საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც მისი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამო, სასჯელს მოიხდის. სააკაშვილმა დაპატიმრების დღიდან თავი „პოლიტიკურ პატიმრად“ გამოაცხადა და შიმშილობა დაიწყო.

2021 წლის პირველ ოქტომბერს დაკავებული, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი ამჯერად გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. მიზეზი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა. სააკაშვილის 50-დღიანი შიმშილობის განმავლობაში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მათი მხარდამჭერი პოლიტიკური ორგანიზაციები, ხან რუსთავის, ხანაც გლდანის ციხესთან საპროტესტო აქციებს მართავდნენ და ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ. ხელისუფლების ლიდერები კი აცხადებდნენ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სააკაშვილი დიეტური საკვებით იკვებებოდა და მისთვის, ნებისმიერი პატიმრის მსგავსად, ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი იყო. ხოლო ოპოზიციის მიზანია, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკიდან გაიტაცონ. ამის შემდეგ, ნაციონალების ლიდერებმა საჯარო გამოსვლებში პირობა დადეს, რომ ექსპრეზიდენტის, არა თუ გატაცებას არ გეგმავენ, არამედ კლინიკის შორიახლოსაც არ გამართავენ საპროტესტო აქციებს.

6 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა გაასაჯაროვა, რომლებითაც სააკაშვილი ციხეში იკვებებოდა.

სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, არც სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა და ექსპრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა კი, მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

საბოლოო ჯამში პატიმარმა სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა და მალე შესაძლოა საკუთარ სასამართლო პროცესსაც სასამართლო დარბაზში დაესწროს. როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, მის უწყებას შეუძლია მოშიმშილე პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა და ამ მხრივ პრობლემა, არც სააკაშვილს შექმნია. თუმცა, უსაფრთხოების ფაქტორის გათვალისწინებით, ექსპრეზიდენტის გლდანის ციხიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა გადაწყდა.

მას შემდეგ, რაც საზოგადოება დარწმუნდა, რომ სააკაშვილი აღარ შიმშილობს, ოპოზიციამ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ გეგმებზე დაიწყო საუბარი. ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე კი, ხელისუფლებას სასამართლოს გვერდის ავლით, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას და მკურნალობის სახლის პირობებში გაგრძელებას სთავაზობს. როგორც ექიმი აცხადებს, სააკაშვილის მკურნალობის პროცესში საჭიროა ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის ჩართვა.

“სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ, ხომ შეიძლება პატიმრობა გადავადდეს? იქნებ გავათავისუფლოთ და იმკურნალოს ნორმალურად კლინიკაში”, – აცხადებს ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.

რატი ბრეგაძე

ამასთან დაკავშირებით განმარტება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ პატიმრობის გადავადებას სჭირდება სასამართლოს განჩინება. ვინმეს სურვილით ვერავის გაუღებენ საკნის კარს და გაუშვებენ. სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი, ან იყოს შეწყალებული და გამოცხადდეს ამნისტია.

სააკაშვილის პოლიტიკურ გეგმებს რაც შეეხება, პოლიტიკური ცხოვრების მთავარი ინდიკატორები პირველ რიგში არის საარჩევნო უფლება და პოლიტიკური პარტიის წევრობა, არც ერთი ეს უფლება არ აქვს სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს.

“შესაბამისად, რა ფორმით უნდა ჩაერთოს ის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რთული წარმოსადგენია. ეს საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ წინააღმდეგობაშია”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მინისტრის თქმით, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან არის დაცული. ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს: შიმშილობის შემდგომი კვების განახლება და სიმპტომატური მკურნალობა. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ კი, ექსპრეზიდენტს კვლავ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ. თუმცა, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარს კვლავ გლდანის მე-18 დაწესებულებაში დააბრუნებენ, ხოლო ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

“მოვუწოდებთ ყველას, მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ. სიძულვილის ენის აქამდე გაუგონარი მასშტაბით გამოყენების და კანონმორჩილ თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმის დაუყოვნებელი შეწყვეტისკენ“, – განაცხადა მინისტრმა.

ქართველი ჟურნალისტები ყოველდღიურ რეჟიმში ინტერესდებიან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. როგორც სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის კუთხით შექმნილი კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ელენე გიორგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მესამე დღე იყო კრიტიკული, რაც წარმატებით დასრულდა და შედეგით ყველა ექიმი კმაყოფილია. რაც შეეხება სისუსტეს, ექიმის განმარტებით, შიმშილობის შემდეგ პერიოდში, ეს პროცესი 50 დღის განმავლობაში ნარჩუნდება.

“სამივე დღე „ჩეპეს“ გარეშე გავიარეთ. დღეს დამატებით კალორაჟი და კვება იყო უფრო გაფართოებული. თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, სტაბილურია მისი მდგომარეობა. ყველა ანალიზი კეთდება ყოველ დღე, შიმშილის მარკერები ნორმალურია, ცილამაც უკვე ნელ-ნელა დაიწყო მოწესრიგება. ხვალიდან გადავდივართ დაკვირვების სტადიაში, ნელნელა გავაფართოებთ კალორაჟს, შემდეგ უკვე, გადავალთ სულ სხვა კვებაზე. პაციენტს ჰყავს ფსიქიატრი, რომელიც პირველი დღიდან აკონტროლებდა“, – განაცხადა კონსილიუმის წევრმა.

“ენმ”-ს წევრები უკმაყოფილონი არიან და აცხადებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტის ფორმას ბოლომდე გამოიყენებენ. მათი მოსაზრებით, სააკაშვილი საჭიროებს კვალიფიციურ, ფუნდამენტურ კვლევას, რისი შესაძლებლობა, არც გორის ჰოსპიტალშია.

როგორც “ენმ”-ს წევრი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, ახლა პოლიტიკურ დღის წესრიგში დგება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი.

“მისი სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა. მას არ აქვს შესაძლებლობა, პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს ხალხთან. ახლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლება. პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ეს საკითხი. ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ“, – აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.

გია აბაშიძე

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა არ იყო ხელისუფლების პოლიტიკური კომპრომისი, როგორც კი გაუარესდა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს სამედიცინო ექსპერტებმაც აღიარეს, მაშინვე მიიღეს საჭირო ზომები. ამდენად, ამ თემის გარშემო პოლიტიკური სპეკულაციები, ანალიტიკოსის აზრით, აბსოლუტურად დაუშვებელია.

რაც შეეხება ხერხეულიძის განცხადებას, რომ სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნა ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგშია, გია აბაშიძის შეფასებით, „ენმ“ წლებია ილუზიებში ცხოვრობს, მათთვის სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტი და მთავარსარდალია, ხოლო მათი დღის წესრიგის განზოგადება საერთო პოლიტიკურ დღის წესრიგზე, სიბრიყვეა მათი მხრიდან.

Dalma News-ის კითხვაზე, თუ როგორ აისახება სააკაშვილის შემდგომი პატიმრობა ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ პროცესებზე და რას უნდა ველოდოთ, გია აბაშიძემ განაცხადა, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, რამდენად უტოპიური განცხადებები კეთდება მათი მხრიდან.

“უტოპიური მოთხოვნები წამოაყენა სააკაშვილის პირადმა ექიმმა, დედამისმა, რამდენიმე პოლიტიკოსმა, რომ მოხდეს მისი პატიმრობის გადავადება. ან სახლის პირობებში გააგრძელოს მკურნალობა, იმიტომ, რომ განიცდის ე.წ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ეს არის უტიფრობა და დაცინვა ყველა სხვა პატიმრის, რომელიც თუნდაც მკურნალობას გადის ციხის საავადმყოფოში, ან ციხის პირობებში. სააკაშვილი არაფრით გამოირჩევა სხვა პატიმრებისგან და, თუ მას ციხიდან გაათავისუფლებენ, მხოლოდ გარკვეული კრიტერიუმებით, რომ არის შეურაცხადი, ან ტერმინალური სტადიის დაავადების გამო (უკურნებელი დაავადება)”, – აცხადებს გია აბაშიძე.

მისივე თქმით, თუ მსგავს დიაგნოზს სამედიცინო ექსპერტები ერთსულოვნად დასვამენ, მაშინ, დიდი ალბათობით, სააკაშვილს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოუწევს მკურნალობის გაგრძელება.

“არაფერია გამორიცხული, თუ კონსენსუსი შედგება ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებს შორის, რომ სააკაშვილს სჭირდება გადაუდებელი ფსიქიატრიული დახმარება, ნებისმიერი პატიმრის უფლებები უნდა იყოს დაცული”, – აცხადებს ანალიტიკოსი.

გია აბაშიძე, არც იმას გამორიცხავს, რომ ოპოზიციას მართლაც ჰქონოდა სააკაშვილის გატაცების გეგმა. მსგავსი მცდელობები იყო, რუსთავის და გლდანის ციხესთან. შემდეგ, მიხვდნენ ოპოზიციაში პოლიტიკური ლიდერები, რომ ასეთი დესტრუქცია შეუძლებელია, იმიტომ, რომ ციხეზე თავდასხმა არის სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმა და ამას ძალიან ხისტი პასუხი მოჰყვებოდა.

“სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში აბსოლუტურად შესაძლებელი იყო მისი გატაცების საფრთხე და ჩვენ გვექნებოდა კიდევ ერთი დაპირისპირება პოლიციასა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, რაც, რა თქმა უნდამ არ არის სასურველი, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ამიტომ, მიღებულ იქნა ოპტიმალური გადაწყვეტილება – სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა, მაშინ, როცა რეალურად დამძიმდა პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?”, – ამბობს გია აბაშიძე.

მისივე თქმით, ჯანმრთელი და ცოცხალი სააკაშვილი დღეს, უწინარესად საჭიროა მისი ოჯახისთვის და მთელი ქვეყნისთვის. ხელისუფლების ინტერესშია, ნებისმიერი პატიმარი იყო ჯანმრთელი და საღსალამათი. არაფრით განსხვავდება სააკაშვილი სხვა პატიმრებისგან, ხოლო მისი საკრალური ბუნების წარმოჩენის მცდელობა, არის “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგი. სააკაშვილი იხდის კუთვნილ სასჯელს.

სანამ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდებოდა და შიმშილობას შეწყვეტდა, ევროპარლამენტარებმა მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, წერილი გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირმა მხედველობაში უნდა მიიღოს სანქციების დაწესება მათთვის, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი და არაჰუმანური მოპყრობა დაუშვა. წერილზე ხელმომწერი 23 ევროპარლამენტარი ევროპარლამენტის პრეზიდენტს – ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხებში – ჯოზეფ ბორელს და ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მიმართავენ.

როგორც წერილიდან ირკვევა, მათი ინფორმაციის წყარო საქართველოს სახალხო დამცველი და მის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფია.

“საქართველოს მთავრობა განაგრძობს უარის მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, მიუხედავად ომბუდსმენის და ექიმების რეკომენდაციისა, რომლებიც შიშობენ, რომ სააკაშვილი, შესაძლოა, ციხეში მოკვდეს, თუ სიტუაცია არ შეიცვლება”, – ვკითხულობთ წერილში.

23 ევროპელი პოლიტიკოსის აზრით, სააკაშვილს უარი ეთქვა ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე პოლიტიკური საფუძველით. ასევე, საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა დაწესებულებამ უარი უთხრა მას დასწრებოდა საკუთარ სასამართლო პროცესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

როგორც მასალის დასაწყისშივე იყო აღნიშნული, სააკაშვილს, ადრე თუ გვიან მოუწევს, დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებაში ამას იმედოვნებენ.

შორენა პაპაშვილი