დღეს, პრაქტიკულად მთელი სამყარო კარანტინშია. ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობები ჯერ კიდევ მოუწოდებენ მოსახლეობას პასუხისმგებლობის გამოვლენისკენ და კოროვირუსის გავრცელების საშიშროების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციებს აძლევენ. სხვა ქვეყნებში კი, ხელისუფლებამ სერიოზული შეზღუდვები დააწესა და ხალხს, სახლიდან სპეციალური ნებართვის გარეშე გამოსვლაც კი აუკრძალა. 

ამ მხრივ გამონაკლისი, არც სომხეთის მთავრობაა, რომელმაც ქვეყანაში საგანგებო ვითარების რეჟიმი გაახანგრძლივა და შეზღუდვები გაამკაცრა. ამ ფონზე უწყვეტად მხოლოდ საკვები პროდუქტების მაღაზიები და აფთიაქები მუშაობს. ამგვარად, პრაქტიკულად ყველა სომხურ ოჯახში ორი ძირითადი კითხვა ისმის: სადილად რა მოვამზადოთ? და ოთხ კედელში გამოკეტილები, რით დავკავდეთ?

თუ განსტრონომიული საკითხები ოჯახის ბიუჯეტის, გემოვნების და სურვილის მიხედვით წყდება, დროის სასიამოვნოდ გატარებას ფანტაზიის სერიოზული უნარი სჭირდება. ამ დღეებში მივიწყებული თაროებიდან ბევრმა გადმოიღო სამაგიდო გასართობი თამაშები, როგორიცაა „ლოტო“, „დომინო“, ან „მონოპოლია“. იმისთვის, რომ თვითიზოლაციის, ან სავალდებულო იზოლაციის თვე ძალიან მოსაწყენი არ იყოს ხელოვნების და პოლიტიკის წარმომადგენლებმა ბევრი სასიამოვნო სიახლე მოიფიქრეს, რაზეც რთულია უარი თქვა.

 ფოტოებზე: Illustration: ria.ru

თეატრი სახლში

როგორც ალექსანდრე ჰერცენი ამბობდა: “თეატრი – ცხოვრებისეული საკითხების მოგვარების უმაღლესი ინსტანცია”. შესაძლოა, სწორედ ამით ხელმძღვანელობდნენ სომხეთის წამყვანი თეატრების ხელმძღვანელობა, როდესაც სოცქსელების საშუალებით თავიანთი საუკეთესო სპექტაკლების და დადგმების უფასო ტრანსლირება დაიწყეს. ამ მხრივ, ერთ-ერთი პირველი იყო სახელმწიფო კამერულ-მუსიკალური თეატრის დირექტორი, რიპსიმე არაქელიანი.

Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბრისას მან განაცხადა, რომ მათ სპექტაკლს “ანუშს” ერთ დღეში 46 ათასზე მეტი ნახვა ჰქონდა, რაც უდავო რეკორდია. დღეს ამ სპექტაკლის სოცქსელში ნახვა შეუძლებელია, რადგანაც თეატრის დირექტორის თქმით, საავტორო უფლებების დარღვევის რისკის გამო, სპექტაკლი ქსელიდან წაშალეს.

“დარწმუნებული ვარ, სპექტაკლს ორჯერ მეტი ნახვა ექნებოდა ქსელში რომ დაგვეტოვებინა, მაგრამ აღარ გავრისკეთ. თუმც ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს მაყურებელს კარანტინის რეჟიმის პირობებში ჩვენი სპექტაკლის ყურების შესაძლებლობა არ ექნება. უახლოეს დღეებში „ანუში“ ონლაინში დაბრუნდება”, – განაცხადა რიპსიმე არაქელიანმა.

18-28 მარტის პერიოდში, სოცქსელში თეატრის ოფიციალურ გვერდზე ხუთი სპექტაკლი აჩვენეს, მათ შორის იყო საბავშვო სპექტაკლი და თეატრის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო.

“შემდეგ კვირას ჩვენი საუკეთესო სპექტაკლების, რომლებიც ყოველთვის ანშლაგებით გამოირჩეოდა, ახალი ონლაინ ჩვენება შედგება. გპირდებით, ჩვენს მაყურებელს საღამოს საათებს ნამდვილად გავულამაზებთ”, – დასძინა თეატრის დირექტორმა.

ზღაპრები არამეზღაპრეთა პირით

ამ დღეების ერთ-ერთი საუკეთესო გასართობი არის ონლაინ-ზღაპრები, რომლებსაც ხელოვნების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ყვებიან. პატარები უკვე მიეჩვივნენ, რომ ყოველ საღამოს მათ ზღაპრებს მოუყვებიან მაგალითად, სომხეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტი ჰრანტ თოხატიანი, ან პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მარგარეტ ესაიანი და სხვები.

ტოხატიანს უკვე ჰყავს პრეტენზიული თაყვანისმცემელი. ამგვარად, სოცქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, საყვარელ მსახიობს „უსაყვედურა“ იმის გამო, რომ გასულ ღამეს ეთერში არ იყო, მისმა შვილიშვილმა კი ზღაპრის გარეშე ვერ დაიძინა. ტოხანიანმა, როგორც ნამდვილმა ჯენტლმენმა და მეზღაპრემ თავის პატარა მსმენელს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა. იმისათვის, რომ პატარა მსმენელს ეპატიებინა, ყველა პატარასთვის და მათი უფროსებისთვის ზღაპარი „სამი გოჭის ამბავი“ წაიკითხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტოხანიანს საკმაოდ მდიდარი რეპერტუარი აქვს, რადგანაც იგი სწორედ იმ ზღაპრებს კითხულობს , რომლებსაც ბავშვები სთხოვენ.

სწავლა, სწავლა და კიდევ სწავლა

ამ დღეებში დისტანციური გაკვეთილები მხოლოდ მოსწავლეებს კი არ აქვთ, არამედ მათ მშობლებსაც. ბევრი ძალიან ხშირად წუწუნებდა იმას, რომ მსოფლიო ლიტერატურის შედევრების წასაკითხად, უცხო ენის სასწავლებლად, ან ხელსაქმისთვის დრო არ ჰქონდათ. სანამ კარანტინის პირობებში სახლში ვზივართ, ამ ყველაფრისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს.

მაგალითად, სპორტით დაკავება. ზოგიერთ ფიტნეს-კლუბს სომხეთში თავიანთი კლიენტებისთვის ონლაინ გაკვეთილები აქვს, რადგანაც არავის სურს, მაცივართან ერთი-ერთზე დარჩენილებმა საყვარელი ჯინსი ვეღარ მოირგონ. არსებობენ ენთუზიაზისტებიც, რომლებიც თავიანთ მეგობრებისთვის პირდაპირი ეთერით ვარჯიშობენ – როგორც ჩანს, შესაბამის კომპანიას ეძებენ.

უცხო ენების პედაგოგები ონლაინგაკვეთილებს ატარებენ, მათ შორის უფასოდაც. რა თქმა უნდა, უფასო გაკვეთილების ჩამტარებელი პედაგოგი ძალიან ცოტაა, თუმცა ასეთები მართლა არიან. ასე რომ, თუ გსურთ ინგლისური ენის შესწავლა, ამის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა სახის ონლაინ გაკვეთილები და მათ შორის უფასოც, სომხეთის გარდა, სხვა ქვეყნებშიც არის.

სახელმწიფო მუზეუმი „ერმიტაჟი“, სანკტ-პეტერბურგი

ასევე შესაძლებელია მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებსა და ხელოვნების გალერეებში “გასეირნებაც”, რაც ბევრისთვის აუხდენელი ოცნება იყო. უფრო მეტიც, ამ დარბაზების ნელა და აუჩქარებლად დათვალიერებაა შესაძლებელი, თანაც ისე, რომ “სელფის” მოყვარული ტურისტები ხელს ვერ შეგიშლიან. მათ შორის, ვინც ამ დღეებში თავიანთი ვირტუალური კარი გააღეს, არის ლუვრი, ვატიკანი, ერმიტაჟი და სხვები. სხვათა შორის, ერმიტაჟის დარბაზებში ვირტუალური ექსკურსიის ნახვა მის ვებგვერზე შეგვიძლია. ხოლო მუზეუმის სოცქსელის ოფიციალურ ჯგუფში ადმინისტრატორები ყოველდღიურად აქვეყნებენ ვიდეოებს და ლექციებს, ასევე ინფორმაციას სხვა ონლაინტრანსლიაციების შესახებ.

მუსიკა მსოფლიოს გადაარჩენს

გვერდზე, არც სომხეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი დარჩენილა. მხატვრულმა ხელმძღვანელმა და მთავარმა დირიჟორმა სერგეი სმბატიანმა თავისი და კოლექტივის სახელით მედპერსონალს თავგანწირული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩვენ მხარს გიჭერთ იმით, რომ ვრჩებით სახლში. ვცდილობთ, ხელი შევუშალოთ კორონავირუსის გავრცელებას და ამით თქვენი სამუშაო შევამსუბუქოთ. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. ჩვენს მიერ შესრულებული ნაწარმოები, იმედია მედპერსონალის შთაგონებას მოემსახურება”, – ნათქვამია ორკესტრის მიერ ონლაინ შესრულებული მუსიკის დროს გავრცელებულ განცხადებაში.

იმისთვის, რომ გლობალური მუსიკალური სამყაროს ნაწილად იგრძნოთ თავი, ლონდონის სიმფონიურმა ორკესტრმა 22 მარტიდან “ონლაინ პროგრამა Always Playing”-ი აამოქმედა. კვირაში ორჯერ – ხუთშაბათს და კვირას 23:00 სთ-ზე, მთელი ერევნის ტერიტორიაზე საიმონ რეტლის და ვალერი გერგიევის დირიჟორობით, ბრიტანეთის საუკეთესო ორკესტრის რჩეული კონცერტების სრული ჩანაწერი გადაიცემა.

ერთი სიტყვით, სურვილის არსებობის შემთხვევაში, კარანტინის დღესასწაულად გადაქცევაც შეიძლება. ინტერნეტის წყალობით ნებისმიერი გემოვნების დაკმაყოფილებაა შესაძლებელი. ასე, რომ დავრჩეთ სახლში ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობის და მომავლისთვის. არ გავრისკოთ მათი სიცოცხლით, ვინც ძვირფასია ჩვენთვის.

ლინა მაკარიანი