სიტყვა “ჟანდარმერიის” გაგონებაზე თვალწინ ყოველთვის ლუი დე ფიუნესის სახე წარმომიდგება – ფილმიდან “ჟანდარმი სენ-ტროპედან” ბატონი კრიუშოს როლში. ჟანდარმი, ხან ნუდისტებს დასდევს და ხან – ავტომობილების ქურდებს. ამასთანავე მაყურებელს ახალისებს და აცინებს. ერთი სიტყვით, ლუი დე ფიუნესი თავის ჩვეულ ამპლუაშია. ცხადია, რეალური ჟანდარმი ძალიან განსხვავდება ფილმში წარმოდგენილი ჟანდარმისგან, ეს უბრალოდ, ფრანგებისთვის დამახასიათებელი თვითირონიაა. გარდა ამისა, თანამედროვე და მეთვრამეტე საუკუნის ჟანდარმერია ძალზედ განსხვავებულია. სიტყვა “ჟანდარმი” ფრანგული წარმოშობისაა (Gens d’armes) და ნიშნავს “იარაღის ხალხს”, ან “შეიარაღებულ ხალხს”. თავდაპირველად, ეს იყო საფრანგეთის მეფის შეიარაღებული ბადრაგი. უნდა აღინიშნოს, რომ ჟანდარმების წინაპრები ჩვენთვის კარგად ცნობილი მუშკეტერები იყვნენ. მუშკეტერებს, რომლებსაც ადიუტანტ-გენერალი დუბლისლოვ გნეომერ ფონ ნაზმერი ხელმძღვანელობდა, 1691 წელს “ჟანდარმები” ეწოდათ.

საფრანგეთში გამოჩენილმა სამხედრო პოლიციამ, სახელწოდებით – ჟანდარმი, დიდი გამოხმაურება ჰპოვა სხვა ქვეყნების სახელმწიფო წყობაშიც. რუსეთის იმპერიაში სამხედრო ჟანდარმერია 1792 წელს გამოჩნდა, როდესაც მეფისწულ პავლე პეტრეს ძის არმიაში საცხენოსნო დანაყოფი ჩამოყალიბდა და მას ჟანდარმების პოლკი ეწოდა.

თავისი არსებობის მანძილზე, რუსულ ჟანდარმერიაში, რომლის შემადგენლობაშიც იყო გვარდიელთა კავალერია და გასამხედროებული პოლიცია, არაერთი რეფორმა გატარდა. ამგვარად, 1815 წელს, შეიქმნა ჟანდარმის ლეიბ-გვარდიის ნახევარესკადრონი, 1876 წელს – ნახევარესკადრონი საველე ჟანდარმულ ესკადრონად გადაკეთდა. 1817 წელს შეიქმნა “შიდა დაცვის ჟანდარმერია”, რომლებიც ძირითადად დედაქალაქებში (სანკტ-პეტერბურგში და მოსკოვში) ფუნქციონირებდა, ხოლო სხვა ქალაქებში ჟანდარმერთა ჯგუფები იყო. 1827 წლის 28 აპრილს იმპერატორ ნიკოლოზ პირველის ბრძანებით, შეიქმნა ჟანდარმების ცალკეული კორპუსი. მისი შექმნა განპირობებული იყო მაშინდელი სახელმწიფო წყობის მტრების გამოვლენის აუცილებლობით. შესაბამისი გადაწყვეტილება 1825 წლის დეკაბრისტების აჯანყების შემდეგ მიიღეს. ჟანდარმების ცალკეული კორპუსი, რომელიც ძირითადად პოლიტიკური დანაშაულების გამოძიებაზე მუშაობდა, თითქმის 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე არსებობდა. ამ ცალკეული ჟანდარმული კორპუსის საქმიანობა რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა.

ცოტა ხნის წინათ, საქართველოს ეროვნულ არქივში პირველად გამოქვეყნდა უნიკალური მასალა მე-19-ე საუკუნის ტფილისში, მეფის ჟანდარმერიის მოქმედებების შესახებ. მთელ რიგ დოკუმენტებს შორის არის ჟანდარმერიის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის ხელით შევსებული ბლანკი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ცალკეული ჟანდარმის კორპუსი არის “არმიის ნაწილი, რომელიც შექმნილია არსებული სახელმწიფო სისტემის შიდა მტრებისგან დასაცავად”.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის პერიოდში, ტფილისის ჟანდარმერიის მართვის ფონდში 1839-1917 წლების მასალები ინახებოდა. არქივში ასევე მოიპოვება 1904-1917 წლებში პატიმრების პირადი ბარათები, ასევე, ობიექტებზე თვალთვალის მასალები, საიდუმლო მიმოწერები. მაგალითად, იქ არის საინტერესო ამონარიდი ტფილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს ხელმძღვანელის ანგარიშიდან, ცნობილ რევოლუციონერ სემიონ ტერ-პეტროსიანზე (პარტიული ზედმეტსახელი კამო) თვალთვალის შესახებ.

 სიმონ ტერ-პეტროსიანის დოსიე

“17 აგვისტოს, დაახლოებით 4 საათზე მივიღე საიდუმლო თანამშრომლის – ყიფიანისგან ჯაშუშური ინფორმაცია, 15 აგვისტოს, სემიონ ტერ-პეტროსიანის, ერევნის მოედანზე სამასი ათასიანი ძარცვის მონაწილე, მიხაილოვის საავადმყოფოდან გაქცევის შესახებ, სადაც იგი თავს შეურაცხადად ასაღებდა. გარდა ამისა, ყიფიანმა მაცნობა, რომ გაქცევის უშუალო დამხმარეები არიან ოლგა გაბუნია-ნათაძე, რომელზეც ადრე თვალთვალი ხორციელდებოდა და ვიღაც ვასო. პეტროსიანი თითქოსდა თბილისში იმყოფება, რადგანაც მისი პასპორტის საქმე გაჭიანურდა. გაბუნია და ვასო იმ ორი დღის განმავლობაში, სანამ პეტროსიანი თბილისში იქნება, მას უნდა შეხვდნენ. დეტექტივის განყოფილების მიერ დაკავებულ დარაჯსა და გუშაგს, პეტროსიანის გაქცევაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიღების და მათთვის სერიოზული მნიშვნელობის მინიჭების შემდეგ, იმ ინფორმაციის წყალობით, რომელიც მე ადრე იგივე ყიფიანისგან მივიღე, რაც აღწერილია 17 აპრილის №637 ანგარიშში, მაშინვე დავაწესე ძლიერი გარე მეთვალყურეობა, როგორც ოლგა გაბუნიაზე, ისე იმ ადგილებში, სადაც ჯაშუში იმყოფებოდა”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მოხსენების გვერდით არის რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრების საქმიანობის საქმე. დოკუმენტებში მოხსენიებულია: ვლადიმერ ულიანოვი, ნადეჟდა კრუპსკაია, გეორგი პლეხანოვი, გეორგი ჩიჩერინი, კარლო ჩხეიძე, სემიონ ტერ-პეტროსიანი და სხვები.

არქივში დაცულია ცნობილი პარტიული მოღვაწე სერგო ორჯონიკიძის მონაცემები თან დართული ფოტოსურათით. ახსნა-განმარტებაში ნათქვამია, რომ იგი დააკავეს ყალბი დოკუმენტებით, რომელიც გაცემული იყო ვინმე ჰასან ნავრუზოვ – ოგლი ჰუსეინოვაზე.

“ჟანდარმერიის მიერ ჩატარებული დეტალური გამოძიების შემდეგ, დადგინდა, რომ სინამდვილეში დაკავებული არის გრიგოლ (სერგო) ორჯონიკიძე”,- ნათქვამია დოკუმენტში.

სხვა მასალებს შორისაა დოკუმენტი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, კავკასიაში რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, ალექსეი გეგეჭკორის დაკავების შესახებ. სწორედ ის, ვინც 1928 წელს თავი მოიკლა.

1910 წლის 1 მაისს, “სოციალ-ფედერალისტთა” პარტიის საქმიანობაში მონაწილეობის ეჭვით მწერალი და საზოგადო მოღვაწე, მიხაილ ჯავახიშვილი დააკავეს. მიხეილ ჯავახიშვილის პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოქვეყნდა, რასაც რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკული ჟურნალისტური სტატიები მოჰყვა. 1906 წელს იგი იძულებული გახდა საფრანგეთში, ემიგრაციაში გამგზავრებულიყო, თუმცა, რაღაც დროის შემდეგ, საქართველოში, საიდუმლოდ დაბრუნდა. ჯავახიშვილი სამშობლოში 1917 წელს დაბრუნდა, ხოლო 1921 წელს საქართველოს “სოციალ-დემოკრატიულ” პარტიაში გაწევრიანდა და საბჭოთა ხელისუფლებას ოპოზიციაში ჩაუდგა. 1923 წელს ჯავახიშვილი დააკავეს და სასიკვდილო განაჩენს მხოლოდ საქართველოს მწერალთა კავშირის შუამავლობით დააღწია თავი. ერთი წლის შემდეგ იგი ისევ დააკავეს. ამჯერად პატიმრობიდან მისმა მეგობრებმა პავლე ინგოროყვამ და ნიკოლოზ ყიფშიძემ დაიხსნეს. მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წელს დახვრიტეს.

დაკავებების, დაპატიმრებების და პატიმრობების შესახებ უამრავი დოკუმენტი არსებობს. მათ შორის, შევხვდებით არა მხოლოდ ცნობილი პოლიტიკოსების და საზოგადო მოღვაწეების, არამედ საქართველოს დღემდე უცნობი მოქალაქეების გვარებს. მაგალითად, ვიღაც მარტიროს საგინიანი, რომლის შესახებაც ნათქვამია, რომ ის არის ტერორისტული. მის გვერდით არის კიდევ ერთი პატიმრის – მიხეილ ჯიშკარიანის ბარათი, რომელიც ეჭვმიტანილია გენერალ კარანგოზოვის მკვლელობაში. ნათქვამია, რომ იგი დააკავეს ყალბი პასპორტით,რომელიც გაცემული იყო ვინმე დანიელ მანოხიძის სახელზე. იქვეა ძებნილი ვანო ხურცილოვის ფოტოსურათიც. არსებობს ბარათი, რომელიც შევსებულია 1903 წლის 22 აგვისტოს, ბოლშევიკის და ტერორისტის, არკადი ელბაქიძის შესახებ, რომელიც 1919 წელს ვერის დაღმართზე, გენერალ ნიკოლოზ ბარათოვზე თავდასხმის დროს მოკლეს.

არქივში ასევე დაცულია იაპონიის მოქალაქე იოტო კიოზოს ბარათი, რომელიც რაღაც სასწაულებრივად მოხვდა ზემოთ აღნიშნულთა რიგებში. იგი 1907 წლის 26 ივნისს ვლადიკავკასში დააკავეს.

წარმოდგენილ მთელ რიგ დოკუმენტებში არის ასევე მეტეხის ციხეში გადაღებული ფოტოები. ერთ-ერთი მათგანი ეკუთვნის პატიმარს – მარე რამიშვილს, ქართველი სოციალ-დემოკრატის, მენშევიკ ისიდორე რამიშვილის ქალიშვილი.

არქივში, ასევე დაცულია ინფორმაცია გასულ საუკუნეში მცხოვრები ადამიანების ფიზიკური აღწერილობის, მათი სამოსის და სოციალური მდგომარეობის შესახებ. დიდი მოულოდნელობა იყო ცნობილი მეწარმის და მეცენატის, ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის აქამდე უცნობი ფოტოსურათის და პირადი მონაცემების ხილვა. აღნიშნული ბარათის შედგენის დროს მელიქ-აზარიანცი 65 წლის იყო.

თბილისელებმა, რომლებმაც თავიანთი ქალაქის ისტორია კარგად იციან, უწყით, რომ მელიქ-აზარიანცმა 1915 წელს რუსთაველის გამზირზე შემოსავლიანი სახლი ააშენა, რომელიც იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უნიკალური სახლი იყო. ასევე ცნობილია მისი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდის – მისი ქალიშვილის გარდაცვალების შესახებ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მას, ისევე, როგორც სხვა მდიდარ და ქველმოქმედ ადამიანს ფინანსური სირთულეები შეხვდა.

ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი

“1845 წელს დაბადებული. სწორი თმა. შავი წარბები. თაფლისფერი თვალები”, – ნათქვამია მის ბარათში.

ბარათს თან ახლავს თითის ანაბეჭდები. ალექსანდრე მელიქ-აზარციანი ჟანდარმერიამ სომხეთის რევოლუციური თანამეგობრობის პარტიის “დაშნაკცუტიუნის” მოქმედებებში მონაწილეობის ეჭვით დააკავა. ეს რევოლუციური მოძრაობა ტფილისში 1890 წელს ჩამოყალიბდა და რუსეთის იმპერიის გარდა, ოსმანური იმპერიის (თურქეთის), ირანის, აშშ-ს და რამოდენიმე ევროპული ქვეყნის ტერიტორიებზე მოქმედებდა.

ამავე პარტიის “დაშნაკცუტიუნის” საქმიანობაში ჩართულობისთვის ასევე დააკავეს სომხეთის კათოლიკოსის მდივანი არქიმანდრიტ კორიუნი (სააკიანი).

არქიმანდრიტ კორიუნი (სააკიანი)

პირადი მონაცემები, თითის ანაბეჭდები, ფოტოსურათები, ბარათები – ეს ყველაფერი ძალიან ბევრია და ცხადია, ან მშრალი ფურცლების მიღმა იმ დროინდელი ადამინების ბედ-იღბალი იმალება.

ეკატერინე მინასიანი