“უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” წინააღმდეგობრივი კანონის პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებისთანავე 14 მაისს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასმა კლება დაიწყო, მკვეთრად დაეცა ლარის კურსიც. ეკონომისტთა ერთი ნაწილი მოსალოდნელ დიდ საფრთხეს ხედავდა საპროტესტო აქციების ფონზე ლარის გაუფასურებაში, თუმცა, ექსპერტების მეორე ნაწილი აჟიოტაჟის რამდენიმე დღეში ჩაცხრომასა და ყველაფრის ჩვეულ კალაპოტში დაბრუნებას წინასწარმეტყველებდა. მართლაც, მომდევნო დღეებში ლარის კურსმა 2,80 ნიშნულიდან თანდათან კლება დაიწყო.

რა ნეგატიური მოვლენები მოქმედებს საქართველოს ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურებაზე და როგორია “გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის” გამო ქვეყანაში დაწყებული მიტინგების გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, ამის შესახებ Dalma News ეკონომიკის სფეროში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ესაუბრა.

რა ფაქტორები მოქმედებს ლარის კურსის მოულოდნელ ცვლილებაზე?

– ლარის კურსზე მოქმედებს 2 მნიშვნელოვანი ფაქტორი, ხშირად ცალ-ცალკე, ხშირად ერთადაც. პირველი არის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რაც უშუალოდ ახდენს ზეგავლენას კურსზე, მაგალითად, ექსპორტის დინამიკა, ფულადი გზავნილების დინამიკა, განსაკუთრებით მომსახურების ექსპორტი, როცა ტურისტული სეზონია მოახლოებული, ასევე მოქმედებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და კომპანიები, რომლებიც კონკრეტულ მომენტში საგარეო ბაზრიდან იღებენ უცხოურ ვალუტას ლარში, ან პირიქით, როცა ისტუმრებენ წინა პერიოდში აღებულ ვალებს. რეალურად კურსზე მოქმედებს, ამაზეც შევთანხმდეთ, წმინდა სავალუტო ბალანსი. როცა ბალანსი არის დადებითი, მაშინ ლარი მყარდება და როცა უარყოფითია ანუ, როცა უფრო მეტი ვალუტა გადის ვიდრე შემოდის, ეს ბუნებრივად მოქმედებს ლარის გაუფასურებაზე.

გიორგი ცუცქირიძე

შესაძლებელია თუ არა ისიც, რომ ეკონომიკური ფაქტორები იყოს ნორმაში, მაგრამ მაინც მოხდეს კურსის რყევა?

– ეს უკვე არის ინფორმაცია, რასაც ჩვენ ვეძახით – „ნეგატიურ მოლოდინებს“, ე.ი. თუ არის გარკვეული ინფორმაცია ნეგატიურ მოლოდინებზე მომავალში – პოლიტიკური რყევები ან საგარეო ბაზრებზე მოსალოდნელი სავალუტო კრიზისები – ეს მოლოდინები აისახება კურსზეც. როდესაც არის ნეგატიური მოლოდინები, ბიზნეს სუბიექტები წინმსწრებად იწყებენ უცხოური ვალუტის შეძენას. ამით სტიმულირდება მოთხოვნა და როცა მიწოდება არ არის ადეკვატური, ეს ზეგავლენას ახდენს კურსზე. რაც ჩვენთან მოხდა ცოტა ხნის წინ, როცა ლარმა რყევა განიცადა, ანალოგიური ვითარება იყო. ჩვენ არ გვაქვს დიდი სავალუტო ბაზარი და ლარი არ არის თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა, ამიტომ გარკვეულ რყევას განიცდის ასეთი აჟიოტაჟური მოლოდინის დროს. ყველაზე ნეგატიური მოლოდინის დროს, შეიძლება რამდენიმე მსხვილმა ბიზნეს სუბიექტმა წინმსწრებად იყიდოს უცხოური ვალუტა, ამან კი წარმოქმნას ხელოვნური მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, ბუნებრივია ეს აისახება ლარის გაუფასურებაზე. იმ პოლიტიკური პროცესების გამო, რაც საქართველოში მიმდინარეობდა შეიქმნა აჟიოტაჟი. ლარის კურსის რყევაც არ იყო შემთხვევითი. როდის დაიწყო ლარის კურსის რყევა? როდესაც მიტინგები ავიდა პიკურ მაჩვენებელზე, ანუ როცა გამოსვლები იყო მასშტაბური, ინვესტორმაც შესაძლოა გადაწყვეტილება მიიღოს ამ ვითარებიდან გამომდინარე. ეს არის ვითარება, როცა ინფორმაცია ეყრდნობა რა გარკვეულ პოლიტიკურ რისკებს, ახდენს უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის სტიმულირებას. მშვიდობიანი მიტინგი შეიძლება თვეობით გრძელდებოდეს და მას არ ჰქონდეს ამ ტიპის აჟიოტაჟური დატვირთვა, მაგრამ როდესაც მიტინგები გადადის რადიკალიზაციაში სწორედ ეს მოქმედებს ლარის კურსზე, იმიტომ, რომ გადადის რევოლუციურ რყევებში. ასეთ დროს ადამიანები, სჭირდებათ თუ არა, ყიდულობენ უცხოურ ვალუტას, რადგან ფიქრობენ, რომ ლარი შეიძლება კიდევ უფრო დაეცეს. პიკური ფაზა, ჩემი შეფასებით, უკვე გადავლილია.

ასეთ დროს როგორ უნდა იმოქმედოს ეროვნულმა ბანკმა?

– ჩვენ ვნახეთ, რომ ეროვნული ბანკი დროულად ჩაერია, ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა, 60 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა აუქციონზე და ამით დააბალანსა მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი. ეროვნულ ბანკს აქვს იმის რესურსი, რომ ასეთი რყევები შეანელოს. მაგრამ ეს არ არის სასურველი ეკონომიკისთვის 2 ფაქტორის გამო. ერთი – ინვესტიციების მოლოდინი და ინვესტორების განწყობა, თუ როგორ უყურებენ ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მეორე – მომსახურების სერვისები, ამ შემთხვევაში ტურიზმი.

რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ფაქტორების გამო რყევები გაგრძელდებოდა?

– არ მგონია რყევები გაგრძელდეს, მგონია, რომ ივნისის პირველი ნახევრის შემდეგ ამპლიტუდა დაეცემა. დღეს უკვე პროცესები პიკური ფაზიდან გადასულია ინერციულ ფაზაში, საპროტესტო მუხტი შემცირებულია. ამიტომ რაიმე ნეგატიური მოლოდინი ამ წუთში არ გვაქვს, მაგრამ თუ ინვესტორი ხედავს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში დესტაბილიზაცია და რყევები გრძელდება, ის თავს შეიკავებს ინვესტიციების განხორციელებისგან. შეიძლება პროექტები შეთანხმებულიც იყოს, მაგრამ გადადოს ამ პროექტების დაფინანსება. გარდა ამისა, ინვესტორმა შესაძლოა ასეთ დროს, აღარ დატოვოს თავის მოგება კაპიტალში და ის ქვეყნიდან გაიტანოს. უნდა ვიცოდეთ, რომ ბოლო წლებში, როდესაც უცხოური ინვესტიციები იზრდებოდა, ინვესტორებს არ გაჰქონდათ დივიდენდები და მოგებას ტოვებდნენ კაპიტალში. რაც შეეხება ტურისტულ სეზონსა და ჯავშნების გაუქმებას, ბუნებრივია, ჯავშანი როცა უქმდება მისი აღდგენა არის პრობლემა. როცა ტურისტი აუქმებს ჯავშანს მას ალტერნატივა აქვს სხვა ქვეყნები. ძალიან დიდი კონკურენციაა ტურისტულ ბაზარზე. ამოცანა დღეს მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანა წავიდეს სტაბილიზაციისკენ. გარდა ამისა, საარჩევნო წელია და ამ დროს სიფრთხილე ისედაც ახასიათებთ ინვესტორებს.

ხელისუფლების მხრიდან პროცესების სტაბილიზაციისთვის რა ნაბიჯები გადაიდგა?

– ყველაზე უფრო ამ პროცესებით ხელისუფლება ზარალდება, მათი ინტერესია, მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში, რომ პროცესები წავიდეს სტაბილიზაციისკენ. ხელისუფლებაც ფიქრობს ამას, რომ ნაკლები იყოს ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე.

გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება შეამცირებს თუ არა სამუშაო ადგილებს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში საუბარია არა ეკონომიკაში შემოსულ ინვესტიციებზე, არამედ გრანტებზე, რომლითაც პირდაპირ არიან დასაქმებულები ადამიანები მედიაორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორში?

– გასაგებია, რომ არასამთავრობო სექტორში ერთი და ორი ადამიანი არ არის დასაქმებული. ბოლოსდაბოლოს 40 ათასამდე არასამთავრობოა ქვეყანაში. არ მგონია, რომ ასე მოხდეს. ჯერ ერთი კანონი, რომც ამოქმედდეს, ყველაზე ცუდი სცენარით, ქვეყანაში, ანუ ჩვენი „ენჯეოების“ ნაწილში, რომელიც ძირითადად უცხოურ გრანტებზეა, გარკვეული პრობლემები შეიქმნება, რა თქმა უნდა, გრანტები აღარ შემოვა. თუმცა, ჩვენ ჯერ არ ვიცით კანონის ამოქმედების შემდეგ შეწყდება თუ არა გრანტების შემოსვლა. ჩვეულებრივი სცენარით, შეიძლება ისე არ იყოს დრამატული ვითარება, როგორც ამას არასამთავრობოები წარმოადგენენ. დაველოდოთ ამ პროცედურებს.

პრეზიდენტმა ვეტო დაადობუფერული ზონების შესახებ კანონს“, როგორ აფასებთ საკუთრივ ამ კანონს?

-მე ვფიქრობ, რომ ცოტა გადაჭარბებული შეფასებები გაკეთდა ამ კანონთან დაკავშირებით. ოფშორებში ფულს ვინ ინახავს, ვისაც სურს, რომ მისი შემოსავლები არ იყოს ბოლომდე გაშიფრული. მაგრამ, ფულს როცა გადმორიცხავს ვინმე საქართველოში ბუფერული ზონიდან საერთაშორისო ნორმატივების მიხედვით, ხომ მოხდება ამ გადმომრიცხავს ღია აფიშირება? ლოგიკა არის? იმიტომ აქვს იქ ფული, რომ ნაკლებ გამჭვირვალე გარემოშია მისი ფული. თუ ადამიანს არ აქვს გამჭვირვალობის პრობლემა და ურჩევნია გადმორიცხოს საქართველოში, პრობლემა რაშია მაშინ? საუბარია იმაზე, რომ ვითომ შავი ფული შემოვა ამ გზით ქვეყანაში… პრეზიდენტმა ვეტო დაადო, მაგრამ არ გააკეთა შენიშვნები, რომელსაც მმართველი პარტია განიხილავდა, ახლა „ოცნებამ“ უნდა გადალახოს ვეტო.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი