2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში, დასრულდა მთელი თავი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში — გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ის იყო არა მხოლოდ ეკლესიის მეთაური, არამედ მთავარი არბიტრი და „მშვიდი ნავთსაყუდარი“ ქართული პოლიტიკის ბობოქარ ოკეანეში. დღეს ქვეყანა საყოველთაო გლოვამ მოიცვა, საზოგადოება და ექსპერტები კი ცდილობენ გააცნობიერონ: როგორი იქნება საქართველო „ილიას შემდეგ“?

პოლიტიკური ოლიმპი: ერთიანობა გლოვაში თუ საარჩევნო გათვლა?

პატრიარქის გარდაცვალებას მყისიერი რეაქცია მოჰყვა მთელი პოლიტიკური სპექტრის მხრიდან. ხელისუფლება ხაზს უსვამს დანაკლისის მასშტაბებს სახელმწიფოებრიობისთვის. პრეზიდენტმა მიხეილ კაველაშვილმა აღნიშნა, რომ „მისი წვლილი დედაეკლესიის განმტკიცებაში შეუფასებელია“.

მიხეილ კაველაშვილი

„უნეტარესის ნახევარსაუკუნოვანი, ეპოქალური მოღვაწეობა სამშობლოსა და ხალხის წინაშე დარჩება ერთგულების აღუმატებელ მაგალითად, ხოლო მისი სიბრძნე და სიყვარული ღრმა კვალს დატოვებს თითოეული ჩვენგანის გულში. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ის უანგაროდ ზრუნავდა საქართველოზე და ჩვენი ხალხისთვის მტკიცე საყრდენად იქცა. პატრიარქის სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ძალიან დაგვაკლდება. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად ქართველ ხალხს ამ დიდ დანაკლისს, ხოლო კათოლიკოს-პატრიარქის ოჯახს, სამღვდელოებასა და მორწმუნეებს ვუსურვებ უფლის შემწეობასა და სულიერ სიმტკიცეს ამ მძიმე წუთებში“, – წერს მიხეილ კაველაშვილი.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ილია II იყო „ერთიანობის სიმბოლო“.

„ვუსამძიმრებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ჩვენი ხალხის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო. მისი აღსასრულით დასრულდა დიდი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. უწმინდესის მწყემსმთავრული მოღვაწეობის პერიოდი დაემთხვა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და გარდამტეხ წლებს. ამ ისტორიულ გზაზე ის ყოველთვის რჩებოდა ხალხის სულიერ ლიდერად და ერთიანობის სიმბოლოდ. პატრიარქმა თავისი სიბრძნით, მოყვასის სიყვარულით, უსაზღვრო მოთმინებითა და მიტევების უნარით განამტკიცა რწმენა ჩვენს გულებში“, – წერს მან.

ირაკლი კობახიძე

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ილია II-ის დამსახურება „სცილდება წმინდა სულიერ განზომილებას“.

„ეროვნული იდენტობის შენარჩუნების, ტრადიციების გადაცემისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის წვლილი ფასდაუდებელია. ღვთის, სამშობლოსა და ადამიანების უანგარო მსახურებით მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უდიდეს მოღვაწეთა შორის. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს, მღვდელმთავრებს, სამწყსოსა და თითოეულ თანამემამულეს. ჩვენი და მომავალი თაობების ვალია, ღირსეულად დავიცვათ ჩვენი სულიერი მამის დიდი მემკვიდრეობა. იყოს ხსენება მისი საუკუნო“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის სამძიმრის წერილში.

ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის რეაქცია. ლიდერებმა, რომლებიც წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ საპატრიარქოს კონსერვატიზმის გამო, მოულოდნელად რიტორიკა ხაზგასმით პატივისცემით შეცვალეს. თინა ბოკუჩავამ („ნაციონალური მოძრაობა“) და ნიკა გვარამიამ („კოალიცია ცვლილებისთვის“) პატრიარქს „შემოქმედი“ და „სულიერი ლიდერი“ უწოდეს.

თინა ბოკუჩავა

„ეს არის ძალიან მძიმე დღე ყველა ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის… ვუსამძიმრებ ყველას, ვინც პატრიარქის გარდაცვალებამ დაამწუხრა. მჯერა, მისი გულითადი სურვილი იქნებოდა, რომ ქართველ ხალხს სიცოცხლე აერთიანებდეს და არა მხოლოდ სიკვდილი“, – აღნიშნა ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მომოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, კათოლიკოს-პატრიარქისთვის კლინიკაში ლოცულობდნენ როგორც ერისკაცები, ისე სასულიერო პირები და ახლა საზოგადოება გლოვაშია გაერთიანებული.

ამავდროულად, ექსპერტულ წრეებში ეს იმპულსი სკეპტიკურად აღიქვეს. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ოპოზიციონერების ვიზიტები კლინიკაში ილია II-ის გარდაცვალებამდე „ცინიზმის მწვერვალია“. მისივე განმარტებით, „საზოგადოება ადვილად ამჩნევს სიყალბეს“, როდესაც პოლიტიკოსები საერთო-სახალხო ტრაგედიაზე ქულების დაწერას ცდილობენ. ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც კი, რომელიც ადრე „პროევროპელი და არა პრორუსი“ პატრიარქის არჩევის იმედს გამოთქვამდა, ამჯერად მას „ერის გამაერთიანებელი“ უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაზე მისი წარსული თავდასხმები ამომრჩევლის მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალია.

 სალომე ზურაბიშვილი

„თქვენო უწმინდესობავ, თქვენ იყავით და მუდამ იქნებით ჩვენი პატრიარქი. ახლა, ისე როგორც არასდროს, დაგვჭირდება თქვენი ლოცვა, რომ საქართველოს ეკლესიამ და ქართველმა ხალხმა გადალახოს ის უაღრესად რთული პერიოდი, რომელიც წინ გველის. ეს 40 დღე და მარხვის დარჩენილი დრო იქნება, რა თქმა უნდა, უმძიმესი, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ჩნდება ნათელი გზა“, – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

მსოფლიო გამოძახილი და „საკურთხევლის დიპლომატია“

თბილისში სამძიმრის წერილები მთელი მსოფლიოდან მოდის, მათ შორის მეზობელი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მართლმადიდებელი ეკლესიების ლიდერები და მსოფლიო სახელმწიფოების მეთაურები აღნიშნავენ ილია II-ის უნიკალურ როლს რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებაში. საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ილია II იყო ფიგურა, რომელსაც შეეძლო აღეკვეთა რელიგიური ფაქტორის ომის ინსტრუმენტად გადაქცევა.

ექსპერტული ხედვა: რატომ შფოთავს საქართველო?

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის მიჩნევით, თუ პატრიარქად ტახტის მოსაყდრე შიოს აირჩევენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სტაბილურობას შეინარჩუნებს.

Заал Анджапаридзе

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის აირჩევენ, ვინ გახდება ახალი პატრიარქი. თუ ეს იქნება მოსაყდრე შიო, ვფიქრობ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეინარჩუნებს იმ სტაბილურობას, რომელიც მას ამ წლების განმავლობაში ჰქონდა. მიუხედავად მის წინააღმდეგ მიმართული ყველა თავდასხმისა ლიბერალური წრეების მხრიდან, როგორც ეკლესიის შიგნით, ისე მის გარეთ“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

ამასთან, ანალიტიკოსმა არ გამორიცხა თეორიული შესაძლებლობა, რომ სინოდის ე.წ. „პროდასავლურმა ფრთამ“ შეძლოს საკუთარი კანდიდატის გაყვანა. ასეთ შემთხვევაში, მოსალოდნელია ცვლილებები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, დასძინა ანჯაფარიძემ.

„ვიმედოვნოთ, რომ პატრიარქის შეცვლა ზიანს არ მოუტანს არც საქართველოს საგარეო და არც საშინაო პოლიტიკას. ილია II-მ არ დაუშვა ეკლესიის პოლიტიზება. ბევრი პოლიტიკოსი ცდილობდა ეკლესიის პოლიტიზებას, მის საკუთარ მხარეს გადაბირებას. ის, რომ ეს არ მოხდა — ილია II-ის დამსახურებაა, ეს მისი წვლილია. ეკლესია ნეიტრალურია პოლიტიკური ჯგუფების მიმართ. ის ყოველთვის მშვიდობისა და დიალოგის მომხრეა“, – განაცხადა პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კათოლიკოს-პატრიარქის პოზიცია რუსეთისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. სწორედ ეს პოზიცია ეხმარებოდა საქართველოს პოლიტიკური თვალსაზრისით, აღნიშნა ექსპერტმა.

ექსპერტები ასევე კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციური ძალების ქმედებებს და აღნიშნავენ, რომ ეკლესიის მიმართ მათი რიტორიკის შეცვლის მცდელობები საზოგადოების მიერ შესაძლოა აღქმულ იქნას როგორც არაავთენტური და პოლიტიკურად მოტივირებული.

„ეს ოპოზიციის წინასწარ წაგებული თამაშია. ყველამ იცის ამ ადამიანების დამოკიდებულება მართლმადიდებლობის, რწმენისა და პატრიარქის მიმართ. მათი მისვლა კლინიკაში, სადაც ილია II იყო მოთავსებული, ცინიზმის მწვერვალი იყო. როდესაც საზოგადოებამ იცის შენი პოზიცია და შენ ასეთ ყალბ ნაბიჯს დგამ, ეს პოლიტიკური თვითმკვლელობაა. საზოგადოება ადვილად ამჩნევს სიყალბეს“, – აღნიშნა ანჯაფარიძემ.

პეტრე მამრაძის თქმით, ოპოზიციას დღეს უბრალოდ არ აწყობს პატრიარქზე კრიტიკული განცხადებებით გამოსვლა, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

Петр Мамрадзе

„კარგად მახსოვს ეს ადამიანები, მათი თანამზრახველი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლებმაც განახორციელეს სისხლიანი სამხედრო ავანტიურა 2008 წელს, ეწეოდნენ პატრიარქის ცილისწამებასა და დევნას. მათ კარგად ვიცნობ და ვამბობ, რომ ახლა მათთვის უბრალოდ წამგებიანი იქნებოდა მასზე რაიმე კრიტიკულის თქმა“, – განაცხადა მამრაძემ.

განსხვავებული აზრი

პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე, თავის მხრივ, ხაზს უსვამს, რომ ილია II-ის გარდაცვალება არ არის მხოლოდ საეკლესიო დანაკლისი, არამედ ტექტონიკური ძვრაა ქვეყნის პოლიტიკურ არქიტექტურაში. ექსპერტი გამოყოფს სამ საკვანძო ასპექტს, რაც უწმინდესის ფიგურას თანამედროვე ისტორიაში უნიკალურს ხდიდა.

„არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი როლი დემოგრაფიული კრიზისის დაძლევაში. შობადობის გაზრდის მიზნით, ილია II დათანხმდა გამხდარიყო ოჯახებში მესამე და მომდევნო შვილების ნათლია. დღეისათვის მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს. ბევრი აღიარებდა, რომ ოჯახის შევსება მხოლოდ ამ ინიციატივის წყალობით გადაწყვიტა“, – წერს ანალიტიკოსი.

სიხარულიძე ასევე აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი არ იყო მხოლოდ რელიგიური ჟესტი, არამედ სოციალური პოლიტიკის რეალური ინსტრუმენტი. პატრიარქმა დე-ფაქტო აიღო სახელმწიფო ფუნქციები იქ, სადაც ის ვერ აუდიოდა საქმეს და შექმნა „პატრიარქის ნათლულების“ თაობა, რომელთათვისაც რწმენა და ეროვნული იდენტობა განუყოფლად არის დაკავშირებული მის პიროვნებასთან.

არჩილ სიხარულიძე

„თბილისში სექსუალური უმცირესობების აღლუმების ჩატარების მცდელობების საპასუხოდ, 2014 წელს პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის დღე დააწესა. მან 17 მაისი — ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე — ოჯახის სიწმინდის ქართულ დღედ აქცია. ე.წ. გეი-აღლუმის საკითხი, არსებითად, პატრიარქ ილია II-ის ერთი გადაწყვეტილებით გადაწყდა“, – დასძინა სიხარულიძემ.

ექსპერტის აზრით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ილია II-ის ხელმძღვანელობით გახდა მთავარი ბასტიონი იდეოლოგიურ ომში. სიხარულიძე მიიჩნევს, რომ ამან საქართველო ავტომატურად დააყენა მსოფლიოს იმ კონსერვატიული ძალების გვერდით, რომლებიც ლიბერალურ დღის წესრიგს ეწინააღმდეგებიან. პროდასავლური აქტორებისთვის ეკლესია იქცა „ანაქრონიზმად“, რომლის აღმოფხვრაზეც ისინი ოცნებობენ, რათა მართლმადიდებლობა აქტიური ფაზიდან უბრალო ისტორიულ მოცემულობად აქციონ.

„საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, აფხაზეთზე საკუთარი იურისდიქციის შენარჩუნების სურვილით, გამოიყენა პიროვნული ურთიერთობები ილია II-სა და კირილეს შორის მართლმადიდებლური სქიზმის თავიდან ასაცილებლად. სწორედ ამიტომ საქართველოს ეკლესიამ არ დაუჭირა მხარი უკრაინისთვის ტომოსის გადაცემას — აშკარა იყო, რომ ეს ქმნიდა სახიფათო პრეცედენტს“, – წერს არჩილ სიხარულიძე.

ექსპერტი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ილია II-ის ზომიერება მოსკოვთან ურთიერთობაში იყო არა „პრორუსული პოლიტიკა“, არამედ ფხიზელი გათვლა. ანტირუსულ რიტორიკაზე უარის თქმა საშუალებას იძლეოდა სულიერი გავლენა შენარჩუნებულიყო დაკარგულ ტერიტორიებზე. ახლა კი რადიკალური წრეები იმედოვნებენ, რომ ახალი პატრიარქი გახდება „გაფთრებული პროდასავლელი, და შესაბამისად, თავისი რიტორიკით — რუსოფობი“, რამაც შესაძლოა ქვეყანა მიიყვანოს უკრაინის მოდელის ნაციონალურ ანტირუსულ გეოპოლიტიკურ პროექტამდე.

რა იქნება შემდეგ: მემკვიდრეობითობა თუ საეკლესიო შტორმი?

მთავარი კითხვა დღეს არის — ვინ დაიკავებს საპატრიარქო ტახტს სამების საკათედრო ტაძარში. წმინდა სინოდმა მუშაობა უკვე დაიწყო და საკვანძო ფიგურად რჩება მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), რომელიც თავად ილია II-მ დანიშნა ჯერ კიდევ 2017 წელს.

თუმცა, კულისებს მიღმა დაძაბულობა ნარჩუნდება. სინოდის ლიბერალურმა ფრთამ, დასავლური ფონდების მხარდაჭერით, შესაძლოა სცადოს საკუთარი კანდიდატის წინ წამოწევა. თუ ეს მოხდება, ეკლესია რისკავს გადაიქცეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რომელიც მიმართული იქნება მოსკოვთან კავშირების გაწყვეტისა და ქუჩის პროტესტის მხარდაჭერისკენ.

ხელისუფლება დაინტერესებულია სტატუს-კვოს შენარჩუნებით, ხოლო ოპონენტები ოცნებობენ „პროდასავლურ და რუსოფობ“ პატრიარქზე. საქართველო ემშვიდობება ილია II-ს და აცნობიერებს, რომ მასთან ერთად მიდის სტაბილური ბალანსის ეპოქა, წინ კი რწმენისა და სახელმწიფოსთვის გამოცდების უაღრესად რთული პერიოდია.