საქართველოს პრეზიდენტი ახალ სკანდალში გაეხვა. ამჯერად, მისი დაცვა არა თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მის ამომრჩეველსაც გაუჭირდა. ყველა თითქმის ერთხმად ამბობს, რომ პრეზიდენტი, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები ლამის ყველა ნაბიჯს უკონტროლებენ და ყველა სიტყვას უწონიან, მეტი სიფრთხილე მართებდა ზოგ თემებზე საუბრისას. თავად პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ ძალიან ხშირად ხდება ბულინგის მსხვერპლი, მისი სიტყვები კი კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ორბელიანის სასახლეში 10 დეკემბერს, “საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრი” გაიხსნა. ღონისძიებაზე მეცნიერები და მკვლევარები მიიწვიეს, მთავარი გზავნილებიც აქ გაკეთდა. პრეზიდენტმა თავის სიტყვაში ისაუბრა კავკასიის რეგიონში საქართველოს მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომსაერთაშორისო საზოგადოებას საქართველოსა და კავკასიის შესახებ ობიექტური ინფორმაცია არ მიეწოდება და ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდეს სამეცნიერო მუშაობა. უცხოელი პოლიტოლოგები, რომლებიც დღეს, საქართველოს თემებზე მუშაობენ, ხშირად არაობიექტურ ინფორმაციას ავრცელებენ.

სალომე ზურაბიშვილი

“ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ, თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კიდევ ერთი გზავნილი, რომელიც მთელს ქართულ საზოგადოებაში განგაშის ზარივით გაისმა, იყო პრეზიდენტის სიტყვები იმაზე, რომ საქართველოს არ ჰყავს ჯარი და არც ეყოლება, რადგან რეგიონის დასაპყრობად მას უფრო ძლიერი იარაღი აქვს. მისი პოტენციალი კულტურასა და მეცნიერებაშია, რომ საქართველო ყოველთვის იყო კავკასიის სამეცნიერო-კულტურული კერა და ცენტრი, რაც ხშირად თავად ქართველებსაც ავიწყდებათ. უცხოეთში დღეს, ბევრი წარმატებული ქართველი მეცნიერი მოღვაწეობს, რომლებიც ქართული კულტურის უცხოეთში გატანაში უნდა იყვნენ ჩართულნი. ცხადია, პრეზიდენტის ასეთი განცხადება არ დარჩებოდა ურეაქციოდ. ნიაღვარივით დაიძრა მისკენ კრიტიკა. საქართველოს V პრეზიდენტს უკრაინიდან, დევნილობაში მყოფი III პრეზიდენტი სააკაშვილი გამოეხმაურა და სალომე ზურაბიშვილი ქართული ჯარის მიმართ შურისძიებაში დაადანაშაულა.

“რას ნიშნავს არა გვაქვს იარაღი?! საქართველო აწარმოებდა საწარმო DELTA-ში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო იარაღს თავის კატეგორიაში”, – განაცახადა სააკაშვილმა.

სააკაშვილი ის პრეზიდენტია, რომელმაც 2008 წელს, რუსეთთან ომში ჩაითრია ქართული ჯარი, წაგებული ომის პასუხისმგებლობა კი ჯარს აჰკიდა და სამხედროები ლამის დეზერტირებად გამოაცხადა. ის იყო საქართველოს ის მთავარსარდალი, რომელიც “მუხროვანის შეთქმულების” სათაურით ამცირებდა და შეურაცხყოფდა ქართველ ჯარისკაცებს, ეს ის პრეზიდენტია, რომლისწინაშე ქართველი ჯარისკაცი თავდახრილი იდგა, ნაცვლად იმისა, რომ ჯარი ყელმოღერებული და ამაყი ყოფილიყო.

გიორგი გახარია

მმართველი პარტია ოპოზიციის რჩევას არ დალოდებია, “ქართული ოცნების” ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით გაემიჯნენ პრეზიდენტის განცხადებას, ზოგმა არც კრიტიკა დაიშურა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტს ღიად მიანიშნა, რომ ჯარს ბოდიში უნდა მოუხადოს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოს თავდაცვის მოქმედი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ქართული ჯარი არის ძლიერი და ქვეყანას გმირი სამხედროები ჰყავს.

“ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს”, – ამბობს ღარიბაშვილი.

პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის კრიტიკა, არც ოპოზიციამ დაიშურა. პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ სხვა მრავალ ფუნქციათა ჩამორთმევასთან ერთად (ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის ბევრი ფუნქცია პრემიერსა და პარლამენტზე გადანაწილდა), მას ლაპარაკის ფუნქციაც ჩამოერთვას და პირი აუკერონ. ვაშაძის აზრით, პროდასავლურობის მანტიის ქვეშ ​სალომე ზურაბიშვილი რუსული ინტერესების გამტარებელია, მისი მიზანი ადამიანების ტვინებზე ძალადობაა. თუმცა მეორე მხრივ, ოპოზიციაში ერთხმად ამბობენ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ქართულ საზოგადოებაში არ აქვს ავტორიტეტი.

“მის სიტყვას აქვს სმენის მაღალი ხარისხი. მივიღოთ კანონი, რითაც პრეზიდენტს ამოვუკერავთ პირს და არ მივცემთ ლაპარაკის საშუალებას. ავუკრძალოთ, ამ ადამიანს გამოხატვის უფლება, იმიტომ, რომ ის აზიანებს ქვეყნის ინტერესებს. დაიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა”, – მიმართავს ხელისუფლებას გიორგი ვაშაძე.

თინა ხიდაშელი

პრეზიდენტის განცხადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრებიც გამოეხმაურნენ. ექსმინისტრი თინა ხიდაშელი, ზურაბიშვილის 10 დეკემბრის განცხადებას არ განიხილავს ქართული ჯარის მასობრივ შეურაცხყოფად, თუმცა მიაჩნია, რომ ქვეყნის მთავარსარდლის მხრიდან გაკეთებულ მსგავსი შინაარსის განცხადება აზარალებს რწმენას.

“პრეზიდენტის სიტყვებით, რაც დაზარალდა, იყო რწმენა. როცა მთავარსარდალი ამბობს, ამ ჯარით რეგიონს ვერ დავიპყრობთ, ყველა მეზობელს ჩვენზე დიდი შეიარაღებული ძალები ჰყავსო, ბუნებრივად აღარ გექნება იმის მოლოდინი, რომ ეს ადამიანი იბრძოლებს შენთვის – ბიუჯეტისთვის, შენი უკეთ წარმოჩენისთვის, შენი დაცვისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე შენი პრესტიჟის ამაღლებისთვის. ეს არის ის განცდა, რასაც ამ დროს შეიძლება ფიქრობდეს სამხედრო მოსამსახურე”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

მისივე თქმით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს ფუნდამენტური პრობლემები, მათ შორის შეიარაღების სახით. ბიუჯეტი ძალიან დაბალია და ლარის გაუფასურების ფონზე, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაშია ეს სფერო, ვიდრე მისი, ან ალასანიას მინისტრობის დროს იყო. ხიდაშელი არც იმას გამორიცხავს, რომ ადრე თუ გვიან, ხელისუფლება გაემიჯნოს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, უფრო მეტიც, თუ ზურაბიშვილის მიმართ საზოგადოების წყრომა და სიბრაზე მასშტაბური იქნება, “ქართული ოცნება” მის წინააღმდეგაც გაილაშქრებს.

“სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს “ოცნებისთვის” ისეთი ტიპის ღირებულებას, რომ მის გამო, ისედაც ძალიან შერყეული პოზიციები კიდევ უფრო დაიზარალოს”, – ამბობს თინა ხიდაშელი.

თავდაცვის კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე კი მიიჩნევს, რომ ყველა ნათქვამს გამგები სჭირდება. მათთვის, ვისთვისაც გაუგებარია პრეზიდენტის ნათქვამი, ურჩევს ყურადღებით გაეცნონ ბრიტანეთის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) მონაცემებს. ხოლო გულზე მჯიღის ცემა მათგან, ვისთვისაც საქართველოსთვის ომი, ან სულაც ჯარში სამსახური მხოლოდ აბსტრაქციაა და ერთ საათითაც არ უმსახურიათ არსად, საერთოდაც მიუღებლად მიაჩნია.

“დაოკდით ბატონებო, ჯარი გაწუხებთ? წაბრძანდით, იმსახურეთ”, – წერს დავით თევზაძე.

ვახტანგ მაისაია

სამხედრო ანალიტიკოსი, მეცნიერების დოქტორი ვახტანგ მაისაია დავით თევზაძეს ერთ-ერთი უდიდეს სტრატეგოსად და მაღალი დონის პროფესიონალად მიიჩნევს საქართველოში. ხოლო დღეს, თუ ქვეყნის რომელიმე სფეროშია პატრიოტიზმისა და სახელმწიფოებრიობის ძლიერი აღქმა, ეს ქართული ჯარია. მათ გააჩნიათ თავიანთი ეთიკური და ესთეტიკური შინაგანი კოდი, პატრიოტული სულისკვეთება პროფესიული გარემოებიდანაც მომდინარეობს.

ანალიტიკოსის შეფასებით, საქართველოს სამხედრო ძალების მაღალი პროფესიონალიზმი დღეს, სამწუხაროდ, პოლიტიკოსების არაპროფესიონალიზმით ფერმკრთალდება. ისინი ვერ აცნობიერებენ რა არის სამხედრო პოლიტიკა და თავდაცვის სტრატეგია. თავდაცვის მინისტრს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ელემენტარული სამხედრო განათლება. გარდა ამისა, უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვამ 4 მინისტრი გამოიცვალა, რაც ჯარის განვითარებაზე დადებითად ვერ იმოქმედებს.

“ძალიან ბევრი კარგი მაგალითი გვაქვს იმის თუ, როგორ გმირულად იბრძოდა ჩვენი შეიარაღებული ძალები. მცირე არმიის ქონა არ ნიშნავს, რომ არ შეგვიძლია მომხდურს დავხვდეთ, როგორც საჭიროა. შესაძლოა საქართველოს თავდაცვის ძალებს გააჩნია პრობლემები, იმიტომ, რომ არმია და შეიარაღებული ძალები არის საზოგადოების ნაწილი და მისი ანარეკლი, ამ საზოგადოებაში რა პრობლემებიც არის, ის თავს იჩენს მის შეიარაღებულ ძალებშიც. არმიის არყოლა მიუღებელია ჩემთვის. მაგრამ გლობალიზაციის პირობებში არც ის არის საიდუმლო თუ, როგორი ჯარი ჰყავს საქართველოს. ჩვენ გადავედით მეოთხე თაობის ომის ელემენტზე, რომლის სპეციფიკა ის არის, რომ პატარა ქვეყნებსაც შეუძლიათ ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხება. ამის ბევრი მაგალითები არსებობს ისტორიაში”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

Dalma News-სთან საუბრისას ანალიტიკოსი, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისამართით “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და ყოფილი წევრების მიერ გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა და ურჩია მათ,პირი თავიანთ ლიდერს, სააკაშვილს აუკერონ, რომელიც კიევიდან კარნახობს მათ საქართველოში ახალი რევოლუციის გეგმას.

“დღეს, გრიგოლ ვაშაძე რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ნამდვილ ტერორს მოუწყობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ბევრი ღირსეული ჩვენი ჯარისკაცი, შესაძლოა გისოსებს მიღმა აღმოჩენილიყო, ან მხეცურად მოეკლათ. ​სალომე ზურაბიშვილს გააჩნია ძალიან დიდი გამოცდილება, საფრანგეთის ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, სამხედრო სტრუქტურებშიც მოღვაწეობდა, საქართველოში იყო საკმაოდ წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი. განახორციელა რეფორმები, გააძლიერა ჩვენი საგარეო მისიები და წარმომადგენლობები, საკმაოდ კარგად წარმართა ჩვენი სვლა დასავლეთის სტრუქტურებისკენ. არ მგონია, ასეთი დიდი გამოცდილების მქონე პრეზიდენტს, სდომებოდა ჯარის დაკნინება”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

დემურ გიორხელიძე

“რომელ ომში აპირებს საქართველოო გამარჯვებას?! რომელი საუკუნეა?! საქართველოს პრეზიდენტს არაფერი ცუდი და დამამცირებელი უთქვამს. ჯარს, რაც საქართველოს ჰყავს, ცხადია, აქვს ფუნქცია და იგი ამ ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ის დამოუკიდებლად ვერასდროს დაიცავს საქართველოს გარეშე აგრესიისგან. ამ ჯარს, დამოუკიდებლად რეგიონალურ კონფლიქტში მონაწილეობის რესურსი არასდროს ექნება, ბიუჯეტის 80%-იც რომ დაახარჯო ყოველწლიურად. ამიტომ ვაშა-პატრიოტული გონებასუსტობა საშიში ფენომენია!”, – აცხადებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე.

შეიარაღებას რაც შეეხება, მისივე თქმით, საქართველოს არასოდეს ექნება თანამედროვე “გონიერი იარაღი”, რადგან ამას არასდროს არავინ მისცემს. ვადაგასულსა და დრომოჭმულს კი “მეგობარიც” და “არამეგობარიც”, უამრავი მოგვყიდის. “გონიერ იარაღს” ის ქვეყნები ქმნიან, ვისაც ამის უნარი და სურვილი და სამეცნიერო-საინჟინრო ინტელექტი და საგანმანათლებლო სისტემა აქვს.

“ახლა, მიდით და ლანძღეთ ადამიანი, რომელმაც ღიად და დაუფარავად თქვა ის, რაც მთელმა მსოფლიომ იცის მისი თქმის გარეშეც. რაც თქვა, მხოლოდ საქართველოში არ იციან და ბოლში გახვეულნი ვერც ამჩნევენ”, – აცხადებს გიორხელიძე.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოება ბოლში გახვეულია, რადგან ასე ცხოვრება იოლდება, ბევრი რამ არ ჩანს, მით უფრო, როცა არაფრის დანახვა სურთ.

შ. ქარჩავა