ახალი წელი საოცრებების არის. უკეთესის მოლოდინში სურვილებს ვუთქვამთ, პატარებივით გვჯერა სასწაულის, რომელიც ახალი წლის ღამით უნდა მოხდეს – შარშან თუ არა წელს, წელს თუ არა მომავალში მაინც. 2020 წელი უმძიმეს გამოწვევად და ნამდვილ განსაწმენდელად გვექცა. ბევრი ვიფიქრე, როგორი მასალა მომემზადებინა Dalma News-ის მკითხველისთვის საახალწლოდ, რა მეთქვა ახალი?  ამ ფიქრებში ვიყავი, თან, ანაგრიშმიუცემლად ვათვალიერებდი ფოტოებს ინტერნეტში, რომ უცებ ვიპოვე გოგონა – მზესავით ნათელი თმებით, ცასავით კრიალა თვალებით. მერე სოციალურ ქსელში მისი გვერდი მოვძებნე და ერთ საინტერესო ჩანაწერს წავაწყდი:

ბიბლიოთეკაში ასაკოვანი ქალი თავაუღებლად კითხულონდა წიგნს, სლავური გარეგნობის გამო, რამდენჯერმე გავხედე, ტურისტი მეგონა. მის პირდაპირ დავჯექი  და წიგნების არჩევა დავიწყე. ცოტა ხანში თავი ასწია, შემომხედა და მითხრა, – რა ლამაზი ხარ, ბოტიჩელის გაზაფხული გამახსენდა, ნეტა ყველა შენნაირად შემოსილი დადიოდეს, ძალიან მესიამოვნა შენი დანახვაო. შემრცხვა. გამოსვლისას, ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ქალმა კარებში მომაძახა, – რუსული ზღაპრიდან გადმოსულ პერსონაჟს ჰგავხარო, – ისევ შემრცხვა, თან ძალიან გამიხარდა, მალიამის ნაჩუქარმა მზესუმზირების არაჩვეულებრივმა გვირგვინმა  მოწონება რომ დაიმსახურა”.

ეს საოცრად ლამაზი, დედაქალაქში დაბადებული და გაზრდილი გოგო, მარგარეტ დაიაურია. სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლის დამთავრების  შემდეგ, ბავშვობის ოცნება აიხდინა და მუზების საძიებლად მთაში წავიდა. ის შატილის საჯარო სკოლის მოხალისე პედაგოგია. სკოლის მოსწავლეებს ხელოვნებას და მუსიკას ასწავლის. წლეულს აღმზრდელის ფუნქციაც დაემატა. თავიდან ძალიან გაუჭირდა მთის მკაცრ პირობებთან შეგუება და კოშკში ცხოვრება, მაგრამ მიხვდა, რომ სირთულეების დაძლევა, კიდევ უფრო აძლიერებს ადამიანს. პროფესიით სამკაულის დიზაინერია, უყვარს კითხვა, თოჯინების შექმნა, ცეკვა, ქარგვა, ძერწვა და ა.შ.

–  ხელოვანების ოჯახში გავიზარდე. მამაც და ბიძაც მხატვრები მყავს. ჩვენს ოჯახში თითქმის ყველა ხატავს, ამიტომ ჩემი უსაზღვრო მიდრეკილება ამ სფეროსადმი გენეტიკურია. დედას სამედიცინო განათლება აქვს. მთელი დრო, განათლება და ენერგია ჩემს აღზრდას მიუძღვნა.

–  ატომ შატილი? 

– მეორე წელია შატილში ვცხოვრობ. ბავშვობაში, ყოველ არდადეგებს ხევსურეთში, დედაჩემის სოფელ კარწაულთაში ვატარებდი. იმ დროიდან, საოცარი სიყვარული და ინტერესი გამიჩნდა ხევსურული კულტურისა და აქაური ცხოვრებისადმი. ბებია და პაპა ყოველთვის განსაკუთრებულ, ზღაპრულ გარემოს მიქმნიდნენ, მათი მაგალითი ჩემი მთავარი მოტივაცია იყო. ყველასგან მიტოვებულ სოფელში ერთადერთი მუდმივად მცხოვრები ოჯახი იყო და მიუხედავად იმისა, რომ არც დენი, არც გზა, საერთოდ არაფერი არ ჰქონდათ, რაც გარესამყაროსთან დააკავშირებდა, მაინც არ ტოვებდნენ საკუთარი წინაპრების ადგილს, არ ემეტებოდათ სოფელი დასაცლელად. ამან განაპირობა ჩემი დაბრუნება მთაში. ჩემს ამ გადაწყვეტილებას მათ ვუძღვნი, ამან გადამაწყვეტინა შატილში მცხოვრები ბავშვებისთვის, სკოლის ყველაზე ესთეტიურ საგანში განათლება მიმეცა, რადგან არ მინდოდა მასწავლებლებისგან მიტოვებულად ეგრძნოთ თავი, არ მინდოდა ხელოვნების სწავლის გარეშე დაემთავრებინათ სკოლა და არ სცოდნოდათ, როგორც ქართული, ასევე უცხოური კულტურა.

– შატის შენი ოქროსფერი თმები შესწირე…

– შატილში ძალიან ხისტი წყალია, თმას და კანს საერთოდ არ უფრთხილდება.  წელამდე თმა, გარკვეული დროის შემდეგ, მხრებამდე დამიმოკლდა, მწყდებოდა და მცვიოდა. გადავწყვიტე საკუთარი თმა შატილის წყალთან, როგორმე დამეზავებინა და მე თვითონ შევიჭერი.

ულამაზესი თქმა გაქვთ, ბუნებრივი ფერია?

– ​მოწითურო ოქროსფერი თმა მაქვს. დიახ, ბუნებრივია. დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, მიხარია.

– საოცრად გიხდებათ ხევსურული კაბები, მთის ხალხი ტრადიციების მიმდევრები არიან, მოგწონთ აქაური ტრადიციები?

– ჩვენმა ტრადიციებმა შექმნეს ქართული კულტურა, რაც სხვა ერებისგან დღემდე გამოგვარჩევს და ზუსტად ამიტომ, დიდ პატივს ვცემ ტრადიციებს. გამოვარჩევდი სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას, რომელიც ძალიან მომწონს, არა მხოლოდ მე, არამედ ჩამოსულ ტურისტებსაც. რაც არ მომწონს – ქელეხის სუფრაა, რომელიც თავისი არსისგან განსხვავებით, საერთოდ სხვა იერსახეს იძენს ხოლმე.

როგორია ახალი წელი შატილში?

– ხევსურები, ყოველთვის ძველით-ახალ წელს აღნიშნავდნენ, ამიტომ 31 დეკემბერი დიდად მნიშვნელოვანი დღე არასდროს ყოფილა მათთვის. შესაბამისად ეს ახალი წელი, ისეთივე ჩვეულებრივი დღე იქნება აქ, როგორც სხვა დანარჩენი, თუმცა 14 იანვარი, როგორც სხვა დანარჩენ ოჯახებში, აქაც სადღესასწაულო განწყობითა და მზადებით გამოირჩევა.

– რით განსხვავდება მთის ცხოვრების წესი ბარისგან?

– მთაში ცხოვრება ბევრად რთულია. აქ ყოველთვის მზად უნდა იყო გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. მაგალითად, მოულოდნელი ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში, კლინიკაში კი არა, აფთიაქშიც ვერ მიხვალ, რადგან შატილში არცერთი არაა. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ დაელოდო სასაზღვრო ფრენას, რომელიც, ან დროულად მოფრინდება, ან არა, რაც სიცოცხლისთვის ზედმეტად დიდი რისკია. დენის წასვლა და ინტერნეტის გათიშვა ხშირი შემთხვევაა, განსაკუთრებით ზამთარში, ამინდიდან გამომდინარე.  პრობლემა კიდევ ისაა, რომ შატილში მხოლოდ სეზონურად, 3 თვის განმავლობაში მუშაობს მაღაზია. დანარჩენი დრო, პროდუქტისა და მედიკამენტების ლოდინში გადის, რომ, რომელიმე ტრანსპორტს, ან სასაზღვრო ფრენას გამოატანენ. შეიძლება მობილურმაც არ დაიჭიროს, რამდენიმე დღე. მთაში ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, რადგან აქ ყოველი დღე გადარჩენისთვის ბრძოლას ჰგავს.

სასწაულების თუ გჯერათ?

– საახალწლო სასწაულებზე არ მიფიქრია, მაგრამ ზოგადად სასწაულების მჯერა. მე, საერთოდ, სასწაულს სუბიექტურად ვუყურებ. შატილში რომ ვწერ ამ ინტერვიუს და თბილისში გიგზავნით, ესეც სასწაულია ჩემთვის. უცნობ ბავშვებს, ჩემნაირი მასწავლებელი რომ უნდათ და მშობლებს ამას სთხოვენ, ესეც სასწაულია. ყველა ადამიანი, ვინც ოდესმე უანგაროდ დამხმარებია და დადებითი ემოციებით ავუვსივარ, ესეც სასწაულია. ქუჩაში სიარულისას, სრულიად უცხო ადამიანები რომ მხვდებიან, მიღიმიან და მეხუტებიან, ჩემთან ერთად ფოტოს იღებენ, ან საჩუქრებს მიგზავნიან მადლიერებისთვის, მაშინ, როცა პირადად მათთვის მე არაფერი გამიკეთებია, ესეც სასწაულია. აი ახლა, ამ ინტერვიუს წერისას, მეორე სოფლიდან საჩუქარი გამომიგზავნეს, ესეც სასწაულია ჩემთვის, ამიტომ, უდიდესი მადლობა თითოეულ მათგანს ამ ყველა სასწაულისთვის.

განსაკუთრებული ახალი წელი თუ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში?  

– გამორჩეულად მახსოვს 8 წლის ასაკში, დიდი ხნის ნატვრა ამისრულეს და ზამთრის არდადეგებზე ხევსურეთში წამიყვანეს პაპა-ბებიასთან და იქ შევხვდით ახალ წელს, ჩემს დაბადების დღესაც. სულ მაინტერესებდა ხევსურეთი ზამთარში, ამიტომ ეს ყველაზე საოცარი საჩუქარი იყო ჩემთვის. თოვლი წელამდე მწვდებოდა, სიარული მიჭირდა და ყოველ ორ ნაბიჯში, მთლიანად ვეფლობოდი თოვლში. საოცრად სახალისო მომენტები იყო. ჩემს გარშემო კი, მთები გიგანტურ ბამბის ნაყინებს ჰგავდნენ და ეს უფრო მეტ ჯადოსნურობას სძენდა აქაურობას. წარმოუდგენელი ემოციები იყო, მაშინ ეს ჩემთვის. 8 წლის წავედი და 9 წლის დავბრუნდი სახლში, ვფიქრობ იმ წელს, დრომ კი არა, ხევსურეთის გამაოგნებელმა პეიზაჟებმა და განცდილმა ემოციებმა გამზარდეს.

რა არის ცხოვრებაში მთავარი?

– გულწრფელობა და სიკეთე. ვგიჟდები გულწრფელ და კეთილ ადამიანებზე, როგორი უცხოებიც არ უნდა იყვნენ, რაღაცნაირად, მაშინვე შინაურად, ახლობლებად აღვიქვამ ხოლმე. მაცოცხლებს, მამშვიდებს, მაბედნიერებს, გულწრფელი და კეთილი ადამიანი. ერთი სიამოვნებაა ასეთების პოვნა და მათთან ურთიერთობა.

პანდემიამ თუ შეცვალა რამე თქვენს ცხოვრებაში?

– ხევსურეთში, ფაქტობრივად, ვერ ვიგრძენით პანდემია, რადგან აქამდეც მუდმივ იზოლაციაში ვიყავით, ტრანსპორტის არარსებობისა და ადამიანების სიმცირის გამო. სოფელში, დაახლოებით, 15 კაცი ცხოვრობს. სკოლაში სულ 5 ბავშვია. ერთადერთი, ონლაინ სწავლებაზე გადასვლა იყო, რაც პანდემიის გამო, როგორც მთელ ქვეყანას, ასევე ჩვენც მოგვიწია.

რა გასწავლათ პანდემიამ?

– არ ვიცი რა მასწავლა პანდემიამ, მაგრამ მკაფიოდ დამანახა ის, რომ ყველა პრობლემისა და ნეგატივის ფონზე, ადამიანების სიკეთეს საზღვარი არ აქვს. იმდენ თანადგომას, ერთმანეთისადმი ზრუნვას და ყურადღებას ვხედავდი სოციალურ ქსელში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, რომ ძალიან მიჭირდა ემოციების მართვა. აი, ყველაზე მეტად გულწრფელობა, უანგარო სიკეთე მაოცებს და მხიბლავს ადამიანებში, ამიტომ ჩემი უდიდესი პატივისცემა თითოეულს, ვინც, თუნდაც ელემენტარული დახმარება გაუწია ამ ვითარებაში სხვა ადამიანს თუ ადამიანებს.

რას უსურვებთ ამ ახალ წელს ქვეყანას და თქვენს თავს?

– ქვეყანას, პირველ რიგში, მშვიდობას და პანდემიის დასრულებას ვუსურვებ, ინფიცირებულ ადამიანებს კი, მალე გამოჯანმრთელებას. რა თქმა უნდა, მეორე სურვილი ისაა, რომ დაგვებრუნებინოს დაკარგული ტერიტორიები. და ბოლოს, ვისურვებ რომ ნაკლები გაჭირვებული ადამიანი და არცერთი ღია ცის ქვეშ დარჩენილი ბავშვი აღარ ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას. საკუთარ თავს რაც შეეხება, ამხდენოდეს ოცნებები იმისთვის, რომ სხვების ოცნებების ახდენა შევძლო.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი