მსოფლიო პანდემიის პირობებში საქართველო უკვე მეორე ახალ წელს ხვდება. ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს, დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე, პარლამენტის შენობის წინ აინთო. განათდა საახალწლო ილუმინაციებით მორთული თბილისის ქუჩებიც. დედაქალაქში საახალწლო ნაძვის ხეები, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე თბილისის გარეუბნებშიც დაიდგა, კერძოდ გლდანსა და ვარკეთილში.

პანდემიის გამო, 2021 წელის საახალწლო ღონისძიებები შეზღუდული მასშტაბით გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ არც წლის დასასრულია ამ მხრივ დამაიმედებელი, დედაქალაქის მერია საახალწლო ღონისძიებებზე თბილისელებს და ქალაქის სტუმრებს გულს არ წყვეტს. საზეიმო ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზე იგეგმება, ტრადიციული საახალწლო სოფელიც მოეწყობა.

თბილისის მერიას წლეულს ახალი ნაძვის ხე არ შეუძენია. როგორც Dalma News-ს დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, რუსთაველის გამზირზე 2 წლის წინ შეძენილი ნაძვის ხე დადგეს და ახლებურად მორთეს. წლეულს, არც ახალი ილუმინაციები უყიდიათ. მათივე ინფორმაციით, გლდანისა და ვარკეთილის ნაძვის ხეებისთვის ტოტები და მორთულობა შპს “თბილსერვის ჯგუფმა” შეიძინა. საახალწლოდ მოირთვება ასევე, ცალკეული სკვერები და პარკები, რასაც კერძო კომპანიები გააკეთებენ.

კოვიდრეგულაციებისა და შეზღუდვების მიუხედავად, 10 დეკემბრის საღამოს თბილისის მერიის მიწვევით მისულ მოსახლეობას რუსთაველის გამზირი ვერ იტევდა, იყო ბავშვების სიმრავლე.

თბილისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმო განათებას ღია ცის ქვეშ კონცერტიც მიეძღვნა. მსმენელის წინაშე წარსდგა ნოდარ ხუციშვილის ბენდი და ჯგუფი „ნიუტონი“. ნაძვის ხის ანთებამდე საზოგადოებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმართეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. ისინი საზეიმო ღონისძიებაზე შვილებთან და მეუღლეებთან ერთად იყვნენ.

კახი კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი შვილებთან ერთად რუსთაველზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სცენაზე თბილისი მერმა, კახა კალაძემ მიიწვია. პრემიერმა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და განაცხადა, რომ 2021 წელი რთული და იმავდროულად დიდი გარდატეხის წელი იყო.

“ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ, გისურვებთ მშვიდობას ყველას, თქვენს შვილებს, თქვენს მშობლებს. მივესალმები ემიგრანტებს, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. მომავალი წელი ყოფილიყოს კეთილდღეობის მომტანი და ჩვენი გაერთიანების წელი”, – განაცხადა პრემიერმა.

ამის შემდეგ, კახა კალაძემ მიმართა თბილისის მოსახლეობას და მათთან ერთად დამდეგი ახალი წელი ქართველ ემიგრანტებსაც მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა რუსთაველის გამზირზე მისულ მოქალაქეებს, რომლებიც ნაძვის ხის საზეიმო ღონისძიებაზე შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მივიდნენ.

“ძალიან სასიამოვნოა დღევანდელი საღამო, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს სურვილების ჩაფიქრება. ყველაფერი ცუდი და რთული, რაც იყო 2021 წელს, წარსულს უნდა გავატანოთ და ახალი იმედებით, ახალი შემართებით, ახალი ენერგიით და დიდი სიყვარულით შევხვდეთ 2022 წელს”, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის თქმით, 2022 წელი აღმშენებლობის, განვითარების, წარმატების და წინსვლის წელი იქნება. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ქართულ საზოგადოებაში გაუცხოების პრობლემა არსებობს.

“მტრის და მოყვასის სიყვარული ჩვენი კულტურის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი რელიგიის ნაწილია. ამიტომ, მინდა, ყველას გთხოვოთ, მეტი სიყვარული და მეტი პატივისცემა. რაც დღეს ყველაზე მეტ პრობლემას წარმოადგენს, არის გაუცხოება, ამიტომ გვიყვარდეს ერთმანეთი და ერთიანი შემართებით ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ, ისე, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე და ოჯახში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამის შემდეგ რუსთაველის გამზირზე ნოდარ ხუციშვილის ბენდისა და ჯგუფ „ნიუტონის“ 30-წუთიანი კონცერტი გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ, შინისკენ მიმავალ ადამიანებს უკვე თბილისის მეტროს ვაგონები ვეღარ იტევდა. კოვიდრეგულაციები, აღარც იქ ახსოვდა ვინმეს.

24 დეკემბერს, ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში საზეიმოდ გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, სადაც მრავალფეროვან საახალწლო დეკორაციებსა და ინსტალაციებთან ერთად თოვლის ბაბუას სახლი დაიდგმება.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციების დამონტაჟების სამუშაოებს შპს “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები ღამის საათებში, იმ დროს აწარმოებდნენ, როცა ქალაქს ეძინა. პროცესს ტრადიციულად თბილისის მერი, კახა კალაძე პირადად ადევნებდა თვალს. საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისა და თბილისში საზეიმო განწყობის შესაქმნელად დედაქალაქის ბიუჯეტიდან წლეულს დაახლოებით 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ამირან გამყრელიძე

თბილისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ღონისძიებაზე მისული ადამიანების პანდემიისთვის შეუფერებელი სიმრავლის გამო, 11 დეკემბერს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მან საზოგადოებას მოუწოდა ახალი წლის დადგომა მოკრძალებულად აღნიშნონ.

როგორც მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, სახეზეა ინფიცირების შემთხვევების ნელი ტემპით კლება, თუმცა ეს სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა. კვლავ მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.

გამყრელიძემ მოსახლეობას ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა უახლოესი დღესასწაულები ვაქცინირებული ადამიანების წრეში, რეგულაციების დაცვით აღნიშნონ. თავი აარიდონ დიდ შეკრებებს, ყველგან – დახურულ, თუ ღია სივრცეში იყვნენ პირბადით. საზეიმო შეკრებებსა, თუ ბავშვებისთვის გამართულ კონცერტებზე, მხოლოდ აცრილი და ე.წ მწვანე პასპორტების მქონე ადამიანები დაუშვან.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსული დაავადება COVID-19 -ით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. 2021 წელი, საქართველოში, ვირუსით გარდაცვლილთა მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. პანდემიის მეორე წელი მიიწურა საქართველოში, სადაც 12 700-ადამიანზე მეტია გარდაცვლილი.

შ.ქარჩავა