2020 წელი გამოწვევად იქცა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. კარანტინი, ლოქდაუნი, ქუჩის აქციები, ქვეყანაში პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს. ამ ფონზე, 2020 წელს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ადამიანებმა გამოავლინეს მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მივიდნენ არჩევნებზე.  თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა. შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, გადაწყვიტეს ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრებაში კრიზისის შექმნა და პროტესტის ნიშნად, სადეპუტატო მანდატების გამოყენებაზე უარი განაცხადეს (მათი ჯერ კიდევ მცირე ნაწილი იმყოფება გაურკვევლობაში და მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს ელოდება). 2020 წლის შედეგებსა და იმაზე, თუ, როგორ გაგრძელდება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება 2021 წელს, Dalma News-ს პოლიტოლოგები ზაალ ანჯაფარიძე და არჩილ სიხარულიძე ესაუბრნენ.

– 2020 წლის, რომელ პოლიტიკურ მოვლენას გამოჰყოფდით და, როგორ იმოქმედა მან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე?

ზაალ ანჯაფარიძე: საპარლამენტო არჩევნებს, რომელმაც მძიმე კვალი დატოვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. პრაქტიკულად პირველად მოხდა, რომ ამომრჩევლის მიერ არჩეული პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. მიმართავენ საბოჟატსა და ბოიკოტს, მაშინ, როდესაც არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. მათი პარლამენტში არშესვლა წინასაკრიზისო დაძაბულობას ქმნის. აქედან გამომდინარე ქვეყანაში გვაქვს დაძაბულობა, მაგრამ მეორე მხრივ ის ჯერ არ გასცდენია ცივილურ ფარგლებს. მათ არ მიუმართავთ არაკონსტიტუციური ქმედებისთვის და ჩვენც შესაბამისად ვართ იმ მოცემულობაში, როდესაც პარლამენტში ზის მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა.

2020 წლის გამორჩეული მოვლენაა ასევე, შეიძლება იყოს პანდემია. სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკური კულტურისთვის დამახასიათებელია – პანდემიის პოლიტიზირება, რაც ნამდვილად არ იყო მისასალმებელი. სხვა მხრივ რამე განსაკუთრებულს ვერ გამოვყოფდი.

არჩილ სიხარულიძე: გამოვყოფდი არჩევნებს და პოსტსაარჩევნო პერიოდს, – ჩვენი პროდასავლური ელიტების ჯანყი დასავლეთის წინააღმდეგ. პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც თავს პროდასავლურებად აცხადებდნენ, დღეს უშუალოდ არიან ჩართულები ანტიდასავლურ კამპანიაში. ეს არის მთავარი მაგალითი იმის, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფო გახდა.

– 2020 წლის ძირითადი მიღწევა და ჩავარდნა საშინაო პოლიტიკაში?

ზაალ ანჯაფარიძე

ზაალ ანჯაფარიძე: ძირითადი მიღწევა არის ის, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა, მართალია საერთაშორისო პარტნიორების ზემოქმედებით, მაგრამ შეძლეს შეთანხმება საარჩევნო სისტემაზე. ეს მიღწევაა მათთვის, ვისაც სურდა საპარლამენტო მმართველობაზე გადასულიყო ქვეყანა. საქართველოს პარლამენტში პირველად გავიდა 9 პოლიტიკური პარტია, რაც მრავალპარტიულობის კარგი ინდიკატორია. მაგრამ ოპოზიცია საპარლამენტო ტრიბუნას დესტრუქციულ მოქმედებას ამჯობინებს.

ასევე, ჩვენი ურთიერთობები დასავლეთთან დარჩა იგივე დონეზე. საქართველომ მიიღო საკმაოდ სერიოზული დახმარება, რაც მოწმობს იმას, რომ ქვეყნის მიმართ და მისი არჩეული ხელისუფლების მიმართ ნდობა მაღალია. გაბათილდა ოპოზიციის მტკიცებები, თითქოს საქართველო გაქრა ევროპული ქვეყნების რადარებიდან.

პოლიტიკაში ჩავარდნად შევაფასებ იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური კულტურა ვერ ამაღლდა. ისევ გვიწევს საერთაშორისო ფასილიტატორების დახმარება, რომ ვისაუბროთ ერთმანეთთან. როცა ქვეყანაში დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის იქმნება წინა კრიზისული ვითარება, მედიატორი უნდა იყოს პრეზიდენტი და არა უცხო ქვეყნის საელჩოები. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს არის დასუსტებული, სალომე ზურაბიშვილის სურვილის მიუხედავად, ის ამას ვერ აკეთებს. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ, ცუდი და ანტისახელმწიფოებრივი ჩვევა მკვიდრდება, როცა საკუთარი პრობლემების გადასაწყვეტად გარე მოთამაშეებს მიმართავ.

ჩვენ ვნახეთ ოპოზიცია, როგორ აქტიურად მოძრაობდა დასავლეთში და ის წერილები, რომლებიც მოდიოდა კონგრესმენებისგან, ევროპარლამენტარებისგან. რასაც ვერ ახერხებდნენ თვითონ, აკეთებენ გარე ძალების დახმარებით. ეს ძალიან ცუდია სახელმწიფოსთვის, როდესაც გარედან გახვევენ გადაწყვეტილებებს. ნებისმიერი მოქალაქე, ვისთვისაც მნიშვენელოვანია დამოუკიდებლობა, ვერ იქნება ამით კმაყოფილი. გამოდის, რომ ქვეყნის საშინაო საკითხებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება არა ადგილობრივი პოლიტიკური ფაქტორებით, არამედ გარე ძალების მიერ. თუნდაც 8 მარტის შეთანხმება, როდესაც შეთანხმდნენ 120/30 სისტემაზე, უგულავას და ოქრუაშვილის ციხიდან გამოშვება, ეს გარედან მოხვეული წესები იყო.

არჩილ სიხარულიძე

არჩილ სიხარულიძე: 2020 წლის ჩავარდნად ვიტყოდი არჩევნებს. წინასაარჩევნო გარემო არასანდო აღმოჩნდა. ისეთი განწყობები შეიქმნა, რომ ხალხი აპრიორი აღარ ენდობა არჩევნებს. იმიტომ კი არა, რომ არ ჩატარდა სამართლიანად, არამედ განწყობა შექმნეს ასეთი, ანუ მოახდინეს არჩევნების დისკრედიტაცია. ის, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები განაპირობებს იმას, რამდენად მშვიდად იქნება მერე მოსახლეობა. პანდემიის კუთხით მიმაჩნია, რომ ყველაფერი სწორად ჩატარდა. ამაზე გაკეთდა საერთაშორისო შეფასებებიც. პირველი ტალღა იყო მინიმალური დანაკარგით, მაგრამ მერე, როცა ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ გადაწყვიტა, რომ შეზღუდვები შეესუსტებინათ, ამას მოჰყვა კრახი. II ტალღის დროს ხელისუფლებამ წარმატებები აჩვენა კრიზის მენეჯმენტში.

8 მარტის შეთანხმებას რაც შეეხება, ეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების შეცდომა იყო. იმის შიშით, რომ გაჟონავდა ინფორმაცია მოლაპარაკებების მაგიდასთან რაზე ილაპარაკებდნენ, დახურეს ფორმატი, გადაიტანეს საელჩოში და ამან კიდევ უფრო დიდი კრიზისი შექმნა. ხალხი დაეჭვდა, – რა ხდებაო იქ? ამას მოჰყვა არეულობა. თუ ჩვენ ვისაუბრებთ 8 მარტზე, უნდა დავიწყოთ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან. არც ერთ მხარეს არ ჰქონდა გააზრებული რას ნიშნავდა პროპორციული სიით არჩევნების ჩატარება.

როგორც ფიქრობთ შედგება მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი?

ზაალ ანჯაფარიძე: ალბათ, საახალწლო დღესასწაულების შემდეგ.

არჩილ სიხარულიძე: არ ველოდები მეხუთე რაუნდს. რაუნდები საჭიროა იმ ოპოზიციისთვის, რომელიც მოლაპარაკებებზე დადის იმისთვის, რომ რამე გამოვიდეს. რა უნდა გამოვიდეს მოლაპარაკებებიდან, სადაც ოპოზიციის ერთი ნაწილი მეორეს მოღალატეს უწოდებს. მთავრობას შეუძლია მოელაპარაკოს ელისაშვილს, მისცეს გარანტიები და მორჩა. რა აზრი აქვს მოლაპარაკებებს ბოკერიასთან, რომლის მიზანია მოხვდეს პარლამენტში და ვერ ხვდება.

– ოპოზიციის ნაწილი შევა პარლამენტში?

არჩილ სიხარულიძე: ოპოზიცია ნულოვან თამაშს თამაშობს. ნელ-ნელა პარტიებში მიდის გადაადგილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცეები აუცილებლად შევლენ, ხოლო ვინც არ შევა, აღმოჩნდებიან ქუჩაში. ქუჩაში ყოფნა არის მარცხი, – ელისაშვილისთვის, “გირჩის” ნაწილისთვის და „პატრიოტთა ალიანსისთვის“. პარლამენტში არშესვლით პატრიოტები კიდევ უფრო დაკარგავენ ხმებს, დაახლოებით 2 %-ს. მათი ბოიკოტი აღიქმება “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე წყლის დასხმად. შესაძლოა “პატრიოტთა ალიანსმა” ნინო ბურჯანაძის ბედი გაიზიაროს, რომელიც წლიდან წლამდე კარგავს ნდობას.

როგორ გესახებათენმ“- მომავალი ნიკა მელიას ხელში?

ზაალ ანჯაფარიძე: ჯერ რთულია ამის თქმა. უნდა ვნახოთ რა ნაბიჯებს გადადგამს მელია. ადვილი არ იქნება მისთვის პარტიის თავმჯდომარეობა. იქაც არის გარკვეული ჯგუფები, ინტერესთა შეჯახებები. თავადაც აღიარა, რომ ყველა შეიძლება ბედნიერი არ იყო იმით, რომ მან მიიღო მეტი ხმა და გახდა თავჯდომარე. თუ მან პარტია წაიყვანა რადიკალიზაციის გზით, ეს კიდევ დააჩქარებს ოპოზიციის ეფემერული ერთობის დაშლას.

არჩილ სიხარულიძე: ნაციონალების ბელადია სააკაშვილი. მელია არ არის ბელადი. პარტია “ენმ” დგას მიშას მიღწევებზე და ის სანამ არ გაქრება, ეს პარტია ასეთ დღეში იქნება სულ. ვაშაძე თავმჯდომარეობიდან იმიტომ წავიდა, რომ მიხვდა, ის ყოველთვის ნომერი მეორე იქნებოდა. მელია ვალდებული იქნება გააგრძელოს სააკაშვილის პოლიტიკა.

როგორი მოლოდინებ გაქვთ 2021 წლისთვის?

ზაალი ანჯაფარიძე: ვფიქრობ, რომ ოპოზიციის, რაღაც ნაწილი შევა პარლამენტში. შესაძლოა ისიც მოხდეს, რომ ევროპული საქართველოსა და “ენმ”-ს სიით გასული ცალკეული დეპუტატი შევიდეს პარლამენტში, განსაკუთრებით ისინი, ვინც წინასაარჩევნოდ გარკვეული რესურსები გაიღეს, მაგრამ არ იზიარებენ ამ ალოგიკურ ბოიკოტს. შეიძლება ეს არის იყოს დეპუტატების სრული რაოდენობა, მაგრამ ერთპარტიულობის ტვირთი მოეხსნება.

არჩილ სიხარულიძე: მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები სერიოზულად დასაფიქრებელია. არ უნდა შევხედოთ ამას, როგორც შორეულს, თითქოს ჩვენ არ შეგვეხება. 2021 წელს გაგრძელდება დებატები ერთპარტიულ პარლამენტზე, – შეძლებს თუ არა “ქართული ოცნება” ქვეყნის მართვას. რა თქმა უნდა შეძლებს. კრიზისს არ უნდა ველოდოთ. კრიზისი არის სახელმწიფოს უუნარობა აკონტროლოს ინსტიტუტები. ნიშანი იმის, რომ „ქართული ოცნება“ ვერ წარმართავს მთავარ ინსტიტუტებს, არ არსებობს.

რაც შეეხება ე.წ მშვიდობიან რევოლუციას, რომელიც ოპოზიციამ 2021 წლისთვის დააანონსა, თვითონ კონცეფცია – “მშვიდობიანი რევოლუცია” არის სასაცილო. ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში. ეს არის ოპოზიციის მცდელობა აიძულოს ხელისუფლება ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს, მაგრამ მგონია, რომ ესეც წარუმატებელი აღმოჩნდება. მათ არ გააჩნიათ საერთაშორისო მხარდაჭერა, არ გააჩნიათ საბაბი. მათი ამომრჩეველიც კი, რევოლუციის წინააღმდეგია. შეიძლება პირველი პერიოდი მიტინგები მასობრივი იყოს, მაგრამ ის დასრულდება არაფრით. საზოგადოებაში არის მოთხოვნა, რომ პოლიტიკური პროცესები ევოლუციურად განვითარდეს. ნიკა გვარამია და სხვები აუჯანყდნენ დასავლეთს იმიტომ, რომ სურთ ხელისუფლების ხელში ჩაგდება.

2021 წელი მძიმე წელი იქნება. კიდევ 2 წელი ძალიან მძაფრად ვიგრძნობთ მძიმე ეკონომიკურ შედეგებს, იქნება მიტინგებიც, მაგრამ რევოლუციას არ ველოდები.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი