დედამიწის ზურგზე, ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვის მეხსიერებაშიც 2020 წელი სამუდამოდ არ დარჩება. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ადამიანებს სასიკეთო ცვლილებების განცდა უჩნდებათ, თუმცა, რამდენად თანხვედრაში იქნება ჩვენი სურვილები რეალობასთან, მომავალი გვიჩვენებს. 2020 წელი მძიმე ტვირთად დააწვა საქართველოს ეკონომიკას; კიდევ უფრო გაიზარდა საგარეო ვალი და საგანგაშო ნიშნულს მიაღწია; გაიზარდა უმუშევართა არმია, შემცირდა უცხოური ინვესტიციები, გაჩერდა საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი სექტორები. როგორი იქნება 2021 წელი და რომელ გამოწვევებთან შეძლო საქართველომ გამკლავება, ამის შესახებ Dalma News-ს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ნიკა შენგელია ესაუბრა.

როგორ შეაფასებთ გასულ 2020 წელს?

– 2020 წლის განმავლობაში ლარის კურსის მერყეობის დინამიკა შემდეგნაირი იყო. ლარის კურსის გაუფასურება ძირითადად კორონავირუსის გამოვლენის დროიდანვე დაიწყო. მარტის დასაწყისში კურსი 2,80 იდან 15 დღეში ფაქტობრივად 3,0- იან ნიშნულამდე ავიდა. შემდეგ 3,40 -მდეც მიაღწია. ყველაზე მაღალი კურსი 27 მარტს – 3.48 ნიშნულზე დაფიქსირდა. ლარის კურსის მერყეობის დასტაბილურებისთვის ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები 13 მარტიდან დაიწყო და პირველად 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. სულ მარტში 100 მილიონი აშშ დოლარის ინტერვენცია განახორციელა. ​აპრილში ლარის კურსი საშუალოდ 3,15 -იანი ნიშნულის გარშემო ტრიალებდა.

2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ჯამურად, სულ 843 მილიონი აშშ დოლარის ინტერვენცია გააკეთა და ლარის კურსი წლის ბოლოსთვის 2.25 – 2.30 ფარგლებში შეინარჩუნა, რაც ჩვენს მიერ თვეების წინ გაკეთებულ პროგნოზს დაემთხვა. 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე ოფიციალური კურსის მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 14% ით გაუფასურდა.

ნიკა შენგელია

მსოფლიო პანდემიის პირობებში საქართველოს ეკონომიკა სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. რა ელოდება ლარს 2021 წლისთვის

– საქართველოს მთავრობამ კრიზისთან გასამკლავებლად დონორებისგან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის საგარეო ვალი აიღო, რომელსაც ძირითადად ბიუჯეტის ხარჯების დასაფინანსებლად იყენებს. ვალუტის აკუმულირება ეროვნული ბანკის რეზერვებში განხორციელდა, საიდანც ბიუჯეტს ეტაპობრივად მიეწოდებოდა თანხა ხარჯების დასაფარად. ეროვნული ბანკის რეზერვებში წლის ბოლოსთვის 3,75 მილიარდი აშშ დოლარამდეა აკუმულირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ 2021 წლისთვის, ეროვნულ ბაკს გააჩნია რესურსები გაუმკლავდეს ლარის კურსის მნიშვნელოვან დევალვირებას, თუ რა თქმა უნდა, სავალუტო ბაზარზე კვლავ აქტიურად იქნება ჩართული.

საგარეო ვაჭრობის კუთხით, როგორი იყო 2020 წელი?

– 2020 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,6% -ითა შემცირდა და 10,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტის მოცულობა შეგვიმცირდა 11,3% -ით, ხოლო იმპორტის – 15,9% -ით. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა – 4,16 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ქვეყნა ვალების მხრივ 2020 წლის ბოლოს შემდეგი მაჩვენებლებით ხვდება. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველის შიდა და გარე ვალის ფარდობა მშპ-თან მიმართებაში 41% შეადგენდა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 56% -ს მიუახლოვდა და 29,3 მილიარდ ლარი შეადგინა (დაახლოებით 8,8 მლრდ აშშ დოლარი), აქედან სამთავრობო სექტორზე მოდის 6,7 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო კომპანიების ვალია. გეტყვით, რომ 2021 წელს დაგეგმილია კიდევ 3,175 მილიარდი ლარის ვალის აღება და 2,647 მილიარდის გასტუმრება.

რაც შეეხება ფასებს, ალბათ, მატება გარდაუვალი იქნება?

– სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2020 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშპ 5,6 %- ით შემცირდა. ჩვენი პროგნოზით, რომელიც 8 თვის წინ გავაკეთეთ, მშპ- ს კლება სწორედ, რომ 5%-6% -ის შუალედში იქნებოდა. 2020 წლის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ნოემბრის მდგომარეობით 3,8% ია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფასები დაბლა დაიწევს. პროდუქტებსა და მომსახურეობაზე მარალი ფასები შენარჩუნდება.

– 2020 წელს, პანდემიის გამო დაზარალდა დასაქმების ბაზარი, იკლო ინვესტიციებმაც… 

– მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, დასაქმების ბაზარი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ვგულისხმობთ უმუშევართა რიცხოვნობის ზრდას და გაკოტრებული კომპანიების რიცხვის ზრდას. საქსტატის მონაცემებით მე-3 კვარტალში უმუშევართა რიცხოვნობა 17%-მდე გაიზარდა. ამის შესახებ წლიური დაზუსტებული სტატისტიკური მონაცემები მოგვიანებით გამოცხადდება.

ინვესტიციების კუთხით, 2019 წელთან შედარებით ჩავარდნა გვაქვს. თუ შარშან, სექტემბრის ჩათვლით ინვესტიციებმა 947 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 719 აშშ მილიონი დოლარი იყო. სამი კვარტლის მონაცემებით კლება 24% -მდეა. გარდა ზემოთ აღნიშნულისა 2020 წელმა თავი დაგვამახსოვრა ე.წ ლოქდაუნებითა და შეზღუდვებით. ეპიდემიის გამო ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დადგა. მთავრობის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის საკითხებში, არც ისეთი ეფექტიანი აღმოჩნდა, როგორც თავად აცხადებენ.

რას გულისხმობთ, კონკრეტულად რას ვერ გაართვა თავი მთავრობამ?

– პანდემიის პირველ ეტაპზე არ შესრულდა მთავრობის დაპირებები ძირითად 9 პროდუქტზე ფასების შენარჩუნების თაობაზე. ვერ იმუშავა სოფლის მეურნეობისთვის დაპირებულმა იაფიანი დიზელის საწვავის ფასებმა. გაიზარდა ფასები ფქვილსა და პურზე. 200 ლარიანი დახმარება, რომელიც 6 თვეზე იყო გათვლილი, ვერ მიიღო ყველა იმ ადამიანმა, ვინც დაკარგა სამსახური. თუმცა, ჯანდაცვის კუთხით შედეგები ნორმალური იყო. პანდემიის მართვის მეორე ეტაპი კი შეიძლება ვთქვათ, როგორც ეკონომიკური ასევე ჯანდაცვის კუთხით დადებით შეფასებას ნამდვილად ვერ იმსახურებს.

სამწუხაროდ, მთავრობამ არ გაატარა ღონისძიებები პრობლემატური სესხების (სამომხმარებლო სესხების) მქონე მოსახლეობის მხარდასაჭერად. საქართველოს მოსახლეობის 64%-ს სესხი აქვს აღებული. მთავრობას შეეძლო ადამიანების იმ ნაწილს მაინც დახმარებოდა, რომლებმაც სამომხმარებლო სესხი სამედიცინო მომსახურებისთვის აიღეს. მთავრობის გადაწყვეტილებებს დახმარებების კუთხით აკლდა სიცხადე და არ იყო თანმიმდევრული. მოკლედ, რომ ვთქვათ, რეალურად ვერ მივიღეთ ეკონომიკის მართვა, რომელიც კრიზისულ ვითარებას შეესაბამებოდა.

რა იყო 2020 წლის ძირითადი მიღწევა?

– სამთავრობო გადაწყვეტილებებიდან ნათელ გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს მეწარმეობის ხელშეწყობისათვის გამოქვეყნებული სხვადასხვა პროექტი. 600 მლნ ლარამდეა გაზრდილი პროექტის – “აწარმოე საქართველოში”, ფარგლებში დახმარების მოცულობა, ასევე, საკრედიტო საგარანტიო სქემა, რომელშიც მთავრობა 2020 წელს 330 მილიონ ლარამდე მოცულობის ბიუჯეტით წარსდგა. სამწუხაროდ ეს წამოწყება 2021 წელს მხოლოდ 50 მილიონიანი ბიუჯეტით ფინანსდება.

აღსანიშნავია მთავრობის გადაწყვეტილება კომპანიების მხრიდან ზედმეტად გადახდილი დღგ-ს ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნებაზე. ყველა ეს წამოწყება მისასალმებელია, თუმცა, მეორე საკითხია, როგორ გაართმევენ ყველაფერ ამას თავს პრაქტიკაში. ანტიკრიზისული ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს უახლოეს 2-3 წელიწადში მოვიმკით.

თქვენი აზრით, როგორი იქნება 2021 წელი?

– 2021 წელი, თავისი გამოწვევებით, იქნება მძიმე წელიწადი. სახელმწიფო ინსტიტუტები სერიოზული გამოცდის წინაშე აღმოჩნდებიან. გაგრძელდება ე.წ ლოქდაუნები და წერტილოვანი შეზღუდვები. მარტში ველოდებით ინფლაციის მაჩვენებლის გამიზნულ მაჩვენებლამდე მიახლოებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფასები პროდუქტებსა და მომსახურეობაზე დაიკლებს. გაჩნდება შანსი იმისა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები შეამციროს, მაგრამ, რამდენად გააკეთებს ამას, წინასწარ თქმა ძნელია.

კომუნალურ გადასახადებზე ფასების გარდაუვალი მატება ჩვენთან საუბრისას არაერთხელ აღნიშნეთ. 2020 წელი სწორედ ასეთი ნეგატიური ინფორმაციით დახურა სემეკმა. მოსახლეობას დენი ტარიფის გაძვირება ამცნეს

– ფასების მატებაზე ჯერ 2019 წლის დეკემბერში გავაკეთეთ პროგნოზი, შემდეგ კი, 2020 წლის აპრილში. 2021 წელს, საქართველოს კიდევ უფრო მეტი მოქალაქე წავა ემიგრაციაში. ლარის კურსის მნიშვნელოვან რყევას 2021 წლის 10 იანვრამდე და მკვეთრ გაუფასურებას პირველ კვარტალში არ ველოდებით. საწვავზე პირველი და მეორე კვარტლის ჩათვლით შენარჩუნდება მაღალი ფასები. ვფიქრობთ რომ 2021 წლის ზაფხულში, ასევე, ვერ შედგება ტურისტული სეზონი და დამოკიდებული ვიქნებით კვლავ იმპორტზე; გაგრძელდება უმუშევართა რიცხოვნობის ზრდა. ჩვენი პროგნოზებით 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 2-3 პროცენტის ფარგლებში გვექნება, თუმცა აღნიშნულ პროგნოზს 2021 წლის ივლისის ბოლოს დავაზუსტებთ.

მაღალი ალბათობით ჩინეთსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში საგადამხდელო ვალუტად გამოჩნდება ციფრული ფული, რაც ირიბად იმოქმედებს განვითარებითი ეკონომიკის ქვეყნების ვალუტებზეც. სამწუხაროდ, ისევ გამოწვევად დარჩება, კრიზისული ეკონომიკის არაადეკვატური მართვა, მაღალი ფასები, ლარის კურსი, უმუშევრობა და ნეპოტიზმი. გამოწვევად დარჩება შექმნილი პოლიტიკური სიტუაციაც – ხელისუფებისა და პოზიციის კინკლაობა.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი