“3+3” ფორმატის პირველი შეხვედრა, რომელიც კავკასიის რეგიონის 6-სახელმწიფოს (თურქეთი, ირანი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) შორის დიალოგსა და თანამშრომლობას გულისხმობს, ქართული მხარის ბოიკოტის ფონზე წარიმართა. 10 დეკემბერს, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე საქართველო მხოლოდ სახელმწიფოს დროშით იყო წარმოდგენილი. შეხვედრამდე, რამდენიმე დღით ადრე ოფიციალური თბილისის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ქართული მხარე შეხვედრაში მონაწილეობას არ აპირებდა. ფორმატი, რომელიც მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა, საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთის გამო. ამას ისიც დაემატა, რომ შეხვედრა მოსკოვში შედგა. დიდი ალბათობით, “ქართული ოცნებისხელისუფლებამ ქართული ოპოზიციის კრიტიკას აარიდა თავი. ფორმატის მონაწილე დანარჩენი 5 ქვეყნის ლიდერები იმედოვნებენ, რომ საქართველო შეუერთდება ამ ფორმატს. “3+3”-მა მუშაობა სომხეთთურქეთს შორის ურთიერთობების მოწესრიგების შესაძლებლობის განხილვით დაიწყო.

რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება ახალი ფორმატი და ხომ არ აღმოჩნდება საქართველო კავკასიის რეგიონიდან იზოლირებული, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე Dalma News პოლიტოლოგები არჩილ სიხარულიძე და ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრნენ:

არჩილ სიხარულიძე: საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა, რომ ვითარება შეიცვალა და რომ რეგიონალურ ფორმატებში საქართველოს ჩართულობა გარდაუვალია. არგუმენტი, რომ – სანამ რუსეთი მიწას არ დაგვიბრუნებს, არ ვაპირებთ რაიმე ფორმატში მონაწილეობას, – ძალიან სუსტია, მით უმეტეს ახლა, როდესაც რუსეთმა დასავლეთს ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა და ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ნატოს და ევროკავშირის მის საზღვრებთან ნებისმიერი გაფართოება რუსეთის წინააღმდეგ აგრესიად შეფასდება. ამიტომ ჩვენ გარდაუვლად იძულებულნი ვიქნებით, ჩავერთოთ ასეთ ფორმატებში. “3+3” გარდაუვალია ჩვენთვის.

ზაალ ანჯაფარიძე

ზაალ ანჯაფარიძე: მესმის ფორმატის მონაწილე მხარეების სურვილი და არგუმენტები, მაგრამ, ჩემთვის ასევე გასაგებია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. საქართველოს ხელისუფლებამ მისი დასავლეთელი პარტნიორებისგან მიიღო არაორაზროვანი რეკომენდაცია, რომ თავი შეეკავებინა ამ ფორმატში მონაწილეობისგან, გარდა ამისა, მას ეს რომ გაეკეთებინა, საფუძველს მისცემდა პირობითად პროდასავლურ ოპოზიციას და ხელისუფლებას მორიგ ჯერზე დაადანაშაულებდნენ პრორუსულობაში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველოს ჩართვა “3+3” ფორმატში, სადაც მას ფაქტობრივად არ ჰყავს მოკავშირე, ზრდის იმის რისკს, რომ საქართველო თანდათან მოექცევა რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის ქვეშ. აქედან გამომდინარე თბილისი თავს იკავებს ამ ფორმატში მონაწილეობისგან და სწორია.

თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მოუწევს ამ ფორმატის ფარგლებში განხორციელებულ მეგაპროექტებში მონაწილეობა. საქართველო ვერ დარჩება იზოლირებული რეგიონში მიმდინარე პროცესებისგან. შესაძლოა სამომავლოდ დასავლეთმაც შეიცვალოს დამოკიდებულება. აღნიშნული ფორმატის მიმართ დისტანციის შენარჩუნება კარგი ცხოვრებით არ არის ნაკარნახევი.

თქვენ, როგორ ფიქრობთ ბატონო არჩილ, დასავლეთის რეკომენდაციამ გადაწყვიტა საქართველოს უარი?

არჩილ სიხარულიძე: დარწმუნებული ვარ, დასავლეთის მთავარი მიზანია რუსეთთან დაპირისპირებას მაქსიმალურად აირიდოს თავიდან, ამისთვის, თუ საჭიროა „3+3“ ფორმატში მონაწილეობა, საქართველომ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ჩვენი მთავარი მიზანია, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ ვითარების დაძაბვა. ამ შემთხვევაში დასავლეთი ჩვენ ვერ დაგვეხმარება. არ არის აუცილებელი დასავლეთმა მიგვითითოს ყველა ნაბიჯზე, ხანდახან საჭიროა საკუთარი ინიციატივების წარმოჩენა.

არჩილ სიხარულიძე

მსგავსი ფორმატებისგან თავის შორს დაჭერით, საქართველო კავკასიის რეგიონისგან იზოლირებას ხომ არ მოახდენს?

არჩილ სიხარულიძე: საქართველომ ისედაც დაიჭირა უკვე თავი შორს, არა მხოლოდ კავკასიის რეგიონისგან, არამედ საერთოდ პოსტსაბჭოთა სივრცისგან. საქართველოში არსებული პოლიტიკური ელიტები დიდი ხანია ცდილობენ საქართველო წარმოაჩინონ, როგორც შავი ზღვის რეგიონის ნაწილი და არა, როგორც კავკასიის და პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილი. თუმცა ყარაბღის ბოლოდროინდელმა ომმა და შემდგომმა პროცესებმა ნათელყო, რომ საქართველო უპირველესად არის სამხრეთ კავკასიის ნაწილი და ჩვენ ვალდებულიც და იძულებულნიც ვართ ყველანაირად ჩავერთოთ რეგიონალურ პროექტებში. ლაპარაკი შავი ზღვის აკვატორიაზე უპირველესად და სამხრეთ კავკასიისგან დისტანცირება არის მცდარი მიდგომა და დღეს უკვე უადგილო.

ზაალ ანჯაფარიძე: კავკასიის რეგიონისგან საქართველოს იზოლირების საფრთხეს ნაკლებად ვხედავ, იმიტომ, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობები, როგორც აზერბაიჯანთან, ისე თურქეთთან, სომხეთთან და ირანთან. ასევე რუსეთთან აქვს ინტენსიური სავაჭრო-ეკონომიკური ორმხრივი ურთიერთობები. ამიტომ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული იზოლაციის საფრთხე არ არის, უბრალოდ პროექტებმა, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ამ ფორმატის ფარგლებში, – სატრანზიტო მარშრუტების გახსნა და სხვა, შესაძლოა ისეთი შედეგი გამოიღოს, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი დააქვეითოს.

რა რისკები და პრობლემები შეიძლება გაჩნდეს საქართველოსთვის იმ შემთხვევაში, თუ ფორმატი საქართველოს გარეშე ამუშავდება?

არჩილ სიხარულიძე: ჩვენ ვიქნებით უბრალოდ უადგილო, გათიშული და არ გვექნება ხმა ამ პროცესებში. რუსეთის არსებობა ამ პლატფორმაში არ განსაზღვრავს რუსეთის დომინირებას მასში, ეს არის დიდი შეცდომა აზროვნებაში, – რომ ჩვენ, მხოლოდ იმ ფორმატებში ვიქნებით, სადაც დასავლეთია. იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში დასავლეთი ფაქტობრივად არ არსებობს, გამოდის, რომ ჩვენ სამხრეთ კავკასიაში არ უნდა ვიყოთ. რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრინციპებსაც და ჩვენს ინტერესებსაც.

ზაალ ანჯაფარიძე: რისკები, ყოველთვის არსებობს. ჯერ არ ვიცით ეს ფორმატი რა სახეს და მიმართულებას მიიღებს. 10 დეკემბერს პირველი საცდელი შეხვედრა შედგა. პოზიციები მოისინჯა. თუ ეს ფორმატი ეკონომიკურ ჩარჩოებს გაცდა და პოლიტიკური შეფერილობა შეიძინა, მაშინ საქართველო შესაძლოა უბრალოდ დარჩეს დიდი პროექტების მიღმა. ეკონომიკური დაზარალება კი ნიშნავს იმას, რომ კავშირები სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან შესაძლოა შესუსტდეს და ეს ბუნებრივად აისახება პოლიტიკურ ურთიერთობებზეც.

ამ ფორმატში უფრო ძლიერად რომელი სახელმწიფოები გამოიყურებიან? ჩემი აზრით, საქართველო და სომხეთი აქ, ყველაზე სუსტები არიან.

არჩილ სიხარულიძე: ყველაზე სუსტად, მაინც საქართველო გამოიყურება საკუთარი პოზიციის გამო. მერე სომხეთი. მაგრამ სომხეთს ჰყავს მოკავშირე, საქართველოს კი, არც მოკავშირე ჰყავს გვერდით და ვერც იაზრებს, რომ ესაჭიროება ამ ფორმატში მონაწილეობა. სომხეთისგან განსხვავებით საქართველო არ ცდილობს ლავირებას. სომხეთი ყველაფრის მიუხედავად, პროსომხურ პოლიტიკას აწარმოებს. საქართველოში პროქართული პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ ხანდისხან მაინც უნდა იყო ადეკვატური და არა მარტო დასავლეთის, საკუთარ ინტერესებსაც იცავდე. პროქართული პოლიტიკა უკვე წარმოდგენილია, როგორც შეცდომა.

3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა მოსკოვში

ბატონო ზაალ, თქვენი შეფასებით, რამდენად ძლიერად გამოიყურება ამ ფორმატში თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსი?

ზაალ ანჯაფარიძე: თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსი ახლა მოსჩანს ძლიერად იმიტომ, რომ რუსეთმა არ მოისურვა მხარი დაეჭირა ფაშინიანის მთავრობისთვის, ეს მთავრობა მისთვის მაინცა და მაინც მისაღები არ არის. ეს გამოიხატა კიდეც რუსეთის ზედმეტად პასიურ მოქმედებებში ყარაბაღის ომის დროს. თურქეთისა და აზერბაიჯანის ალიანსი, რა თქმა უნდა, ანგარიშგასაწევი ძალაა, მაგრამ არც სომხეთისა და რუსეთის მოკავშირეობა უნდა გამოვრიცხოთ. თუ რუსეთმა დაინახა, რომ მის ინტერესებს კავკასიაში საფრთხე ემუქრება და ამ საფრთხის წყარო თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსია, ის გააძლიერებს თავის კავშირებს სომხეთთან.

– “3+3” ფორმატის ფარგლებში, როგორც გესახებათ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის დარეგულირების პერსპექტივა? 

არჩილ სიხარულიძე: საუბარი მიდის უკვე იმაზე, რომ ამ ქვეყნებს შორის საჰაერო კავშირი უნდა აღდგეს. უნდა გავიაზროთ, რომ ფორმატი, კავშირების შექმნა და დიპლომატია უპირველესად მტრებთან და მოწინააღმდეგეებთან არის საჭირო. პერიოდი, როდესაც კავშირებს და პლატფორმებს მეგობრებთან ქმნიდნენ და მერე, შეხმატკბილებულად ისხდნენ, დასრულდა. ახლა მსოფლიო წესრიგს ესაჭიროება ფორმატები, სადაც მოწინააღმდეგე ბანაკების წარმომადგენლები შეხვდებიან და შეთანხმებიან ახალ მსოფლიო წესრიგზე. „3+3″ ფორმატი დღეს არის მსოფლიო ახალი წესრიგის ერთ-ერთი გამოვლინება. საქართველო ან ჩაერთვება მასში, ან წარსულში დარჩება.

ზაალ ანჯაფარიძე: სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების დარეგულირება იქნება საკვანძო საკითხი ამ ფორმატის სიცოცხლისუნარიანობისთვის, იმიტომ, რომ თუ თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები საბოლოოდ არ დარეგულირდა, ფორმატი ვერ იმუშავებს. იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთის საზოგადოებაში დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების იდეას, ვფიქრობ, პროცესი წინ წავა. ყველაფერი დამოკიდებულია პრაგმატულობაზე. მესმის საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხები არსებობს, მაგრამ არსებობს პრაგმატული საკითხებიც, რაც არის სომხეთის ეკონომიკური იზოლაცია. ეს ურტყამს სომხეთის ეკონომიკას და ხელს უშლის მის განვითარებას. როგორც ჩანს, პრაგმატულმა მოსაზრებებმა გადაწონა.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი