მიყვარს მისთვის თვალის დევნება, რადგანაც მგონია, რომ იგი მოდილიანის ერთ-ერთი ტილოდან გადმოვიდა. ცნობილი ექსპრესიონისტი სწორედ ასეთ სახეებს ხატავდა – სუსტი, დაუცველი და იმავდროულად მყარი.

ირენა ოგანჯანოვა

რთულია თბილისში მოძებნო ისეთივე ძველი, კოლორიტული და სახასიათო სახლი, როგორიც თბილისელი მხატვრის, ირენა ოგანჯანოვას სახლია. მასში ყველაფერი ზღვარზეა, ზომებისა და წონასწორობის გარეშე. თბილისური სულის კონცენტრაცია იქ ძალიან მაღალია. კედლებიდან ქალაქის აბსოლუტურად განსხვავებული პერსონაჟები იყურებიან. ესენი არიან: საწყლები, ღარიბები, ვაჭრები და სხვა. თაროებიდან მისი თოჯინები გეგებებიან, რომლებიც იღიმიან, ფიქრობენ, ტირიან. ტახტზე ფიფქივით თეთრი კატა – რაფაელო მოკალათებულა. ფანჯარაში ეზოს ბავშვების ჟრიამულის ხმა შემოდის. ერთი სიტყვით, ბინაში გაშეშებულ პერსონაჟს ვერ იპოვით, ყველაფერი მოძრაობს, ცხოვრობს, თამაშობს, თავის როლს ასრულებს. ეს ყველაფერი მხატვრის ენერგიით არის აღვსილი, მისი სამყარო და მისი გაგრძელებაა.

– ირენა, თქვენს ყველა ქმნილებაში თქვენ გხედავთ. თქვენი სურათები, თოჯინები… ვიცი, ხელოვანი ადამიანი თითოეულ თავის ქმნილებაში თავის, რაღაც ნაწილს ტოვებს. მაგრამ შენი თოჯინები, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახეები აქვთ, ძალიან გგავთ.

– ყველაფერი ხომ ჩემი პრიზმის გავლით ხდება. ჩემში გარდატეხა მოხდა. მხატვარი ყველგან არის, თითოეულ თავის ქმნილებაში. ჩემი თოჯინები – კოლექტიური გამოსახულებებია. მათში მეც ვარ და სხვებიც, აბსოლუტურად უცნობი ადამიანები. მე მათ სადღაც, ოდესღაც შევხვედრივარ, ჩემში დარჩნენ და მეც ამგვარად გადმოვეცი. ზოგჯერ ისინი თავად მკარნახობენ, მესაუბრებიან, როგორები უნდა იყვნენ. წითურმა ქალბატონმა ჭკუიდან შემშალა. ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილო იყო. ვერ ვიგებდი, რა უნდოდა. ბოლოს თმის ფერი შევუცვალე და ჩვენს შორის თანხმობაც დამყარდა. ეს მუშაობის ისეთი პროცესია, როდესაც არსება თავად გკარნახობს რასთან გაქვს საქმე და, როგორი უნდა რომ წარდგეს. ამ საქმეს დიდი რუდუნებით უნდა მოეკიდო. მისი უნდა გესმოდეს…

ისეც ხდება ხოლმე, რომ საბოლოო ვარიანტი პირვანდელი ჩანაფიქრისგან ძალიან განსხვავდება. ანუ ძერწავთ და თქვენს, როგორც შემოქმედსა და გამოსაქანდაკებელ მასალას შორის დიალოგი დგება. თუ კონტაქტი არ დამყარდება, არც დაბადება შედგება.

– შენი ნამუშევრები მგრძნობიარეა და ამით გამოირჩევა.

– შესანიშნავია, თუ ასეა, მოხარული ვარ (იღიმის). მაშინაც კი, როდესაც თბილისურ პერსონაჟებს ვხატავ, ესენი არიან გამყიდველები, ხელოსნები, საწყლები, ჩემი გმირებიდან უარყოფითი ენერგია არ უნდა მოდიოდეს.  ჩემთვის ეს აბსოლუტური აქსიომაა. ხანდახან სურათთან მიდიხარ და თავი გტკივა. ეს იმიტომ ხდება, რომ სურათს უარყოფითი ენერგია აქვს. ამიტომ, ვცდილობ ნათელ ემოციებზე ვიმუშაო. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც გაღიზიანებული, ან განადგურებული ხარ და გინდა დახატო, მაგრამ, სურათები, რომელშიც ნეგატიური ენერგია იყო ჩადებული, მომავალში წავშალე ან გადავაკეთე.

– ფერწერაში პრიორიტეტებს თუ ცვლი? ახალი მიმდინარეობის, სიმაღლეების, მიმართულებების დაძლევა თუ გიწევს?

– ეს ძალზედ ინდივიდუალურია. მე ის მხატვარი არ ვარ, რომელიც მკაცრად ერთ სტილში ხატავს. ერთიდან მეორეზე გადავხტები, მუდმივად რაღაცის ძიებაში ვარ, თავისუფლად ვცურავ. ძალიან მიყვარს ჩემი ძველი ნამუშევრები, ის პერიოდი მენატრება კიდეც. დროდადრო ვფიქრობ, რომ დავუბრუნდე ძველ სტილისტიკას, თემატიკას. ერთი სიტყვით, ჩემს თბილისურ პერსონაჟებს მრავალჯერ დავუბრუნდი. ნამუშევრებს არ ვყოფ, როგორც ძველი, ან ახალი დროის. წრეზე დავდივარ. ახლა, მაგალითად, ძალიან მინდა ისევ მითოლოგიას დავუბრუნდე.

– რატომ მოგწონს მითოლოგია?

– ეს ჩვენი მეხსიერებაა, ჩვენი წარსული. არის მომენტი, როდესაც ეს ისტორია თანამედროვეობას ეხმატკბილება. ეს მეხმარება ორიენტირება მოვახდინო ცხოვრებასა და შემოქმედებაში, გადმოღვარო ნახატებში. ამას გაძლევს თესლი, ნაპერწკალი, ყველაფერი ის, რაც შეიცანი და ქვეცნობიერში დაგროვდა, შემდეგ გაიელვებს და ნახატი იბადება.

– რაზეა დამოკიდებული შენი პროდუქტიულობა? შეგიძლია შენი შემოქმედება წარმოების რიტმს დაუქვემდებარო?

– შემიძლია, (ფიქრის შემდეგ) – ფულის სანაცვლოდ. მაგალითად, თუ კერძო შეკვეთაა და ამისთვის კონკრეტული ვადა არსებობს. მაგრამ ეს სუფთად ტექნიკაა. შთაგონება არ არსებობს. -როდესაც სერიოზულ ნახატზე ვმუშაობ, ვდებ არა მხოლოდ ტექნიკას, არამედ სულსაც. იქ დრო წყვეტს არსებობას და რეალობიდან ვარდები.

ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. შეიძლებოდა თუ არა რემბრანდტს თავისი შემოქმედებითი პროცესი დედლაინებისთვის დაექვემდებარებინა? არა მგონია. იცი, ახლა მივხვდი, რომ მე არ ვარ ის მხატვარი, ვინც სტაბილურად ცხოვრობს. ადამიანი-საქანელა ვარ. ხან არაფერს ვაკეთებ, ხან კი მოულოდნელად შემოქმედებით ვთვრები. ეს არის ექსტაზი, კაიფი, ემოცია. მაგრამ, ამის შემდეგ, ხვდები, რომ განულდი და მორჩა, გასაკეთებელი აღარაფერია.

შემდეგ შევსება გჭირდება. შევსების მექანიზმი კი უცნობია. არ არსებობს უნივერსალური რეცეპტები, რომლითაც შემოქმედებით ადამიანს თვითრეალიზაციისკენ გადაადგილება შეუძლია. მოიშოროს, რაც სტანჯავს და გათავისუფლდეს.

– როგორ მოხვედი ფერწერაში? შემთხვევით თუ შეგნებულად აირჩიე ეს გზა?

– როგორც ხედავთ, ხატვის სურვილი დიდხანს მწიფდებოდა. თანაკლასელმა გულწრფელობის დღიური შეინახა, რომელშიც ასეთი რამ მიწერია: მინდა გავხდე მხატვარი. ეს ჩანაწერი, სხვათა შორის, მეოთხე კლასშია გაკეთებული. ალბათ, ეს მოწოდებად აღვიქვი. ისე გამოვიდა, სამხატვრო აკადემიაში საბუთების ჩაბარება დავაგვიანე. სკოლის რვეულების უკანა მხარეს სულ ვხატავდი. ზოგიერთ გაკვეთილს უბრალოდ ვესწრებოდი, არაფერში ვმონაწილეობდი. მხოლოდ მხატვრობა მაინტერესებდა. ჩემს ოჯახში, რატომღაც, სერიოზულად არ განიხილებოდა ჩემი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ცხოვრების მხატვრობასთან დაკავშირება მინდოდა.

ფილოლოგი უნდა ვყოფილიყავი. მაგრამ, ყველანაირად ვეწინააღმდეგებოდი ამას, რადგან გულით არასოდეს მინდოდა. ერთხელ, ქუჩაში შემთხვევით ძველ მეგობარს შევხვდი, რომელმაც ხელოვნების ინსტიტუტის შესახებ მიამბო და დასძინა, რომ იქ განათლების მიღება ფასიანია. ეს მოხდა მძიმე 90-იან წლებში, როდესაც საცხოვრებელი და სასწავლო პირობები არ არსებობდა. ფეხით სიარული და ესკიზის ხელით ტარება, ფუნჯების ცივი წყლით რეცხვა. მაგრამ, ეს ყველაფერი ხომ სისულელეა, როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებ.

– ყოველთვის მოუსვენრად ხარ და ფერწერულ თემებთან გადაკვეთის წერტილებს ეძებ. ხან თოჯინები, ხან სომხური წარმოშობის ქართველი მხატვრების ექსპოზიციების კურატორობა.

– ყველაფერი სრულიად შემთხვევით მოხდა. საქართველოში აღინიშნა სომხეთის დამოუკიდებლობის მორიგი წლისთავი. სხვათა შორის, ამ ღონისძიებაზე მიმიწვიეს. იქ სომხეთის ელჩმა მკითხა, შემეძლო თუ არა თანამედროვე სომეხი მხატვრების გამოფენის ორგანიზება საქართველოში. ამ თემამ დამაინტერესა. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა გამეკეთებინა. გამოცდილება არ მქონდა. საბედნიეროდ, კარგი გუნდი შეიკრიბა და, რამდენიმე ქართულ-სომხური პროექტი გამოგვივიდა.

– როგორ ფიქრობ, ნიჭის სანაცვლოდ ადამიანი იხდის რამეს?

– არ ვიცი, ვინ ვიქნებოდი ეს ნიჭი რომ არ მქონდეს. არ ვიცი რა არის ამ ნიჭის საფასური. მე ხომ ვანგა არ ვარ, რომელიც მხედველობის დაკარგვის ფასად წინასწარმეტყველი გახდა.

– არჩევანის წინაშე რომ დადგე – შექმნა, რაღაც გენიალური და შემდეგ მარადისობას მიეცე.

– არა, დღეს ამისთვის მზად არ ვარ. აქ კიდევ, რაღაც მაინტერესებს. ხვალ ეს ინტერესი თუ აღარ მექნება, ყველაფერს ეშმაკებში გავაგზავნი. ჯერ-ჯერობით ამ ცხოვრებას კიდევ აქვს მუღამი.

– ბედისწერის შეცვლის შესაძლებლობა რომ გქონდეს, შეცვლიდი?

– როგორ განვითარდებოდა იგი? ამის ცოდნა არ შეგვიძლია. რა მოხდებოდა, თუ სხვა ქვეყანაში დავიბადებოდი, სხვა მშობლები მეყოლებოდა, მთვრალი დავჯდებოდი საჭესთან და ავარიაში მოვხვდებოდი. ან ვიცხოვრებდი შეძლებულ ოჯახში, მაგრამ ფეხს დავკარგავდი. ერთი სიტყვით, ჩვენ არ შეგვიძლია იმის ცოდნა, თუ, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი ბედი სხვადასხვა გარემოებებში. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, თუ შენს ცხოვრებაში რამე ძლიერ არ მოგწონს, შეცვალე. გადაიპარსე თმა, წადი სხვა ქვეყანაში, შეიცვალე სამსახური. რამე გააკეთე! და არ იწუწუნო, რომ თვითგანვითარებისთვის საკმარისი დრო არ გქონდა. ეს დრო, როგორც იქნა გამოჩნდა, მსოფლიოში კარანტინი გამოცხადდა, შენ კი მოწყენილობა გტანჯავს და სოციალურ ქსელებში კლავ დროს. ფაქტია, რომ ადამიანს ცვლილებების ეშინია. არ იცის შემდგომ რა იქნება. ჩვენში უამრავი შიშია ჩანერგილი, რომლებიც კონკრეტულ კულტურასთან არის დაკავშირებული. არ მჯერა ვინმეს ნათქვამი, დაწერილი, ან მოსმენილი. მე თვითონ ვფიქრობ, ვენდობი მხოლოდ ჩემს გამოცდილებას, ყველაფერს საკუთარ თავზე ვცდი.

– ამჟამად ცხოვრების რომელ ეტაპზე ხარ?

– ახლა კარგი პერიოდი მაქვს. ჩემში ცხოვრებისადმი, რაღაც განსაკუთრებულმა ინტერესმა გაიღვიძა. გაბრწყინებული თვალები, შემოქმედების სურვილი და ძალიან მაინტერესებს ეს ყოველივე სად მიმიყვანს. სასიამოვნოა საკუთარი თავის და ფიქრების შეგრძნება. ჩემს თავს, რაღაც ხდება. ამ ყველაფერს შუა ასაკის კრიზისი ჰქვია, – იცინის. მასშტაბური შეკვეთის შესრულების შემდეგ, მინდა, რაღაც არც ისე დიდი დავხატო, ისეთი, რომ მოგვიანებით სალონში მივიტანო. ზუსტად არ ვიცი რა, ყველაფერი ახირებაზეა.

ეკატერინა მინასიანი