Михаил Саакашвили

თვენახევარზე მეტია საქართველოში დღის მთავარი თემაა შიმშილობს თუ არა პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და გადაიყვანენ თუ არა მას სამოქალაქო კლინიკაში, როგორც ამას მისი პარტიის წევრები მოითხოვენ.

ქვეყანაში, რომელიც საგარეო ვალთან ერთად სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებში იხრჩობა, სადაც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას თავს ვერ ართმევენ და დღეში 80-ზე მეტ მოქალაქეს კარგავენ, მთავარი პრობლემაა სააკაშვილმა ფაფა ჭამა, თუ მწვადი? “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს ქვეყანა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით აცხოვროს. მათ მიერ კონტროლირებადი ტელეარხები ძალ-ღონეს არ იშურებენ ქვეყანაში დაძაბულობის იმიტაციის შესაქმნელად. ამის მიუხედავად თვალსაჩინოა ნაციონალების საპროტესტო აქციების განლევადობა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხების შემდეგ აცხადებდა, რომ ქუჩის აქციები აღარ იქნებოდა, ხან გზების პარალიზებით იმუქრება და ხან, პერმანენტული აქციებით ქვეყნის მასშტაბით. სააკაშვილი, რომელიც, მათივე ინფორმაციით, თვენახევარზე მეტია შიმშილობს, საერთო სახალხო დაუმორჩილებლობას ელოდება, რათა მართლმსაჯულებას დააღწიოს თავი.

ნიკა მელია

პარტია “ენმ” სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად აცხადებს და მის, არა მხოლოდ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, არამედ პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. სააკაშვილის წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართეს ექსპრეზიდენტის №18 სამკურნალო დაწესებულებიდან მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით. პასუხად სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა სააკაშვილს შეწყვიტოს შიმშილობა, ხოლო საქართველოს მთავრობას დაავალა 2021 წლის 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრთა ნაწილი კვლავ განაგრძობს ქუჩის აქციებს, ნაწილი კი შიმშილობას აცხადებს. კერძოდ, სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილე პარლამენტის დეპუტატ ელენე ხოშტარიას, პარლამენტის 9 ოპოზიციონერი დეპუტატი შეუერთდა. ​შიმშილობა დაიწყეს დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა და აბდულა ისმაილოვმა.

შიმშილობის აქცია გამოაცხადეს ზუგდიდის საკრებულოში, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 5- მა და რუსთავის საკრებულოში “ენმ”-ს 6-მა წევრმა.

ირაკლი კობახიძის

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიცია ხალხს ვეღარ აგროვებს და ახლა ცდილობს ისეთ ფორმას მიმართოს, რომელსაც “ხალხის შეგროვება აღარ სჭირდება”.

“ისე ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენი, ხელისუფლების მხრიდან არის, რაღაც ახირება მისი არგადაყვანა, სინამდვილეში ხდება რა — ორ კვირაზე მეტია ისინი ამ მოთხოვნას აყენებენ და ამ ორი კვირის განმავლობაში ამის არავითარი აუცილებლობა არ არსებობდა. რატომ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი ეს ორი კვირა და მეტი სამოქალაქო საავადმყოფოში აბსოლუტურად გაუგებარია”, — განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

მისივე ვერსიით, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის რეალური მიზეზი ის არის, რომ ექსპრეზიდენტი “ციხიდან გაიყვანონ”. “ამ ახირებას” კი ხელისუფლება ვერ აჰყვება.

გიორგი კანაშვილი

ექსპერტი გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ ნაციონალებისა და მათი მხარდამჭერების მოთხოვნა საკმაოდ რეალისტურია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა საერთაშორისო წნეხიც ძლიერდება. ეს ყოველივე კი ქვეყანას შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს.

“არ მგონია ქვეყნის ინტერესებში შედიოდეს პრეზიდენტის გარდაცვალება”, – ამბობს ექსპერტი.

მისივე თქმით, როდესაც საქმე ჰუმანიტარულ საკითხს ეხება და არა პოლიტიკურს, დასავლეთი აქტიურდება.

“სანამ საქმე ეხება უშუალოდ სასამართლო პროცესს, დასავლეთი განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა. მაგრამ, როცა საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, მით უმეტეს, როდესაც არის საკმაოდ ობიექტური განცდა, რომ შეიძლება სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას, აქ დასავლეთი ხელისუფლებისგან ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას ითხოვს, ამასთანავე სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს სააკაშვილს შეწყვიტოს შიმშილობა”, – განუცხადა Dalma News-ს გიორგი კანაშვილმა.

გიორგი კანაშვილის აზრით, ქვეყანაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსვლა, არც თუ ისე რთულია, ამისთვის საჭიროა მხარეები მოეშვან მაქსიმალისტური მოთხოვნების დაყენებას. ამ შემთხვევაში კი, პირველი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან უნდა გადაიდგას და ყოფილი პრეზიდენტის სამკურნალო პირობები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, თუნდაც კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებდეს და მოსახლეობის დიდი ნაწილიც განაწყენდეს ხელისუფლებაზე.

“თუნდაც მოსახლეობის ნაწილს ეს დიდად არ ეპიტნავებოდეს. არ ვიცი, კანონმდებლობასთანაც, რამდენად შესაბამისობაშია, მაგრამ უფრო ფართო მნიშვნელობის საკითხისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სწორი იქნებოდა დათმობაზე წასვლა, რაც ნიშნავს სააკაშვილის მულტიფუნქციურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვა”, – აცხადებს ექსპერტი გიორგი კანაშვილი.

მეორე საკითხია, დასჯერდება, თუ არა ამას მეორე მხარე?
გიორგი კანაშვილის მოსაზრებით, ხელისუფლებამ ყველა შემთხვევაში უნდა გადადგას ეს ნაბიჯი. იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” აგებს, მისი პოზიციები ბევრად სუსტია.

“როდესაც ციხეში არის ადამიანი და სხვადასხვა სამედიცინო პერსონალი საუბრობს იმაზე, რომ ციხეში არ არის შესაბამისი სამედიცინო პირობები, ხელისუფლებამ უნდა სცადოს და შექმნა იმის განცდა, რომ ყველანაირი პირობები არის. ბევრად უფრო სოლიდური იქნება “ქართული ოცნება”, თუ ასეთ ნაბიჯს გადადგამს, თუ არ გადადგამს პროცესები ესკალაციისკენ წავა და არ მგონია ეს აწყობდეს მმართველ ძალას”, – ამბობს კანაშვილი.

Dalma News-ის კითხავზე, სააკაშვილის მხარდასაჭერად დეპუტატების შიმშილობის აქცია დასავლეთისთვის რეზონანსული იქნება თუ არა? ექსპერტი გიორგი კანაშვილი განმარტავს, რომ მსოფლიო დღეს, ბევრი სხვა საკითხებით არის დაკავებული, მათ შორის, ბელორუსისა და პოლონეთის საზღვარზე მიმდინარე პროცესებით და ამ ფონზე, დეპუტატების შიმშილობის აქცია ნაკლებ რეზონანსული იქნება.

ლადო ბოჟაძე

ანალიტიკოს ლადო ბოჟაძის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული პროცესების მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა, რაც მათივე გათვლებით, უნდა დასრულდეს კიდევ ერთი რევოლუციითა და სახელმწიფო გადატრიალებით.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” 15 ნოემბერს დააანონსა აქცია, რომლის დროსაც დედაქალაქის ორივე სანაპიროს გადაკეტვას და სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევას გეგმავდნენ. აქციის მონაწილეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, არა თუ 2, ერთი სანაპიროც ვერ გადაკეტეს, შესაბამისად კანონის ჩარჩოებში დარჩნენ.

“საკუთარი პოზიციის გამოხატვას არავის დაუშლიან, მაგრამ თუ ვინმე გასცდება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებს, კონსტიტუციის ფარგლებში მიიღებს კანონიერ პასუხს. თუ მათი მოლოდინი არის, რომ სააკაშვილი გათავისუფლდება, რა თქმა უნდა ეს ვერ მოხდება. ის გათავისუფლდება მაშინ, როცა გავა მისი პატიმრობის ვადა. ახლა ცდილობენ, მაქსიმალურად მეტი ადამიანი ჩაერთოს პროცესში. ამიტომ სხვადასხვა ადგილას დაიწყეს დეპუტატებმა შიმშილობა, ჯერ არ შეკრებილი საკრებულოს წევრებმა გამოაცხადეს შიმშილობა ზუგდიდში, ეს არის იმიტაცია იმისა, რომ შეიქმნას მასობრივი პროტესტის სურათი”, – განუცხადა Dalma News-ს ლადო ბოჟაძემ.

მისივე თქმით, თუ ვინმეს უქმნიან ნაციონალები ამ აქციებით დისკომფორტს, უპირველესად საქართველოს მოქალაქეებს და დედაქალაქის სტუმრებს.

“მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი”, – ამბობს ბოჟაძე.

Dalma News-ის კითხვაზე, თუ რატომ დაიჟინა ოპოზიციამ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და არის ამის რეალური მიზანი, ლადო ბოჟაძე განმარტავს, რომ მიზანი არის ერთი, – კლინიკის გარშემო სააკაშვილის მხარდამჭერების მობილიზება, დაპირისპირება პოლიციასთან, მისი გატაცების მცდელობა, რასაც ხელისუფლება ცხადია არ დაუშვებს და ეს იქნება ახალი დაპირისპირების პროვოცირების მცდელობა.

ანალიტიკოსის თქმით, ოპოზიციის მხრიდან მას დღემდე არ მოუსმენია სააკაშვილის მიმართ მოწოდება, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ბოჟაძის აზრით, ამას არ აკეთებენ, იმიტომ, რომ მაქსიმალურად სურთ ტემპერატურის აწევა. ახლა, მათი ინტერესია, სააკაშვილი, რაც შეიძლება დაუძლურდეს, საფრთხე შეექმნას მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ის იყოს არა დაცულ და უსაფრთხო გარემოში, არამედ მაქსიმალურად დაუცველ გარემოში.

“ძალიან კარგად იციან, რომ სააკაშვილის გათავისუფლების სამართლებრივი საკითხი გადის საქართველოს პრეზიდენტზე, თუმცა ჩვენ ვიცით პრეზიდენტის პოზიციაც, ის არასდროს შეიწყალებს სააკაშვილს. ამასთანავე ნაციონალები მოქმედ პრეზიდენტს მონას უწოდებენ. მეორე გამოსავალია პარლამენტმა მიიღოს ამნისტია იმ მუხლებთან დაკავშირებით, რომელიც სააკაშვილის მიმართ არის წაყენებული, თუმცა იმდენად ბევრი მუხლი აქვს წაყენებული, რომ მაშინ ციხის ყველა კარი უნდა გავაღოთ და ყველა პატიმარი გამოვუშვათ”, – განუცხადა Dalma News-ს ლადო ბოჟაძემ.

გიორგი ქართველი