროშა, რომელიც დღეს გვაქვს, ჰერალდიკის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ის არის ჯერ კიდევ XIV საუკუნის და ზუსტად მისი დუბლიკატი გაკეთდა. XIV საუკუნეში ასეთი სახის დროშები ჰქონდათ იტალიელებსაც – ვენეციისა და ფლორენციის დამოუკიდებელ რესპუბლიკებს. ჩვენი 5- ჯვრიანი დროშა 7 საუკუნეს ითვლის და მსოფლიოში ყველაზე ძველი დროშაა. ფაქტობრივად, როგორც მე დავადგინე, მეორე ადგილზეა დანიის დროშის მერე, თავისი სიძველით. სულ სხვა ფორმის ჯვრებია გამოსახული ჯვაროსანთა დროშაზე. ის ტიპიური კათოლიკური ჯვრებია, ჩვენს ბოლნურ-კაცხურ ჯვარს კი ანალოგი მთელს მსოფლიოში არ მოეძებნება. ჯვაროსნებს დროშაზე ჯვარი მხოლოდ იმიტომ ჰქონდათ, რომ ისინი მიდიოდნენ მაცხოვრის საფლავის გასათავისუფლებლად, მაგრამ ის დროშა, არ იყო სახელმწიფო დროშა”, – ამბობს ქეთევან პავლიაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელი დროშა გორგასლიან-დავითიანის დროშის ერთგვარი გაგრძელებაა. დავით აღმაშენებლის პოლიტიკა მთლიანად იყო გორგასლის ეპოქის სახელმწიფოს რესტავრაცია. ძველი ისტორიული წყაროების თანახმად გორგასლის დროშა იყო თეთრი, ზედ წმინდა გიორგის გამოსახულებით, დროშის ტარი იყო წითელი და თავზე ჯვრის ფორმით. ამას მოწმობს XII-XIII საუკუნეებში მოღვაწე, პოლონელი მოგზაურის, კოტივიჩის ჩანაწერები.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 5-ჯვრიანი დროშის სახელმწიფო დროშად გამოცხადებას საზოგადოების ნაწილი მაშინ, მწვავედ აკრიტიკებდა. იყვნენ ისეთებიც, ვინ ამბობდა, რომ ეთნიკური მრავალფეროვნების გამო საქართველოს დროშაზე ჯვარი, როგორც ქრისტიანობის სიმბოლო არ უნდა ყოფილიყო. სახელმწიფო დროშაზე ჰერალდიკური ნიშანი ამ ქვეყნის სახელმწიფო იდეოლოგიის გამომხატველია.

“ამ საკითხში საკამათო არაფერი იყო, გარდა პოლიტიკური მოსაზრებებისა. იმის გამო, რომ დროშა “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავის პარტიულ დროშად აიღო და შემდგომ გამოაცხადა ის სახელმწიფო დროშად, მათ, ვინც სააკაშვილის პერსონას უპირისპირდებოდა და მისივე რეფორმები მიუღებელი იყო, გადაწყვიტეს, რომ ძველი დროშა უფრო კარგია. მე ნამდვილად ვერ გეტყვით, სააკაშვილმა ეს ყველაფერი, რაც ზემოთ ვთქვით, იცოდა თუ არა. ეს დროშა საპატრიარქოში იკურთხა პირველად და, ალბათ, სააკაშვილმაც იქ ნახა. პატრიარქი და ჩვენი ეკლესია კი უღირს დროშას რომ არ აკურთხებდა, ამაში ყველა ჭკუათმყოფელი დამეთანხმება”, – განუცხადა Dalma News-ს პროფესორმა ქეთევან პავლიაშვილმა.

შორენა პაპაშვილი