აზერბაიჯანში ეროვნული სამზარეულო ტურისტული ბაზრის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია. ქვეყნის ძირითადი მიზანი არა მხოლოდ გურმანი ტურისტების მიზიდვაა, არამედ ეროვნული სამზარეულოს საზღვარგარეთ გატანაც. საერთაშორისო რეიტინგებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანი ამ ამოცანას კარგად ართმევს თავს, რადგანაც უცხოელებს შორის ყველაზე პოპულარული გასტრონომიული მიმართულების ხუთეულში რეგულარულად არის. Dalma News-ის კორესპოდენტი ადგილობრივ სპეციალისტებს გაესაუბრა, რომლებსაც ამ სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სამზარეულოებია: იტალიური, ფრანგული და იაპონური. პირველ ათეულში კავკასიელ ხალხთა სამზარეულოც შედის, თუმცა ექსპერტების თქმით, კავკასიური სამზარეულოს პოპულარიზაცია მსოფლიოში ცუდად მიმდინარეობს, მაგრამ მომავალში შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს.

ფახრანდა ჰასანზადე – საზოგადოება Azeri Home Chef-ის და გაერთიანება “ტურიზმის და ეროვნული სამზარეულოს განვითარების მხარდაჭერის” დამფუძნებელია. Dalma News-ის კორესპოდენტთან საუბარში მან განაცხადა, რომ დღეისათვის აზერბაიჯანული გასტრონომიული ტური ყველაზე მეტად რუსი ტურისტებისთვის არის პოპულარული.

“ერთი შეხედვით, რუსეთში ბევრი აზერბაიჯანული რესტორანია, სადაც ჩვენი სამზარეულოს ყველაზე პოპულარული კერძის დაგემოვნებაა შესაძლებელი. თუმცა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს შორის აზერბაიჯანის გასტრონომიული ტური დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესაძლოა, რუსებს უფრო ახლოს სურთ აზერბაიჯანული სამზარეულოს და ადგილობრივი კერძების გაცნობა. მათ გარდა, აზერბაიჯანში ტურისტები მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოდიან, თუმცა რუსები რაოდენობრივ უპირატესობას არავის უთმობენ”,- განაცხადა მან.

ჰასანზადე გასტრონომიული ტურიზმის სფეროში სხვადასხვა ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორია. იგი ასევე ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას.

“გემოვნებიანი შთაბეჭდილებები ნებისმიერი მოგზაურობის მთავარი ემოციური კომპონენტია, ამიტომ გასტროტურიზმის განვითარებას ქვეყანაში სერიოზული ყურადღება ექცევა. ამიტომ აზერბაიჯანული სამზარეულოს მიმართ უცხოელთა ინტერესი კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ. ამისათვის უნდა დავიწყოთ იმ მეწარმეების მხარდაჭერა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეროვნული სამზარეულოს ახალი ავთენტური დაწესებულებების გახსნით და ასევე ხშირად უნდა მოვაწყოთ გასტრონომიული ფესტივალები. პირადად მე, რეგულარულად ვატარებ რეგიონალურ გასტრონომიულ ტურებს მთელს აზერბაიჯანში, ვაწყობ ბროწეულის და ხურმის ფესტივალებს. გარდა ამისა, ჩემს გუნდთან ერთად თვეში, რამდენჯერმე კულინარიულ კონკურსებსა და მასტერკლასებს ვატარებთ, სადაც ადგილობრივ მზარეულებთან ერთად უცხოელებიც მონაწილეობენ”, – დასძინა მან.

სხვათა შორის, აზერბაიჯანში არსებობს პროდუქტებისა და გასტრონომიული ბრენდების არაოფიციალური ტოპ-ჩამონათვალი, რომელიც რესპუბლიკის სტუმრებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

“ამ სიაში შედის ასტარინის ჩაი, ჯემი და კენკრის, ხილის და ზოგიერთი ბოსტნეულის მურაბა, ცნობილი ხურმის ჩირი, რომელიც ბრენდ Bal Xurma-ის სახელწოდებითაა ცნობილი და რომელსაც ძალიან ბევრი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული. ასევე ადგილობრივი წარმოების ორგანული ბრინჯი, სხვადასხვა სახეობის ღვინო, შავი ხიზილალა და აზერბაიჯანული ტკბილეული”,- ამბობს ჰასანზადე.

მზარეულების აზერბაიჯანული გილდიის თავმჯდომარე ილკინ აკბერზადე საერთაშორისო კულინარიულ შეჯიბრებებში ბოლო წლებში აქტიურად მონაწილეობს. მას ძალიან ბევრი ჯილდო და ტიტული აქვს. 2019 წლის ნოემბერში, თურქეთში გამართული მზარეულების კონკურსიდან ილნიკი თავის გუნდთან ერთად მორიგი გამარჯვებით დაბრუნდა – აზერბაიჯანმა ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა.

“ცხადია, გამარჯვება ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი მიზანი – უცხოელებისთვის ჩვენი სამზარეულოს გაცნობა და მსოფლიო რეიტინგში მოწინავე პოზიციების დაკავებაა. ადრე აზერბაიჯანში ტურიზმი ცუდად იყო განვითარებული, ამიტომ შორეული ქვეყნების მოქალაქეებს ჩვენს ეროვნულ სამზარეულოზე წარმოდგენა არ ჰქონდათ. ბოლო ათწლეულში ამ მიმართულებით დიდი ნახტომი გავაკეთეთ – აზერბაიჯანული სამზარეულოს თაყვანისმცემლების რიცხვი საგრძნობლად იზრდება. ბევრი უცხოელისთვის აზერბაიჯანული სამზარეულო ნამდვილ აღმოჩენად იქცა. ხშირად, უცხოეთში გამართულ კონკურსებზე, როდესაც ჩვენს მიერ მომზადებულ კერძს გასინჯავენ, აზერბაიჯანში ჩამოსვლის და ქვეყნის დათვალიერების სურვილი უჩნდებათ. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო სწორედ ეს არის”, – ამბობს აკბერზადე.

ისტორიულად ისე დამკვიდრდა, რომ რეგიონში ძალზედ პოპულარულია სანელებლებით მომზადებული ხორცის კერძები – ყველაზე ხშირად კურკუმა, ჰაეროვანი წიწაკა და სუმახი. ხშირად, ტურისტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ან ვეგეტარიანელია, არ შეუძლია ცხიმიანი და მძიმე საკვების ჭამა, თუმცა, თითოეული ტურისტი ადგილობრივ კერძებს შორის თავისთვის მისაღებ კერძს პოულობს, რომელსაც მიირთმევს და ისიამოვნებს.

“ბევრისთვის, აზერბაიჯანული სამზარეულო ასოცირდება ფლავთან, ტოლმასთან და მწვადთან. სინამდვილეში ჩვენი სამზარეულო უფრო ფართო და მრავალფეროვანია. გიურზა, პიტი, ლიავიანგი, დოვგა, ბუგლამა, საჯი, კუტაბი, კიუფტია, ხანგალი – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ადგილობრივი სამზარეულო ამაყობს. უფრო მეტიც, თითოეულ კერძს მომზადების ათობით ვარიანტი აქვს. ამიტომ, თითოეულ უცხოელს შეუძლია თავისი გემოვნების შესაბამისი კერძი იპოვოს”, – დასძინა მან.

შარშან დეკემბერში, აბუ-დაბიში საერთაშორისო ფესტივალი World of Food 2019 ჩატარდა. ეს მსოფლიო კულინარიული საზოგადოებისთვის უნიკალური ღონისძიება იყო, რადგანაც ფესტივალის ფარგლებში ეროვნული ტკბილეულის მსოფლიოში ყველაზე დიდი სუფრა შეიქმნა. 56 ქვეყნიდან ჩამოსულმა მზარეულების გუნდებმა ტკბილეულის 2586-ზე მეტი სახეობა მოამზადეს. ეს ფაქტი გინესის რეკორდების წიგნის თანამშრომლებმაც დააფიქსირეს. ილკინ აკბერზადემ ფესტივალზე 55 სახეობის აზერბაიჯანული ტკბილეული წარადგინა.

“აზერბაიჯანულ სამზარეულოში ჩაისთან ერთად მისართმევი დესერტის ასობით რეცეპტი არსებობს. თანაც თითოეულ რეგიონში განსხვავებულია. ფესტივალზე წარვადგინე შედარებით ყველაზე პოპულარული ტკბილეული: ბაქოური და გუბინური ფახლავა, შეკერბურა, შექინური ჰალვა, მუტაკი, კიატა და ა.შ. ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო World of Food-ის ფესტივალზე აზერბაიჯანი ღირსეულად წარმედგინა და მსოფლიო რეკორდის დამყარებაში საკუთარი წვლილი შემეტანა”, – დასძინა მზარეულმა.

სხვათა შორის, აკბერზადე აკრში, დასავლეთ-აფრიკული ქვეყნების საერთაშორისო კულინარიულ ფესტივალზე West African Food Festival 2019-შიც მონაწილეობდა. ამ ღონისძიების ფარგლებში მან უსაფრთხო კვების სემინარები, განგის პარლამენტის კულინარების და University of Education Winneba-ის სტუდენტებისთვის აზერბაიჯანული ეროვნული სამზარეულოს მასტერ-კლასი ჩაატარა. შეფ-მზარეულმა მათ წინაშე სხვადასხვა სახეობის ფლავი, მწვადი, ტოლმა და თევზის კერძები წარადგინა.

ბოლო წლებში, აკბერზადე და მისი კოლეგა ანარ ჰასიმოვა, რომელთან ერთადაც მზარეულების აზერბაიჯანული გილდია დააარსა, საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდა მზარეულებს ამზადებენ. მათმა ზოგიერთმა მოსწავლემ მთელ რიგ შეჯიბრებებში უკვე გაიმარჯვა.

“ამჟამად, მოსწავლეებთან ერთად მენიუს მოდერნიზაციაზე ვმუშაობთ. გვსურს ძველი აზერბაიჯანული კერძები უცხოურ პუბლიკას თანამედროვე სახით მივაწოდოთ. საერთოდ, თითოეულ კონკურსში მონაწილეობის წინ ყოველი დეტალი წინასწარ უნდა იყოს მოფიქრებული და გააზრებული. მაგალითად, როგორ ჭურჭელში მომზადდება, რა რაოდენობის სანელებელი ექნება, ან რამდენად სწორად მოხდება პროდუქტების ტრანსპორტირება. სხვათა შორის, თითქმის ყოველთვის, ჩვენს გუნდს აზერბაიჯანიდან მიგვაქვს ყველა საჭირო ინგრედიენტი, რადგანაც ერთი და იგივე პროდუქტს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული გემო აქვს, რის გამოც, ხშირად ძალიან რთულია კერძში ზუსტი გემოს დასმა. ამასთანავე, დღეს ბევრ ქვეყანაში ორგანული პროდუქტების შოვნის სერიოზული პრობლემაა, ამიტომ საჭირო გემოს მისაღებად გვირჩევნია აზერბაიჯანიდან ადგილობრივი წარმოების პროდუქტები წავიღოთ”, – დასძინა აკბერზადემ.

ნიგარ ჰუსეინოვა