Covid-19 წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოში, კახეთის რეგიონი მწვანე ზონად რჩება. კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე მოახლოებული მართლმადიდებელ ქრისტიანთან უდიდესი დღესასწაული – “აღდგომა”, საქართველოში მწვავე დისკუსიის საგნად იქცა. საზოგადოების ნაწილი ეკლესიების დახურვას მოითხოვს, რადგან მიაჩნიათ, რომ ის კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის, ნაწილი კი პირიქით, მიიჩნევს, რომ ეკლესიამ სწორად ახლა უნდა გააძლიეროს ლოცვები და მისი კარი მორწმუნეთათვის არ უნდა დაიხუროს. საერთო ჯამში, 19 აპრილს, საქართველოს ზოგ ტაძარში წირვა-ლოცვა მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით აღევლინა და მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს, ზოგან კი სოციალური დისტანციის დაცვით. იყო ეკლესიები, სადაც ღამის წირვა საერთოდ არ ჩატარებულა, რამდენიმე სასულიერო პირმა ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე დროებით უარი თქვა.

13-მა სასულიერო პირმა, თეოლოგების ნაწილთან ერთად მრევლს ერთობლივი განცხადებითაც მიმართეს, სადაც აღნიშნეს, რომ ქრისტესთან ჭეშმარიტი ურთიერთობა, მასთან ზიარება მხოლოდ ტაძარში სიარულით არ გამოიხატება. მათივე თქმით, მოშიშება ყოველთვის სიმხდალეს არ ნიშნავს, ხანდახან იგი დიდი საქმის საფუძველი ხდება.

“ჩვენ სხვაგვარადაც შევიქნებით ქრისტეს ჭეშმარიტი ტაძარნი, როგორც მისი სხეულის ნაწილნი (ეფ. 5,30) და მის წმიდა სხეულს ჭეშმარიტად თანაზიარნი. ვინც დღეს ეპიდემიის გამო თავს იკავებს ღვთისმსახურებაზე შეკრებისაგან, არათუ ქრისტეს ღალატობს, პირიქით, ცდილობს მოცემულ ვითარებაში აღასრულოს სულიერი ლიტურგია მოყვასის მსახურებისა”, – ნათქვამია განცხადებაში.

​აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, ქართველი ექიმები და ხელისუფლების პირველი პირები, ქვეყნის მოსახლეობას ტელეეთერებიდან მოუწოდებდნენ არ წასულიყვნენ ეკლესიებში, განსაკუთრებით ღამის თევით. ამის გამო, კარანტინის ზომებიც კი გამკაცრდა. ​​აღდგომის დღესასწაულამდე, 2 დღით ადრე ჩაიკეტა ქვეყნის დიდი ქალაქები, აიკრძალა ავტომობილებით გადაადგილება, დაიკეტა სასაფლაოები, გაგრძელდა კომენდანტის საათი.

კახეთი

​​აღდგომის ღამით დაკეტილი იყო ქალაქ ყვარლის მუნიციპალიტეტის ბევრი ეკლესიაც, თუმცა ტაძრები დილის 6 საათზე, კომენდანტის საათის დასრულებისთანავე გაიღო და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, მრევლი სალოცავად მაინც მივიდა.

​როგორც Dalma News-ის კორესპონდენტს, ადგილობრივებმა განუცხადეს, ისინი კარანტინის წესებს ზედმიწევნით ემორჩილებიან, იცავენ სოციალურ დისტანციასაც, მაგრამ, ასევე სურთ მონაწილეობა სააღდგომო ლიტურგიაში. მათი მოსაზრებით, ეკლესია ადამიანის სულიერი საზრდოა და მისი დახურვა დაუშვებელია.

“დღეს ბევრი ამბობს, უფალი არ გამოსცადოთო! სხვების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნითო! აბა, მე ვის ვუქმი საფრთხეს, თუ ამ სოფლიდან ფეხი არსად გამიდგამს? ჩვენთან კიდევ, უფლის წყალობით, ინფიცირების, არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩვენ არ ვეურჩებით ექიმებს, პირიქით, ვეხმარებით ჩვენი ლოცვებით, იქ, სადაც ამ ვირუსს ებრძვიან. მარტო საქართველოში კი არა, რამდენი ემიგრანტი გვყავს, სასოწარკვეთილებაში არიან”, – განაცხადა 60 წლის ქალბატონმა, თუმცა, ვინაობის გამხელა არ ისურვა იმ მიზეზით, რომ მორწმუნეების მიმართ ბოლო დროს გამძაფრებული აგრესია შეინიშნება.

ძველი გავაზის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ძველი გავაზის (ახალსოფლის ძველი სახელწოდება) ღვთისმშობლის სახელობის უძველესი ეკლესია მცირე ზომისაა, შესაბამისად სოციალური დისტანციის რეკომენდაციის ეკლესიის შიგნით დაცვა ძნელია, ამის გამო, მომლოცველებს წვიმაში, ეკლესიის ეზოში მოუხდათ დგომა. წირვა-ლოცვის მიმდინარეობა ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობით ეკლესიის ეზოში ისმოდა. წირვის დასრულებასთან ერთად, თანდათან გამოიდარა. მრევლის წევრები ეზიარნენ და დაიშალნენ. ჩვენ კი ეკლესიის წინამძღვარს გავესაუბრეთ.

“აღდგომის დღესასწაული არის ყველაზე მთავარი ქრისტიანობისთვის. ამ დღეს უფალი აღსდგა მკვდრეთით. ქვეყანაში დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი უწმინდესის კურთხევითა და ხელისუფლების რეკომენდაციით, რომ მსოფლიოში არის ეპიდემია, ღამისთევის მსახურების ნაცვლად, სააღდგომო მსახურება დღეს, დილით ჩავატარეთ. მსახურების განრიგი შეიცვალა, თუმცა ტიტიკონი იგივე დარჩა”, – გვითხრა მღვდელმა ზაზა ნაცვლიშვილმა.

აღდგომის დღესასწაულის დღეებში ახალსოფელში, ტრადიციულად, უამრავი ადამიანი იყრიდა თავს – არა მხოლოდ მეზობელი სოფლებიდან, აქ ქვეყნის სხვა რეგიონებიდანაც ჩამოდიან. როგორც აქაურები ამბობენ, ამ დროს სოფელში იმართებოდა დღეობები, სპორტული შეჯიბრებები, კულტურული ღონისძიებები, ბაზრობები და სხვა. კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, წლეულს ყველა მსგავსი, ხალხმრავალი ღონისძება გაუქმდა. მოსახლეობა იმედოვნებს, რომ 2020 წელი გამონაკლისი იქნება და მალე დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას.

კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინის გამო, სოფლის ე.წ ბირჟები დაცარიელდა, ქუჩაში ადამიანები იშვიათად გამოდიან და მაშინაც, ერთმანეთს სოციალურ დისტანციას ახსენებენ. აქაურების საუბრის მთავარი თემა დღეს, კორონავირუსი და მასთან დაკავშირებული მსოფლიო სიახლეებია. კარანტინის მიუხედავად, სოფლის ეკლესიაში წირვა-ლოცვები არ შეწყვეტილა. როგორც მღვდელმა ზაზა ნაცვლიშვილმა გვითხრა, ეკლესიის მოვალეობაა, არც რწმენა დაზიანდეს და არც ადამიანების ჯანმრთელობა.

“ზოგს მიაჩნია, რომ სახლში უნდა დარჩეს. ამას ეკლესია არ ეწინააღმდეგება, პატრიარქის კურთხევაც არის. ისინი სახლიდან ლოცულობენ ჩვენთვის, თქვენთვის, ყველასთვის. ადამიანის სულსა და გულში რა ხდება, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის და ჩვენ რომ განვსაჯოთ ის ადამიანები, არ იქნება სწორი. ეკლესიისგან არის კურთხევა, რომ დარჩეთ სახლში”, – გვითხრა მამაომ.

ახალსოფელი

მსოფლიო პანდემიის დროს ეკლესიების დახურვას, რაც შეეხება, ზაზა ნაცვლიშვილის თქმით, ეს მეტად საპასუხისმგებლო საკითხია და გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა უნდა მიიღოს.

სოფლის მოსახლეობა სასაფლაოების დახურვასაც გაგებით შეხვდა. აღდგომის კვირის განმავლობაში, მართლმადიდებელი მოსახლეობა ტრადიციულად საფლავებზე გადის და სააღდგომო კვერცხები, პასკა და ღვინო მიაქვთ. სოფელ ახალსოფლის სასაფლაოსთან მისულებს ჭიშკარი ბოქლომით დაკეტილი დაგვხვდა, ჭიშკრის იქეთ კი, ვითარებას პოლიციის თანამშრომელი აკონტროლებდა. როგორც მან გვითხრა, ადგილობრივი მოსახლეობა დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმირებულია და ჯერჯერობით მისი დარღვევა არავის უცდია. მოსახლეობა საკუთარი მიცვალებულების საფლავებზე, კარანტინის პირობებში, მასობრივად არ გავიდა, თუმცა, ზოგადად შეზღუდვებით უკმაყოფილონი არიან. განსაკუთრებით ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვას აპროტესტებენ. ამით სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში ეშლებათ ხელი.

“10 ათასი ლარის კრედიტი გამოვიტანე საზამთროს ბაღის გასაშენებლად. მიწა ავიღე იჯარით, 800 ლარი მარტო მიწის მოხვნაში გადავიხადე. გამოვიყვანე საზამთროს ჩითილები და ახლა, ამ კარანტინის გამო, ვერ მიმაქვს დასარგავად. მოსავალი თუ ვერ ავიღე, კრედიტი, როგორ უნდა გადავიხადო?”, – ამბობს თომა 50 წლის.​

სოფელში ტრანსპორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აქაურები მიწათმოქმედებასთან ერთად, მეფუტკრეობასაც მისდევენ. გაზაფხული, სწორედ ის სეზონია, როცა სკები მინდვრებსა და ტყეებში გაჰყავთ. კარანტინის გამო, კი ხელი ეშლებათ. ერთი შეხედვით სურსათის მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში უნდა მუშაობდნენ, თუმცა აქაც პრობლემებია. როგორც ადგილობრივი მაღაზიების მფლობელები გვეუბნებიან, ვაჭრობა საგრძნობლად შემცირდა.

“ჩვენი ძირითადი შემოსავალი სოფლის ბაზარი იყო, სადაც კვირაობით გაგვქონდა პროდუქცია. ბაზარი დაიკეტა და არავინ იცის, საერთოდ გახსნიან თუ არა. მაღაზიაში, ჯერ კიდევ კორონავირუსამდე, იშვიათად შემოდიოდა ხალხი და ახლა საერთოდ. ძალიან გვეშინია რა იქნება ხვალ, როდის დასრულდება კარანტინი. ხალხი ფეხით დადის ვენახებში, რომ რამე დათესონ. წინ შიმშილი გველის”, – გვითხრა ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა.

ასეა თუ ისე, ​კახეთის რეგიონი მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს. დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების, არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

სოფელი კაბალი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი კაბალი, ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანული მოსახლეობით არის დასახლებული. ვირუსის შემოტანის ერთადერთი საშიშროება ეს საზღვრისპირა სოფელი იყო. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, სახელმწიფო საზღვარი სოფლიდან 5 კმ-ში მდებარეობს და სათანადოდ კონტროლდება. საზღვარზე არსებული საბაჟო, კორონავირუსის გავრცელების საშიშროებისთანავე დაიკეტა.

“ყველამ უნდა გადავიტანოთ ეს ვირუსიო, ასე გვაპარებს მთავრობა. ყველაფერი გაჩერებულია. დანაზოგი არავის არ აქვს. თუ მოგვცა სახელმწიფომ დახმარება, არ დავიხოცებით, მაგრამ თუ არა, არ ვიცით რა იქნება. ვისაც გამოსაქცევი ჰქონდა ქალაქიდან, ყველა აქ გამოიქცა. საშიშია ვინმემ არ შემოიტანოს ვირუსი, თორემ აქ, ხომ ხედავთ, დისტანცია გვიჭირავს ერთმანეთთან”, – ამბობენ ადგილობრივები.

საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების პიკს 2-3 კვირაში ელოდებიან. სააღდგომო წირვა-ლოცვების შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით, 22 მაისამდე გახანგრძლივდა, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება კი, 27 აპრილს დაიშვება.

გიორგი გახარია

წლევანდელი აღდგომის განსხვავებულად აღნიშვნას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც გამოეხმაურა და ამ ფაქტს სამწუხარო უწოდა.

“ქართველებს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს. თითოეულ ჩვენგანში დღეს, კიდევ უფრო ძლიერია რწმენა და იმედი, რომ ამ განსაცდელს მალე სიხარული მოჰყვება”, – განაცხადა გახარიამ.

მან ასევე სოციალურ ქსელში სამეგრელოში, ზემო თეკლათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში, 2019 წელს გადაღებული სააღდგომო ფოტო გამოაქვეყნა.

შორენა პაპაშვილი