საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. ღრმა პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, ქვეყნის მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი 30 ოქტომბერს, მეორე ტურში ქვეყნის დედაქალაქში და სხვა დიდ ქალაქებში, განმეორებით დააფიქსირა. არჩევნებში მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია, პირველი და მეორე ტურების შემდეგ, კვლავ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და მოსახლეობას საპროტესტოდ იხმობს. რევოლუციური სცენარის ერთგულია პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილიც, რომელიც მხარდამჭერებს მითითებებს ციხიდან აძლევს.

ოპოზიციამ, რამდენიმე უბანზე ხმების ხელახლა გადათვლას მიაღწიეს. შედეგად ხმების რაოდენობა ან უცვლელი დარჩა, ან ზოგ შემთხვევაში ოპოზიციის კანდიდატებს მოაკლდათ და მმართველ პარტიას დაემატა. ასე მაგალითად, ცესკოს ინფორმაციით, მერის არჩევნების ნაწილში 1 ნოემბერს სულ გადაითვალეს 194 უბნის შედეგი, საიდანაც 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებს, ამ ნაწილში სულ გადაითვალეს 33 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა.

2-ნოემბერს კიდევ 58 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალეს. შედეგები 14-უბანზე მცირედით შეიცვალა. პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დააკლდა 6 ხმა და დაემატა 3, “ქართულ ოცნებას” დააკლდა 5 და დაემატა 39, “გახარია – საქართველოსთვის” დააკლდა – 34 ხმა.

თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს “ენმ”-ს თავმჯდომარე ნიკანორ მელია და “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, მოქმედი მერი კახა კალაძე დაუპირისპირდნენ. მელიამ – 44,6%, ხოლო კალაძემ 55,6% მიიღო. მცირედი სხვაობით გაიმარჯვეს მმართველი პარტიის მერობის კანდიდატებმა თვითმმართველ ქალაქებში: რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, ხოლო ფოთში, სადაც ოპოზიციიდან კენჭს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა იყრიდა, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა თითქმის 15%-იანი უპირატესობით დაამარცხა.

თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა: თელავში, თიანეთში, ქარელში, ხაშურში, ცაგერში, ვაღდათში, წყალტუბოში, ოზურგეთში, სენაკში, მარტვილში, ხობში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ხელვაჩაურში. აქედან მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავან 51%-ით, ხოლო ზუგდიდში, სადაც ნიკანორ მელიას მამა, ანზორ მელია იყრიდა კენჭს, “ოცნების” კანდიდატმა თითქმის 3%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა.

ლადო ბოჟაძის

ანალიტიკოს ლადო ბოჟაძის შეფასებით, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ოპოზიცია, არც თუ კარგად გამოიყურება. განსაკუთრებით დაზარალდნენ “ენმ”-ს გვერდით მყოფი მცირე პარტიები. საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ, მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაეცა.

ლადო ბოჟაძის მოსაზრებით, “ლელო”, “გირჩი” და ნაციონალებთან გაერთიანებული სხვა მცირე პარტიები კარგად ხვდებიან, რომ პოლიტიკური საქმიანობის დამოუკიდებლად გაგრძელება არ შეუძლიათ და გასაკვირი არ იქნება, ერთ მშვენიერ დღეს მათი ლიდერები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ სიაში რომ აღმოჩნდნენ.

“არჩევნების მეორე ტურის შემდეგ რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა შეკრება ვნახეთ. იყო აქცია ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავის ციხესთან. ამით ვხედავთ საზოგადოების დამოკიდებულებას სააკაშვილის მიმართ. დასავლურმა მედიამ ყურიც კი არ შეიბერტყა სააკაშვილის პატიმრობის გამო, ყველამ იცის, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე და არავინ აპირებს მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას რაიმე რჩევა მისცენ”, – განუცხადა Dalma News-ს ლადო ბოჟაძემ.

მისივე თქმით, 2020 -2021 წლების არჩევნებმა ცხადყო, რომ “ენმ” ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვეღარ დაბრუნდება, ამიტომ ოპოზიცია კვლავ რევოლუციაზე საუბრობს. ისმის მოწოდებები პოლიტიკოსებისა და მათ მიერ მართვადი ტელევიზიების მხრიდან.

ბოჟაძის თქმით, არჩევნების შემდგომი ნაციონალების ტრადიციული სცენარი, რომ არჩევნები გაყალბდა, არ გათამაშდა.

“წელს საერთოდ არანაირი მიზეზი გაყალბებაზე არ მიეცათ, არც ქვეყნის შიგნით და, არც მის გარეთ. ახლა პირდაპირ რევოლუციის გზით აპირებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას”, – ამბობს ლადო ბოჟაძე.

მისივე თქმით, ოპოზიციის მცდელობა, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობით პოლიტიკური ტემპერატურა ასწიონ და რევოლუციური სცენარი განავითარონ, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დასრულდება წარმატებით. ამას არ დაუშვებს ქართული სახელმწიფო და მისი მოსახლეობა.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ მოშიმშილე სააკაშვილი კერძო კლინიკაში გადაიყვანონ, ლადო ბოჟაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველა პატიმრის, არა მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, არამედ მის უსაფრთხოებაზეც, ამიტომ, სადაც მეტად იქნება უზრუნველყოფილი პატიმრის უსაფრთხოება და მაღალი დონის მკურნალობა, სწორედ იქ გადაიყვანენ.

“ასეთი არის გლდანის რესპუბლიკური საავადმყოფო”, – აცხადებს ბოჟაძე.

Гела Васадзе

ექსპერტი გელა ვასაძე პირიქით, არ ენდობა არჩევნების შედეგებს და ამბობს, რომ 2 და 30 ოქტომბრის არჩევნების მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მოსახლეობის 51% არ მივიდა არჩევნებზე. ეს მოსახლეობის ის ნაწილია, რომლებსაც არ სწამთ, რომ არჩევნების გზით შესაძლებელია ქვეყანაში ცვლილებები. მისივე თქმით, არჩევნებზე მივიდა ყველა, ვინც კი “ქართული ოცნებისა” და “ენმ”-ს მომხრე იყო. შუალედური ამომრჩეველი კი სახლში დარჩა, მისი გული ვერც ერთმა მხარემ ვერ მოიგო.

გელა ვასაძის თქმით, დღეს, ოპოზიციას პროტესტის ორგანიზების გარდა, სხვა გამოსავალი არ აქვს. მათი შემდგომი ნაბიჯებიც განპირობებული იმით, რომ მესამე პრეზიდენტი ახლა არის ციხეში და შიმშილობს.

“მშვიდობიანი ფორმის პროტესტი არის მისაღები. რაც შეეხება ცალკეული პირების მოწოდებას, რომ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხალხმა ციხეზე იერიში მიიტანოს, ეს არ იყო პოლიტიკური პარტიის სახელით გაკეთებული განცხადება და სერიოზულად არ უნდა მივიღოთ”, – განუცხადა Dalma News-ს ექსპერტმა.

იგი, არც იმ ოპოზიციონერი დეპუტატის გადაწყვეტილებას იწონებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად აპირებენ დათმონ საპარლამენტო მანდატები. მისი მოსაზრებით, პარლამენტის ტრიბუნა ძალიან მნიშვნელოვანია და ოპოზიციამ ის მაქსიმალურად უნდა გამოყენოს.

“მთელი უბედურება იმაშია, რომ საქართველოში არ არსებობს რეალური თვითმმართველობა. ნამეტანი ცენტრალიზებულები ვართ. ყველგან, მათ შორის დემოკრატიულ სამყაროში თვითმმართველობის არჩევნები არის საპასუხისმგებლო, რადგან პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის ბედთან. ჩვენთან, რომ არ ყოფილიყო სააკაშვილის ფაქტორი, თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან დაბალი იქნებოდა ხალხის აქტივობა. იმიტომ, რომ მათ აქვთ განცდა, რომ არჩევნებით არაფერი წყდება”, – ამბობს გელა ვასაძე.

მისივე თქმით, საქართველო ისედაც პატარა ქვეყანაა, კიდევ რაიონებად დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მუნიციპალიტეტში იმდენად ეფექტიანი თვითმმართველობა უნდა იყოს, რომ ამომრჩეველი საკუთარ თავზე გრძნობდეს ამ ეფექტს.

“დემოკრატიის მშენებლობაში პასუხისმგებლობა ეკისრება მთელს პოლიტიკურ კლასს და არა მხოლოდ ოპოზიციას, ან მმართველ პარტიას. პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად საზოგადოებას, მათ შორის ლექტორ-მასწავლებლებსაც, რომლებიც ასწავლიან უნივერსიტეტებსა და სკოლებში”, – მიაჩნია გელა ვასაძეს.

პეტრე მამრაძე

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციამ ერთგვარ რეფერენდუმად გამოაცხადა, რომელსაც, იდეის თანახმად, უნდა გადაეწყვიტა ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” დარჩენისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ბედი. მეცნიერი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ რეფერნდუმის იდეა არ გამართლდა, რადგან ეს იყო სააკაშვილის მიერ მოფიქრებული მიდგომა, რომ ნებისმიერი მოვლენისგან, რაღაც ააგოროს. იმის გამო, რომ ქვეყანაში არანაირი რევოლუციური მუხტი არ არსებობს, თვითმმართველობის არჩევნები საერთო სახალხო პროტესტის წყაროდ ვერ გადაიქცეოდა.

პეტრე მამრაძის თქმით, როცა საზოგადოებაში მუხტი არსებობს, სულ პატარა ნაპერწკალმაც კი შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს. გარდა ამისა, სახეზეა საკმაოდ მრისხანე გაფრთხილება საზოგადოების ნაწილის მხრიდან ხელისუფლების მიმართ. არჩევნებში კი გადამწყვეტი იყო არა სააკაშვილის ფაქტორი, არამედ სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები რეგიონებში არ იქცევიან მოსაწონად. ისინი საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ. ამიტომაც არის, რომ სააკაშვილის მხარდამჭერთა მდგრადი ბირთვი სტაბილურად არის საერთო ამომრჩევლის 14-15%.

რაც შეეხება “ენმ”-ს ამჟამინდელ თავმჯდომარე ნიკა მელიას, მამრაძის შეფასებით, ის საერთოდ არ შეეფერება რაიმე პოლიტიკურ თანამდებობას. მას არ აქვს, არც კულტურა, არც საკმარისი ინტელექტი და, არც პოლიტიკური ალღო.

“ციხეში მყოფმა სააკაშვილმა მას უპრობლემოდ აართვა დღის წესრიგი. მელია დაბნეულია და არ იცის რა ქნას”, – განუცხადა Dalma News-ს მამრაძემ.

მისივე აზრით, საპარლამენტო მანდატების დატოვების იდეას შესაძლოა ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, მაგრამ ამით, სააკაშვილი ვეღარ მიაღწევს “ტოტალურ ბოიკოტს რასაც შარშან, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიაღწია”.

“ქვეყანაში კრიზისი არც 2020 წლის არჩევნების შემდეგ ყოფილა. როდესაც პარლამენტი არჩეულია, დაკომპლექტებულია მთავრობა, ყველა სამთავრობო სტუქტურა თავის ფუნქციას ასრულებს და არავითარი საერთო სახალხო, მეტ-ნაკლებად მასშტაბური მოძრაობა საქართველოში არ არის, 200-300 კაცის შეგროვება პარლამენტის შენობასთან კრიზისი არ არის. ეს იყო სააკაშვილის მცდელობა, „ტელეკარტინკა“ შეექმნა, ამ სიტყვას იყენებდა ხშირად”, – ამბობს პერტე მამრაძე.

მისივე თქმით, სააკაშვილი სწორედ ამ „ტელეკარტინკაზე“ აფეთქდა, როდესაც არაჟანთან ერთად შემოვიდა საქართველოში. ჭარბმა პიარმა კონტრპროდუქტიული შედეგები გამოიღო. თუმცა, რომ არა “ქართული ოცნების” შეცდომებით სავსე მმართველობა, იმდენს ხმასაც ვერ მიიღებდა მისი დანაშაულებრივი პარტია, რაც მიიღო. ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ნაციონალებს ხმას “ოცნების” ჯინაზე აძლევდა.

“მელიამ, როცა მოიხსნა შინაპატიმრობის სამაჯური და ისროლა, ამით მაშინ სააკაშვილი გადაფარა საერთაშორისო მასმედიაში. ამან გამოიწვია დიდწილად სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა. ეს მისი პიროვნული გადაწყვეტილება იყო. ღარიბაშვილმა თქვა საჯაროდ, რომ ვანო მერაბიშვილია ის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად არწმუნებდა სააკაშვილს, რომ უნდა ჩამოსულიყოო. ამის შემდეგ მერაბიშვილმა დუმილი ამჯობინა. ხელისუფლებას ეს ჩანაწერები აქვს”, – ამბობს მამრაძე.

არჩევნების შემდგომ ექსპერტები მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ცხელ პოლიტიკურ პროცესებს არ ელიან. მათი აზრით, როცა თბილისში არ არის მუხტი, რეგიონებში ოპოზიციამ ყველაფერზე პროვოკაცია და პერფომანსები რომ მოაწყოს, ხალხი უბრალოდ იტყვის, – დეპუტატებს მუშაობა არ უნდათო.

შორენა პაპაშვილი