აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებული დემოკრატიის ვირტუალური სამიტის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამიტზე დადებული პირობის შესრულებას შეუდგა. მისი პირობა საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებას და ეროვნული თანხმობის პროცესის წამოწყებას გულისხმობს. ანუ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა და უკანასკნელმა ქალმა პრეზიდენტმა უნდა შეძლოს ის, რაც ვერ შეძლო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში არაერთი ვიზიტისა და ქართველ პოლიტიკოსებისთვის მიცემული რეკომენდაციების მიუხედავად.

ეროვნული თანხმობისა და შერიგების ინიციატივის განსახორციელებლად პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კურთხევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ, ილია მეორისგან ითხოვა. თავის მხრივ, საპატრიარქოში განმარტეს, რომ ეკლესია ყოველთვის დაუჭერს მხარს ქვეყანაში პოლარიზაციის დაძლევას, “რომლის საფუძველი იქნება ქრისტიანული და სამართლიანი”.

სალომე ზურაბიშვილი და ილია მეორე

პრეზიდენტმა წინასაახალწლო წვეულება 16 დეკემბრისთვის ჩანიშნა და მოსაწვევი დაუგზავნა, როგორც ოპოზიციურ ფლანგს, ისე მმართველ პარტიას. პრეზიდენტის საახალწლო წვეულებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში პოზიციები გაიყო. მთავარი ოპოზიციური ძალა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მისგან აღმოცენებული პარტიების უმეტესობა 16 დეკემბრის ღონისძიებაზე არ მივიდა. მოსაწვევი გააუქმა ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმაც და ნაძვის ხის დღესასწაულზე მისი დაპატიჟება სალომე ზურაბიშვილს “თავხედობად” შეუფასა და 1921 წელს, პარიზში გაქცეული საქართველოს დროებითი მთავრობის მიერ გატანილი საგანძური შეახსენა.

“პრეზიდენტს ეყო თავხედობა, ნაძვის ხის დღესასწაულზე მივეწვიეთ. მისი თანამოქალაქეები უშაქრო ჩაითი ხვდებიან ახალ წელს და თუ უფიქრია ამაზე? თუ უფიქრია იმაზე, რომ მისმა წინაპრებმა პარიზში საქართველოს დროებითი მთავრობის მიერ გატანილი 230 ყუთი საგანძურიდან რამდენიმე ყუთი შეჭამეს, საიდანაც ქვეყანას მხოლოდ 38 პაკეტი დაუბრუნდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ?”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ოპოზიციის ნაწილი, რომლებიც 16 დეკემბრის წვეულებას დაესწრნენ, იმედოვნებენ, რომ ეს იქნება ერთგვარი მოთელვა ეროვნული შერიგების პროცესში.

თავის მხრივ, ბოიკოტის რეჟიმში დარჩენილი ოპოზიციის ნაწილი განმარტავს, რომ ორბელიანების სასახლეში მათი არმისვლა პრეზიდენტმა “კარის მიჯახუნებად” არ უნდა აღიქვას.

როგორც “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, “ქართულ ოცნებასთან” ერთად ერთ წვეულებაზე მისვლა და მათთან “შამპანურის მიჭახუნების” ფორმატში ურთიერთობა მისთვის არაადეკვატურია, ამიტომ სხვა ფორმატში საუბრებს ელოდება.

საახალწლო მიღების ფორმატი დაიწუნეს ნაციონალებმაც და “უფრო საქმიანი” გარემო მოითხოვეს.

ალეკო ელისაშვილი, ოპოზიციის და უმრავლესობის ლიდერები

ნაციონალების ქცევა გაუგებარი გამოდგა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილისთვის.

“მართალია, საახალწლო ღონისძიება იქნება, მაგრამ ოპოზიცია პრეზიდენტთან მივდივართ და პოლიტიკურ თემებზე იქნება საუბარი. ზუსტად არ ვიცი, რაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ჩურჩხელებსა და ნაძვის ხის სათამაშოებზე არა”, – განაცხადა ელისაშვილმა ტელეეთერში.

“ქართულმა ოცნებამ” წითელი ხაზი დასაწყისშივე გაავლო. მმართველი გუნდის ლიდერებმა მიანიშნეს, რომ შერიგება პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებას არ უნდა გულისხმობდეს.

“ჩვენი მრწამსი, ქრისტიანობა, კულტურა სწორედ შემწყნარებლობაზე, შენდობასა და განსხვავებული აზრის პატივისცემაზე დგას. ჩვენ არ გვჭირდება შერიგება, მოსახლეობის უმრავლესობასთან შერიგება „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება. თუ შერიგების თემა გადის იმაზე, რომ სააკაშვილი გამოვუშვათ, ჩემთვის მიუღებელია. მისაღებია -„ნაციონალურმა მოძრაობამ“, აღიაროს დანაშაული”, – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.

სანდრო ბრეგაძე

პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის წამოწყებას “ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია საერთო ეროვნული შერიგება ეწოდოს სააკაშვილის, მელიას და კობახიძის, ბოკერიას, მდინარაძის, ბერძენიშვილის და “გირჩის” ჩახუტებას, ვანო ჩხარტიშვილისა და მამუკა ხაზარაძის შერიგებას.

სანდრო ბრეგაძის შეფასებით, დამნაშავეები ერთმანეთს ამნისტიას უცხადებენ და ამ “სამარცხვინო აქტის” ეროვნულ შერიგებად გასაღება სურთ.

როგორც ბრეგაძე ამბობს, იმ პარტიების 90%, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა 16 დეკემბერს, თავის “ანტიკვარული ავეჯით სავსე სასახლეში” შეკრიბა, ერთმანეთის მიერ არაერთხელ მხილებულნი არიან სამშობლოს ღალატში, ეჭვმიტანილნი კორუფციაში, ტერიტორიების გასხვისებაში, ქურდობაში, მასობრივ მკვლელობაში, პატიმრების წამებაში, არჩევნების გაყალბებაში და სხვა.

“თავად სალომე ზურაბიშვილს ყავს მოღალატედ, სამაჩაბლოს გამყიდველად გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილი, ხოლო სააკაშვილს, ასევე ღალატში, უცხო ქვეყნის აგენტობაში ზურაბიშვილი ყავს დადანაშაულებული. რას პატიობენ ერთმანეთს – საქართველოს ღალატს, თუ უცხო ქვეყნის აგენტობას? თუ მიშაც და სალომეც საჯაროდ იმის აღიარებას აპირებენ, რომ 15 წელი ხალხს ატყუებდნენ და, არც სალომეა აგენტი და, არც მიშა მოღალატე”, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივამ კრიტიკული შეფასება მიიღო ანალიტიკოსებისა და ექსპერტების მხრიდანაც.

ამირან სალუქვაძე

ექსპერტი ამირან სალუქვაძე შიშობს, ზურაბიშვილის მიერ ჯო ბაიდენისთვის მიცემული პირობა “ნაციონალური მოძრაობისთვის” ახალი ენერგიის ჩაბერვად არ იქცეს და მათი აქტუალიზაცია არ მოახდინოს. მისივე მოსაზრებით, პრეზიდენტის ინიციატივის მთავარი შედეგი უნდა იყოს პოლიტიკური კულტურის დასავლური სტანდარტების შესახებ შეთანხმება და არა დამნაშავეთა გათეთრება და პოლიტიკურ პროცესში შემობრუნება.

“ნებისმიერი შერიგება სამართლიანობას უნდა ეყრდნობოდეს, სამართლიანობა კი სამართალს, კანონს, რომელიც ყველასათვის ერთი უნდა იყოს. საზოგადოების განწყობების გათვალისწინების გარეშე, პოლიტიკოსებს უფლება არ აქვთ საერთო ეროვნულ შეთანხმებაზე ისაუბრონ. მაგალითისთვის – თუ ევროპაში პოლიტიკოსი თანამდებობას და პოლიტიკას ტოვებს დისერტაციაში აღმოჩენილი პლაგიატის გამო, არ შეიძლება საქართველოში პატიობდნენ ადამიანების წამების, ელიტური კორუფციის და ომის ხარჯზე ხელის მოთბობის დანაშაულებს”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საპატრიარქოს ხშირი სტუმარია, მაშინაც, როცა საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ეხება. აშშ-დან დაბრუნებული პრეზიდენტი, სანამ ქართულ საზოგადოებას აცნობებდა, – ეროვნული შერიგების ინიციატივას ვიღებ საკუთარ თავზეო, ჯერ ილია II-ს ესტუმრა.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებით, გამომდინარე იქიდან, თუ რა ავტორიტეტი აქვს პატრიარქს ქართულ საზოგადოებაში, პრეზიდენტს სურს, პატრიარქის კურთხევით ზურგი გაიმაგროს და საზოგადოების თვალში მეტი ლეგიტიმაცია და წონა მიიღოს. მეორე მხრივ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და პრეზიდენტმა ჯერ საზოგადოებას უნდა გააცნოს თავისი გადაწყვეტილება და ინიციატივები. ორივე შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი შეეცადა ილია მეორის ზურგს ამოფარებოდა.

ზაალ ანჯაფარიძე

როგორც Dalma News-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ თემა იყო სენსიტიური და ნაციონალებთან შერიგებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ საპატრიარქო და პატრიარქი ფარად აეფარებინა.

“რამდენადაც ვიცი, მან პატრიარქისგან კურთხევა ვერ მიიღო. უბრალოდ საპატრიარქომ განაცხადა, რომ მას შერიგების საწინააღმდეგო არაფერი აქვს”, – ამბობს ანჯაფარიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ხელისუფლებას შერიგებისკენ ციხიდან მოუწოდებს, მოქმედი პრეზიდენტის ინიციატივა პირველ ეტაპზე მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან “შემრიგებლის” უპირატესობა სხვის ხელში მოხვდა. თუმცა, 16 დეკემბრის შემდგომ, “ენმ”-ს ლიდერებმა ზურაბიშვილის მიმართ ტონი შეცვალეს და ის “ქართული ოცნებისგან” გამიჯნეს.

ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებით, 16 დეკემბრის წვეულებაში “ენმ” რომ არ იქნებოდა წარმოდგენილი, სიურპრიზი არავისთვის უნდა ყოფილიყო. სააკაშვილის განცხადება, რომელითაც მან სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან გამიჯნა, ერთგვარი მანევრი იყო. თითქოს უნდოდა ამით ზურაბიშვილისთვის ესიამოვნებინა, – ეგებ გადაიფიქროს და სააკაშვილი შეიწყალოს.

მეორე მხრივ, “ქართული ოცნება” და მისი მხარდამჭერები განეწყვნენ სკეპტიკურად პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივის მიმართ და ამოიკითხეს განზრახვა, რომ შესაძლოა, ზურაბიშვილმა ისეთი ნაბიჯი გადადგას, რაც წინააღმდეგობაში მოვა სააკაშვილის ციხეში ყოფნასთან საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულებასთან.

“რაც მთავარია, “ენმ”-მ 21 დეკემბრისთვის საპროტესტო აქცია დააანონსა, რომლის მიზანია ხელისუფლების დამხობა. ამავე დროს, სააკაშვილი თავის წერილში წერს, რომ მხოლოდ პერმანენტული აქციების ფონზე იქნება შესაძლებელი შერიგების მიღწევაო. მისი მიზანია, მიტინგებითა და ზეწოლით მიიმწყვდიოს ხელისუფლება კუთხეში და მერე მათი ინიციატივით მოხდეს შერიგება. ასე გავიგე მე მათი სტრატეგია და ტაქტიკა”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, კონფლიქტების მოგვარების თეორიის თანახმად, შერიგება და პოზიციების დაახლოებისთვის საჭიროა კონფლიქტების გამომწვევი ფაქტორების განეიტრალება. “ნაციონალური მოძრაობა” კი პირიქით, კონფლიქტის გამომწვევი ფაქტორების აქტუალიზაციას ცდილობს.

შორენა პაპაშვილი