ჩინეთში, ახალი კორონავირუსის (2019-nCoV) გავრცელებას სომხეთშიც ეხმიანებიან. პრესკონფერენციაზე, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს ორი ტურისტის შესახებ, რომლებიც საქართველოდან, სადაც ექიმების მკაცრი კონტროლის ქვეშ იყვნენ, სომხეთის გავლით სამშობლოში ბრუნდებოდნენ. ისინი საბაჟო გამშვებ-პუნქტზე დააკავეს და დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიის განყოფილების უფროსის, ლიანა ტოროსიანის თქმით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ მოქალაქეს საბაჟო გამშვებ-პუნქტ ბაგრატაშენზე სამედიცინო შემოწმებისას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ტურისტი სასწრაფოდ ბლოკში გადაიყვანეს და რენდგენი გადაუღეს, რათა პნევმონიის ალბათობა გამორიცხულიყო. როგორც ცნობილია, კორონავირუსი სწორედ ამ ნიშნით იკვეთება. მისი თანამგზავრიც, მიუხედავად იმისა, რომ მას ტემპერატურა არ ჰქონდა, მედპუნქტში გადაიყვანეს.

რაც შეეხება იმ ავტობუსის მგზავრებს, რომლითაც ჩინეთის მოქალაქეები მგზავრობდნენ, ღმერთის წყალობით, ყველა ჯანმრთელი იყო. “მათ სამჯერ გაუზომეს სხეულის ტემპერატურა და არათუ კორონავირუსის, ბანალური გრიპის ნიშნებიც არავისთან დაფიქსირდა”, – განაცხადა ტოროსიანმა.

მისივე თქმით, ზემოთ აღნიშნული ტურისტები, არც უხანიდან, რომელიც კორონავირუსის ეპიცენტრია და არც ხუბეის პროვინციიდან, რომელშიც უხანი შედის, არ იყვნენ. მართალია, ეს ინფორმაცია გარკვეულწილად დამამშვიდებელია, თუმცა მოდუნების უფლებას არ აძლევს იმ სტრუქტურებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ სომხეთის რესპუბლიკაში საშიში გადამდები დაავადება არ მოხვდეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლენა ნანუშიანმა განაცხადა, რომ ამ ახალი ვირუსისგან ქვეყნის დასაცავად არაერთი პრევენციული ზომაა მიღებული.

“ვირუსი” ვერ შემოაღწევს, “ვირუსი” ვერ გაივლის?!

ჩინეთიდან სომხეთში პირდაპირი რეისები არ არის. ტურისტები და ჩინეთიდან სომხეთში მოხვედრის მსურველები მესამე ქვეყნების საშუალებით ჩამოდიან. ამიტომ მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდაპირველად სწორედ ამ ქვეყნებში მოწმდება. ამის შემდეგ, ანალოგიური ზომები ჩვენს ქვეყანაშიც ტარდება. სხეულის ტემპერატურა სახმელეთო გზით შემოსულ მგზავრებსაც უმოწმდებათ. ბოლო დროს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საბაჟო პუნქტებზე მორიგეობენ – ჯანმრთელობისა და შრომის ინსპექციური ორგანოს სპეციალისტები შეიარაღებულები არიან სპეციალური მოწყობილობებით, რომლებიც ნორმიდან სულ მცირე გადახრასაც აფიქსირებენ.

ასევე ტარდება სხვა პრევენციული ზომებიც. “ყველა დაინტერესებულ სტრუქტურას შორის მსჯელობები გაიმართა. შედეგად, საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა ჩინეთიდან ცხოველური წარმოშობის და ზღვის პროდუქტების რესპუბლიკაში შეტანის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. აკრძალვა ძალაში 26 იანვარს შევიდა”, – განაცხადა ლენა ნანუშიანმა.

“გარდა ამისა, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ხოლო ტურიზმის კომიტეტთან ერთად შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებიც ზემოთ აღნიშნული დაავადების სიმპტომების შესახებ ინფორმირებისთვის ტურისტულ სააგენტოებს გადაეცემათ. ტურისტების ბოლო ჯგუფში შესაბამისი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში ტურისტული ოფისებიდან ჩვენთან შეტყობინება მოდის. არც სხვა ქვეყნების მოქალაქეები გვყავს უყურადღებოდ – კორონავირუსის სიმპტომების შესახებ ინფორმაცია ერთდროულად 4 ენაზეა გამოქვეყნებული და ყველა საკონტროლო გამშვებ პუნქტში გამოკრული. იქვე მითითებულია ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერი”, – აცხადებს მოსაუბრე.

მისივე თქმით, სამინისტროს ხელმძღვანელობა მუდმივ კავშირზეა კოლეგებთან, როგორც რუსეთში, ისე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებში. “ამ დროისთვის სომხეთში საერთაშორისო სამედიცინო-სანიტარული წესებით დადგენილი ყველა ღონისძიება ტარდება”, – დასძინა მან.

ჩინეთიდან სომხეთში ტრანზიტით შემოსული ადამიანების სტატისტიკაზე საუბარი ძალზედ რთულია, თუმცა მთავარი მაინც დაავადების სიმპტომების მქონე ადამიანის იზოლირების შესაძლებლობებია. ჯანდაცვის წარმომადგენლის თქმით, ამისთვის ყველაფერი კეთდება. აქამდე ქვეყანაში ჩამოსული სტუმრები სპეციალურ ბლანკს ავსებდნენ, სადაც მიუთითებდნენ საიდან ჩამოვიდნენ და სომხეთში, სად დაბინავდებიან.

“ჩვენი თანამოქალაქეები იმდენად ყურადღებიანები არიან, რომ თავიანთი ახლობლების, ან სტუმრების შესახებ ინფორმაცია თავად გვაწვდიან. ამით ისინი სერიოზულ დახმარებას გვიწევენ”, – აცხადებს ლიანა ტოროსიანი.

ინფორმაციის შეგროვების შემდეგ,  ვიზიტორთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი დაიწყო, რომელიც  14 დღეს გაგრძელდება – ასეთია ამ ვირუსის მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი. “როგორც მოგეხსენებათ, ახალი კორონავირუსის განვითარების ე.წ. ლატენტურ პერიოდში, ადამიანი, რომელიც მისი მატარებელია, შესაძლოა დაავადების წყაროც გახდეს. ამიტომ, ჯანმრთელობის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან როგორც ჩამოსულები, ასევე ყველა, ვისთანაც  მათ  კონტაქტი ჰქონდათ”, – განმარტა ეპიდემიოლოგმა.

“დავსძენ იმასაც, რომ ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სომხეთის რესპუბლიკის სსს-თან და ყველა იმ მოქალაქის კოორდინატები, რომლებიც დღეს სომხეთში დაბრუნებას აპირებენ, ჩვენთან იგზავნება, რათა ჯანმრთელობისა და შრომის ინსპექციამ  თანამოქალაქეების დახვედრა შეძლოს, გაუზომოს მათ ტემპერატურა და საჭიროების შემთხვევაში, მომდევნო დღეებში  ინკუბაციური პერიოდის მონიტორინგი უზრუნველყოს”, – დასძინა ლენა ნანუშიანმა.

ჩვენი ხალხი ჩინეთში

“სომხეთის სსს-მ მოიძია ინფორმაცია უხანში მყოფი სომხეთის მოქალაქეების რაოდენობის თაობაზე. სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სომხეთის საელჩოსთან მუდმივ კავშირზე ყოფნისკენ მოუწოდეს”, – განმარტა ლენა ნანუშიანმა.

“თანამოქალაქეებთან კავშირი დამყარებულია. მოვლენების შემდგომი განვითარებისა და ასევე მათი ევაკუაციის სურვილის შემთხვევაში სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მათ სამშობლოში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს”, – დასძინა ტოროსიანმა.

მისივე თქმით, თავდაპირველად უხანში სომხეთის 5-6 მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის სამი სტუდენტი. “ეს ციფრი ზუსტი არ არის. ის მუდმივად იცვლება, თუმცა ჩვენს თანამოქალაქეებთან კავშირის დამყარება ოპერატიულად ხდება. სსს-ს  და  ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მათთან მუდმივ კავშირზე არიან. ამ ეტაპზე ჯანმრთელობის გაუარესების პრობლემა არავის აღენიშნება. ისინი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სახლებიდან არ გადიან, მკაცრად იცავენ ჰიგიენის და სწორი კვების ნორმებს და სვამენ მხოლოდ ბოთლებში ჩამოსხმულ წყალს”, – განაცხადა ტოროსიანმა.

31 იანვარს პრემიერ-მინისტრმა ტიგრან ავინიანმა სომხეთში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებაზე კოორდინირებული უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გამართა. სხდომაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ავეტ ადონცმა განაცხადა, რომ სომხეთის საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზეა ქვეყანაში მყოფ 600 თანამოქალაქესთან.

“გარდა ამისა, განიხილება ხუბეის პროვინციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ევაკუაციის შესაძლებლობებიც”, – დასძინა მან.

ჭორები გადაჭარბებულია, “არასაკვები” საქონელი უსაფრთხოა

ამავდროულად, ახალმა კორონავირუსმა, სავარაუდოდ, სომხეთის საზღვრამდე მოაღწია. გავრცელდა ჭორები, რომ ინფიცირებული ადამიანები თურქეთში და საქართველოში დაფიქსირდნენ. შეესაბამება ეს სინამდვილეს?

“ამის შესახებ  საქართველოს ინფექციურ დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტის უფროსს ვესაუბრე.  აღმოჩნდა, რომ ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია ჭორია და  სინამდვილეს  არ შეესაბამება. უფრო მეტიც, ამ დაავადების აღმოჩენის ფაქტი საქართველოში აღნიშნული სტრუქტურის უფროსის მოადგილემ ოფიციალურად უარყო”, – განაცხადა ლიანა ტოროსიანმა.

ერთობ დამაიმედებელი კომენტარი გააკეთა სპეციალისტმა ქვეყანაში ჩინეთიდან არასასურსათო პროდუქტის იმპორტის და ასევე ვირტუალური სავაჭრო ველის AliExpress-ის შეკვეთების შესახებ. “ტანსაცმლის ან სხვა არასასურსათო ნივთების საშუალებით ვირუსის გადაცემის რაიმე მექანიზმი დღემდე არ არის გამოვლენილი. ვირუსის რეპროდუქციისა და შემდგომი “სიცოცხლისუნარიანობისთვის” საჭიროა ცოცხალი ორგანიზმი – ცხოველის ან ადამიანის. სხვა, არაცოცხალი ნივთის ზედაპირზე ვირუსი მხოლოდ რამდენიმე საათს ცოცხლობს. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ახალი კორონავირუსის “სიცოცხლის ხანგრძლივობა” – მას რეპროდუქციისთვის სჭირდება მაქსიმუმ 14 დღე, ხოლო  კიდევ ხუთი დღე კლინიკური პერიოდია. ამიტომ, მაშინაც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ ვირუსი ამდენ დღეს ცოცხლობს, სომხეთში მისი იმპორტირებისთვის  საკმაოდ დიდი დროა საჭირო. ცხადია,  ადგილზე ჩამოსვლისას ვირუსი უკვე მკვდარი იქნება”, – განმარტა სპეციალისტმა.

მშვიდობით, ჩინეთში მოგზაურობავ…

როგორ დავიცვათ თავი “ახლადგამომცხვარი ვირუსისგან?” ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა  პროფილაქტიკური ზომები ჩამოთვალა. ტოროსიანის თქმით, პირველ რიგში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობისგან თავი უნდა შევიკავოთ.

“სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ტურიზმის კომიტეტთან ერთად,  თანამემამულეებს მოუწოდებს, უახლოესი ორი თვის განმავლობაში ჩინეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ”.

მთავრობამ გადაწყვიტა  ჩინეთის მოქალაქეებისთვის სომხეთის ტერიტორიაზე პირველი თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით შეაჩეროს უვიზო შემოსვლა. თუმცა სომხეთის მოქალაქეებისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ არაფერია ნათქვამი. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი  ხალხისთვის ჩინეთისკენ გზა გახსნილია. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ხალხს აფრთხილებენ:

“თუ რაიმე მიზეზის გამო კვლავ ჩინეთში ხართ, აუცილებლად დაიცავით ჰიგიენის ძირითადი წესები – დაიბანეთ ხელები ჭამის წინ და არა მარტო; ატარეთ სამედიცინო ნიღბები; ნუ მიირთმევთ თერმულად დაუმუშავებელ საკვებს. ასევე, აუცილებელია, გამორიცხოთ ზღვის პროდუქტებით მომზადებული ნებისმიერი კერძი, მაგალითად, გველის და სხვა ეგზოტიკური ცხოველის ხორცისგან. გამოიყენეთ, მხოლოდ ბოთლებში ჩამოსხმული წყალი. თუ თქვენს გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც გრიპის ან გრიპის მსგავსი დაავადებების რაიმე სიმპტომი მაინც აღენიშნება, მათთან ურთიერთობისგან მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, ან მინიმუმ 1 მეტრის დისტანცია დაიკავეთ. თუ თქვენ უკვე “გრიპის მსგავსი” სიმპტომები აღგენიშნებათ, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ თვითმკურნალობას და დაუყოვნებლივ მიაკითხეთ ექიმს…”.

“თუ ვინმე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დაბრუნდა, ტოტალური მონიტორინგის და ექიმების შემოწმების შემდეგ იგრძნო თავი ცუდად, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს და  გამორიცხოს ნებისმიერი თვითმკურნალობა”,- დასძინა ლიანა ტოროსიანმა.

P.S. სანამ პუბლიკაცია მზადდებოდა, ცნობილი გახდა ჩინეთის მოქალაქეების გამოკვლევების შედეგები. სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით, რადიო “აზატუციუნი” იტყობინება, რომ კორონავირუსი გამოირიცხება, თუმცა ისინი იზოლირებულ ბლოკში რჩებიან.

ირინა გრიგორიანი