საქართველო „მწვანე პასპორტების“ იდეას პროტესტით შეხვდა. მოსახლეობის ნაწილი პრეზიდენტის იმ განცხადებამ გააღიზიანა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა მთავრობისგან საჯარო სივრცეში შესასვლელად კოვიდ პასპორტების შემოღება და აუცრელი ადამიანებისთვის ფასიანი მკურნალობის დაწესება მოითხოვა.
პრეზიდენტმა გააკრიტიკა საქართველოს საპატრიარქო, რომელსაც, მისი აზრით, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან. რა კურთხევას ითხოვს საპატრიარქოსგან, ზურაბიშვილს ამის მეტად არ დაუკონკრეტებია, თუმცა დასძინა, რომ ეკლესიამ მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი უნდა მისცეს, რომ აიცრან.
როგორც ცნობილია, საქართველოს საპატრიარქომ ჯერ კიდევ 11 აგვისტოს, ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებისთანავე გამოხატა საკუთარი პოზიცია და განაცხადა, რომ ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი; აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა.
საპატრიარქოს განცხადებაში იქვე აღნიშნულია, რომ “კოვიდ-19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ მოსახლეობაში არსებული კითხვების შესაბამისად, საზოგადოებას სათანადო დარგის სპეციალისტებისაგან უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, რათა ადამიანებს დაეხმარონ პიროვნული არჩევანის გაკეთებაში, რაც ამ დრომდე არ კეთდება. უჯრედის ბიოლოგების, ბიოლოგების, იმუნოლოგებისა და სფეროს სხვა სპეციალისტების ჯგუფი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში ხელმძღვანელებთან შეხვედრას და ტელედებატებს პანდემიის დაწყების დღიდან ითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ.
საპატრიარქოს განცხადებაში ხაზგასმით არის ასევე აღნიშნული ისიც, რომ ვაქცინაციასთან მიმართებაში ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულება მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და მათი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. ამდენად პრეზიდენტის პატრიარქის მიმართ დაჟინება, მსუბუქად, რომ ითქვას გაუგებარია.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ორპოლუსიანობა და ვაქცინაციის მიმართ აზრთა სხვადასხვაობა ერთ კონტექსტში განიხილა და პასუხისმგებლობა მედიას დააკისრა. მისი აზრით, მედიას შეუძლია ითამაშოს უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოების დამშვიდებაში და პოლარიზაციის შემცირებაში.
პრეზიდენტის აზრით, ვაქცინაციის დაბალი ტემპი ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ კრიზის აყენებს დარტყმას და კიდევ უფრო კატასტროფული სურათი იქმნება. თუმცა, პრეზიდენტს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ კოვიდგადატანილი მშობლები ხშირ შემთხვევაში ან თავად ამბობენ უარს შვილის გაჩენაზე, ან ნაყოფს იცილებენ იმის შიშით, რომ ბავშვი რაიმე თანდაყოლილი დაავადებით დაიბადება. ტარდება თუ არა საქართველოში მსგავსი კვლევა, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, კერძო საუბრებში ექიმები აღიარებენ, რომ კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბევრი ახალშობილი დაიბადა დისტრეს სინდრომით (მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი), რესპირატორული უკმარისობის ტიპი, რომელიც ხასიათდება ფილტვებში გავრცელებული ანთებითი პროცესის სწრაფი დაწყებით. ბავშვის ფილტვები კარგად არ იხსნება, სუნთქვა უქვეითდება და ბავშვი ვარდება მეორად ჰიპოქსიაში და ვერ სუნთქავს, სუსტდება და მდგომარეობა უარესდება. ასეთი შემთხვევების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა.
ქვეყნის პრეზიდენტი მთავრობისგან მოითხოვს სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული: დაწესდეს კოვიდ პასპორტები და ფასიანი გახდეს მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის; მედიაში გახშირდეს პროპაგანდისტული გადაცემები, სამოქალაქო სექტორი გააქტიურდეს, ხოლო პარტიებმა თავი შეიკავონ მრავალათასიანი აქციებისგან.
სამაგიეროდ ზურაბიშვილი ლოქდაუნისა და ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვის წინააღმდეგია. მისი აზრით, ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას.
“დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი. უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა. პასუხისმგებლობა ასევე ეკუთვნის პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციებისა და სიფრთხილის მიუხედავად. პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების, ვინც პირად შიშებს საკუთარი ჯანმრთელობის გამო, ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს”, – აცხადებს იგი.
პრეზიდენტის ეს განცხადება, საზოგადოების ერთი ნაწილისგან დისკრიმინაციად შეფასდა და მოქალაქეებმა სპონტანურად დაგეგმეს საპროტესტო აქცია. პროტესტს ორგანიზება ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” ლიდერმა, ზვიად ტომარაძემ ითავა და ყველა თანამოაზრეს გაერთიანებისკენ მოუწოდა. 5 ნოემბერს, რამდენიმე ასეული ადამიანი ძველ თბილისში, ორბელიანის მოედანზე პრეზიდენტის სასახლის წინ შეიკრიბა და სალომე ზურაბიშვილის დისკრიმინაციული მოწოდებები გააპროტესტეს.
როგორც Dalma News-ს აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, მათი მოთხოვნაა ვაქცინაცია იყო ნებაყოფლობითი და ადამიანებს აუცრელობის გამო, სამსახურებიდან დათხოვნით არ ემუქრებოდნენ. მოქალაქეები პროტესტით ხვდებიან მწვანე პასპორტების იდეასაც და აცხადებენ, რომ თუ მათ პრობლემა შეექმნებათ მაღაზიაში შესვლაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე, მათ შვილებს კი სწავლის უფლებას შეუზღუდავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა. ამის მოთმენას კი, მოქალაქეები არ აპირებენ.
“იძულებითი ვაქცინაციის მომხრეები, რომ არსებობენ, ეს უკვე ლოგიკის უქონლობას და ფსიქიკური არაადეკვატურობის ნიშანია. ჩემზე თუ ზრუნავთ, მწვანე პასპორტებს და შეზღუდვებს, რატომ მიწესებთ? მით უმეტეს, დავინახეთ, რომ აცრა არ იცავს ადამიანს ინფიცირებისგან და ასევე ხდება გამავრცელებელი”;
“გამოვიდნენ აქ კეთილის და სხვაზე ზრუნვის ეტალონები! თურმე, როგორ ზრუნავს სისტემა ხალხზე და წვავს ტყეებს! ქმნის ხელოვნურ ვირუსებს! ქმნის ხელოვნურ კონფლიქტებს, რომ მეტი ხალხი დაიხოცოს. თურმე, როგორ ზრუნავს ჯანმო ჩვენზე”;
“მე, რომელმაც ხმა მივეცი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ვარ უკიდურესად იმედგაცრუებული. ქალი, დედა, ბებია, გამოდის და მოსახლეობას გვეუბნება არჩევანის უფლება არ გაქვთო. საკუთარ ჯანმრთელობაზე ნუ ზრუნავთ, აიცერით, ამით ხელი ეშლება დემოგრაფიულ მდგომარეობასო. რატომღაც არ დაინტერესებულა, რა ხდება კოვიდკლინიკებში? რატომ იღუპება ამდენი ადამიანი? რატომ არ არსებობს ექსპერტიზის არც ერთი დასკვნა? რატომ არ არის ცნობილი სწორი სტატისტიკა აცრის შედეგად გარდაცვლილების შესახებ? ეს კი გამოდის და საჯარო სივრცეში შესვლას აგიკრძალავთ, თუ არ აიცრებითო!” – აცხადებენ აქციაში მონაწილე ადამიანები.
აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს. მისივე თქმით, სწორი არის არა მოქალაქეების იძულება, არამედ დარწმუნებაა, რომ ვაქცინაცია ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალია.
“მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დროულად ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინა, მილიონობით ვაქცინა ჩამოვიტანე და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში და ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში. უნდა ვენდოთ მეცნიერებს და არ უნდა დავუჯეროთ ყალბ ინფორმაციებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საკოორდინაციო საბჭოს უნდობლობას უცხადებს ზვიად ტომარაძე და აცხადებს, რომ, როგორც ვარაუდობდა, არჩევნების შემდეგ იწყებენ ტერორს და ამის გასამართლებლად კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკას ხელოვნურად ზრდიან! არჩევნების წინ დასწიეს სიკვდილიანობა და ახლა კოვიდპასპორტების გამართლება გარდაცვლილების სტატისტიკის გაზრდით სურთ. ყალბი სტატისტიკით მოსახლეობის დაშინება მიმდინარეობს.
“ვაქცინა კი არა, ფასანაურის ხინკალი არ მინდა დაძალებით. მაგრამ გამყრელიძე-კულუმბეკოვ-იმნაძე-ცერცვაძეს სხვა გეგმა აქვთ შესასრულებელი და ისინი ამის გამო დაისჯებიან. ნურავის ეგონება, რომ მწვანე პასპორტებს შემოიღებენ, სადმე არ შეუშვებენ ხალხს და ამას გავუტარებთ. ასიათასიანი მიტინგების გამართვა შეიძლება, ხალხის ჩახუტება, ავტობუსებით ჩამოყვანა და ადამიანს პურის მაღაზიაში შესვლას უკრძალავთ? ხელისუფლება ამას თუ დააკანონებს, იქნება ქვეყნის მტერი”, – განაცხადა ზვიად ტომარაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
აქციაზე იმყოფებოდა განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი, რომელმაც Dalma News-სთან საუბარში გააკრიტიკა პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მისივე შეფასებით, თავიდან ბოლომდე იყო ტერორი, როგორც საზოგადოებაზე და სამოქალაქო პირებზე, ასევე ეკლესიაზე.
“საქართველოს პრეზიდენტი არ არის ეკლესიის უფროსი. კონკორდატი რომ გვაქვს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული, ეს არ იცის პრეზიდენტმა? თან ლოცვა-კურთხევა მოგვეციო, გამოვიდეს პატრიარქი და მრევლს მოგვიწოდოს, წადით ხალხო აიცერითო? ძალიან ბევრ ქვეყანაში, ბევრი ადამიანი რელიგიური მოსაზრებით არ იკეთებს ვაქცინას, რომელიც შეიცავს აბორტირებულ მასალას. ქიმიურ შედგენილობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამერიკის სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რომ, ვინც რელიგიურ ნიადაგზე არ იკეთებს აცრას, არ აქვთ უფლება მოსთხოვონ და მათი დევნა განახორციელონ, გაათავისუფლონ სამსახურიდან”, – განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა.
აქციის მსვლელობისას გაირკვა, რომ პრეზიდენტი იმ მომენტისთვის სასახლეში არ იმყოფებოდა და პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ხვდებოდა უცხოელ დიპლომატებს. აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი მსვლელობით ავლაბრისკენ გადაინაცვლეს და საპროტესტო აქცია იქ გააგრძელეს. აქციის ლიდერებმა მოითხოვეს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ხალხთან გამოსულიყვნენ მათ კითხვებზე განმარტებები გაეკეთებინათ. მოგვიანებით, სასახლიდან გამოიტანეს ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი და ღარიბაშვილი, თავიანთი სტუმრებითურთ, სხვა გასასვლელიდან გავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დასახული ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრით აცრილი უნდა იყოს ზრდასრული მოსახლეობის 60%. ოქტომბერში დღეში საშუალოდ 5-6 ათასი აცრა კეთდებოდა. ამ დროისთვის, სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა მცირედით აღემატება 30%-ს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მარტო ოქტომბერში კორონავირუსით საქართველოს 600-ზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა.
შორენა პაპაშვილი