2 თებერვალს, თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართა საპროტესტო აქციაუთხარი არა აზარტულ თამაშებს“, რომლის ორგანიზატორებიც მოითხოვდნენ აზარტული თამაშების სფეროს დარეგულირებას. აქციის ორგანიზატორები იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეოპერატორის, სანდრო ბერაძის ოჯახის წევრები და ნათესავები, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო დაიღუპა.

საქართველოში, რეალურად თუ რამე ყვავის, სათამაშო ბიზნესია. საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. ბიზნესის ამ სახეობაში ფულის ბრუნვა უკვე, 13 მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა. 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 173%-ით, უკანასკნელი 10 წლის მონაცემებით კი, თითქმის 200-ჯერ გაიზარდა: 2008 წელს – 70.7 მლნ ლარი; 2010 წელს – 112.7 მლნ ლარი; 2012 წელს – 996.0 მლნ ლარი; 2014 წელს – 2, 032 მლრდ ლარი; 2017 წელს – 5,060 მლრდ ლარი შეადგინა. ანუ ერთ წელიწადში სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ თითქმის 9 მილიარდით მოიმატა.

სათამაშო ბიზნესის საკანონმდებლო დონეზე რეგულაციის მცდელობასა და სურვილზე საუბრები პერიოდულად გვესმის, მაგრამ საქმე იმის იქეთ არასდროს მიდის. ექსპერტები ამბობენ, რომ არ არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება, ამასობაში კი, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, სწრაფად გამდიდრების ცრუ იმედით, საკუთარ ქონებას ბოლო თეთრამდე კარგავს.

არავისთვის არის სიახლე, რომ სათამაშო ბიზნესში ჩათრეულებს შორის მოზარდებიც არიან. არადა საუბარი იყო იმაზეც, რომ უნდა ჩატარებულიყო მოქალაქეთა ასაკობრივი და სოციალური სტატუსის მონიტორინგი, რომლებიც სხადასხვა ტიპის აზარტულ თამაშებში არიან ჩართულნი. კანონპროექტზე მუშაობის პროცესი, საკმაოდ გახანგრძლივდა, რაც, ალბათ, სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ბიზნეს ჯგუფებს შორის ინტერესთა კონფლიქტით უნდა ავხსნათ. ქვეყანაში არსებული ნეგატიური ფონის მიუხედავად, საქართველო რეგიონში სათამაშო ჰაბად უნდა გადაიქცეს. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო ზრდის და ამ სფეროში ძირითადად უცხოური ვალუტად ტრიალებს.

ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სათამაშო ბიზნესში ფულის ბრუნვა გაზრდილია, რაც, მისივე თქმით, ძირითადად ტურისტების მატებით არის განპირობებული და ამ ბიზნეში ფულის ბრუნვაში დიდი წვლილი სწორედ უცხოელებს შეაქვთ.

“ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა ვართ. საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობაზე 3-ჯერ მეტ ტურისტს ვემსახურებით. სათამაშო ბიზნესში ფულის ბრუნვაში დიდი წვლილი შეაქვთ ჩამოსულ ტურისტებს. ბევრ სასტუმროსთან არსებობს კაზინო. ზოგ ქვეყანაში ეს ნაკლებად ხელმისაწვდომია, ამით საქართველოს მიმზიდველობა კიდევ უფრო იზრდება”, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი და დასძენს, რომ მხარს დაუჭერს ყველა იმ რეგულაციას, რომელიც გააჯანსაღებს ქვეყნის ეკონომიკას.

თუმცა, მეორე მხრივ არსებობს პრობლემა, როგორ ვებრძოლოთ სათამაშო ბიზნესით ახალგაზრდების დაინტერესების ტენდენციას.

ნათია თურნავას მოსაზრებით, სათამაშო ბიზნესის აკრძალვამ, ან მისთვის შეზღუდვების დაწესებამ ადვილი შესაძლებელია დღისთვის ოფიციალურად კონტროლირებადი ობიექტების დაქსაქსვა და არალეგალური სათამაშო ბიზნესის განვითარება გამოიწვიოს. მაშინ კი, სახელმწიფოს გაუჭირდება ამ სფეროს კონტროლი. პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო წამალი და გზად, მისი აზრით, არის მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. რაც მეტი მცირე საწარმო, მეტი სამუშაო ადგილი და დასაქმებული ადამიანები იქნებიან რეგიონებში, მით ნაკლები დრო დარჩებათ ადამიანებს სათამაშოდ, ყველა ყოველდღიურ შრომაში იქნება ჩართულიო.

“როგორც ქალს და მინისტრს, არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი გულისწუხილი იმ ვითარების გამო, რაც ქვეყანაში გვაქვს. რეგულაციების გამკაცრება არ არის ყველაფრის წამალი. განსაკუთრებით, როცა სათამაშო ბიზნესზე ვსაუბრობთ. ხშირად ასეთ ბიზნესში რეგულაციების გამკაცრება იწვევს მის ჩრდილში გადანაცვლებას. ამიტომ მზად ვართ, თუ კი იქნება საზოგადოებრივი დაკვეთა, ვიმსჯელოთ ამაზე. მაგრამ ამან არ უნდა გამოიწვიოს არალეგალური სათამაშო ბიზნესის განვითარება”, – აცხადებს ნათია თურნავა.

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში” მიაჩნიათ, რომ საქართველოში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით, მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა არსებობს. ​ონლაინ-აზარტული თამაშების შესახებ ხომ, კანონმდებლობას კონკრეტული რეგულაციები და მოთხოვნები საერთოდ არ გააჩნია. კანონი არც აზარტული თამაშების დაწესებულების ტერიტორიული განლაგების და ადგილის შეზღუდვებზე არაფერს ამბობს.

საქართველოსგან განსხვავებით, ევროპის ქვეყნებში სათამაშო ბიზნესი მკაცრად რეგულირდება. გამუდმებით ჩნდება ახალი მარეგულირებელი ან ამკრძალავი კანონები, რაც კიდევ უფრო ართულებს ლიცენზიის გაცემის პროცესს. გერმანია, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად რეგულირებადი ქვეყანა ევროპაში. შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების მიერ დაწესებული კონტროლის გარდა სამორინეების რაოდენობას და მოსაკრებელს განსაზღვრავს ადგილობრივი მმართველი ორგანოები. დასაბეგრი რაოდენობა ასევე დგინდება ფედერალური მუნიციპალიტებით და განისაზღვრება საშუალოდ წლიური მოგების 30%-60%-ით. ონლაინ თამაშები გერმანიაში საერთოდ აკრძალულია.

სფეროს ექსპერტების შეფასებით, ევროპულ ეკონომიკებში სათამაშო ბიზნესის მიმართ საკმაოდ მკაცრი მიდგომებია, საქართველო კი, ერთი მხრივ, ამ ეკონომიკური სივრცისკენ მიიწევს, მეორე მხრივ კი, უგულვებელჰყოფს ევროპულ პრინციპებს და სათამაშო ბიზნესის ლიბერალიზაციით აპირებთ ეკონომიკის ზრდის წახალისებას.

პეტრე მამრაძე

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე დიდი ხანია ფასიანი აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის და რეგულაციების გამკაცრების მომხრეა. მისთვის ასევე, გაუგებარია ოპოზიცია, რატომ არ იყენებს ამ საკითხს ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის, მაშინ, როცა ერთი, რიგითი რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტის გამო, პარლამენტში მუშტი-კრივსაც კი გამართავენ.

“​რეკლამა, რომელიც ყველგან ჰკიდია. ეს ხომ ქართულად არის, ამას ტურისტი ხომ არ კითხულობს? ტურიზმი კარგია, მაგრამ როცა გიწერენ იმას, რომ ქართველი ხალხი გაცილებით მეტს ხარჯავს წელიწადში თამაშებზე, ვიდრე საჭმელზე, რომ მოსახლეობის 70%-ზე მეტია დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე, ეს ტრაგედიაა და ეროვნული უბედურების ტოლფასია. ვიცით, რომ თბილისის ექსმერი, გიგი უგულავა ლასვეგასში დადიოდა და იქ თამაშობდა თავის საძმოსთან ერთად და მერე გვეუბნებოდა, ნაგვის მანქანის შესარჩევად წავედიო. თუმცა, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დროსაც კი, არ იყო ის, რომ ონლაინ კრედიტის აღება ბავშვებს შეძლებოდა. ამის გამო, ბევრი უბედურება დატრიალდა. ახლახანს თელავში იყო შემთხვევა, როცა მამაკაცმა საკუთარი ოჯახი გაძარცვა და კაზინოში წაიღო ყველაფერი. არაერთმა ტაქსისტმა მითხრა, რომ ავტომობილის გადაღებვის სანაცვლოდ, სთავაზობდნენ ფასიანი აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებას. ზოგი დასთანხმდა, ზოგი არა. ვინ მოიფიქრა ეს? ამ კაზინოებმა ხომ არ დააფინანსეს ტაქსების გადაღებვა?”, – განაცხადა პეტრე მამრაძემ Dalma News-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, ალბანეთში, როცა საზოგადოება აღშფოთდა, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და მხოლოდ 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დაუშვეს კაზინოები. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ რამდენჯერ ჩააგდო კაზინოების დაბეგვრის საკითხი, მაგრამ არც ერთხელ არ ამდგარა გოცირიძე ან ბოკერია და ეს არ გაუპროტესტებიათ. ამ პოლიტიკურად ძალიან მომგებიან თემას ოპოზიციაც არ იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასიან სათამაშო ბიზნესში მათი ინტერესიც არია. მაშინ, როცა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დროს კაზინოების შემოსავალი 900 მილიონი ლარი იყო, “ქართული ოცნების” პირობებში ის ათეულობით მილიარდს შეადგენს.

როგორც Dalma News-ს პეტრე მამრაძემ სანდო წყაროზე დაყრდნობით უთხრა, პარლამენტში, არსებობდა დეპუტატების მცირე ჯგუფი, რომლებიც ფასიანი აზარტული თამაშების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ამბობდნენ, რომ ამის გამო გვეღუპება ერი, ეს ნარკომანიაზე უარესი პრობლემააო. ამ ჯგუფმა ძლიერი ზემოქმედება განიცადა, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ. ერთ-ერთ დეპუტატს სიცოცხლის ხელყოფითაც კი დაემუქრნენ.

როგორც პეტრე მამრაძე აცხადებს, მიესალმება რეგულაციების გამკაცრებას, რადგან ბიზნესის ამ სფეროს დაბეგვრით, ძალიან დიდი ხეირის ნახვა შეუძლია ქვეყნის მოსახლეობას, გაიზარდოს სოციალური პროგრამების დაფინანსება და შემოსული ფული ხალხის ინტერესებს მოხმარდეს.

აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა შევა. დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი “ქართულ ოცნებას”, 9 თვის წინ, ამ კანონპროექტის ჩაგდებაში ადანაშაულებს და მსგავსი თამაშების რეკლამირების ყველა ფორმით აკრძალბას მოითხოვს. მისივე თქმით, თამაში არ იწვევს ადამიანის პირობების გაუმჯობესებას. თამაშის გამო ამ ქვეყანაში ადამიანები თავის ცხოვრებას კარგავენ, კარგავენ ქონებას. სამწუხაროდ, არის სუიციდის შემთხვევები. ამიტომ სახელმწიფომ უნდა თქვას, რომ თამაში არის ცუდი და მიიტანოს დარტყმა ტრენდზე. რეკლამირება უნდა აიკრძალოს ინტერნეტში, ბილბორდებზე, ტაქსებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.

არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში, მოთამაშეთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. თითზე ჩამოსათვლელია მედიასაშუალებებიც, რომლებიც სათამაშო ბიზნესის რეკლამირებიდან შემოსავალზე უარს ამბობენ. ფასიანი და მომგებიანი თამაშების ახალ- ახალი ობიექტები კი, სოკოებით მრავლდება ქვეყნის რეგიონებში.

შორენა პაპაშვილი